ბათუმი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

27.06.2019 • 2428
რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

19 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ახალგაზრდებისთვის  გამართა  დისკუსია  თემაზე – ბავშვთა შრომა. დისკუსიის მომხსენებელი „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ აჭარის  ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ილონა დიასამიძე იყო. დისკუსიაზე  ამავე თემაზე მომზადებული  სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც  აჭარაში ბავშვთა  შრომას ასახავს. სიუჟეტის თანახმად, არასრულწლოვანთა უმეტესობა,  არ  არის ინფორმირებული თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, არ იციან რა უნდა მოითხოვონ  დამსაქმებლისგან, რას მიაქციონ ყურადღება და რა რისკებია მოსალოდნელი დასაქმების დროს.

ამასთან, დამსაქმებლები ხშირ  შემთხვევაში არ ითვალისწინებენ  საკანონმდებლო მოთხოვნებს ასაკობრივი ზღვარის  მიხედვით, არ  ითხოვენ მშობელთა  ნებართვებს, როდესაც არასრულწლოვნებს ასაქმებენ  ამა თუ იმ სამუშაოზე.  ამ საკითხების შესახებ  ახალგაზრდების ინფორმირება და  არსებულ პრობლემებზე  მსჯელობა  იყო დისკუსიის გამართვის  მიზანი.

შეხვედრის  დასაწყისში ილონა  დიასამიძემ მონაწილეებს ინფორმაცია შრომითი  ურთიერთობის შესახებ მიაწოდა და  გააცნო ის  საკანონმდებლო აქტები, რომელთა  საფუძველზეც  რეგულირდება ბავშვთა შრომა.

ილონა  დიასამიძე, „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“  აჭარის  ფილიალის იურისტ კონსულტანტი: “არსებულ საკანონმდებლო აქტებს შორის უპირატესი არის საქართველოს  კონსტიტუცია. მართალია, ის  უშუალოდ არ არეგულირებს ბავშვთა  შრომის საკითხებს, თუმცა  მასში მოცემულია  ის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ ბავშვთა შრომის  საკითხების დარეგულირებისას. მეორე საკანონმდებლო აქტი არის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. ეს კონვენცია მოქმედებს მთელი მსოფლიოს  მასშტაბით.  მისი  წევრი საქართველო გახდა 1989  წელს და მესამე დოკუმენტი ეს არის შრომის კოდექსი.

ერთ-ერთი წინგადადგმული  ნაბიჯი არის ის, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელშიც ერთად იქნება გაწერილი ბავშვთა უფლებებთან  დაკავშირებული  ყველა საკითხი. იმ დამსაქმებლების წინააღმდეგ, რომლებიც არ დაიცავენ  ბავშვთა შრომის  ნორმებს, არსებობს შესაბამისი მექანიზმები: ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა”.

ილონა დიასამიძე

დისკუსიის  მნიშვნელოვანი  ნაწილი დაეთმო შრომითი ხელშეკრულების  განხილვას.  ამასთან  დაკავშირებით გამოითქვა  მოსაზრება,  რომ  დამსაქმებელთან ხელშეკრულების გაფორმების სურვილი თავად  დასაქმებულ ბავშვებს არ აქვთ.

ილონა დიასამიძე: “ეს  მნიშვნელოვანი  პრობლემაა,  ხშირ  შემთხვევაში, არასრულწლოვნებს  ავიწყდებათ, რომ  ხელშეკრულება, გარდა იმისა, რომ  ვალდებულებებს  ანიჭებს,  ასევე  იცავს  მათ  უფლებებს.  ამ შემთხვევაში სასამართლო  დავა  ბევრად  მარტივია, ვიდრე  მაშინ, როდესაც არ არსებობს  შრომითი  ხელშეკრულება. თუ არჩევანის  წინაშე  იქნებით,  მოსთხოვეთ  დამსაქმებელს  ხელშეკრულების  დადება”.

კიდევ  ერთი პრობლემა,  რასაც დისკუსიაზე  ხაზი  გაესვა, ეხება კანონმდებლობის  აღსრულების  მექანიზმს,  რადგან  ის,  ფაქტობრივად, არ არსებობს,  გარდა იმ  შემთხვევისა,  თუ მიმდინარეობს  სასამართლო დავა.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: “როდესაც  კაფეში მომუშავე ბავშვებს ვეკითხები აქვთ  თუ არა  ხელშეკრულება,  ამბობენ,  რომ ხელზე უხდიან ფულს. ესეც არის კანონის  დარღვევა, რადგან ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არ იხდიან  სახელმწიფო  გადასახადს”.

ილონა  დიასამიძე: “ბავშვის კარგ პიროვნებად და  მოქალაქედ  ჩამოყალიბებას რაც  შეუწყობს  ხელს, ეს  არის უპირატესი. მთავარია, ბავშვის უპირატესი ინტერესები. გვაქვს ზოგადი დათქმა,  რომ  არ შეიძლება  ყველა  ბავშვისთვის უპირატესი იყოს  ერთი და იგივე, ამიტომ ეს ინტერესები არის  განმარტების საგანი და  ის თითოეულ ინდივიდთან, დასაქმებულთან  მიმართებაში ცალ-ცალკე შეიძლება  შეფასდეს. შეიძლება 16-17  წლის ბავშვს მიაჩნდეს, რომ უნდა მუშაობა,  მაგრამ  მის  მშობელს მიაჩნდეს, რომ ვერ  იმუშავებს. შრომის  ურთიერთობაზე უპირატესი უფლებები არის, მაგალითად, განათლების  უფლება, დასვენების  უფლება, სპორტით  დაკავების  უფლება”.

ასლან  ჭანიძე: “ამერიკაში  იყო ფაქტი, როდესაც 17 წლის  ბავშვმა უჩივლა  მშობელს,  რადგან მან არ მისცა თანხმობა მუშაობისთვის. მშობელმა მიიჩნია, რომ მისი მდგომარეობა  აძლევდა საშუალებას,  უზრუნველეყო შვილი.  ბავშვმა  კი პირიქით  გადაწყვიტა და სასამართლომ მიანიჭა  მას  მუშაობის უფლება.  სწორედ  სასამართლოს მეშვეობით  გაფორმდა ხელშეკრულება დამსაქმებელთან”.

ილონა დიასამიძე: ეს  იქნება ქმედების  დავალდებულება  მშობელზე.  ნებისმიერ შემთხვევაში, ეს  არის  შეფასების  საგანი,  თუ თქვენ ჩათვლით, რომ თქვენი ინტერესებისთვის  დასაქმება  უკეთესია, შეგვიძლია  დაგეხმაროთ.

 

დისკუსიის მონაწილეები

საქსტატის 2016 წლის მონაცემებით,  საქართველოში მცხოვრები 5-17 წლამდე ასაკის ბავშვთა 4.2%-ია ჩართულია შრომაში; ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას; მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია 5-17 წლის ბავშვთა 5.8%. ქალაქის ტიპის დასახლებებში – 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ბავშვთა 11.4% ცხოვრობს. ეკონომიკურ საქმიანობაში იგულისხმება როგორც ბავშვთა შრომა, აგრეთვე გაეროს კონვენციებით და ეროვნული კანონმდებლობით დაშვებული საქმიანობა. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით. მსგავსი კვლევები ათეულობით ქვეყანაშია ჩატარებული. კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7 700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი.

საქართველოს  შრომის  კოდექსის მიხედვით, პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, იმ შემთხვევაში თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე, ორსულ ან მეძუძურ ქალთან, შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

მნიშვნელოვანია  იმის  აღნიშვნა, რომ  16-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14-16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი – კვირაში 24 საათს.

შეხვედრის  ვიდეოჩანაწერი: https://www.facebook.com/media.org.ge/videos/846000055772367/

სიუჟეტი ბავშვთა  შრომის  თემაზე: https://www.facebook.com/media.org.ge/videos/427831398124487/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: