მთავარი,სიახლეები

ჰამბურგი – პროტესტის მეორე დღე [ფოტო]

23.06.2019 • 1672
ჰამბურგი – პროტესტის მეორე დღე [ფოტო]

ქალაქ ჰამბურგის ცენტრში უკვე მეორე დღეა იკრიბებიან ქართველები და საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ჰამბურგის აქციაზე მყოფი ირმა მახარაშვილი აცხადებს, რომ მათ იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს: „ჩვენი მოთხოვნებია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ხალხს რომ მიეცეს უფლება აირჩიოს თავისი მთავრობა, მეორე – გახარიას უპირობო გადადგომა, მესამე – უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გამოშვება და, შესაბამისად, ყველა სამართალდამცავი, ვინც ძალა გადამეტა უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. მთავრობამ უნდა გაიგოს ხალხის ხმა“.

ჰამბურგის აქციის მონაწილეები, ისე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მყოფი ქართველები, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ერთი თვალთაც ხედავენ.

საქმე იმაშია, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ორმა მოქალაქემ პოლიციის რეზინის ტყვიით მხედველობა დაკარგა.

საპროტესტო აქცია ჰამბურგში. ფოტო: ნათია შენგელიძე

საპროტესტო აქცია ჰამბურგში. ფოტო: ნათია შენგელიძე

საპროტესტო აქცია ჰამბურგში. ფოტო: ნათია შენგელიძე

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: