ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

23.06.2019
რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 241 ათასამდე ლარს გადაიხდის. შესაბამისი დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ელექტრონული შესყიდვების პორტალის მონაცემებით, შესაბამის კვლევას [ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას] სამინისტროს შპს „არტსტუდიო-პროექტი“ სთავაზობს. კომპანიის მხრიდან მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა პორტალზე ამ ეტაპზე არ ჩანს.

„კურორტი ბეშუმი განთავსებულია ზღვის დონიდან 1800-1900 მეტრ სიმაღლეზე. ის ძირითადად გამოყენებულია საოჯახო დასვენებისთვის. კურორტის არსებული განაშენიანება არ გამოირჩევა ჯანსაღი მდგომარეობით. ის მოშენებულია დღემდე დამკვიდრებული ხის კოტეჯებით [უმეტესი მათგანი მოძველებულია, ავარიული], ძირითადად განაშენიანებულია ქაოტურად. კურორტი დატვირთულია სეზონურად, რომელიც მოიცავს ზაფხულის თვეებს. მისი სადღეისო მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ამ ეტაპზე ვერაა ორიენტირებული ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაზე. კურორტ ბეშუმის შესაძლებლობების მეტად გამოყენებისა და შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, შესამუშავებელია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელიც ხელს
შეუწყობს კურორტისა და მიმდებარე ტერიტორიების შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბებისა და რეალიზების გზების დასახვას“ – აღნიშნულია სამინისტროს საკონკურსო განაცხადში.

სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების პრინციპებია: 

შეიქმნას დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურა, კერძოდ, ქვეყნის სამხრეთი მიმართულების თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობები;

დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას; განხორციელდეს რეგიონული და სუბრეგიონული კავშირების გეგმარებითი უზრუნველყოფა;

შეიქმნას წინაპირობა დასვენებაზე ორიენტირებული [სასტუმროები, დასავენებელი სახლები, აგარაკები, ახალგაზრდული ბანაკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სამკურნალო-პროფილაქტორიუმები და სხვა] შენობების განთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის;

სასოფლო დასახლებების [ე.წ „იაილების“] შემდგომი განვითარება განხილულ იქნას კურორტის განვითარების კონტექსტში; შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები;

ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით ხელი შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას და სხვ.

კურორტი ბეშუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: