მთავარი,სიახლეები

აუქმებენ თუ არა რუსი ტურისტები ჯავშნებს, ტურიზმის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს

22.06.2019
აუქმებენ თუ არა რუსი ტურისტები ჯავშნებს, ტურიზმის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს

თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მოქალაქეებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 8 ივლისიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანიები აღარ იფრენენ.

აისახა თუ არა პუტინის განცხადება რუსი ტურისტების განწყობაზე და ნამდვილად ტოვებენ თუ არა ტურისტები საქართველოს, ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას „ბათუმელები“ ტუროპერატორებთან და სასტუმროების შეეცადა. თუმცა მათ ამ ეტაპზე მედიასთან საუბარი არ სურთ.

„360 რეგისტრირებული სასტუმროა და ყველასგან არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ამიტომ საერთო მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ. არის შემთხვევები, სადაც ჯავშანი გააუქმეს, მაგრამ სად რამდენი შემთხვევაა, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები და მოკვლევა მიმდინარეობს“. – გვეუბნებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

დაზუსტებულ ინფორმაციას  ფრენების შემცირებაზე ან დამატებაზე, არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფლობენ. როგორც გვეუბნებიან, ისინიც მოკვლევას აწარმოებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 თვის მონაცემებით, აჭარას რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტურისტი ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის მონაცემებით თურქეთიდან (277 595), აზერბაიჯანიდან (54 766) და ისრაელიდან (28 207) ეწვია. რუსეთიდან კი ხუთი თვის მონაცემით, 25 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროცენტული ზრდის კუთხით დადებითი ტენდენციები შენარჩუნებულია ისეთი ევროპული ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია (+5%), ესტონეთი (+59%) და დიდი ბრიტანეთი (+20%).  ეს არის სარფის სასაზღვრო პუნქტის, პორტისა და აეროპორტის კვეთის მონაცემები.

——————————————————————

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად“ შეაფასა და „უსაფრთხოების“ საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, „პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება“.
„პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: