მთავარი,სიახლეები

ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

26.06.2019
ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

500 ლარით შპს “ევექსი ჰოსპიტალი” მოსამართლე კობა გოცირიძემ დააჯარიმა. სასამართლო განხილვაზე ამ კომპანიის იურისტმა თქვა, რომ ის შემოწმების ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება.

“ევექსის” ერთ-ერთი კლინიკა – ანგისის ბავშვთა საავადმყოფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გასულ წელს შეამოწმა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში სამედიცინო საქმნიანობის სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის ფაქტები გამოვლინდა.

“პირველი დარღვევა იყო ის, რომ პედიატრიულ განყოფილებაში პალატები არის 11 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. სანებართვო პირობების მიხედვით კი, უნდა იყოს 11 კვადრატი ან მეტი… ასევე, საწოლებს შორის დაშორება არის 1.2 მეტრზე ნაკლები… კედლები არის სუფთა, მაგრამ კედლებს ესაჭიროება კოსმეტიკური სამუშაოები,” – დაიწყო დარღვევების ჩამოთვლა ზურაბ ლარაზაშვილმა, იგი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტია.

“ამ დროს გვქონდა ფორსმაჟორი… ეს არის ერთადერთი ბავშვთა კლინიკა რეგიონში და ამ დროს იყო გრიპის ვირუსი, ეს დარღვევა უკვე გამოსწორებულია,” – მიმართა მოსამართლეს კლინიკის იურისტმა, დიმიტრი თურმანიძემ.

სააგენტოს დასკვნის მიხედვით, დარღვევები დაფიქსირდა გინეკოლოგიურ კაბინეტშიც, სადაც სააგენტოს იურისტის თქმით, არ იყო შესაბამისი ანესთეზიოლოგიის მოწყობილობა.

მოწყობილობის და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვის კუთხით, დარღვევები დაფიქსირდა საოპერაციო განყოფილებაშიც.

“ეს არის განსაკუთრებით მძიმე,” – დასძინა ზურაბ ლარაზაშვილმა.

“რამდენად მძიმეა, სიცოცხლისთვის საშიშია?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არა. ასე ვერ შევაფასებ, მაგრამ მძიმეა,” – უპასუხა მოსამართლეს რეგულირების სააგენტოს იურისტმა.

“ევექსის” იურისტი სასამართლოში დაფიქსირებულ ყველა დარღვევას დაეთანხმა.

“მიმდინარეობს ამ დარღვევების აღმოფხვრა,” – უთხრა დიმიტრი თურმანიძემ მოსამართლეს.

მოსამართლე კობა გოცირიძემ “ევექსის” კლინიკის იურისტს განუმარტა, რომ მისი დაჯარიმება 10 ათასამდე ლარით შეეძლო, მაგრამ ამჯერად მხოლოდ 500 ლარით აჯარიმებს.

სასამართლო პროცესის შემდეგ, “ევექსის” იურისტმა დამატებით გვითხრა, რომ შემოწმების დროს კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა აღმოფხვრილია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: