უცხოელი ტურისტებისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 1 მილიონამდე ლარის სასაჩუქრე ღვინოს იყიდის


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 300 ათასი ბოთლი ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონი ლარია. სასაჩუქრე ღვინო საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი.

„ეს არის ერთგვარი მარკეტინგული კამპანია… საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს ღვინო საჩუქრად გადაეცემა“ – გვითხრეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვა შემდეგი ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად:  300 000 ერთეული საფერავის ღვინო მინის ბოთლში, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო სპეციალური დანაყოფებიანი შეფუთვა; ღვინის ბოთლი უნდა იყოს ზეთის ხილის ფერი; ღვინო უნდა იყოს 100% საფერვის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი მშრალი საფერავი, საღებავების, კონსერვატების გარეშე; ქარხნული წესით ჩამოსხმული 0,187 ლ. მინის ტარაში, ხრახნიანი სახურავით… ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა უნდა იყოს 11%-დან 14%-მდე; დურდოზე დადუღებული [ე.წ. ევროპული] ტექნოლოგია, გაფილტრული, ქვევრის გარეშე დაყენებული.

ტენდერში გამარჯვებულმა ღვინო უნდა მიაწოდოს შემდეგ მისამართებზე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაქსიმუმ 15-ჯერ [შესაძლებელია 20 000 ერთეულის დასაწყობება ერთდროულად], ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაქსიმუმ 6-ჯერ [შესაძლებელია 10 000 ერთეულის დასაწყობება ერთდროულად] და ბათუმის საერთაშორის აეროპორტში, მაქსიმუმ 8-ჯერ [შესაძლებელია 10 000 ერთეულის დასაწყობება ერთდროულად].

ღვინის მიწოდება დაიწყება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში, ხოლო დასრულდება არაუგვიანეს 2019 წლის 25 დეკემბრისა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ღვინის სფეროში საქმიანობის გამოცდილება – ბოლო 6 წლის განმავლობაში და თითოეულ წელს არანაკლებ 100 000 ლიტრი ღვინის წარმოების, რომლის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია წარადგინოს აკრედიტირებული ლაბორატორიული ცნობა, რომელიც გაცემული იქნება დასარიგებელი ღვინის ყოველი ჩამოსხმის წინ, ყოველ ახალ ჩამოსხმამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ახლად გაცემული ოქმი, რომელიც შესაბამისობაში იქნება წინა მიწოდებულ აკრედიტირებულ ლაბორატორიულ ოქმებთან.

2019 წლის 18 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: ეტიკეტის ნიმუში სატენდერო დოკუმენტაციიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com