მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც

24.06.2019 • 2076
ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც

 

დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები 

________________________

საქართველოში საპროტესტო აქცია რომ დაიწყო, ლექციიდან გამოვდიოდი. მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ბილეთი მეყიდა და მეც მიმეღო აქციაში მონაწილეობა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში უკან მოვფრინავ და მინდა, პირდაპირ აქციაზე მივიდე!

რუსთაველის გამზირზე ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ, თუმცა სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი, ჩემს ჩათვლით, საქართველოში არ ვიმყოფებით – საზღვარგარეთ ვსწავლობთ იმ იმედით, რომ ერთ დღეს ჩამოვალთ და ქვეყანას გამოვადგებით.

მშობლები ამ იმედით გვაცილებდნენ – ჩამოვლენ და გამოადგებიან საკუთარ სამშობლოსო. თუმცა, ჩამოსულები აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფოს არ სჭირდება წარმატებული ახალგაზრდები. უფრო სწორედ, არც ვართ დარწმუნებული, სჭირდება თუ არა დღევანდელ სისტემას თავისუფალი ადამიანები.

ეს ღია წერილიც ერთ-ერთი გზაა, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო. ჩემს უნივერსიტეტში, ისევე როგორც ქალაქში, ბოლო სამი დღის მანძილზე ყველა მეკითხება – “რა ხდება საქართველოში?”, “ანუ, რუსეთს აუჯანყდით?” და უწევთ ჩემი გრძელი ისტორიის მოსმენა იმის შესახებ, რომ რუსული ოკუპაცია დაიწყო არა დღეს ან გუშინ, არამედ ორი საუკუნის წინ.

სინამდვილეში, ოკუპაცია გადის არა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებზე, არამედ ჩვენს მენტალობაზე. როდესაც არ შემეძლო საქართველოში აქციაზე ყოფნა და მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, ჩემი მეგობრების აქციაზე დგომით მეამაყა, წავაწყდი ბევრ ისეთ კომენტარს, რომელსაც მხოლოდ მენტალურად ოკუპირებული ადამიანი დაწერდა. “რას აკეთებთ, ტურისტებს დავკარგავთ” ანდა “თურქეთი არ არის ოკუპანტი?”, ამას დამატებული ადგილობრივი რუსი სტუდენტის კომენტარი, კორექტულად რომ გადმოვთარგმნო, თქვენ ხომ არ გაგიჟდით საქართველოშიო – ძნელი ასატანი იყო. მიუხედავად მცდელობისა, ამეხსნა, რას ეხება ჩვენი პროტესტი, მისთვის გაუგებარი იყო, რა საჭიროა საჯაროდ ადამიანმა აზრი გამოხატოს. ხანდახან მტრის ინტერესების ლოგიკით გაბათილება რთულია. ალბათ, ეს არის იმპერიალისტური მენტალობის სიმპტომი.

არა ბატონო, არ გავგიჟებულვართ! ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვაქვს წითელი ხაზები. ამ წითელი ხაზების გადაკვეთას და საკუთარი ღირსების შელახვას ჩვენ ვერავის ვაპატიებთ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, ვსწავლობთ უცხოეთში თუ ვდგავართ აქციაზე – ახლა მხოლოდ ორ გზას შორის გვაქვს არჩევანი: ან ვიყოთ დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა, რომელიც მზადაა საკუთარი დამოუკიდებლობა დაამტკიცოს, ანდა ე.წ. “გრუზია”, რუსეთის ბნელი იმპერიის სახინკლე და დუქანი.

ამ სამი დღის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ან საქართველოს მხარეს, ან საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, პოლიციის და სპეცრაზმის გარკვეულმა ნაწილმა ნათლად დაგვანახა, თუ ვის მხარეს არიან. არ დაგვავიწყდეს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის მიუხედავად, პოლიციელებიც და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც ბუნებით თავისუფალ ადამიანებად არიან დაბადებული. კეთილისა და ბოროტის გარჩევა ჩვენთვის თავიდანვე მინიჭებული რამაა, ამ უნარის დაკარგვას კი ადამიანობის დაკარგვამდე მივყავართ.

შეუძლებელია, ადამიანს თვალი დაუბრმავო და შენს ფსიქიკაში არაფერი შეიცვალოს. შეუძლებელია, აგრესიამ აავსოს ტვინის თითოეული უჯრედი და უვნებელი დარჩე. ასევე შეუძლებელია, საკუთარი ერი დაარბიო და მორალურად არ შეიცვალო. ერთი თვალის დაბრმავების შემდეგ, სულ უფრო ადვილი ხდება ადამიანს მხედველობა მთლიანად წაართვა. რაც დღეს ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ტერორი.

არ ვთვლი, რომ ახლა დროა, მივუშვიროთ აგრესორს მეორე თვალი. დროა, მშვიდობიანად განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ბუნებით თავისუფალი ერის დამორჩილება. ეს არ გამოუვა არც რუსეთს, არც რუსეთის რომელიმე მხარდამჭერს ჩვენს საზოგადოებაში. პუტინი და მისი ქართველი თანამოაზრეები მუდმივად ვერ მოგვიშლიან თავისუფლებას, გინდ რიგითი პოლიციელის, გინდ ნებისმიერი მინისტრის სახით.

თუკი ვინმე თვლის, რომ ის ვერ ემსახურება იმ საქართველოს ინტერესებს, რომელიც ახალგაზრდებს გვსურს, არსებობს მათთვის გაცილებით უფრო კომფორტული გამოქვაბული, ჩრდილოეთით რომაა და ჩვენც რომ მისკენ მიგვათრევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: