დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში იწვიმებს, შაბათ-კვირას კი ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 28 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 ივნისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,ზოგან შესაძლებელია – ძლიერი.

გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში. ზღვაზე კი 4-5-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი – მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად.

ამ ტენდერთან დაკავშირებით მხარემ სასამართლოში იჩივლა, დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე დასასწრებად მუხრან ელიაძე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც  ინციდენტი მოხდა.

ფაქტს „ბათუმელები“ ადგილზე შეესწრო, თუმცა მერიის თანამშრომელი ჯემალ დიასამიძე ინციდენტს უარყოფს. „არაფერი, არაფერი ინციდენტი არ მომხდარა, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. რა კონფლიქტი მქონდა? – არანაირი. მე თქვენ გეუბნებით არანაირი ინციდენტი არ ყოფილა-მეთქი. თუ დაინახეთ გცოდნიათ და მე რატომ მეკითხებით. არაფერი მომხდარა, კარგად ბრძანდებოდეთ“, – გვითხრა მან და ტელეფონი გამორთო.

განმარტების გაკეთება არც ბათუმის მერიაში ისურვეს.

მუხრან ელიაძე ინტერვიუზე დაგვთანხმდა და გვითხრა, რომ საქმე ეხება მერიის თანამშრომლის მხრიდან ქრთამის მოთხოვნას.

ბატონო მუხრან, თქვენსა და მერიის თანამშრომელ ჯემალ დიასამიძეს შორის რა მოხდა, რატომ იჩხუბეთ. თქვენ ინციდენტის შემდეგ ქრთამი ახსენეთ…

დიახ, მაგ ბიჭმა დამიბარა სამსახურში და მანქანა მომთხოვა. [საუბარია 30 000 დოლარად ღირებულ ავტომანქანაზე ] ჩემი ერთადერთი მინუსია ამ თემაში, რომ მე მივედი როგორც სამსახურებრივ საქმეზე. შაბათი დღე იყო და მეთქი რაღაც-რაღაც პროექტებთან დაკავშირებით დამიძახა. მითხრა დახმარება მსურსო.

მანქანა როგორ მოგთხოვათ, რა ფორმულირება გაუკეთა წინადადებას – მაჩუქეთო?

ჩვენს შორის მაშინ იყო დაძაბული მდგომარეობა, პრობლემები. მერია ჩვენთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და რაღაც – რაღაც დაინტერესებებში იყო. დაგეხმარებით მაგ სიტუაციის დალაგებაშიო.

თუ მანქანას მაჩუქებთო?

ჰო, რა თქმა უნდა. მე ვუთხარი ეგ არ გამოვა, ჯერ ერთი ის მანქანა არის ჩემი პარტნიორის-თქო, ჩემი რომ იყოს არ არის პრობლემა-მეთქი. ჯერ ერთი რას მიკეთებ მაგისას, რა უნდა გამიკეთო, გამორიცხულია-მეთქი. მერე ვუთხარი წავალ და გიყიდი-მეთქი.

მართლა აპირებდით ყიდვას?

ხო.

იმის ნაცვლად, რომ მოგვარდებოდა პრობლემები და არ შეწყდებოდა ხელშეკრულება მერიასა და ინდმეწარმე დავით სიჭინავას შორის [ზემოთ ხსენებული შეწყვეტილი ტენდერის გამარჯვებული დავით სიჭინავა იყო, მუხრან ელიაძის კომპანია კი ქვეკონტრაქტორი]?

ხო, ამაზე ძალოვნებთან იყო საუბარი, მან იუარა. ასე არ იყოო. ეს შინაურული მოლაპარაკება იყოო.

ძალოვნებს თქვენ ესაუბრეთ?

ხო, იყო რაღაც-რაღაცეები, ფაქტის დადგენა, რა თქმა უნდა, გამორიცხული თემა იყო, იმიტომ, რომ  ჩანაწერი არ მქონდა მაგის და არაფერი არ მქონდა. მე ისეთ მოულოდნელ სიტუაციაში მივედი. ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მომზადებული არ ვიყავი. არც ჩანაწერი არსებობდა, არც არაფერი და ვერ დავამტკიცებდი მაგ სიტუაციას. აზრიც არ ჰქონდა, თორემ მე რომ ეს მცოდნოდა, მას რა გათვლაც ჰქონდა მომზადებული მივიდოდი მაგასთან, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ მაგისთვის მიბარებდა.

შემდეგ რა მოხდა? 

ამის შემდეგ მე და მაგ პიროვნებას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მიგზავნიდა ვიღაც-ვიღაცებს, გამიკეთა მოლაპარაკება. ფულის თემა იყო, ითხოვდა 10 000 ლარს. დედამისს უნდა ჩაბარებულიყო ეგ თანხა. ეს საუბრები უკვე ჩემთან აღარ იყო, იყო ძირითადად ჩემს პარტნიორსა და მის ნათესავს შორის. მისი ნათესავი მუშაობდა ჩემთან. მისი ალალი მამიდაშვილი, რომელიც ჩემი დეიდაშვილია. მაგ სიტუაციებს შორის მოყვა ის, რომ წავიდა ჩემგან [სამსახურიდან]. რამდენიმე დღის უკან გავუგზავნე მაგას ვაიბერზე, რომ ჩვენი სიტუაციები მართლდება რაღაც-რაღაცეები და სიმართლე არ დაიკარგება და სიმართლე იჩენს თავს-მეთქი. აუცილებლად ბიძაშენს [დედაჩემის ძმა] ოჯახში შევხდებით მაგ თემაზე და დაგელაპარაკებითო. ვუთხარი არავისთან არა მაქვს სალაპარაკო და შენ ხარ კორუმპირებული პიროვნება-მეთქი. ვსიო დავამთავრე, დღეს რა მოხდა არ ვიცი.

ამის შემდეგ კომუნიკაცია არ გქონიათ?

არავითარი. ჩემი იურისტი მეუბნებოდა, რომ ჯემალ დიასამიძე ჩვენს იურისტთან იყო მისული, მთხოვა  შემახვედრე, რომ ჩემი თემები არსად არ ილაპარაკოსო. არც მჭირდება, არც ვლაპარაკობ და გამანებოს თავი-მეთქი. დღეს რომ ვიყავი ცენტრალურ დარბაზში შესული [ბათუმის საქალაქო სასამართლოში] ამ იურისტმა მითხრა, ჯემალი იგერ არის „გიგონკავს“ და რა უნდაო. დღეს გამიზნულად იყო მოსული, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, თურმე ორი საათით ადრე ყოფილა მაქ, „კრუგებს“ არტყამდა. შეუნიშნია იურისტს და მე ვუთხარი რა საქმე მაქვს მაგასთან, გამარჯობასაც არ ვეტყვი-მეთქი. ჩვენ როცა გვითხრეს იმ დარბაზზე [სასამართლოს] უარი და გამოვედი,  წამოვიდა ჩემსკენ, მე არ გამოველაპარაკე. ბიჭო გაჩერდიო მეუბნება, მე შენი ბიჭო არა ვარ-მეთქი. არაფერი არა მაქვს შენთან სალაპარაკო-მეთქი და წამოიღო ხელი. რომ წამოიღო ხელი ყველამ დაინახა, თავი დავხარე და გაქანებული ხელი გავარტყი მე თვითონ. არ დავკვირვებივარ გვერდზე მოხვდა თუ სახეზე. მოვტრიალდი, ჩემი ბიჭები ჩადგნენ შუაში. ამის შემდეგ შევედი სასამართლოში არც უკან გამიხედია და არც პასუხი გამიცია.

ოლოს რა დაგიძახათ?

მაგ ხელს მიგატეხავო. ვუთხარი ვერაფერს ვერ გამიკეთებ-მეთქი. გნახავო და მასეთები მიძახა. მე ყურადღება არ მიმიქცევია. ავღელდი. ქალბატონები გვახლდა და მე უთავმოყვარეო არასდროს ვყოფილვარ და თავი შევიკავე.

ერთი დეტალის დაკონკრეტება მინდა – 10 000 ლარი უნდა მიგეტანათ მანქანის გარდა, თუ მანქანა ან 10 000 ლარი?

დიახ, მანქანის გარდა უნდა მიმეტანა 10 000 ლარი.

ეს მან უშუალოდ გთხოვათ, მისი სიტყვებია?

რა თქმა უნდა მისი სიტყვებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას ვერ ვაფიქსირებდი იმის გამო, რომ მე არ ვიყავი მზად, რომ ასეთ რამეს გამიბედავდა, იმიტომ რომ მე ყოფილი ძალოვანი ვარ. ვმუშაობდი არაერთ ძალოვან სტრუქტურაში, ვმუშაობდი უშიშროების სამსახურში, მაგრამ მან გამოიყენა ის, რომ მისი მამიდაშვილი ჩემი დეიდაშვილია. ჩემი ალალი დეიდაშვილია, ის ჩემთან მუშაობდა და მაგ საქმის გამო გავუშვი სამსახურიდან, ამის გამოც ჰქონდა აგრესია, რატომ გაუშვიო.  დღეს ის სასამართლოსთან არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო დაგეგმილი, შესაძლოა უკვე ამოღებულია ვიდეო რამდენ ხანს მელოდებოდა. მე მივდიოდი ჩემს გზაზე, რომ გადმოხტა მანქანიდან, წამოვიდა შეურაცხყოფებით და ლანძღვებით.

მთავარი ფოტო: მუხრან ელიაძე და ჯემალ დიასამიძე

ქართველი მეზღვაურები ოკუპაციის წინააღმდეგ ღია ზღვიდან

ქართველი მეზღვაურები ღია ზღვიდან ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან.  “ნუ მაბრმავებ”, “რუსეთი ოკუპანტია,” – წერია პლაკატებზე, რომლითაც მეზღვაურები ოკუპაციას აპროტესტებენ.

“ჩვენ მეზღვაურები გამოვხატავთ პოზიციას ოკუპაციის წინააღმდეგ, არ გვაქვს შესაძლებლობა ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი ხალხია. არ გვაქვს არანაირი სურვილი ეს სოლიდარობა და ჩვენი პოზიცია განხილული იქნეს პოლიტიკურ ჭრილში, აპოლიტიკურები ვართ. უბრალოდ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ისევე როგორც ნახევარი საქართველო,” – ამბობენ მეზღვაურები “ბათუმელებთან” საუბარში.

ქართველი მეზღვაურები ღია ზღვიდან ოკუპაციას აპროტესტებენ

13 ქართველი მეზღვაური მალტის დროშის ქვეშ მცურავ ქიმმზიდ ტანკერ VEMAOIL XXIII-ზე იმყოფება მალტასთან ახლოს.

 

ირინა ტორონჯაძის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 27 ივნისს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „უბრალოდ“. გამოფენაზე მხატვრის მიერ  ჟანრობრივად განსხვავებული ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

„სიყვარულზეა ჩემი ნახატები. სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს, მე ასე ვფიქრობ და ჩემი შემოქმედება არის სიყვარულის ინტერპრეტაცია,” – ამბობს „ბათუმელებთან“ მხატვარი.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. ბოლო წლების მანძილზე ეს ირინა ტორონჯაძის პირველი გამოფენაა ბათუმში.

ირინა ტორონჯაძის გამოფენა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ირინა ტორონჯაძის გამოფენა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ირინა ტორონჯაძის გამოფენა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე 2 პირი შეუძლოდ გახდა, 3 აგრძელებს შიმშილობას

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში 5 ბათუმელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. გუშინ, 26 ივნისს, ერთი მოშიმშილე გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა როგორც შემდეგ „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოშიმშილემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისევ რეზიდენციასთან დაბრუნდა.

თუმცა დღეს, 27 ივნისს, როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე ხათუნა ბერიძე გვეუბნება, გიგა ნაგერვაძემ და კიდევ ერთმა მოშიმშილემ – მალხაზ მიქელაძემ ჯანმრთლობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს.

„შიმშილობას ამჟამად სამი ადამიანი ვაგრძელებთ, მათ შორის მეც“, – გვითხრა ხათუნა ბერიძემ.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

შეკვეთილის რეზიდენციის წინ საღამოს 19:00 საათზე საპროტესტო აქციებს მართავენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები, აქციის მთავარი მოთხოვნაა, – „არა ოლიგარქიას“. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე რამდენიმედღიან საპროტესტო აქციას, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.

მთავარი ფოტო: ხათუნა ბერიძე, მინდია ადაძე და დავით შავაძე

____________

რა მოხდა?

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა

მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქციის დარბევა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

 

„8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსი ტურისტების გარეშე“ – ეკონომისტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ბათუმელებმა“ გამოთვალა, რომ საქართველოში, ერთ ვიზიტზე, 2018 წლის მონაცემებით, ერთი რუსი ტურისტი თვეში საშუალოდ 1 803-მდე ლარს ხარჯავდა. ანუ შარშან რუსმა ტურისტებმა საქართველოში თვეში საშუალოდ 211 126 500 ლარი დახაჯეს, რამაც წელიწადში 2 533 575 600 ლარი შეადგინა [მთლიანად ტურისტების მიერ საქართველოში 2018 წელს დახარჯული თანხის 19,5%].

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტ თანხას ტურისტი საქართველოში ხარჯავს საკვებსა და სასმელში, შემდეგ – განთავსებაში, გართობაში, საყიდლებში, ადგილობრივ ტრანსპორტში, ხანგრძლივი მოხმარების, ასევე, ძვირფასი ნივთების შეძენაში და სხვ.

ამავე ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს რუსეთის ფედერაციიდან 1 240 800 ტურისტი ჩამოვიდა [თვეში საშუალოდ 100 400 ტურისტი], რაც ქვეყანაში მთლიანი ვიზიტორების 20,9%-ია. ამასთან, რუსმა ტურისტებმა საქართველოში გასულ წელს 1 405 200 ვიზიტი განახორციელს [თვეში საშუალოდ 117 100 ვიზიტი].

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

პუტინის განკარგულებით, ტუროპერატორებისა და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციიდან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება. პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

როგორ აისახება შემოსავლებზე რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება ან საერთოდ არშემოსვლა? 

„პირველ რიგში, რაც მოხდა, მხოლოდ ის არის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო რეისები შეჩერდება. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთიდან საჰაერო სივრცით რუსი ტურისტების მხოლოდ 21% შემოდის, შესაბამისად, ეს არ გავრცელდება დანარჩენ 79%-ზე, ანუ ტურისტების შემცირება გაცილებით ნაკლები იქნება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  უფროსი ანალიტიკოსი.

„ასეთ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ 2019 წლის მომდევნო 6 თვეს,  ტურიზმიდან შემოსავლების კლება იქნება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი [მე ვეყრდნობი ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის  კვლევას, რომლის მიხედვითაც რუსი ტურისტი ამ წელს საქართველოში ხარჯავდა 400 დოლარს]. მაგრამ ახლა თუ საერთოდ საზღვარს გადაკეტავს და საერთოდ არ შემოუშვებს, მაშინ, ბუნებრივია, ეს ზარალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, ამის შანსი ახლა ნაკლებადაა.  ამასთან, პირდაპირ მოსკოვიდან, ან რუსეთის სხვა ქალაქებიდან თუ ვერ იფრენენ, არის შემოვლითი გზები, ბელარუსიდან, სომხეთიდან და სხვა – შესაძლოა ამ შემოვლითი გზებით მაინც ჩამოვიდნენ. ან სახმელეთო გზით შემოვიდნენ, რადგან საჰაერო არ იქნება… დავუშვათ ყველაზე ცუდი  სცენარი, რომ საერთოდ აღარ შემოვიდეს პირველი ივლისიდან ერთი რუსი ტურისტიც კი. ამ შემთხვევაში, წელს საქართველოში შემოვა დაახლოებით 800 ათასი რუსი ტურისტით ნაკლები [400 ათასამდე წელს უკვე შემოსულია] და ამ მაჩვენებლითაც კი 2019 წელს საქართველოში მთლიანად ტურისტების რაოდენობა მაინც ავა დაახლოებით 8 მილიონამდე. ეს 2017 წლის მონაცემების ტოლია, ცოტათი მეტიც კი“, – ამბობს ბესო ნამჩავაძე.

მისივე თქმით, გვექნება ტურისტების მნიშვნელოვანი კლება, თუ ვერ მოვახერხეთ რუსეთის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით: „ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წელს 400-500 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავლით რაღაც კატასტროფა არ ხდება. 2017 წელიც ასე იყო და მე მახსოვს, 6 მილიონ ტურისტზე რომ ავედით, აღვნიშნეთ და 8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსეთის გარეშე. მაგრამ თუ დარჩენილ პერიოდში გავააქტიურებთ მუშაობას სხვა ქვეყნების მიმართულებით, თან უკვე დაიწყო სხვადასხვა კამპანია რუსეთის პასუხად… შეიძლება ზარალი ნაკლებიც იყოს“.

„ტურისტების რიცხვის შემცირება რომ ცუდია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, დანაკარგიც იქნება, მაგრამ ეს თავისუფლების ფასია“, – ამბობს ბესო ნამჩავაძე. მისივე თქმით, 2020 წლიდან რა იქნება, „ეს უფრო რთული განსაჭვრეტია“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-თებერვალი-მარტი] საქართველოში რუსეთის ფედერაციის 222 600 მოქალაქე [ტურისტი] შემოვიდა [სულ კი მათ მიერ 254 100 ვიზიტი განხორციელდა].

 

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

19 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ახალგაზრდებისთვის  გამართა  დისკუსია  თემაზე – ბავშვთა შრომა. დისკუსიის მომხსენებელი „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ აჭარის  ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ილონა დიასამიძე იყო. დისკუსიაზე  ამავე თემაზე მომზადებული  სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც  აჭარაში ბავშვთა  შრომას ასახავს. სიუჟეტის თანახმად, არასრულწლოვანთა უმეტესობა,  არ  არის ინფორმირებული თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, არ იციან რა უნდა მოითხოვონ  დამსაქმებლისგან, რას მიაქციონ ყურადღება და რა რისკებია მოსალოდნელი დასაქმების დროს.

ამასთან, დამსაქმებლები ხშირ  შემთხვევაში არ ითვალისწინებენ  საკანონმდებლო მოთხოვნებს ასაკობრივი ზღვარის  მიხედვით, არ  ითხოვენ მშობელთა  ნებართვებს, როდესაც არასრულწლოვნებს ასაქმებენ  ამა თუ იმ სამუშაოზე.  ამ საკითხების შესახებ  ახალგაზრდების ინფორმირება და  არსებულ პრობლემებზე  მსჯელობა  იყო დისკუსიის გამართვის  მიზანი.

შეხვედრის  დასაწყისში ილონა  დიასამიძემ მონაწილეებს ინფორმაცია შრომითი  ურთიერთობის შესახებ მიაწოდა და  გააცნო ის  საკანონმდებლო აქტები, რომელთა  საფუძველზეც  რეგულირდება ბავშვთა შრომა.

ილონა  დიასამიძე, „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“  აჭარის  ფილიალის იურისტ კონსულტანტი: “არსებულ საკანონმდებლო აქტებს შორის უპირატესი არის საქართველოს  კონსტიტუცია. მართალია, ის  უშუალოდ არ არეგულირებს ბავშვთა  შრომის საკითხებს, თუმცა  მასში მოცემულია  ის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ ბავშვთა შრომის  საკითხების დარეგულირებისას. მეორე საკანონმდებლო აქტი არის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. ეს კონვენცია მოქმედებს მთელი მსოფლიოს  მასშტაბით.  მისი  წევრი საქართველო გახდა 1989  წელს და მესამე დოკუმენტი ეს არის შრომის კოდექსი.

ერთ-ერთი წინგადადგმული  ნაბიჯი არის ის, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელშიც ერთად იქნება გაწერილი ბავშვთა უფლებებთან  დაკავშირებული  ყველა საკითხი. იმ დამსაქმებლების წინააღმდეგ, რომლებიც არ დაიცავენ  ბავშვთა შრომის  ნორმებს, არსებობს შესაბამისი მექანიზმები: ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა”.

ილონა დიასამიძე

დისკუსიის  მნიშვნელოვანი  ნაწილი დაეთმო შრომითი ხელშეკრულების  განხილვას.  ამასთან  დაკავშირებით გამოითქვა  მოსაზრება,  რომ  დამსაქმებელთან ხელშეკრულების გაფორმების სურვილი თავად  დასაქმებულ ბავშვებს არ აქვთ.

ილონა დიასამიძე: “ეს  მნიშვნელოვანი  პრობლემაა,  ხშირ  შემთხვევაში, არასრულწლოვნებს  ავიწყდებათ, რომ  ხელშეკრულება, გარდა იმისა, რომ  ვალდებულებებს  ანიჭებს,  ასევე  იცავს  მათ  უფლებებს.  ამ შემთხვევაში სასამართლო  დავა  ბევრად  მარტივია, ვიდრე  მაშინ, როდესაც არ არსებობს  შრომითი  ხელშეკრულება. თუ არჩევანის  წინაშე  იქნებით,  მოსთხოვეთ  დამსაქმებელს  ხელშეკრულების  დადება”.

კიდევ  ერთი პრობლემა,  რასაც დისკუსიაზე  ხაზი  გაესვა, ეხება კანონმდებლობის  აღსრულების  მექანიზმს,  რადგან  ის,  ფაქტობრივად, არ არსებობს,  გარდა იმ  შემთხვევისა,  თუ მიმდინარეობს  სასამართლო დავა.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: “როდესაც  კაფეში მომუშავე ბავშვებს ვეკითხები აქვთ  თუ არა  ხელშეკრულება,  ამბობენ,  რომ ხელზე უხდიან ფულს. ესეც არის კანონის  დარღვევა, რადგან ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არ იხდიან  სახელმწიფო  გადასახადს”.

ილონა  დიასამიძე: “ბავშვის კარგ პიროვნებად და  მოქალაქედ  ჩამოყალიბებას რაც  შეუწყობს  ხელს, ეს  არის უპირატესი. მთავარია, ბავშვის უპირატესი ინტერესები. გვაქვს ზოგადი დათქმა,  რომ  არ შეიძლება  ყველა  ბავშვისთვის უპირატესი იყოს  ერთი და იგივე, ამიტომ ეს ინტერესები არის  განმარტების საგანი და  ის თითოეულ ინდივიდთან, დასაქმებულთან  მიმართებაში ცალ-ცალკე შეიძლება  შეფასდეს. შეიძლება 16-17  წლის ბავშვს მიაჩნდეს, რომ უნდა მუშაობა,  მაგრამ  მის  მშობელს მიაჩნდეს, რომ ვერ  იმუშავებს. შრომის  ურთიერთობაზე უპირატესი უფლებები არის, მაგალითად, განათლების  უფლება, დასვენების  უფლება, სპორტით  დაკავების  უფლება”.

ასლან  ჭანიძე: “ამერიკაში  იყო ფაქტი, როდესაც 17 წლის  ბავშვმა უჩივლა  მშობელს,  რადგან მან არ მისცა თანხმობა მუშაობისთვის. მშობელმა მიიჩნია, რომ მისი მდგომარეობა  აძლევდა საშუალებას,  უზრუნველეყო შვილი.  ბავშვმა  კი პირიქით  გადაწყვიტა და სასამართლომ მიანიჭა  მას  მუშაობის უფლება.  სწორედ  სასამართლოს მეშვეობით  გაფორმდა ხელშეკრულება დამსაქმებელთან”.

ილონა დიასამიძე: ეს  იქნება ქმედების  დავალდებულება  მშობელზე.  ნებისმიერ შემთხვევაში, ეს  არის  შეფასების  საგანი,  თუ თქვენ ჩათვლით, რომ თქვენი ინტერესებისთვის  დასაქმება  უკეთესია, შეგვიძლია  დაგეხმაროთ.

 

დისკუსიის მონაწილეები

საქსტატის 2016 წლის მონაცემებით,  საქართველოში მცხოვრები 5-17 წლამდე ასაკის ბავშვთა 4.2%-ია ჩართულია შრომაში; ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას; მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია 5-17 წლის ბავშვთა 5.8%. ქალაქის ტიპის დასახლებებში – 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ბავშვთა 11.4% ცხოვრობს. ეკონომიკურ საქმიანობაში იგულისხმება როგორც ბავშვთა შრომა, აგრეთვე გაეროს კონვენციებით და ეროვნული კანონმდებლობით დაშვებული საქმიანობა. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით. მსგავსი კვლევები ათეულობით ქვეყანაშია ჩატარებული. კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7 700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი.

საქართველოს  შრომის  კოდექსის მიხედვით, პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, იმ შემთხვევაში თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე, ორსულ ან მეძუძურ ქალთან, შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

მნიშვნელოვანია  იმის  აღნიშვნა, რომ  16-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14-16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი – კვირაში 24 საათს.

შეხვედრის  ვიდეოჩანაწერი: https://www.facebook.com/media.org.ge/videos/846000055772367/

სიუჟეტი ბავშვთა  შრომის  თემაზე: https://www.facebook.com/media.org.ge/videos/427831398124487/

Instagram-ს adjarabet.com-ისგან ახალი ქართული სტიკერები დაემატა

Instagram საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. სწორედ ამიტომ, წელს adjarabet.com-მა მომხმარებელს სიურპრიზი გაუკეთა და სტიკერების პირველი ქართული ნაკრები შექმნა.

adjarabet.com პირველი ბრენდია, რომელმაც ქართველ მომხმარებელს instagram-ის ქართული სტიკერები შესთავაზა.

30 სახალისო სტიკერი ქართულ ენაზე, ლოკალური ინსაითების გათვალისწინებით, სპეციალურად ქართული ბაზრისათვის შეიქმნა.

სტიკერები Instagram Story-ში შემდეგი ჰეშთეგების გამოყენებით დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

#სტიკერებიქართულად #ქართულისტიკერები #საქართველო #ქართული #სტიკერები #adjarabetcom #adjarabet #აჭარაბეთი #kartulad #qartulad #stikerebiqartulad

სამინისტრო: მწერალთა სახლი ყოველთვის დარჩება მწერალთა სახლად

ლიტერატურის ეროვნული ფონდის დირექტორი ირმა რატიანი „მწერალთა სახლთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით.“

ირმა რატიანი გაუგებარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს  მწერალთა სახლი უქმდება.

„ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ „მწერალთა სახლი“ უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ „მწერალთა სახლი“, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერლის სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

მწერალთა სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ  შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო, მინდა ყველა დაგამშვიდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო ირმა რატიანის სახელით ავრცელებს.

მწერლის სახლმა 24 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიტერატურული პრემია, – „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო ტექნიკური მიზეზების გამო.

„მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში,“ – ნათქვამი იყო  განცხადებაში.

„ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

ტალინიდან პირველი ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა

27 ივნისს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.

ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას.

ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერული რეისები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ტალინიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა.

„ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას ბოლო წლებია აქტიურად ვახორციელებთ. ამ წუთებშიც, ტალინის ქუჩებში რეგიონის საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი იქცევს ესტონელების ყურადღებას. იზრდება აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიაც, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებია აჭარის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ვეწევით სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციასა და მეტი ევროპელი ტურისტის რეგიონში მოზიდვას ემსახურება. შედეგად სახეზეა ჩარტერები ევროპული ქვეყნებიდან. ჯერ გვაქვს ტალინი და მალე დაგვემატება ფრენები ვილნიუსიდანაც,“ – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ტურისტული კომპანიების – „აჭარა ტურისა“ და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.

___________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

 

2,6 მილიონი ტურისტებისთვის სასაჩუქრე ღვინისთვის – 1,6 მილიონი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ფორსმაჟორად აფასებს და შესყიდვების სააგენტოსგან ტურისტებისთვის საჩუქრად გადასაცემი ღვინის შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. სხვადასხვა მოცულობის 500 ათასი ბოთლი საფერავის ღვინის შესაძენად 1 630 000 ლარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციას ღვინის შესაძენად ცალკე 1 მილიონამდე ლარის ტენდერიც აქვს გამოცხადებული. ანუ, სასაჩუქრე ღვინისთვის ჯამში 2 630 000 ლარია გათვალისწინებული.

შესყიდვების გვერდის მიხედვით, ტენდერით შესაძენი [300 ათასი ბოთლი ღვინო – 0,187 ლ. მინის ბოთლში], ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ჩამოსული ტურისტებისთვისაა გათვალისწინებული. ტენდერის გარეშე შესაძენი ღვინო კი [300 ათასი ბოთლი – 0,187 ლ. და 200 ათასი ბოთლი – 0,375 ლ.], თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გასული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

სასაჩუქრე ღვინოს ტენდერითაც შეიძენენ და ტენდერის გარეშეც, თუ, უკვე გამოცხადებული ტენდერი შეწყდება? – ამ კითხვით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 26 ივნისს მივმართეთ. ადმინისტრაციაში, სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ მუშა პროცესია, რაღაცები პერიოდულად იცვლება, ამიტომ ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ გვიპასუხებენ.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განიხილავს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტურისტებისთვის საჩუქრად ღვინის გადაცემას. ადმინისტრაცია ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს“, – მოგვწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციამ ტენდერი [სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება], 18 ივნისს გამოაცხადა. ტენდერის გარეშე ღვინის შესყიდვაზე თანხმობისთვის კი, შესყიდვების სააგენტოს პირველად 25 ივნისს მიმართა. ამ განაცხადით ადმინისტრაცია 300 ათასი ერთეული [ოღონდ, 0,75 ლ. მინის ბოთლში] საფერავის ღვინის შესაძენად 2 109 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა. თუმცა, მეორე დღეს, 26 ივნისს, ადმინისტრაციამ ამ თანხის დახარჯვა გადაიფიქრა და სააგენტოს ხელახლა მიმართა.

ახალი განაცხადით, ტურიზმის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ტენდერის გარეშე ღვინო [300 ათასი ბოთლი – 0,187 ლ. და 200 ათასი ბოთლი – 0,375 ლ.] 1 630 000 ლარის ფარგლებში შეიძინოს. ეს წინადადება სააგენტომ პირველ ივლისამდე უნდა განიხილოს.

„არსებული ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველია, ადმინისტრაციის მხრიდან საზღვარზე [თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ლარსის სასაზღვრო პუნქტი] ქვეყნიდან გასული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს ღვინისა და სტუმართმოყვარეობის კულტურის ცნობადობის გაზრდას. ზემოხსენებული კამპანიის ფარგლებში ქვეყანა გამოხატავს კეთილგანწყობას საერთაშორისო ვიზიტორების მიმართ, რაც დადებითად აისახება მათ სურვილზე – კვლავ იმოგზაურონ საქართველოში და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია გაუზიარონ პოტენციურ მოგზაურებს,“ – აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.

ტენდერთან დაკავშირებით სააგენტოს განაცხადში აღნიშნულია: „…ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში რეაგირება. შესაბამისად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიების დაწყება დაუყოვნებლივ, რათა მივიღოთ დაგეგმილი შედეგი“.

„ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პროდუქტია და პროცესების ეფექტურად წარმართვისათვის ქვეყნისთვის აუცილებელია უმოკლეს დროში შეისყიდოს აღნიშნული პროდუქტი. აღნიშნული ღვინის შესყიდვა ელექტრონული ტედნერის საშუალებით პროცედურულად საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების მეშვეობით შესყიდვის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს. ამასთან, ანალოგიური მასშტაბის და შინაარსის ღონისძიების ჩატარება მეტწილად უკავშირდება საქართველოს იმიჯს. ღონისძიების ჩასატარებლად განსაზღვრულია ზაფხულის პერიოდი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნილი მარაგების ამოწურვამდე“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ამ თემაზე:

უცხოელი ტურისტებისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 1 მილიონამდე ლარის სასაჩუქრე ღვინოს იყიდის

 

მთავარი ფოტო: ბათუმის აეროპორტი, ივნისი, 2019 / ფოტო: „ბათუმელები“

 

 

ეკონომიკის მინისტრი: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება:

„ჩვენი მაკროეკონომიკა ჯანსაღია და არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე  ემუქრება,თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე, ინვესტიციაზე, მათ შორის ლარის კურსზე. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს“ – განაცხადა მინისტრმა.

ლარის კურსმა მკვეთრი გაუფასურება 20 ივნისის აქციების შემდეგ დაიწყო და თითქმის ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის 27 ივნისის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.84 ლარია, ევრო კი 3.23 ლარი.

როგორ ისწავლა პასიურმა ბუბუმ ისტორია – ეროვნული ჯილდოს ათეულის პედაგოგი აფხაზეთის სკოლიდან

მიხეილ ცქვიტაია აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მისმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მიხეილ ცქვიტაია ამჟამად 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. როგორია დევნილი სკოლის ცხოვრება დღეს და რას და როგორ ასწავლის პედაგოგი მოსწავლეებს – პედაგოგი თავის გამოცდილებასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო მიხეილ, თქვენს სკოლას ჰქვია აფხაზეთის საჯარო სკოლა. სად არის ეს სკოლა, მოგვიყევით მის შესახებ.

ჩვენი სკოლა არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. როცა მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და აფხაზეთის მთავრობა გადმოვიდა თბილისში, სკოლების სტრუქტუირებაც მოხდა ამ სახელწოდების ქვეშ. ჩვენი სკოლა იყო საერო გიმნაზია და გახდა აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა. ომის შემდეგ სკოლას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და დახურვის საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა შედგა მოლაპარაკება აფხაზეთის სამინისტროსთან, რადგან პედაგოგიური კოლექტივი იყო ძალიან პროდუქტიული და სკოლა შევინარჩუნეთ. ამ სკოლაში იძულებით გადაადგილებული ბევრი ბავშვი სწავლობს, სულ 282 მოსწავლე გვყავს, მე ამ სკოლაში 23 წელია ვასწავლი.

  • მოგვიყევით თქვენი მეთოდების შესახებ, ალბათ გაქვთ თქვენეული მიდგომები სწავლებაში…

ძალიან რთულია წარადგინო თავი როგორც საუკეთესო მასწავლებელი, რადგან ჩვენ ირგვლივ ბევრი კარგი მასწავლებელია. თუმცა, ჟიურიმ ჩემს სააპლიკაციო ფორმაში დაინახა ინოვაციური მიდგომები, რომლებიც კავშირშია აკადემიურობასთან. ჩემს ერთ-ერთ მიგნებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, დავარქვი „ბუბუს თამაში“, რომელიც ძალიან სახალისოა და, ფაქტობრივად, მულტიფუნქციური გახდა, რადგან სხვა საგნის მასწავლებლებიც იყენებენ უკვე.

ბუბუ ჩემი მოსწავლეა. საკმაოდ პასიური იყო და არ მყვებოდა აქტივობებში. ვკითხე, რა აინტერესებდა. მითხრა, რომ ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები. ორი დღე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა და ბოლოს ბანქოზე ამომესახა ისტორიული პირების სახეები, ფაქტები, მოვლენები, ელემენტები და საბოლოოდ მოვიფიქრე ბანქოს თამაში. თამაშის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ უდიდესს მიჰყავს უმცირესი ან თვისობრივად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ვთქვათ, გაქრისტიანება, ბუბუმ წაიყვანა გუბაზ მეორით, როცა შეეძლო წაეყვანა ისეთი თარიღით ან მოვლენით, რომელიც უფრო ახლოს იდგა ამ თემასთან. ეს თამაში ბუბუმ წააგო და გაკვეთილების შემდეგ მთხოვა, რომ მეთხოვებინა მისთვის ბანქო. მეორე გაკვეთილზე ბუბუმ 30 სრული ფაქტი იცოდა ზეპირად. ისევ ვითამაშეთ და მოიგო. ასე დაიწყო ბუბუმ ისტორიის სწავლა.

  • სხვა პედაგოგები დაინტერესდნენ ამ თამაშით?

რა თქმა უნდა. გეოგრაფიის მასწავლებელი შემხვდა და მითხრა, ბუბუ წიგნს კითხულობდა და გავოცდი, რა უქენი ასეთიო. მოვუყევი თამაშზე და ერთ თვეში ბუბუმ იცოდა ზღვების, ოკეანეების, ქალაქების და ასე შემდეგ მონაცემები და მათ შესახებ ცოდნას ფლობდა. ბიოლოგიამ თვისობრივი დაკავშირების მეთოდი გამოიყენა, ქართულის მასწავლებელმა, ავტორი და ციტატები დააკავშირა და შედეგიც ბევრად ეფექტურია. როგორ შეადგენს ბარათს, ეს მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

  • კიდევ რა მეთოდი მუშაობს კარგად?

ძალიან ამართლებს კლუბური მუშაობა. მე ვკურატორობ ეკოკლუბს, ინტელექტუალურ და სამოქალაქო კლუბს, ასევე გრაფიკოს-ანიმატორთა კლუბს, რომელიც წელს დავაფუძნეთ, მაგრამ ორი ანიმაციური ფილმი გვაქვს უკვე. ეკოლოგიაზე გავაკეთეთ ფილმები. ეს ეხმარება ბავშვებს ცოდნის გაღრმავებაში, ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში. შესაბამისად, ცნობიერების ამაღლებაშიც.

ერთ-ერთი გასვლის დროს ქალაქში აღმოვაჩინეთ არალეგალური ნაგავსაყრელი. ეკოკლუბი თანამშრომლობს საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრთან, რომელმაც დაგვიფინანსა ეკოპროექტი და ამის ფარგლებში დავდგით ოთხი სანაგვე ყუთი, შემდეგ მივმართეთ ქალაქის მერს და დასუფთავებულ ტერიტორიაზე დააგეს გზაც, 300-ათასლარიანი დაფინანსება გამოიყო ამისთვის. ახლა ეს ადგილი ერთ-ერთი სუფთა უბანია ქალაქში.

  • როგორ ფიქრობთ, ეს არის თაობა, ვინც  ქუჩაში, ტრანსპორტში, ღია სივრცეებში ნაგავს აღარ დაყრის?  

რა თქმა უნდა. ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ერთია ასწავლო და მეორეა ის, რამდენად შეძლებენ ამ ცოდნის ტრანსფერს ეს ბავშვები ყოფით ცხოვრებაში. ჩემდა სასიხარულოდ, ბავშვებს აქვთ იმის კულტურა, რომ არ დაყარონ ნაგავი ქუჩაში და მიიტანონ ურნამდე.

ეკოლოგიური საკითხები ძალიან აინტერესებთ. ჩვენი მოსწავლეები გამოეხმაურნენ შვედ გოგონას – გრეტა ტურნბერგს, რომელიც გლობალურ დათბობას აპროტესტებს. გავაკეთეთ ეკობანერი და მოვაწყეთ მხარდამჭერი აქცია. გრეტა გამოგვეხმაურა და მოგვწერა – hello America. ჯორჯია ამერიკის ჯორჯიასთან გააიგივა, თუმცა ავუხსენით, რომ კავკასიიდან ვართ და საქართველოც ვასწავლეთ და აფხაზეთიც.

  • აფხაზ ბავშვებზე მინდა გკითხოთ. ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ დევნილი ბავშვების თაობამ არ იცის კარგად აფხაზეთის შესახებ, თითქმის არ იციან მათი ისტორია და ამაზე არც  სახელმძღვანელოებშია საუბარი.  თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, იციან  ბავშვებმა  მათი სკოლის სახელწოდების უკან რა ისტორიაა?

იყო პერიოდი, როცა ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს შორის კონფლიქტი გაჩნდა. იყო დამოკიდებულება, რომ „ისინი მოსულები არიან“, რომ ეს მათი არეალი არ იყო. ამიტომ ვეცადე, ინტეგრაცია უმტკივნეულოდ მომეხდინა. მუნიციპალიტეტში გვაქვს აფხაზეთისა და ოსეთის ომების დროს შინმოუსვლელთა მემორიალი და ეს მემორიალი ერთობლივად დავალაგეთ, დავრგეთ ყვავილები, მოვხატეთ კედელი. მემორიალთან ახლოს ცხოვრობენ ის ოჯახები, რომლებმაც დიდი ტრაგედია საკუთარ თავზე გადაიტანეს. ის ადამიანი, რომელმაც ორი შვილი და მეუღლე თვითმფრინავში ჩასვა და შემდეგ დაინახა, როგორ აფეთქდა თვითმფრინავი ცაში. როცა ამ საშინელ ტრაგედიაზე გიყვება ადამიანი, როგორ გადმოლახეს სვანეთი, როგორ დატოვეს სახლი და კარი და გიწევს ფიქრი, რა გრძნობა დაგეუფლებოდა, მათ ადგილზე რომ ყოფილიყავი, ეს ყველაფერი კარგად გაითავისეს ბავშვებმა.

  • აინტერესებთ რა ხდება აფხაზეთში, არსებობს რაიმე ბმა მათში?

მათ აქვთ ფოტოსურათები, ჩანაწერებიც კი, გუგლის საშუალებით შეუძლიათ მოძებნონ ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ. ბათუმში ან ფოთში დაგვყავს ხოლმე ზღვაზე და უთქვამთ – „ბიჭვინთაში მაინც სულ სხვაა“. არ უნახავთ, მაგრამ ინსტინქტის დონეზე ეს სიყვარული მაინც არსებობს მათში. აფხაზეთის დღეები როცა იყო, ბავშვები საზღვრამდე მივიყვანეთ. ძალიან რთულია იმის ყურება, რომ გაღმა ნაპირი შენია, მაგრამ ვერ მიდიხარ.

  • თქვენ ორ ისეთ საგანს ასწავლით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის და ა.შ.  ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არ ვიცით კარგად ჩვენი ქვეყნის ისტორია, რის გამოც ხშირად ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომებს. თქვენ როგორ ასწავლით ისტორიას და თუ ახერხებენ ბავშვები ისტორიის პარალელების გავლებას თანამედროვეობასთან?

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება იწვევს იმდენად დიდი ინფორმაციის შემოდინებას, რომ ბავშვებს უჭირთ ხოლმე კრიტიკული ანალიზი. ინფორმაციის დახარისხება და ამით სარგებლის მიღება. რა თქმა უნდა, ვასწავლი ეროვნულ საკითხებს. ძალიან სტკივათ ბავშვებს ის, რომ ეროვნული დღესასწაულის – 26 მაისის აღნიშვნის ტრადიცია არ გვაქვს. ერთმანეთს არ ვულოცავთ. ჩვენ მერვე წელია ვაკეთებთ აქტივობებს – ვბეჭდავთ ბუკლეტებს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ და ვარიგებთ ქალაქში, ვუყურებთ ფილმებს, გვაქვს დისკუსიები პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს ახლობლებს ვუგზავნით მილოცვას სმს-ითაც და პირადადაც ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, რომ ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დღემდე არ აქვს გააზრებული ის ბოროტება, რასაც საბჭოთა ტოტალიტარიზმი ჰქვია და ხშირად, დამოუკიდებელ საქართველოშიც კი იჩენს ხოლმე ნოსტალგია, რაც პრორუსულ სენტიმენტებში გამოიხატება და ხან – რაშიმომავალ თაობას რა ცოდნა აქვს ამის შესახებ?

ვიცით, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლებაა და როცა თავისუფლების ხარისხი ეცემა სახელმწიფოში, ბუნებრივია, იქ სხვა ნებისმიერი მიღწევა არის გაუფერულებული. საბჭოთა პერიოდში ჩვენი განვითარების მუხრუჭი იყო და ამაზე ვსაუბრობთ კიდევ სკოლაში.

არის მომენტები, როცა მცირე, მაგრამ ბავშვების გარკვეულ ნაწილში ოჯახის წევრების გავლენით ჩნდება დამოკიდებულება, რომ მაშინ კარგი ცხოვრება იყო, არ გვშიოდა, სახლი მაშინ აშენდა და ა.შ მაგრა საბედნიეროდ, ძალიან ცოტაა ის, ვისაც მხოლოდ მატერიალური ყოფა ხიბლავს. ის, რომ მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება ერთ დღეში დაინგრეს, როცა მას არ ასაზრდოებს თავისუფლება, ამის მაგალითია საბჭოთა კავშირი და 90-იანი წლების შემდგომი პერიოდი, როცა წარსული კეთილდღეობის კვალიც აღარ დარჩა და ჩვენ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ამიტომ სახლი უნდა ააშენო თავისუფლებაში, როცა შენს საკუთრებას წარმოადგენს ეს სახლი და შექმნი შენ თვითონ.

ჩვენ ვსაუბრობთ გასაბჭოებაზე, მოვიწვიეთ რეპრესირებული ადამიანები და მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. ჩვენთა ახლოს არის ის ადგილი, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრეები დახვრიტეს და იმ ადგილის ხშირი სტუმრები ვართ. ასევე მოვიძიეთ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვინც ჩვენი მუნიციპალიტეტიდან პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს აწერდა ხელს.

  • როგორ უყურებენრავალფეროვნების საკითხებს თქვენი მოსწავლეები. ეს თემა ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი დღეს სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან.

შეიძლება ამ ჯგუფების აგრესიის შედეგია ის, რომ ახალგაზრდებში ათეისტური შეხედულებები თითქოს უფრო მოდური გახდა. მრავალფეროვნება მეტი კომფორტია, ჩვენს ახალგაზრდებს კი უყვართ კომფორტი, უფრო გლობალურად აზროვნებენ და ვფიქრობ, განსხვავებულის მიმღებლობაც აქვთ.

საქართველოს ისტორიაში მრავალფეროვნების და განსხვავებულის მიღების იმდენი მაგალითი არსებობს, მარტო ეს არის საკმარისი ამის გასააზრებლად, რამდენად კარგია მრავალფეროვნებაში ცხოვრება. საქართველოს ისტორიაში ასევე ბევრი მაგალითია იმის, როცა ეთნიკურად არაქართველს არანაკლები სიკეთე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ახალ თაობას მრავალფეროვნების მიღების პრობლემა არ აქვს.

  • რა სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ იყოს აღიარებული?

ტრივიალური ფრაზაა, მაგრამ არის ამაში ჭეშმარიტება – მასწავლებლად უნდა დაიბადო. ამ პროფესიას მატერიალურად ვერ გადმოსცემ, ეს უნდა იგრძნო. ქართულ ისტორიოგრაფიაში მასწავლებელი ასოცირდებოდა აღმზრდელთან.  აღმზრდელი მარტო არ ასწავლის, ზრდის და ეს ფუნქცია თუ ჩემს პიროვნებაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი, რაც არ უნდა კვალიფიკაცია ამიმაღლონ, გადამამზადონ, რთული იქნება. მე მიყვარს ჩემი პროფესია და ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ვარ მასწავლებელი და ამას არც ერთ პროფესიაში არ გავცვლი.

„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები

დღეს, 26 ივნისს, ბათუმელი ადვოკატები გამოეხმაურნენ თბილისში მიმდინარე აქციებს. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას. ადვოკატთა ჯგუფი ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიციის გასაზიარებლად დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბა.

ყოფილი მოსამართლე, ამჟამად ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საზოგადოების დაცინვაა, რაც მოხდა დღეს საქართველოს პარლამენტში:

„გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეც კი არ მოვიდა პარლამენტში, იმდენად შეშინებულები არიან და გაგზავნეს დეპარტამენტის უფროსი. კარგი ბატონო, გაგზავნეს, მაგრამ იქ უნდა მოეტანათ, თუ აქვთ, დასაბუთებულ დონეზე მტკიცებულებათა სტანდარტი და პარლამენტარებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ, მაგრამ პარლამენტში ყველაფერი ისე განვითარდა კომიტეტების სხდომაზე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, მაგრამ ისე უსუსურად, ისე არაკვალიფიციურად, არასამართლებრივად გააკეთეს ეს, რომ ელემენტარულად, სამართალზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ კი შუამდგომლობა დადგება სასამართლოში, იქაც ერთი რომელიმე კოლექტიური მურუსიძე, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით გამოიტანს პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას.

ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას უკრავს ტაშს, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ცხრა წლის მანძილზე ნაციონალურ მოძრაობას უკრავდნენ ტაშს, მათ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, განცდა, არა აქვთ“ – გვითხრა ირაკლი შავაძემ.

ადვოკატი ირმა ზოიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლიანად მიაჩნია ის მოთხოვნები, რაც თბილისში გამართულ აქციებზე გაჟღერდა და მათ შორის შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა.

„ადვოკატი ვარ, რიგითი მოქალაქე და ძალიან შემტკივა გული, რომ ქვეყანაში არ არის ინსტიტუციური მართლწესრიგი, ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი. სახელმწიფომ უკან დაიხია [2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების დაპირებითა და 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების გამოშვებით], მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ ყველაფერს ზემოდან მართავს კლანი, ოლიგარქი და ეს არის ინსტიტუციური ქაოსი,“ – ამბობს ირმა ზოიძე.

ინსტიტუციების მოშლა და უპატივცემულობა – ასე უწოდებს სამართალმცოდნე ირმა შარაძე საქართველოში ბოლო კვირაში განვითარებულ მოვლენებს:

„იმის ნაცვლად, რომ დასაჯონ ის პირები, ვინც დააზარალა, დაასახიჩრა ადამიანები, ცდილობენ გადაბრალებას სხვაზე, რასაც არ მიიღებს ნორმალური საზოგადოება. ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს სასამართლოში, ეს რაც ვნახეთ [აქციაზე 305 დაკავებულის სასამართლო პროცესები], იყო კოლექტიური გასამართლება, რასაც აძლევენ სასამართლოს ფორმას და ეს ხდება არაფორმალური მმართველის ბრძანებით. ათი სპეცრაზმელისთვის უფლებამოსილების შეჩერება პასუხისმგებლობას არ უხსნის ბრძანების გამცემს და ამ ბრძანების გამცემი პირველ რიგში არის შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ასრულებს არაფორმალური მმართველის დავალებას,“ – ამბობს ირმა შარაძე.

„როცა ხელისუფლება უპირისპირდება თავის ამომრჩეველს, თავის მოქალაქეს და თვალებს თხრის, ამის მოთმენა მეტისმეტია,“ – მიიჩნევს ადვოკატი ლელა ბჟალავა. მისი აზრით, საზოგადოების პროტესტი სამართლიანია:

„თქვენ ხედავთ, რომ გაჭირვების, დოლარის ვარდნის, ბანკების მიერ განადგურებული ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ ხალხი ერთსულოვნად გამოვიდა ქუჩაში მაშინ, როცა ოკუპანტი დაჯდა საქართველოს პარლამენტში. ეს იყო მეტისმეტი 2008 წლის ომის შემდეგ,“ – აღნიშნა ლელა ბჟალავამ.

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან 5 ბათუმელი შიმშილობს, დღეს 1 ცუდად გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ბათუმიდან ჩასული ჯგუფი შიმშილობს. მოშიმშილე ხუთი პირიდან ერთ-ერთი, გიგა ნაგერვაძე, ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის საავადმყოფოში გადაჰყავდა, მაგრამ მოშიმშილემ გზიდან უკან დაბრუნება მოითხოვა. ექიმებმა მას ადგილობრივად აღმოუჩინეს დახმარება. გიგა ნაგერვაძე ისევ ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთანაა და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

გიგა ნაგერვაძესთან ერთად ხათუნა ბერიძე, მინდია ადაძე, დავით შავაძე და მალხაზ მიქელაძე შიმშილობენ.

ენმ-ის ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას ინფორმაციით, ორმა ბათუმელმა – ხათუნა ბერიძემ და მინდია ადაძემ, რომლებიც ახლა შეკვეთილში შიმშილობენ, ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას. ლაშა ადამიას თქმით, ისინი გუშინ ჩავიდნენ შეკვეთილში შიმშილობის გასაგრძელებლად და მათ ბათუმიდან ჩასული კიდევ 3 პირი შეუერთდა.

როგორც ლაშა ადამიამ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდების ჯგუფმა ივანიშვილის რეზიდენციასთან შიმშილობა 25 ივნისს დაიწყო.

მოშიმშილეების კარავი ივანიშვილის რეზიდენციასთან

„არა ოლიგარქიას“, „არა სისხლიან მთავრობას“ – ამ მოწოდებებით მსვლელობა შეკვეთილში გუშინ დაიწყეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები.

„დაახლოებით 150 ადამიანი ყოველდღე შვიდ საათზე ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ ოლიგარქიულ რეჟიმს. აქციები გაგრძელდება ხვალაც. რეზიდენციასთან ღამით მხოლოდ მოშიმშილეები და აქტივისტები რჩებიან“, – ამბობს ლაშა ადამია.

მისი თქმით, დანარჩენი მოშიმშილეების მდგომარეობა სტაბილურია.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ აქცია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. საპროტესტო აქცია პოლიციამ 20 ივლისის ღამით დაარბია, რის შედეგადაც ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. გაზით მოიწამლა და რეზინის ტყვიით დაშავდა 240 ადამიანი.

საპროტესტო აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში

ბათუმში სასტუმროებს, რესტორნებსა და დიდ ობიექტებს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდებათ

„სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 ივნისს, საღამოს 21 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდებათ ბათუმში მდებარე მსხვილ ობიექტებს: სასტუმროებს, რესტორნებს, ქარხნებს, პურის საცხობებს და ა.შ. კომპანიის ინფორმაციით, ობიექტებს გაზის მიწოდება ხვალ დილით აღუდგებათ.

„სოკარის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ხვალ, 27 ივნისს იწყება და დიდი ობიექტების გათიშივა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„გაფრთხილებული არიან ობიექტები. ხვალ დილას, გამთენიისას გაზი ჩაირთვება“ – ამბობენ „სოკარში“.

ასევე, ხვალ, 27 ივნისს, დილის 7 საათიდან გაზი გაეთიშება ქალაქ ქობულეთის ნაწილს და ჩაქვიდან სალიბაურამდე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება იმავე დღეს, საღამოს 9 საათიდან, ეტაპობრივად.

28 ივნისის 11:00 საათიდან 28 ივნისის 15:00 საათამდე კი გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩას. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა პროკურატურის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 92 დეპუტატმა. მათგან ნიკა მელიას დაკავებას მხარი დაუჭირა 91 დეპუტატმა.

ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში არ ახლდნენ მისი თანაპარტიელები. ენმ-ის დეპუტაცია და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომის მსვლელობას პარლამენტის ფოიეში ადევნებენ თვალს.

გენერალური პროკურორის წარმოამდგენელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ ნიკა მელიას მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი კადრები აქვთ და ასევე ჰყავთ მოწმეები.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

ნიკა მელიას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია. ფეხბურთში ზაფხული სანაკრებო ტურნირების პერიოდია, იაპონიაში ზაფხულის ბაშო ტარდება, ბელარუსი კი ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. გთავაზობთ ზაფხულის 5 მთავარ სპორტულ მოვლენას!

[checklist]

  • 5. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი

[/checklist]

2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის რიგით მერვე გათამაშებაა და 24 სხვადასხვა გუნდს მოიცავს. ტურნირი საფრანგეთში ტარდება და 7 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. მოქმედი ჩემპიონი, ამერიკის შეერთებული შტატები, ტიტულის დაცვას შეეცდება, მათთან ერთად მთავარ ფავორიტად კი საფრანგეთის ნაკრები ითვლება.

[checklist]

  • 4. ევროპული თამაშები

[/checklist]

ევროპული თამაშები საერთაშორისო ტურნირია, სადაც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტის სახეობებში უპირისპირდებიან. ტურნირს ბელარუსი მასპინძლობს და 21 ივნისიდან იღებს სტარტს, 50 მონაწილე ქვეყნიდან ერთ-ერთი კი საქართველოა. 61 ქართველი სპორტსმენი 15 სპორტის სახეობასა და 23 სხვადასხვა დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ღირსებას ისეთი სპორტსმენები დაიცავენ, როგორებიც: ნინო ოძელაშვილი, ზაზა ნადირაძე, გენო პეტრიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და სხვები არიან.

[checklist]

  • 3. ნაგოია ბაშო

[/checklist]

7 ივლისს ნაგოია ბაშო იწყება, სადაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც გამოვა. ტურნირი დოლფინს არენაზე ჩატარდება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტოჩინოშინი კი ამ ბაჩოზე კვლავ ოძეკის წოდებით გამოვა. იოკოძუნას წოდების მისაღებად ლევანს კიდევ 2 ბაშოს მოგება სჭირდება.

[checklist]

  • 2. კოპა ამერიკა

[/checklist]

2019 წლის კოპა ამერიკა ტურნირის რიგით 46-ე გათამაშებაა და ბრაზილიაში ტარდება. ტურნირის მასპინძლები მთავარ ფავორიტებად ითვლებიან, მათ შემდეგ კი ტურნირზე კარგად გამოსვლას არგენტინის, ურუგვაის, ჩილეს და კოლუმბიის ნაკრებებისგან ელიან. კოპას ბოლო ორი ფინალი ჩილეს და არგენტინას შორის შედგა და ორივე შემთხვევაში გამარჯვებულები ჩილელები დარჩნენ. ლიონელ მესისთვის ეს სანაკრებო ტიტულის მოგების ერთ-ერთი ბოლო შანსია, არგენტინელმა ფორვარდმა წინა 4 სანაკრებო ფინალიდან გამარჯვება ვერცერთში ვერ შეძლო. ტურნირი 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

[checklist]

  • 1. ზაფხულის მობილური ისტორიები

[/checklist]

ზაფხულის მთავარ მოვლენას აჭარაბეთი გთავაზობთ! უკვე შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენი საყვარელი თამაშები, დააგროვოთ სატელევიზიო გათამაშების ბილეთები და მოიგოთ 40 მანქანიდან ერთ-ერთი!

აჭარაბეთის გათამაშება ყოველ ხუთშაბათს, 23:40 საათზე, რუსთავი 2-ის ეთერში ტარდება. ყოველ კვირას 5 Toyota Corolla თამაშდება, გათამაშებაში ჩართვა კი ახლავე შეგიძლიათ.

ჩაერთეთ გათამაშებაში, დააგროვეთ ბილეთები და მიიღეთ 40 მანქანიდან ერთ-ერთის მოგების შანსი!

სამინისტრო: თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი რეანიმაციაში რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში დღეს, 26 ივნისს მომხადარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია. ის რიზეში, ერდოღანის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში რჩება.

დღეს, დაახლოებით 00:45 საათზე, თურქეთში, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში მოათავსეს.

სამივე მათგანი აჭარის მცხოვრები იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაცვლილია ერთი კაცი და ერთი ქალი.  სამინისტროს ინფორმაციით ცხედრები საზღვარზე უკვე გადმოასვენეს.

___________

ავარიის ადგილი. ფოტო: haberx.com

ხვალ გაზის მიწოდება ქობულეთსა და ჩაქვს შეუწყდება, ზეგ – ბათუმის ერთ ქუჩას

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ხვალ, 27 ივნისს, დილის 7 საათიდან გაზი გაეთიშება ქალაქ ქობულეთის ნაწილს და ჩაქვიდან სალიბაურამდე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება იმავე დღეს, საღამოს 9 საათიდან, ეტაპობრივად.

28 ივნისის 11:00 საათიდან 28 ივნისის 15:00 საათამდე კი გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩას. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. ისინი ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლის – ალექსანდრე თევზაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს.

თავდაპირველად პროკურატურა დაკავებულებს ხულიგნობის მუხლით ედავებოდა. მოგვიანებით საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ირაკლი აბუსერიძეს კი 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანების მუხლია.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურისგან მსგავსი დამოკიდებულება არ ახსოვს. მან პროკურატურის შუამდგომლობას „შეღავათიანი“ უწოდა – პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა.

„ძალადობის მუხლებზე პროკურატურა ყოველთვის ითხოვდა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას,”- აღნიშნა მოსამართლემ.

რატომ მიიღო პროკურატურამ „შეღავათიანი გადაწყვეტილება“ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის მიმართ? – შეკითხვა “ბათუმელებმა” პროკურორ თორნიკე გოგეშვილს პროცესის დასრულების შემდეგ დაუსვა.

“მოსამართლე გულისხმობდა ოჯახში ძალადობას, რაზეც გვაქვს ერთიანი მიდგომა – ვითხოვთ პატიმრობას,”- გვითხრა პროკურორმა. მისი მტკიცებით, არსებობს ჩვეულებრივი ძალადობის სხვა საქმეებიც, სადაც პროკურატურა ასევე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პოლიტიკურ გავლენას პროკურატურაზე გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. ის დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, როგორც კახა მიქელაძის მეგობარი.

„პროკურატურა დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალეკო თევზაძეს მხოლოს მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა… რატომ გაუსვა ამას ხაზი მოსამართლემ, არ ვიცი,“- აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე მისი დაჭრის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ის წერს, რომ მას შემდეგ რაც ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.

 

წიგნის ფესტივალი ბათუმში [ანონსი]

2019 წლის 29 და 30 ივნისს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში „წიგნის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალს წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ჩაატარებს.

ორგანიზატორების განცხადებით ბათუმელ მკითხველს „წიგნის ფესტივალის“ ფარგლებში საშუალება ექნება წიგნები შეიძინოს განსაკუთრებული ფასდაკლებით; გაეცნოს ახალ გამოცემულ წიგნებს.

ადგილზე იქნება მოწყობილი სამკითხველო სივრცე და საბავშვო კუთხე.

ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება უცხოენოვანი წიგნები საქართველოზე და სხვა უცხოელი სტუმრებისათვის საინტერესო ექსკლუზიური
პროდუქცია.

„ფესტივალის მიზანია, წიგნიერების და ლიტერატურის პოპულარიზაცია. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ორი დღით ლიტერატურული კუნძული გელოდებათ!“ – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობის საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატ  ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობის მიცემის საკითხის პლენარული სხდომის საკითხებში შეტანას. კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო ოპოზიციამ. პლენარულ სხდომაზე პროკურატურისთვის თანხმობას მიცემის შემთხვევაში, შესაძლოა მელია პარლამენტშივე დააკავონ.

პროკურატურამ დეპუტატ მელიაზე ბრალის წარდგენის დადგენილება გუშინ, 25 ივნისს მიიღო და გუშინვე მიმართა პარლამენტს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე დასათანხმებლად.

ნიკა მელიას, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

ამ მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს:

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

მეორე მუხლი კი გულისხმობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.

საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები – ნიკა მელიას ადვოკატი

კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე.

სასამართლომ კახა მიქელაძე 2000 ლარი გირაოს, ხოლო ირაკლი აბუსერიძე 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ისინი მას შემდეგ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, როცა გირაო უზრუნველყოფილი იქნება.

საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების მცდელობაც და უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, კახა მიქელაძე მას ფიზიკურად მანქანაში გაუსწორდა, რის შემდეგაც მან მძღოლს კაფე „კონტესთან“ მანქანა გააჩერებინა. მისივე თქმით, ამ დროს დაჭრა  მძღოლმა – ირაკლი აბუსერიძემ ხანჯლით თავისა და ხელის არეში.

ბრალდებულების ახლობლების მტკიცებით კი, კონფლიქტი ფეისბუქში ალეკო თევზაძის საჯარო პოსტმა გამოიწვია, რითაც კახა მიქელაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს. ახლობლების თქმით, ალეკო თევზაძის გატაცებას არავინ აპირებდა.

ბრალდებულები ბათუმში 24 ივნისს დააკავეს. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით ედავებოდა, რაც ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს.

გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ირაკლი აბუსერიძეს კი – 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლია.

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს, კახა მიქელაძეს უთხრა, რომ მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელის ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლემ მეორე ბრალდებულს, ირაკლი აბუსერიძესაც განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებულს შესაძლოა 3 წლამდე შეუფარდონ თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება თავად პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მოითხოვა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა. პროკურორმა კახა მიქელაძის გათავისუფლება ორი ათასი ლარის, ხოლო ირაკლი აბუსერიძის – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვა.

ბრალდებულებს დღევანდელ პროცესზე არაფერი უთქვამთ. ისინი დუმილით შეხვდნენ მოსამართლის შეკითხვას: ხომ არ გსურთ რამეს დამატება?

პროცესის დასრულებამდე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურისგან მსგავსი დამოკიდებულება არ ახსოვს.

“ძალადობის მუხლებზე პროკურატურა ყოველთვის ითხოვდა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას,”- აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობას “შეღავათიანი” უწოდა.

რატომ მიიღო პროკურატურამ “შეღავათიანი გადაწყვეტილება” უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის მიმართ? – შეკითხვა “ბათუმელებმა” პროკურორ თორნიკე გოგეშვილს პროცესის დასრულების შემდეგ დაუსვა.

“მოსამართლე გულისხმობდა ოჯახში ძალადობას, რაზეც გვაქვს ერთიანი მიდგომა – ვითხოვთ პატიმრობას,”- გვითხრა პროკურორმა. მისი მტკიცებით, არსებობს ჩვეულებრივი ძალადობის სხვა საქმეებიც, სადაც პროკურატურა ასევე გირაოს შეფარდებას ითხოვს.

პოლიტიკურ გავლენას პროკურატურაზე გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი. ის დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, როგორც კახა მიქელაძის მეგობარი.

“პროკურატურა დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალეკო თევზაძეს მხოლოდ მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა… რატომ გაუსვა ამას ხაზი მოსამართლემ, არ ვიცი,”- აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა “ბათუმელებთან”.

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე მისი დაჭრის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ის წერს, რომ მას შემდეგ რაც ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.

 

„ორბი ჯგუფს“ ეცნობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაოები სასპორტო სკოლასთან – სამინისტრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“.

ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე, რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“.

კომენტარისთვის სამინისტროს გუშინ, 25 ივნისს, დავუკავშირდით, თუმცა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ. „სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები დღესვე გავლენ ადგილზე, გაერკვევიან სიტუაციაში და ამის შემდეგ გვექნება კანონის შესაბამისი რეაგირება“, – გვითხრეს გუშინ სამინისტროში.

კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებს „ორბი“ ამ ტერიტორიაზე, სამინისტროდან ინფორმაცია ვერც დღეს მივიღეთ.

„ბათუმელები“ კომენტარს „ორბი ჯგუფისგანაც“ ელოდება.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე ერთ-ერთმა დასაქმებულმა უთხრა, აქ „ორბის“ დაკვეთით მიწის სინჯებს იღებენ, „300 მეტრზე ჩადიან…“.

ამ თემაზე: 

რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან

სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღებული გრუნტის ნიმუშები / 25.06.2019 / ფოტო „ბათუმელები“

სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს „ორბის“ მიერ უნებართვო/შეუთანხმებელი სამუშაოების ჩატარების პირველი შემთხვევა არ არის. 2018 წელს ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთი „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ უნებართვოდ დაიკავა და თვითნებურად ღობეც შემოავლო. მოგვიანებით კი, ეს ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა და ის იჯარით „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ აიღო.

ამ თემაზე:

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს

 

 

ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

500 ლარით შპს “ევექსი ჰოსპიტალი” მოსამართლე კობა გოცირიძემ დააჯარიმა. სასამართლო განხილვაზე ამ კომპანიის იურისტმა თქვა, რომ ის შემოწმების ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება.

“ევექსის” ერთ-ერთი კლინიკა – ანგისის ბავშვთა საავადმყოფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გასულ წელს შეამოწმა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში სამედიცინო საქმნიანობის სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის ფაქტები გამოვლინდა.

“პირველი დარღვევა იყო ის, რომ პედიატრიულ განყოფილებაში პალატები არის 11 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. სანებართვო პირობების მიხედვით კი, უნდა იყოს 11 კვადრატი ან მეტი… ასევე, საწოლებს შორის დაშორება არის 1.2 მეტრზე ნაკლები… კედლები არის სუფთა, მაგრამ კედლებს ესაჭიროება კოსმეტიკური სამუშაოები,” – დაიწყო დარღვევების ჩამოთვლა ზურაბ ლარაზაშვილმა, იგი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტია.

“ამ დროს გვქონდა ფორსმაჟორი… ეს არის ერთადერთი ბავშვთა კლინიკა რეგიონში და ამ დროს იყო გრიპის ვირუსი, ეს დარღვევა უკვე გამოსწორებულია,” – მიმართა მოსამართლეს კლინიკის იურისტმა, დიმიტრი თურმანიძემ.

სააგენტოს დასკვნის მიხედვით, დარღვევები დაფიქსირდა გინეკოლოგიურ კაბინეტშიც, სადაც სააგენტოს იურისტის თქმით, არ იყო შესაბამისი ანესთეზიოლოგიის მოწყობილობა.

მოწყობილობის და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვის კუთხით, დარღვევები დაფიქსირდა საოპერაციო განყოფილებაშიც.

“ეს არის განსაკუთრებით მძიმე,” – დასძინა ზურაბ ლარაზაშვილმა.

“რამდენად მძიმეა, სიცოცხლისთვის საშიშია?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არა. ასე ვერ შევაფასებ, მაგრამ მძიმეა,” – უპასუხა მოსამართლეს რეგულირების სააგენტოს იურისტმა.

“ევექსის” იურისტი სასამართლოში დაფიქსირებულ ყველა დარღვევას დაეთანხმა.

“მიმდინარეობს ამ დარღვევების აღმოფხვრა,” – უთხრა დიმიტრი თურმანიძემ მოსამართლეს.

მოსამართლე კობა გოცირიძემ “ევექსის” კლინიკის იურისტს განუმარტა, რომ მისი დაჯარიმება 10 ათასამდე ლარით შეეძლო, მაგრამ ამჯერად მხოლოდ 500 ლარით აჯარიმებს.

სასამართლო პროცესის შემდეგ, “ევექსის” იურისტმა დამატებით გვითხრა, რომ შემოწმების დროს კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა აღმოფხვრილია.

 

ბათუმში უვადოდ დანიშნეს მოსამართლე, რომელმაც 2012 წელს ივანიშვილი 126 მილიონით დააჯარიმა

ერთ-ერთი ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივნისს, ახალმა მოსამართლემ კობა გოცირიძემ განიხილა. იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმში უვადოდ 3 ივნისს გაამწესა.

კობა გოცირიძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე, ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. მაშინ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე კობა გოცირიძემ 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, კახი კალაძე კი – 17 მილიონი ლარით. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლე კობა გოცირიძის საქმიდან აცილებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ივანიშვილისთვის შეფარდებული ჯარიმა იმავე, 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა.

კობა გოცირიძეს უკავშირდება სხვა გახმაურებული საქმეებიც, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადამიანების დაკავება. პოლიცია მაშინ რამდენიმე ადამიანს ქუჩის სავალი ნაწილის დაკავებისთვის მიედავა. მოსამართლე კობა გოცირიძემ ისინი 400 – 400 ლარით დააჯარიმა.

კობა გოცირიძემ გაასამართლა ის 10 ადამიანიც, რომლებმაც 2011 წელს უზენაეს სასამართლოსთან გამართეს აქცია ლოზუნგით „მეც პატიმარი ვარ“. დაკავებულებიდან ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 6 პირს კი – 400-400-ლარიანი ჯარიმა.

ყოფილი პროკურორი კობა გოცირიძე მართლმსაჯულების სისტემაში შევარდნაძის მთავრობის დროს – 2002 წლიდან დასაქმდა. თავდაპირველად იგი ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო, შემდეგ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. 2010-დან 2015 წლამდე კობა გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2015 წელს მას მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, თუმცა უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, 2016 წელს, კობა გოცირიძე მცხეთის სასამართლოში დანიშნეს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. 2019 წელს ეს  ვადაც ამოიწურა. ამჯერად იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გაამწესა ბათუმში.

კობა გოცირიძე, მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, კობა გოცირიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის მაგისტრ მოსამართლედ გაამწესეს. კითხვაზე, რატომ განიხილავს ეს მოსამართლე ადმინისტრაციულ დავებს ბათუმში, სასამართლოს მენეჯერმა გვიპასუხა, რომ მოსამართლე კობა გოცირიძე ბათუმის სასამართლოს საქმეებს სასამართლოს თავმჯდომარის – დავით მამისეიშვილის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე განიხილავს, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მოსამართლეა – ჯუმბერ ბეჟანიძე.

2019 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს კობა გოცირიძემ, როგორც მოსამართლემ ხელფასის სახით აიღო 67 875 ლარი. 2017 წელს მოსამართლეს უყიდია საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე – 88 814 ლარად. მოსამართლეს ასევე აქვს მემკვიდრეობით მიღებული კერძო სახლი ქალაქ ხაშურში.

შესაფუთი საამქროს უფროსია შპს „ჯმპ“-ში ნინო ვეშაპიძე, მოსამართლე კობა გოცირიძის მეუღლე. მას გასულ წელს შემოსავლის სახით 13 200 ლარი მიუღია. 2013 წელს ნინო ვეშაპიძეს უყიდია ბინა თბილისში, დიდ დიღომში, რაც 76.1 კვადრატული მეტრია და ამაში 47 479 ამერიკული დოლარი გადაიხადა. 2009 წელს ნინო ვეშაპიძემ საცხოვრებელი ბინა საჩუქრადაც მიიღო – ისევ ბალანჩივაძის ქუჩაზე.

https://netgazeti.ge/law/15314/

 

თბილისის საქალაქო სასამართლო: 51 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით,  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან – აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან საოჯახო მეურნეობას  ეწეოდა,  2018 წლის ივნისიდან – ნოემბრის ჩათვლით მ.მ-ს არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა იგი.

სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ გარდა აღნიშნული დანაშაულისა, რ.ვ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ.მ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

სამართალდამცველებმა რ.ვ. 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და „გოლდ-სტარის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.

რ.ვ.-ს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) 111 -137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ოჯახის წევრის მიმართ), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად  22 წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რას მიიღებენ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები სახელმწიფოსგან – ზიანის ანაზღაურება

„წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში. კარგი ამბებით დაგიბრუნდებით“, – დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მაკო გომურმა. 18 წლის მაკომ თვალი 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმელის მიერ რეზინის ტყვიის სროლის შედეგად დაკარგა. „ბათუმელები“ გუშინ, 25 ივნისს, მაკოს დას ესაუბრა. მზია გომურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მათ უთხრეს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მზიამ ჯერ არ იცის, მორალური კომპენსაციის მოთხოვნით მიმართავენ თუ არა სახელმწიფოს.

„როგორც გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში, რაც შეიძლება, რომ გააკეთდეს გააკეთებენ მაქსიმალურად.  შეიძლება იმდენი ქსოვილიც არ იყოს დარჩენილი, რომ დაიგეგმოს [ტრანსპლანტაცია]. ასე ღრმად არ ვიცით. არასწორი ინფორმაცია რომ არ გამოვიდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად რის შესაძლებლობასაც მისცემს ორგანიზმი, გაუკეთებენ. თუ სადმე სხვაგან გაკეთებულა ამ დიაგნოზით და ვიღაცას თვალი აღუდგენია ვიღაცისთვის, აუცილებლად გაუკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, დაპირება ასეთია“, – გვითხრა მზია გომურმა.

მაკო გომური არ არის ერთადერთი, ვინც 20 ივნისის ღამეს დაზარალდა. რა პასუხისმგებლობის აღება მოუწევს დაზარალებულ ადამიანებთან მიმართებაში სახელმწიფოს? – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ნინო ქურდოვანიძეს ვკითხეთ. იურისტის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ როგორც მატერიალური, ისე მორალური კომპენსაცია. თუმცა თითოეული შემთხვევა სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა განიხილოს:

„გამომწვევი მიზეზია შესასწავლი და შესაფასებელი. ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ აქციის დროს, თეორიულად შესაძლებელია იდავონ მორალური ან მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. მატერიალურ ზიანში მათ შორის შეიძლება იყოს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მათ დასჭირდათ. ყველა ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მათ შორის უნდა გაირკვეს რა იყო დაზიანების მიზეზი და ამის შემდეგ მოხდეს სასამართლოში სარჩელის წარდგენა. შემდეგ სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლოს გზით.

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლოს სჭირდება მტკიცებულებები იმ ოდენობის განსაზღვრისთვის, რა ოდენობის ზიანი განიცადა პირმა – ვგულისხმობ მატერიალურ ზიანს. ზიანი არის მკურნალობის ხარჯები ან სხვა ხარჯები, მაგალითად, შემოსავალი უნდა მიეღო პირს და ვერ მიიღო, რადგან იმყოფებოდა საავადმყოფოში. მატერიალური ზიანში რაც აისახება, ყველა ეს თანხა უნდა იყოს დაანგარიშებული და მათ შორის უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ეს ზიანი ნამდვილად დადგა.

გარდა ამისა, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო. მორალურ ზიანზე რამდენი შეიძლება იყოს [თანხა], კონკრეტულად არსად არ არის განსაზღვრული. ეს უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ამიტომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. ზოგადად ვერ ვიტყვით, რამდენი შეიძლება იყოს ეს თანხა, რასაც მიიღებს დაზარალებული. ესეც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს მძიმე დაზიანება, ზოგ შემთხვევაში თვალის დაკარგვა. ეს არის მძიმე შედეგები და ეს უნდა აისახოს შესაბამის კომპეტენციაში.

ჩვენ ვცდილობთ დაზარალებულებს დავუკავშირდეთ და მათი მდგომარეობა დეტალურად შევისწავლოთ. მათ ვთავაზობთ, რომ გავუწევთ სამართლებრივ დახმარებას. თუ გადაწყვეტენ სასამართლოსთვის მიმართვას, ჩვენ მათ დავეხმარებით.

ჩვენ ჯერ წინასწარი დოკუმენტაციის და მათთან გასაუბრების ეტაპზე ვართ. ჯერჯერობით არც ერთი სარჩელი არ წარგვიდგენია, თუმცა  ნამდვილად ვგეგმავთ, თუ ამ ადამიანების თანხმობა იქნება.

გარდა ამისა, ვგეგმავთ, პროკურატურას მივმართოთ იმ ადამიანების საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა უფლებებიც შეიზღუდა, მაგალითად, მოხდა მათი არასათანადო მოპყრობა, ცემა და ასე შემდეგ და მოვითხოვთ სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყებას“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 – ჟურნალისტი,  დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორი პირი დღემდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა.

ფოტო მაკო გომურის FB-გვერდიდან

 

გომისმთა ივნისში [ფოტორეპორტაჟი]

2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთაზე სეზონი ჩვეულებრივ ივლისიდან იწყება, კურორტი ჯერ ისევ ცარიელია.

გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო
გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

ივნისში აქა-იქ გომისმთის პირველ სტუმრებსაც შეხვდებით. ეს გლეხებია, რომელთაც გომისმთაზე კარტოფილი და ნიორი მოჰყავთ.

გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო
გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო
გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ.

გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო
გომისმთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

ბოლო ორი წელია გომისმთა არამხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ტურისტებსაც იზიდავს. სეზონზე აქ თითქმის ყოველ დღე შეხვდებით ტურისტებს, რომლებიც ან ერთი დღით ჩამოდიან გომისმთაზე, ან კიდევ კარვებით რჩებიან.

გომის მთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო
გომის მთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო
გომის მთა ივნისში. გურამ მურვანიძის ფოტო

 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან  – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 ივნისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,ზოგან შესაძლებელია – ძლიერი.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

მკვლელობაში ბრალდებულმა ხულოში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

შს სამინისტროს ცნობით, 25 ივნისს ხულოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი, 1958 წელს დაბადებული რ.ბ.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა 25 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე, სოფელ თხილვანაში დააკავეს. ადგილზე მისულ პოლიციელებს რ.ბ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც 2 სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და უკვე დატოვეს საავადმყოფო. სამართალდამცველებმა ბრალდებული გამთენიისას, თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ახალი ტრენდი ონლაინკაზინოებში

ონლაინკაზინოს ინდუსტრია ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ბაზრის კონკურენტუნარიანობის სამმართველომ რიგი გაფრთხილებები გამოაცხადა და კვლევა დაიწყო სათამაშო ინდუსტრიაში მომხმარებლისადმი უსამართლო დამოკიდებულების შესახებ.

კვლევა დაეყრდნო იმ საფრთხეს, რომ ონლაინკაზინოები ხშირად არ აცნობენ აქციების დეტალების შესახებ, რის შედეგადაც მომხმარებლებს ებლოკებათ ანგარიშები და არ შეუძლიათ თანხის განაღდება. ლიცენზიაში არის დებულება, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა ლიცენზირებული ონლაინკაზინოს გვერდმა საკუთარ სარეკლამო კამპანიებში ყველა შეზღუდვაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რათა მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანოს. თუმცა, როგორც აზარტული თამაშების კომისიის თავმჯდომარე სარა ჰარისონი ამბობს: „მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რომ ბევრი აქციის წესები და პირობები მომხმარებელს არა თუ ეხმარება მის გარკვევაში, არამედ აბნევს მას.“

ფსონის დადების გადაჭარბებული მოთხოვნები

ხშირად ბონუსებსა და ფრისპინებთან დაკავშირებული შემოთავაზებები არასამართლიანად მაღალ შეზღუდვებს უწესებს მომხმარებელს. არაკეთილსინდისიერი მოთხოვნები იმაში მდგომარეობს, რომ ბონუსიდან მოგებული თანხის განაღდებას მომხმარებელი შესძლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საბონუსე თანხის ოდენობას 40-ჯერ აფსონავს საკუთარი გვერდიდან, აღნიშნული კი თითქმის შეუძლებელს ხდის, მომხმარებელმა ისარგებლოს ბონუსით და გაიტანოს თანხა. გარდა ამისა, გარკვეული უსამართლო პირობები აქვს აგრეთვე ფრისპინებს: აქაც მოგება, რომელიც დაფიქსირებული იქნება, ფრისპინების ოდენობის შესაბამისი 40-ჯერ მეტი თანხა უნდა იყოს დატრიალებული სლოტში, რომ მომხმარებელმა შეძლოს თანხის განაღდება, მაგალითად, 100 დოლარის განაღდებისთვის, მან 4000-ის ბრუნვა უნდა დააფიქსიროს სლოტში ფრისპინის მეშვეობით.

40X-იანი მოთხოვნები ეს ინდუსტრიის საშუალო მოთხოვნებია, ზოგიერთი ონლაინკაზინო 50X მეტი, და 60X მეტი თანხის ბრუნვის მოთხოვნას აწესებს, აღნიშნული კი მომხმარებელს აიძულებს, უფრო მეტი დრო დათმოს თამაშისთვის, ვიდრე მისთვის იქნებოდა გონივრული, რაც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სამართლიანი თამაშის შესახებ შეთანხმებას.

ბრუნვის წინაპირობის გარეშე მოქმედი ონლაინკაზინოები

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩნდება ისეთი ონლაინკაზინოები, რომლებიც პირდებიან მოგებული თანხის გატანას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ესენია, მაგალითად, Bgo, PlayOJO, Kaboo, mFortune. ამ კაზინოებში საბონუსე სისტემები ისეა აგებული, რომ არ აბნევს მომხმარებელს და ღიად წერია, რომ არ აწესებს შეზღუდვებს მოგებული თანხის გატანაზე. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა ონალინკაზინოებში, ვინაიდან დროთა განმავლობაში ინტერესი კაზინოს აქციებისადმი მცირდება იმის გამო, რომ მომხმარებლებისგან ძალიან ბევრი საჩივარი შემოდის ანგარიშის დაბლოკვასა ან თანხის განაღდების შეუძებლობის გამო.

რამდენად გრძელვადიანი პროექტია ეს ონლაინკაზინოების მხრიდან არის გაურკვეველი, თუმცა მიმდინარე პერიოდისთვის ასეთი შეთავაზებები არსებობს.

რა ვითარებაა ამ მხრივ ქართულ ონლაინკაზინოებში?

უმეტესწილად სლოტების აქციებთან დაკავშირებით არსებობს შეზღუდვა მინიმალურ ფსონზე, ზოგიერთ აქციაზე გადაბმების რაოდენობასა და მოგების კოეფიციენტზე. ანუ დადებული ფსონი პირობითად 1,X ჯერ უნდა მოიგოთ, რომ მიიღოთ პრისპინი, ერთი მხრივ, შთამბეჭდავ აქციას შესაძლებელია ჰქონდეს რიგი შეზღუდვები, თუმცა მაინც ევროპულ კაზინოებთან შედარებით ასეთი მაღალი მოთხოვნები არ არის ქართულ ონლაინკაზინოებში. ონლაინკაზინოების აქციები ერთად შეგიძლიათ იხილოთ https://casinohub.ge/bonus/ ამ გვერდზე.

ონლაინკაზინოების აქციების თითქმის არც ერთ რეკლამაში არ არის საუბარი არსებულ შეზღუდვებზე, უმეტესწილად ჟღერდება მხოლოდ მაღალი მოგების შანსი და აქციის უპირატესობები, დრო არ ეთმობა აქციების შეზღუდვებზე საუბარს, რამაც შესაძლებელია მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი განიხილავს (https://parliament.gov.ge/) აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს, თუმცა არაფერია აღნიშნული კონკრეტულად აქციების რეკლამების ინფორმაციული დატვირთვის შესახებ, რათა მომხმარებელს სრული ინფორმაციის მიღება შეეძლოს.

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები, ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა – ავარია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, თურქეთში, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, ორდუს კლინიკაშია მოთავსებული.

სამივე მათგანი ბათუმის მცხოვრები იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაცვლილია ერთი კაცი და ერთი ქალი. საავადმყოფოში გადაყვანილი პირიც ქალია.

სამინისტროს ცნობით, ადგილზე იმყოფებიან ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. „ადგილზე მიმდინარეობს მუშაობა,“ – გვითხრეს სამინისტროში.

ინფორმაცია განახლდება. 

Exit mobile version