მთავარი,სიახლეები

პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომები მიიღოს

21.06.2019
პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომები მიიღოს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

პუტინმა რუსეთის მთავრობას დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, განიხილეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუს დეპუტატებთან მიმართებაში შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ იმყოფებიან“, – ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც. მისი თქმით, „რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: