მთავარი,სიახლეები

კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

26.06.2019 • 2616
კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე.

სასამართლომ კახა მიქელაძე 2000 ლარი გირაოს, ხოლო ირაკლი აბუსერიძე 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ისინი მას შემდეგ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, როცა გირაო უზრუნველყოფილი იქნება.

საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების მცდელობაც და უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, კახა მიქელაძე მას ფიზიკურად მანქანაში გაუსწორდა, რის შემდეგაც მან მძღოლს კაფე „კონტესთან“ მანქანა გააჩერებინა. მისივე თქმით, ამ დროს დაჭრა  მძღოლმა – ირაკლი აბუსერიძემ ხანჯლით თავისა და ხელის არეში.

ბრალდებულების ახლობლების მტკიცებით კი, კონფლიქტი ფეისბუქში ალეკო თევზაძის საჯარო პოსტმა გამოიწვია, რითაც კახა მიქელაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს. ახლობლების თქმით, ალეკო თევზაძის გატაცებას არავინ აპირებდა.

ბრალდებულები ბათუმში 24 ივნისს დააკავეს. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით ედავებოდა, რაც ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს.

გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ირაკლი აბუსერიძეს კი – 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლია.

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს, კახა მიქელაძეს უთხრა, რომ მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელის ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლემ მეორე ბრალდებულს, ირაკლი აბუსერიძესაც განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებულს შესაძლოა 3 წლამდე შეუფარდონ თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება თავად პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მოითხოვა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა. პროკურორმა კახა მიქელაძის გათავისუფლება ორი ათასი ლარის, ხოლო ირაკლი აბუსერიძის – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვა.

ბრალდებულებს დღევანდელ პროცესზე არაფერი უთქვამთ. ისინი დუმილით შეხვდნენ მოსამართლის შეკითხვას: ხომ არ გსურთ რამეს დამატება?

პროცესის დასრულებამდე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურისგან მსგავსი დამოკიდებულება არ ახსოვს.

“ძალადობის მუხლებზე პროკურატურა ყოველთვის ითხოვდა ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას,”- აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობას “შეღავათიანი” უწოდა.

რატომ მიიღო პროკურატურამ “შეღავათიანი გადაწყვეტილება” უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის მიმართ? – შეკითხვა “ბათუმელებმა” პროკურორ თორნიკე გოგეშვილს პროცესის დასრულების შემდეგ დაუსვა.

“მოსამართლე გულისხმობდა ოჯახში ძალადობას, რაზეც გვაქვს ერთიანი მიდგომა – ვითხოვთ პატიმრობას,”- გვითხრა პროკურორმა. მისი მტკიცებით, არსებობს ჩვეულებრივი ძალადობის სხვა საქმეებიც, სადაც პროკურატურა ასევე გირაოს შეფარდებას ითხოვს.

პოლიტიკურ გავლენას პროკურატურაზე გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი. ის დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, როგორც კახა მიქელაძის მეგობარი.

“პროკურატურა დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალეკო თევზაძეს მხოლოდ მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა… რატომ გაუსვა ამას ხაზი მოსამართლემ, არ ვიცი,”- აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა “ბათუმელებთან”.

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე მისი დაჭრის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ის წერს, რომ მას შემდეგ რაც ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: