მთავარი,სიახლეები

რას მიიღებენ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები სახელმწიფოსგან – ზიანის ანაზღაურება

26.06.2019 • 2321
რას მიიღებენ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები სახელმწიფოსგან – ზიანის ანაზღაურება

„წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში. კარგი ამბებით დაგიბრუნდებით“, – დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მაკო გომურმა. 18 წლის მაკომ თვალი 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმელის მიერ რეზინის ტყვიის სროლის შედეგად დაკარგა. „ბათუმელები“ გუშინ, 25 ივნისს, მაკოს დას ესაუბრა. მზია გომურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მათ უთხრეს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მზიამ ჯერ არ იცის, მორალური კომპენსაციის მოთხოვნით მიმართავენ თუ არა სახელმწიფოს.

„როგორც გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში, რაც შეიძლება, რომ გააკეთდეს გააკეთებენ მაქსიმალურად.  შეიძლება იმდენი ქსოვილიც არ იყოს დარჩენილი, რომ დაიგეგმოს [ტრანსპლანტაცია]. ასე ღრმად არ ვიცით. არასწორი ინფორმაცია რომ არ გამოვიდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად რის შესაძლებლობასაც მისცემს ორგანიზმი, გაუკეთებენ. თუ სადმე სხვაგან გაკეთებულა ამ დიაგნოზით და ვიღაცას თვალი აღუდგენია ვიღაცისთვის, აუცილებლად გაუკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, დაპირება ასეთია“, – გვითხრა მზია გომურმა.

მაკო გომური არ არის ერთადერთი, ვინც 20 ივნისის ღამეს დაზარალდა. რა პასუხისმგებლობის აღება მოუწევს დაზარალებულ ადამიანებთან მიმართებაში სახელმწიფოს? – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ნინო ქურდოვანიძეს ვკითხეთ. იურისტის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ როგორც მატერიალური, ისე მორალური კომპენსაცია. თუმცა თითოეული შემთხვევა სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა განიხილოს:

„გამომწვევი მიზეზია შესასწავლი და შესაფასებელი. ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ აქციის დროს, თეორიულად შესაძლებელია იდავონ მორალური ან მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. მატერიალურ ზიანში მათ შორის შეიძლება იყოს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მათ დასჭირდათ. ყველა ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მათ შორის უნდა გაირკვეს რა იყო დაზიანების მიზეზი და ამის შემდეგ მოხდეს სასამართლოში სარჩელის წარდგენა. შემდეგ სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლოს გზით.

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლოს სჭირდება მტკიცებულებები იმ ოდენობის განსაზღვრისთვის, რა ოდენობის ზიანი განიცადა პირმა – ვგულისხმობ მატერიალურ ზიანს. ზიანი არის მკურნალობის ხარჯები ან სხვა ხარჯები, მაგალითად, შემოსავალი უნდა მიეღო პირს და ვერ მიიღო, რადგან იმყოფებოდა საავადმყოფოში. მატერიალური ზიანში რაც აისახება, ყველა ეს თანხა უნდა იყოს დაანგარიშებული და მათ შორის უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ეს ზიანი ნამდვილად დადგა.

გარდა ამისა, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო. მორალურ ზიანზე რამდენი შეიძლება იყოს [თანხა], კონკრეტულად არსად არ არის განსაზღვრული. ეს უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ამიტომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. ზოგადად ვერ ვიტყვით, რამდენი შეიძლება იყოს ეს თანხა, რასაც მიიღებს დაზარალებული. ესეც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს მძიმე დაზიანება, ზოგ შემთხვევაში თვალის დაკარგვა. ეს არის მძიმე შედეგები და ეს უნდა აისახოს შესაბამის კომპეტენციაში.

ჩვენ ვცდილობთ დაზარალებულებს დავუკავშირდეთ და მათი მდგომარეობა დეტალურად შევისწავლოთ. მათ ვთავაზობთ, რომ გავუწევთ სამართლებრივ დახმარებას. თუ გადაწყვეტენ სასამართლოსთვის მიმართვას, ჩვენ მათ დავეხმარებით.

ჩვენ ჯერ წინასწარი დოკუმენტაციის და მათთან გასაუბრების ეტაპზე ვართ. ჯერჯერობით არც ერთი სარჩელი არ წარგვიდგენია, თუმცა  ნამდვილად ვგეგმავთ, თუ ამ ადამიანების თანხმობა იქნება.

გარდა ამისა, ვგეგმავთ, პროკურატურას მივმართოთ იმ ადამიანების საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა უფლებებიც შეიზღუდა, მაგალითად, მოხდა მათი არასათანადო მოპყრობა, ცემა და ასე შემდეგ და მოვითხოვთ სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყებას“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 – ჟურნალისტი,  დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორი პირი დღემდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა.

ფოტო მაკო გომურის FB-გვერდიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: