ერთ-ერთი ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივნისს, ახალმა მოსამართლემ კობა გოცირიძემ განიხილა. იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმში უვადოდ 3 ივნისს გაამწესა.
კობა გოცირიძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე, ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. მაშინ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე კობა გოცირიძემ 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, კახი კალაძე კი – 17 მილიონი ლარით. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლე კობა გოცირიძის საქმიდან აცილებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ივანიშვილისთვის შეფარდებული ჯარიმა იმავე, 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა.
კობა გოცირიძეს უკავშირდება სხვა გახმაურებული საქმეებიც, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადამიანების დაკავება. პოლიცია მაშინ რამდენიმე ადამიანს ქუჩის სავალი ნაწილის დაკავებისთვის მიედავა. მოსამართლე კობა გოცირიძემ ისინი 400 – 400 ლარით დააჯარიმა.
კობა გოცირიძემ გაასამართლა ის 10 ადამიანიც, რომლებმაც 2011 წელს უზენაეს სასამართლოსთან გამართეს აქცია ლოზუნგით „მეც პატიმარი ვარ“. დაკავებულებიდან ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 6 პირს კი – 400-400-ლარიანი ჯარიმა.
ყოფილი პროკურორი კობა გოცირიძე მართლმსაჯულების სისტემაში შევარდნაძის მთავრობის დროს – 2002 წლიდან დასაქმდა. თავდაპირველად იგი ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო, შემდეგ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. 2010-დან 2015 წლამდე კობა გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2015 წელს მას მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, თუმცა უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, 2016 წელს, კობა გოცირიძე მცხეთის სასამართლოში დანიშნეს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. 2019 წელს ეს ვადაც ამოიწურა. ამჯერად იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გაამწესა ბათუმში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, კობა გოცირიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის მაგისტრ მოსამართლედ გაამწესეს. კითხვაზე, რატომ განიხილავს ეს მოსამართლე ადმინისტრაციულ დავებს ბათუმში, სასამართლოს მენეჯერმა გვიპასუხა, რომ მოსამართლე კობა გოცირიძე ბათუმის სასამართლოს საქმეებს სასამართლოს თავმჯდომარის – დავით მამისეიშვილის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე განიხილავს, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მოსამართლეა – ჯუმბერ ბეჟანიძე.
2019 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს კობა გოცირიძემ, როგორც მოსამართლემ ხელფასის სახით აიღო 67 875 ლარი. 2017 წელს მოსამართლეს უყიდია საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე – 88 814 ლარად. მოსამართლეს ასევე აქვს მემკვიდრეობით მიღებული კერძო სახლი ქალაქ ხაშურში.
შესაფუთი საამქროს უფროსია შპს „ჯმპ“-ში ნინო ვეშაპიძე, მოსამართლე კობა გოცირიძის მეუღლე. მას გასულ წელს შემოსავლის სახით 13 200 ლარი მიუღია. 2013 წელს ნინო ვეშაპიძეს უყიდია ბინა თბილისში, დიდ დიღომში, რაც 76.1 კვადრატული მეტრია და ამაში 47 479 ამერიკული დოლარი გადაიხადა. 2009 წელს ნინო ვეშაპიძემ საცხოვრებელი ბინა საჩუქრადაც მიიღო – ისევ ბალანჩივაძის ქუჩაზე.
https://netgazeti.ge/law/15314/