მთავარი,სიახლეები

პოლიტოლოგი: მთავარია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავბრუნდეთ

21.06.2019 • 2096
პოლიტოლოგი: მთავარია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავბრუნდეთ

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ ველში დაბრუნება. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს იგი  პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელ არჩევნებში ხედავს. „ბათუმელებმა“ გია ნოდიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო გია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ახლა, კრიზისიდან რომ გამოვიდეს?

ჩემი აზრით, ის რაც გააკეთა, დაგვიანებულია და არასაკმარისი. გუშინ რომ გაკეთებულიყო იგივე, საღამოს, შეიძლება ბევრ რამეს ავცდენილიყავით. ახლა, გახარიას საკითხიც არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის საკითხი, პროპორციულზე გადასვლა. ეს ალბათ ნამდვილად განმუხტავდა სიტუაციას.

  • თქვენი აზრით წავა ხელისუფლება ამაზე?

ჯერჯერობით არა მგონია ამას აპირებდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზული იქნება საპროტესტო ტალღა.

  • რას ელით, რა მოხდება დღეს? 

პრობლემური შეიძლება იყოს თვითონ საპროტესტო ტალღის მონაწილეების ურთიერთობა, იმიტომ, რომ ზოგი აპროტესტებს არა მარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი აზრით, ზედმეტ აქტივობას. ზოგი თვლის, რომ საერთოდ პოლიტიკოსები არ უნდა მიაკარო ამ აქციას, რაც მგონია რომ არასწორია, მაგრამ ისიც არასწორია, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ სცადოს ეს საკუთარ აქციად აქციოს. როგორ უნდა მორიგდეს ეს სხვადასხვა შეხედულებები, წარმოდგენები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს აქცია, ეს შეიძლება გართულდეს და, ცხადია, ეს წინააღმდეგობები ხელს აძლევს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში.

  • მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლებამ დღევანდელ აქციაზე ისევ გამოიყენოს ძალა?

წესით არ ველი. არც გუშინ არ ველოდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

  • გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არ გამოიყენებდა რეზინის ტყვიებს და გაზს, თუმცა ძალიან მოკლე ხანში დაიწყო აქციის დარბევა გაზითა და რეზინის ტყვიებით. თქვენი აზრით რაზე მეტყველებს ეს?

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძაღლი პატრონს არ ცნობს ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს არავინ არაფრად აგდებს. პრემიერ-მინისტრი არის უბრალოდ ფიგურა, რომელსაც რაღაც დავალებებს აძლევენ, კონკრეტულ პრობლემებს ის აგვარებს [უფრო მეტად ეკონომიკურ სფეროში], მაგრამ პოლიტიკას მას არ აკარებენ. მან არც იცოდა, საქმის კურსში არც ჩააყენეს, რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ. გასაგებია, რომ გახარია სინამდვილეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ ხელისუფლებაში, ვიდრე პრემიერ-მინისტრი.

  • როგორი იქნება ამ ამბებში მიხეილ სააკაშვილის როლი? ელით თუ არა მისგან მეტ აქტიურობას? 

ის ისეთი ადამიანია, მისგან აქტიურობას ყოველთვის ველით. ის საკმაოდ ადვილად ცვლის თავის პოზიციებს იმისდა მიხედვით, რა ხდება და რა სიგნალები მოდის საქართველოდან. ის მოიქცევა ისე, როგორც, მისი აზრით, იმ წუთში იქნება მომგებიანი. გასაგებია, რომ მას ზოგადი განწყობა აქვს, რომ როცა არის რაღაც შანსი რევოლუციური სიტუაციისკენ წაიყვანო ვითარება, ეს შანსი უნდა გამოიყენო, მაგრამ ახლა შეიძლება ჩათვალოს რომ სხვა ტიპის განცხადებები უნდა გააკეთოს, ან საჭიროა მეტი რადიკალიზმი.

  • თქვენი აზრით, ახლა ყველაზე მომგებიანი რა იქნება საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის?

მთავარია, კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავბრუნდეთ, მაგრამ არა იმ კონტექსტში, რომ აი, მთავრობა რასაც უნდა იმას აკეთებს და ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ. კრიზისის უშუალო საბაბი, ბოლო წვეთი იყო გავრილოვის საკითხი, მაგრამ არის ორი ფონური ფაქტორი: იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლებით, მაგრამ მეორეს მხრივ იზრდება პესიმიზმი იმის მიმართ, რომ რამდენად შესაძლებელია საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლა. ჩემი აზრით, სწორედ ამ ორი ფაქტორის დამთხვევა იყო ძირეული მიზეზი იმისა, რაც მოხდა გუშინ. ამას ემატება გარკვეული უიმედობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, რომ ის არ არის საკმარისად ორგანიზებული, თანმიმდევრული. დასჯის სპონტანური პროტესტი, გეგმის გარეშე, შეიძლება მოხდეს სწორედ ასეთ ვითარებაში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთის მხრივ კონსტიტუციურ ველში დაბრუნება, მაგრამ მეორეს მხრივ პერსპექტივის დანახვა, რომ შესაძლებელია ლეგალური პოლიტიკური ბრძოლა ამ ქვეყანაში და ამით რაღაცის მიღწევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: