მთავარი,სიახლეები

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან 5 ბათუმელი შიმშილობს, დღეს 1 ცუდად გახდა

26.06.2019 • 2274
შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან 5 ბათუმელი შიმშილობს, დღეს 1 ცუდად გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ბათუმიდან ჩასული ჯგუფი შიმშილობს. მოშიმშილე ხუთი პირიდან ერთ-ერთი, გიგა ნაგერვაძე, ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის საავადმყოფოში გადაჰყავდა, მაგრამ მოშიმშილემ გზიდან უკან დაბრუნება მოითხოვა. ექიმებმა მას ადგილობრივად აღმოუჩინეს დახმარება. გიგა ნაგერვაძე ისევ ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთანაა და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

გიგა ნაგერვაძესთან ერთად ხათუნა ბერიძე, მინდია ადაძე, დავით შავაძე და მალხაზ მიქელაძე შიმშილობენ.

ენმ-ის ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას ინფორმაციით, ორმა ბათუმელმა – ხათუნა ბერიძემ და მინდია ადაძემ, რომლებიც ახლა შეკვეთილში შიმშილობენ, ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას. ლაშა ადამიას თქმით, ისინი გუშინ ჩავიდნენ შეკვეთილში შიმშილობის გასაგრძელებლად და მათ ბათუმიდან ჩასული კიდევ 3 პირი შეუერთდა.

როგორც ლაშა ადამიამ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდების ჯგუფმა ივანიშვილის რეზიდენციასთან შიმშილობა 25 ივნისს დაიწყო.

მოშიმშილეების კარავი ივანიშვილის რეზიდენციასთან

„არა ოლიგარქიას“, „არა სისხლიან მთავრობას“ – ამ მოწოდებებით მსვლელობა შეკვეთილში გუშინ დაიწყეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები.

„დაახლოებით 150 ადამიანი ყოველდღე შვიდ საათზე ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ ოლიგარქიულ რეჟიმს. აქციები გაგრძელდება ხვალაც. რეზიდენციასთან ღამით მხოლოდ მოშიმშილეები და აქტივისტები რჩებიან“, – ამბობს ლაშა ადამია.

მისი თქმით, დანარჩენი მოშიმშილეების მდგომარეობა სტაბილურია.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ აქცია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. საპროტესტო აქცია პოლიციამ 20 ივლისის ღამით დაარბია, რის შედეგადაც ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. გაზით მოიწამლა და რეზინის ტყვიით დაშავდა 240 ადამიანი.

საპროტესტო აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: