მთავარი,სიახლეები

„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები

26.06.2019
„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები

დღეს, 26 ივნისს, ბათუმელი ადვოკატები გამოეხმაურნენ თბილისში მიმდინარე აქციებს. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას. ადვოკატთა ჯგუფი ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიციის გასაზიარებლად დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბა.

ყოფილი მოსამართლე, ამჟამად ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საზოგადოების დაცინვაა, რაც მოხდა დღეს საქართველოს პარლამენტში:

„გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეც კი არ მოვიდა პარლამენტში, იმდენად შეშინებულები არიან და გაგზავნეს დეპარტამენტის უფროსი. კარგი ბატონო, გაგზავნეს, მაგრამ იქ უნდა მოეტანათ, თუ აქვთ, დასაბუთებულ დონეზე მტკიცებულებათა სტანდარტი და პარლამენტარებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ, მაგრამ პარლამენტში ყველაფერი ისე განვითარდა კომიტეტების სხდომაზე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, მაგრამ ისე უსუსურად, ისე არაკვალიფიციურად, არასამართლებრივად გააკეთეს ეს, რომ ელემენტარულად, სამართალზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ კი შუამდგომლობა დადგება სასამართლოში, იქაც ერთი რომელიმე კოლექტიური მურუსიძე, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით გამოიტანს პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას.

ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას უკრავს ტაშს, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ცხრა წლის მანძილზე ნაციონალურ მოძრაობას უკრავდნენ ტაშს, მათ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, განცდა, არა აქვთ“ – გვითხრა ირაკლი შავაძემ.

ადვოკატი ირმა ზოიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლიანად მიაჩნია ის მოთხოვნები, რაც თბილისში გამართულ აქციებზე გაჟღერდა და მათ შორის შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა.

„ადვოკატი ვარ, რიგითი მოქალაქე და ძალიან შემტკივა გული, რომ ქვეყანაში არ არის ინსტიტუციური მართლწესრიგი, ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი. სახელმწიფომ უკან დაიხია [2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების დაპირებითა და 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების გამოშვებით], მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ ყველაფერს ზემოდან მართავს კლანი, ოლიგარქი და ეს არის ინსტიტუციური ქაოსი,“ – ამბობს ირმა ზოიძე.

ინსტიტუციების მოშლა და უპატივცემულობა – ასე უწოდებს სამართალმცოდნე ირმა შარაძე საქართველოში ბოლო კვირაში განვითარებულ მოვლენებს:

„იმის ნაცვლად, რომ დასაჯონ ის პირები, ვინც დააზარალა, დაასახიჩრა ადამიანები, ცდილობენ გადაბრალებას სხვაზე, რასაც არ მიიღებს ნორმალური საზოგადოება. ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს სასამართლოში, ეს რაც ვნახეთ [აქციაზე 305 დაკავებულის სასამართლო პროცესები], იყო კოლექტიური გასამართლება, რასაც აძლევენ სასამართლოს ფორმას და ეს ხდება არაფორმალური მმართველის ბრძანებით. ათი სპეცრაზმელისთვის უფლებამოსილების შეჩერება პასუხისმგებლობას არ უხსნის ბრძანების გამცემს და ამ ბრძანების გამცემი პირველ რიგში არის შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ასრულებს არაფორმალური მმართველის დავალებას,“ – ამბობს ირმა შარაძე.

„როცა ხელისუფლება უპირისპირდება თავის ამომრჩეველს, თავის მოქალაქეს და თვალებს თხრის, ამის მოთმენა მეტისმეტია,“ – მიიჩნევს ადვოკატი ლელა ბჟალავა. მისი აზრით, საზოგადოების პროტესტი სამართლიანია:

„თქვენ ხედავთ, რომ გაჭირვების, დოლარის ვარდნის, ბანკების მიერ განადგურებული ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ ხალხი ერთსულოვნად გამოვიდა ქუჩაში მაშინ, როცა ოკუპანტი დაჯდა საქართველოს პარლამენტში. ეს იყო მეტისმეტი 2008 წლის ომის შემდეგ,“ – აღნიშნა ლელა ბჟალავამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: