მთავარი,სიახლეები

2,6 მილიონი ტურისტებისთვის სასაჩუქრე ღვინისთვის – 1,6 მილიონი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

27.06.2019 • 1568
2,6 მილიონი ტურისტებისთვის სასაჩუქრე ღვინისთვის – 1,6 მილიონი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ფორსმაჟორად აფასებს და შესყიდვების სააგენტოსგან ტურისტებისთვის საჩუქრად გადასაცემი ღვინის შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. სხვადასხვა მოცულობის 500 ათასი ბოთლი საფერავის ღვინის შესაძენად 1 630 000 ლარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციას ღვინის შესაძენად ცალკე 1 მილიონამდე ლარის ტენდერიც აქვს გამოცხადებული. ანუ, სასაჩუქრე ღვინისთვის ჯამში 2 630 000 ლარია გათვალისწინებული.

შესყიდვების გვერდის მიხედვით, ტენდერით შესაძენი [300 ათასი ბოთლი ღვინო – 0,187 ლ. მინის ბოთლში], ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ჩამოსული ტურისტებისთვისაა გათვალისწინებული. ტენდერის გარეშე შესაძენი ღვინო კი [300 ათასი ბოთლი – 0,187 ლ. და 200 ათასი ბოთლი – 0,375 ლ.], თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გასული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

სასაჩუქრე ღვინოს ტენდერითაც შეიძენენ და ტენდერის გარეშეც, თუ, უკვე გამოცხადებული ტენდერი შეწყდება? – ამ კითხვით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 26 ივნისს მივმართეთ. ადმინისტრაციაში, სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ მუშა პროცესია, რაღაცები პერიოდულად იცვლება, ამიტომ ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ გვიპასუხებენ.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განიხილავს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტურისტებისთვის საჩუქრად ღვინის გადაცემას. ადმინისტრაცია ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს“, – მოგვწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციამ ტენდერი [სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება], 18 ივნისს გამოაცხადა. ტენდერის გარეშე ღვინის შესყიდვაზე თანხმობისთვის კი, შესყიდვების სააგენტოს პირველად 25 ივნისს მიმართა. ამ განაცხადით ადმინისტრაცია 300 ათასი ერთეული [ოღონდ, 0,75 ლ. მინის ბოთლში] საფერავის ღვინის შესაძენად 2 109 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა. თუმცა, მეორე დღეს, 26 ივნისს, ადმინისტრაციამ ამ თანხის დახარჯვა გადაიფიქრა და სააგენტოს ხელახლა მიმართა.

ახალი განაცხადით, ტურიზმის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს ტენდერის გარეშე ღვინო [300 ათასი ბოთლი – 0,187 ლ. და 200 ათასი ბოთლი – 0,375 ლ.] 1 630 000 ლარის ფარგლებში შეიძინოს. ეს წინადადება სააგენტომ პირველ ივლისამდე უნდა განიხილოს.

„არსებული ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველია, ადმინისტრაციის მხრიდან საზღვარზე [თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ლარსის სასაზღვრო პუნქტი] ქვეყნიდან გასული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს ღვინისა და სტუმართმოყვარეობის კულტურის ცნობადობის გაზრდას. ზემოხსენებული კამპანიის ფარგლებში ქვეყანა გამოხატავს კეთილგანწყობას საერთაშორისო ვიზიტორების მიმართ, რაც დადებითად აისახება მათ სურვილზე – კვლავ იმოგზაურონ საქართველოში და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია გაუზიარონ პოტენციურ მოგზაურებს,“ – აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.

ტენდერთან დაკავშირებით სააგენტოს განაცხადში აღნიშნულია: „…ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში რეაგირება. შესაბამისად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიების დაწყება დაუყოვნებლივ, რათა მივიღოთ დაგეგმილი შედეგი“.

„ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პროდუქტია და პროცესების ეფექტურად წარმართვისათვის ქვეყნისთვის აუცილებელია უმოკლეს დროში შეისყიდოს აღნიშნული პროდუქტი. აღნიშნული ღვინის შესყიდვა ელექტრონული ტედნერის საშუალებით პროცედურულად საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების მეშვეობით შესყიდვის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს. ამასთან, ანალოგიური მასშტაბის და შინაარსის ღონისძიების ჩატარება მეტწილად უკავშირდება საქართველოს იმიჯს. ღონისძიების ჩასატარებლად განსაზღვრულია ზაფხულის პერიოდი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნილი მარაგების ამოწურვამდე“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ამ თემაზე:

უცხოელი ტურისტებისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 1 მილიონამდე ლარის სასაჩუქრე ღვინოს იყიდის

 

მთავარი ფოტო: ბათუმის აეროპორტი, ივნისი, 2019 / ფოტო: „ბათუმელები“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: