მთავარი,სიახლეები

ტარიელ ნაკაიძე: მუსლიმები ახალი მეჩეთისთვის შეძენილ მიწას არ დავთმობთ

22.06.2019 • 2655
ტარიელ ნაკაიძე: მუსლიმები ახალი მეჩეთისთვის შეძენილ მიწას არ დავთმობთ

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა მერიის წარმომადგენელებთან ამჯერადაც უშედეგოდ დაასრულა შეხვედრა. როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მერია არც ამჯერად ცვლის თავის პოზიციას და მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს აიძულებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს, მუსლიმთა სამმართელოს გადასცენ საკუთრებაში.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მუსლიმები ამ წინადადებას არც ადრე დათანხმდნენ და არც მომავალში დათანხმდებიან.

„ჩვენ ამჯერადაც ვუთხარით მერიის წარმომადგენლებს, რომ მაგ მოთხოვნაზე წერილობითი პასუხი გვაქვს, ვუთხარით, რომ შეგიძლიათ სხვა რამე შემოგვთავაზოთ და შეხვედრა დავტოვეთ“ – ამბობს, ტარიელ ნაკაიძე.

მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს 21 ივნისს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები და იურისტები შეხვედნენ. ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან მათი შეხვედრა კი 8 ივლისს არის დაგეგმილი. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ისინი მაინც წავლენ ამ შეხვედრაზე, მაგრამ თუ მერიც ძველ პოზიციაზე დარჩება და არ წამოვა მუსლიმებთან არანაირ დათმობაზე, ეს მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს:

„ჩვენ ახლაც ვუთხარით მერის წარმომადგენლებს, რომ მიწის გადაცემა მუსლიმთა სამმართველოზე არ მოხდება. თუ იქნება სხვა წინადადებები, იგივე მშენებლობის ნებართვასთან, პროექტირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას განვიხილავთ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არის მერიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მიწის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემის საკითხი, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ამ მიწის სამმართველოზე გადაცემით, მუსლიმები პრაქტიკულად კარგავენ აღნიშნულ ტერიტორიას.

„ხელისუფლება ცდილობს წაგვართვას ტერიტორია, ამიტომ ამ გზით ვერ წავალთ და ვერც საშუალებას ვერ მივცემთ ამისთვის. თუმცა, მუსლიმთა სამმართველოს ჩართულობას მშენებლობის პროცესში არ ვეწინააღმდეგებით, ასევე სახელმწიფოს ჩართულობასაც მშენებლობაში, თუმცა მშენებლობის პროცესებს და პასუხისმგებლობას იღებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და შესაბამისად, ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს“ – ამბობს, ტარიელ ნაკაიძე.

ნაკაიძის თქმით, მუსლიმები თანახმა არიან, ხელისუფლების ჩართულობით შექმნან კარგი პროექტი და ააშენონ მეჩეთი. „მაგრამ, მიწა შეიძინა მუსლიმმა თემმა და ამ მიწას ვერავის ვერ დავუთმობთ“ – გვეუბნება, ნაკაიძე.

კითხვაზე, რატომ არ აფიქსირებს ღიად მუსლიმთა სამმართველო თავის პოზიციას მიწის გადაცემის საკითხზე, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ  მუფთის პოზიცია ამ საკითხზე მისთვის უცნობია:„ჩვენთვის ცნობილია ის, რომ დიდი სურვილი მაინც და მაინც არ აქვთ რომ ეს მიწა მიიღონ, მათ ჩვენთვის არ მოუმართიათ არცერთჯერ, ეს არის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივა, სწორედ ამაშია პრობლემა, რომ მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ამას ვერ წყვეტს“.

იმ შემთხვევაში, თუკი 8 ივლისსაც მერს პოზიცია იგივე იქნება მეჩეთის საკითხზე, ტარელ ნაკაიძე ამბობს, რომ მათი სტრატეგია არ შეიცვლება. „ჩვენი სტრატეგია კი არის ბრძოლა სამართლებრივი გზებით“ – გვეუბნება, ნაკაიძე.

მუსლიმმა თემმა, მუსლიმთა სამმართელოსგან დამოუკიდებლად, 2016 წელს ბათუმში გენერალ აბაშიძის 49-ში 2 500 კვადრატული მეტრი მიწა კერძო პირისგან იყიდა და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა, ბათუმის მერია მათ მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. დავა სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დაიწყო. სასამართლო მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდებს, თუმცა მერია და მეჩეთის მშენებლობის ინიციატორები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

ამავე თემაზე:

ბრძოლა მეჩეთისთვის და მეჩეთის წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: