სამი დღის განმავლობაში ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღუბლულობა, თუმცა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 8-13 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი 
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 5-6 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მეთევზეებმა სარფში იშვიათი სახეობის თევზი იპოვეს

ოქტომბრის ბოლოს სარფში მეთევზეებმა შავი ზღვის აუზისთვის იშვიათი სახეობის თევზი ბოპსი: Boops boops (Linnaeus, 1758) დაიჭირეს. თევზის ფოტო ბიოლოგიის დოქტორმა, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა ფეისბუქში.

ბოპსი ძირითადად ატლანტის ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში გვხვდება.

არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ საქართველოს სანაპიროზე თევზის ეს სახეობა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ბოლოს ქობულეთის აკვატორიაში ნახა 2009 წელს.

„ეს თევზი საქართველოს წყლებში ძალზე იშვიათია. მისი მოპოვების სულ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა ცნობილი. ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს (მორმირის შემდეგ) მედიტერანიზაციის [შავი ზღვის გახმელთაშუაზღვისპირების] პროცესის გააქტიურებას. მორმირი უკვე კარგად დამკვიდრდა შავი ზღვის იქთიოფაუნაში, ვნახოთ, რა განვითარება ექნება ამ სახეობის გამოჩენას ჩვენს წყლებში,“ – წერს არჩილ გუჩმანიძე.

მორმირი ზღვის კარჩხანაა, რომელიც ბოლო წლებში მომრავლდა შავ ზღვაში.

__________________

ფოტო: ლევან მესხიძე

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შ​ინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის – 2, მაროკოს სამეფოს – 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.  დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციას ქობულეთის მერიაც გეგმავს

ბათუმის მერიაში ახალი მუნიციპალური „ზედამხედველობის ინსპექციის“ შექმნის აუცილებლობის დასაბუთებისას აღიარეს, რომ ეფექტური კონტროლი საზედამხედველო საქმიანობაზე მთავარ გამოწვევად რჩება. იგივე გზას დაადგა ქობულეთის მერიაც.  მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე ბრძანება 30 ოქტომბერს გამოსცა.

ამ ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია  ეფექტიანი, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის არის საჭირო.

რა ტიპის რეორგანიზაციას გეგმავს ქობულეთის მერია, შექმნის ახალ მუნიციპალურ აიპს ბათუმის მერიის მსგავსად თუ საზედამხედველო საქმიანობას ისევ მერიის სამსახურების დაქვემდებარებაში დატოვებს, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რეორგანიზაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი მერს შესაბამის სამართლებრივ აქტებს წარუდგენს. მათი განხილვის შემდეგ ამ აქტებს გაასაჯაროებენ.

სავარაუდოდ ეს საკითხი ქობულეთის საკრებულოს მორიგი სხდომისთვის მზად იქნება, ახალი, 2020 წლისთვის კი ქობულეთის მერიას უკვე  განახლებული საზედამხედველო სამსახური ექნება.

მერის ბრძანების მიხედვით,  რეორგანიზაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირმა არაუგვიანეს 2019 წლის 4 ნოემბრისა უნდა უზრუნველყოს  იმ სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ასევე განისაზღვრება რეორგანიზაციის ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი  ჯგუფის შემადგენლობა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

„გიგანტური ვირთხა“ წავი აღმოჩნდა – საგანგებომ ცხოველი ქობულეთიდან ტყეში გადაიყვანა

ქობულეთში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოქალაქეებმა „გიგანტური ვირთხა“ იპოვეს და დახმარებისთვის პოლიციას დაუკავშირდნენ.

ადგილზე პოლიციაც მივიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცხოველი არა „გიგანტური ვირთხა“, არამედ მოზრდილი წავი იყო, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

წავი შემთხვევის ადგილიდან პიკაპით გადაიყვანეს და როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ტყეში გაუშვეს.

„გიგანტური ვირთხის“ გადაყვანის ოპერაცია. კადრი ვიდეოდან

შემთხვევა 31 ოქტომბერს მოხდა, ადგილიდან წავის გადაყვანის კადრები კი ფეისბუქგვერდმა „ლეღვამ“ გაავრცელა.

წავები  ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ და  იშვიათ და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სახეობას მიეკუთვნებიან.

_____________

მთავარ ფოტოზე: წავი Lutra lutra. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წავის სწორედ ეს სახეობა ბინადრობს ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე.

ბათუმის სარაგბო კლუბის სოლიდარობა „დინამო ბათუმს“ და პროტესტი მსაჯებს

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ განცხადებით ეხმიანება „დინამო ბათუმისა“ და „ჩუხურას“ შეხვედრის შემდეგ არსებულ სიტუაციას. კერძოდ, 2 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე „დინამო ბათუმმა“ „ჩუხურასთან“ წააგო, „დინამოს“ გულშემატკივრები და კლუბის სპონსორი მიიჩნევენ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და არაპროფესიონალურად იმსაჯა.

„ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ამ შემთხვევაში როგორც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართული სპორტის ყველა სახეობა იყოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი სპორტული პროფესიონალიზმითა და დღის წესრიგით გაჯერებული.

უკანასკნელი გასვლითი შეხვედრა, რომელიც დინამო ბათუმმა, საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართა, მსაჯთა ბრიგადის მიერ, მოკლებული იყო ყოველგვარ ზემოთ ჩამოთვლილ, აუცილებელ გარემოებებს და პირდაპირ იკვეთებოდა, ჩვენი ქალაქის კლუბის მიმართ, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საჩემპიონო ბრძოლაში, კლუბისგან დამოუკიდებელი, არასპორტული და არაკეთილსინდისიერი მიზეზებით ხელშეშლა. აღნიშნული გარემოება კი, ცალსახად იწვევს კლუბისა და დინამო ბათუმის მრავალრიცხოვან გულშემატკივართა ლეგიტიმურ აღშფოთებას, რაც უარყოფითად აისახება, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატზე.

ჩვენ ვგმობთ მსგავსი ტიპის, არასპორტულ ქმედებებს და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, საჩემპიონო ბრძოლაში დინამო ბათუმს!

გამოვთქვამთ იმედს, რომ მსგავსი ტიპის მოქმედებები დროულად იქნება აღკვეთილი, შესაბამისი, კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ“ – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ დღეს „ლოკომოტივი“ დაამარცხა ანგარიშით – 21-7.

„სიმბოლურად, დღევანდელ გამარჯვებას ვუძღვნით ჩვენს მეგობარ საფეხბურთო კლუბს “დინამო ბათუმს” – წერია გუნდის ფეისბუქგვერდზე.

________________

2 ნოემბერს „დინამო ბათუმის“ სპონსორმა, არჩილ ბერიძემ გუნდის ფეისბუქგვერდით განცხადება გაავრცელა, რომ შესაძლოა გუნდიდან წასულიყო, თუმცა მოკლე ხანში მან „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ წასვლას და გუნდის მიტოვებას არ აპირებდა.

„არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის „დინამოს“ წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება“ – განაცხადა მან.

„დინამო ბათუმი“ ჯერჯერობით ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდია. მიმდინარე გათამაშებაში ის პირველ ადგილზეა და 64 ქულა აქვს.

_______________

მთავარ ფოტოზე: ბათუმელი მორაგბეები. ფოტო: სარაგბო კლუბი ბათუმი/facebook

ქედაში საცხოვრებელი სახლი ლოდის დაცემისგან ხემ გადაარჩინა [ფოტო]

ქედის მერიის ცნობით, ქედაში, სოფელ ზვარეში ჩამოწოლილი ლოდი მუხის ხემ შეაჩერა და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანებას საფრთხეს აარიდა.

შემთხვევის ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ქედის საგანგებო სამსახურის სპეციალური ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.

ფოტო: ქედის მერია
სოფელ ზვარეში ჩამოწოლილი ლოდი მუხის ხემ შეაჩერა და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანებას საფრთხეს აარიდა.
შემთხვევის ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ქედის საგანგებო სამსახურის სპეციალური ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.

სტიქიის გამო აჭარაში 10 ოჯახი სახლიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, საცხოვრებელი სახლი 10-მა ოჯახმა დატოვა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ორი-ორი ოჯახია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილი ბათუმიდან,  ქედიდან, ქობულეთიდან, ხელვაჩაურდან და შუახევიდან.

უხვი ნალექის შედეგად აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში, მეწყრული პროცესები განვითარდა. ადიდებულია მდინარეები.

წვიმის შედეგად დაიტბორა ქობულეთში, გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.

მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონი გახდა ძიუდოში

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, მარიამ ჭანტურია რუსეთის ქალაქ იჟევსკში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჭანტურია 70კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.

გუშინ, 2 ნოემბერს კი ეთერ ლიპარტელიანი გახდა ევროპის ჩემპიონი გახდა თავის წონით კატეგორიაში. 17 ოქტომბერს ლიპარტელიანი პირველი ქართველი იყო ქალ ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ცხრა ვაკანსია ბათუმის მერიაში, ოთხი – აჭარის განათლების სამინისტროში

ბათუმის მერია რამდენიმე სამსახურის დასაკომპლექტებლად განმეორებით კონკურსს უკვე მეხუთედ აცხადებს. ამჯერად მერიამ სხვადასხვა სამსახურში თანამშრომლის შესავსებად კონკურსი ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა.

კონკურსი გამოცხადებულია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად. ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით 1700 ლარია  განსაზღვრული. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის ან ურბანული არქიტექტურის მიმართულებით.

ვაკანტურია ასევე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობა. საკონკურსო მოთხოვნები თითქმის იდენტურია, თანამდებობრივი სარგო კი 2000 ლარია.

მერია კონკურსის წესით შეარჩევს ასევე შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს. ამ თანამდებობაზე ხელფასი 1300 ლარია. 

ვაკანტურია ასევე თანამდებობები [ პირობები იხილეთ მიმაგრებულ ბმულზე] :

მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი სამეტაპიანია და წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ წერით გამოცდას, მესამე ეტაპზე კი კომისიასთან გასაუბრებას ითვალისწინებს.

აჭარის განათლების სამინისტრომ კი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა კონკურსი, ესენია:

  • შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
  • კულტურის დეპარტამენტის უფროსი
  • სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
  • საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 

სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა. ფოტოს სოციალურ ქსელში გვერდი „უპატრონო ბათუმი“ ავრცელებს, ფოტოზე მონიშნულია ბათუმის მერი ლაშა კომახიძე წარწერით: „ხო გაქვთ მშვიდობა“.

ამ ქუჩაზე დაწყებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ძლიერი წვიმის მოსვლის შემდეგ ეს ადგილი ქალაქში ერთ-ერთი კრიტიკული წერტილია.

უკვე მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს.

 

ოცნების ქალაქში სახლებშიც წვიმს [ფოტო]

ე.წ. ოცნების ქალაქი დატბორილია, წყალი შევიდა სახლებშიც, ზოგიერთ სახლში კი წყალი ჭერიდანაც ჩადის. ამ წუთებში ადგილზე შპს „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა მუშაობს, დაწყებულია ამოტუმბვის სამუშაოები.

ფოტო: როინ გუნდაძე

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა უამინდობის გამო გადადეს. ისინი დაპირებული ბინების მშენებლობის დაგვიანების გაპროტესტებას აპირებდნენ.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზების ტერიტორიაზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ, თუმცა, თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო.

 

ცოტნე გამსახურდია: ილია მეორე ლოცავს მას, ვისაც ძალა და ფული აქვს

ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, ყოფილი პატიმარი: 

„მრევლი ამბობს, პეტრე ცაავა მიშისტი და ახალაიების მეგობარი იყოო. და ახალაიებს რომ ყოველ წელს ლოცავდა საჯაროდ, და ერთერთს რაღაც ორდენიც ჩამოჰკიდა, ილია მეორე არ იყო? და მიშა სააკაშვილის დროს არ გაეზარდა ეკლესიას დაფინანსება? არ გადაეცა უამრავი ქონება და არ დაურიგდათ საჩუქრად მრავალათასიანი მაქანები?

პირადად მე რამდენჯერ ვთხოვე, ვეხვეწე, ვემუდარე – გვიშველე, უწმინდესო, ხომ ხედავ რა ხდება, ხმა ამოიღე-მეთქი… ორჯერ იყო ჩემთან მოსული ილია მეორე გლდანის ციხეში! მოშიმშილეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს კიდევ მქონდა ილუზია, რომ ჯაბას და შევარდნაძის ძველი მეგობარი რამეს გააკეთებდა ადამიანებისთვის. საპასუხოდ – “ღმერთმა დალოცოს ბაჩო ახალაია” – ვიღებდით…

დიდი ისტორიაა, ამაზე ვილაპარაკებ დეტალურად ოდესმე… ახლა, მცირე ხნის უკან არ გადაუსვა თავზე ხელი ბავშვების თვალების დამთხრელს და არ დალოცა?! ასეა, ყოველთვის ლოცავს მას, ვისაც ძალა აქვს, ვისაც ფული აქვს, ლოცავს , აჯილდოებს ჯალათებს… სხვანაირად ქონებას და “ავტორიტეტს” როგორ შეინარჩუნებს ამ დაბნელებულ ქვეყანაში?!

___________

წყარო: facebook 

ადიდებული მდინარე აჭყვა [ფოტო]

დღეს, 2 ივნისს, ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ადიდებულმა მდინარემ კალაპოტის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები.

ადიდებული მდინარე აჭყვა. გურამ მურვანიძის ფოტო
ადიდებული მდინარე აჭყვა. გურამ მურვანიძის ფოტო

ბათუმში 777 მასწავლებლიდან გამოცდაზე დღეს 108 არ გამოცხადდა

დღეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი პირველ და მეათე საჯარო სკოლებში. ამ გამოცდაზე მთლიანობაში აჭარაში 3 350-მდე მასწავლებელია დარეგისტრირებული.

დღეს გამოცდაზე დარეგისტრირებულ 108 პედაგოგი არ გამოცხადდა – დარეგისტრირებული 777 მასწავლებლიდან გამოცდას 669 პედაგოგი აბარებს.

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყო.

გამოცდა 5 საათს გაგრძელდება.

ეს გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რადგან ეს არის გზა სტატუსის ასამაღლებლად. მასწავლებლები, რომლებიც სტატუსის მიღებას ვერ შეძლებენ, სკოლები მხოლოდ დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ხოლო მათ ადგილებზე ვაკანსიას გამოაცხადებენ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდები ტექნიკურად გამართულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გამოცდაზე დარეგისტრირებული მასწავლებლების 80 პროცენტი გამოცხადდა.

გამოცდები ხვალაც გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: აჭარის განათლების სამინისტრო

სიგარეტი ისევ გაძვირდა

მაღაზიებში აცხადებენ, რომ ფილტრიანი სიგარეტის ფასი ძირითადად 20 თეთრით, ცალკეული სახეობების ფასი კი 30 თეთრით გაიზარდა. მათივე განმარტებით, მომწოდებლებს მათთვის არ აუხსნიათ სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი.

ამ დროის მონაცემებით 20 თეთრით გაძვირდა “პარლამენტი“, „ვინსტონი“  „მალბორო “, „ქამელი“ „L&M-ი“ , Philip Morris-ი“ და ასე შემდეგ.

2019 წლის ინვრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. ამის გამო მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია.

ფასების გაზრდა 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია, ამ ცვლილებით  1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მესამედ გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 202 943 900 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმია [სიგარეტი, სიგარა და სხვ.] შემოტანილი, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე [113 390 900 აშშ დოლარი].

ხოლო გატანილია 160 567 700 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, რაც თითქმის 3,5-ჯერ მეტია 2017 წლის ექსპორტთან შედარებით [47 033 200 აშშ დოლარი].

 

ბახმაროსა და გომისმთამდე მისასვლელ გზებზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ლიპყინულის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 16-33 კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, თოვლისა და ლიპყინულის გამო ყველა სახლის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53 კილომეტრზე, ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე.

 

ხვალ აჭარაში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს აჭარაში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 3 ნოემბერს, დილიდან კი გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის თქმით, 3 ნოემბრიდან ბათუმში და მთელს აჭარაში მზიანი, თბილი ამინდია მოსალოდნელი მინიმუმ სამ დღეს. „შესაძლებელია, თბილი ამინდი მთელ იკვირის განმავლობაში შენარჩუნდეს“ – გვითხრა რუსუდან დიასამიძემ.

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთსა და ქედაში, მაღალმთიან აჭარაში კი გათოვდა.

„მსგავსი მოვლენა დამახასიათებელია ამ სეზონისთვის“ – ქარბორბალა ბათუმში [ფოტო]

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმის სანაპიროზე ქარბორბალა დაფიქსირდა. სინოპტოკოსები ამბობენ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ბუნების ეს მოვლენა ხშირი არ არის, თუმცა პერიოდულად აღინიშნება.

„მსგავსი მოვლენა დამახასიათებელია შემოდგომაზე და გაზაფხულზე, როცა ტემპერატურის ცვლილება ხდება.

წინა ძლიერი წვიმისასაც დაფიქსირდა ქარბორბალა სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე.

ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ არის შემთხვევები და არავინ იცის რატომ ხდება კონკრეტულ ადგილას. ამ დროს ქარის მასა ძლიერად ტრიალებს, იმის მიუხედავად, რომ ირგვლივ, ბუნებაში, მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი რუსუდან დიასამიძე. იგი აჭარაში ამინდის პროგნოზზე 40 წელზე მეტია მუშაობს.

ქარბორბალა

_____

ფოტო: კადრი მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეოდან.

მეწყრული პროცესები 10 სოფელში და სკოლასთან დაზიანებული გაბიონი – სტიქია ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოწვა. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

დღეს, 2 ნოემბერს, სოფელ ხუცუბანში სახლთან კედელი ჩამოინგრა და ამ სახლსაც საფრთხე ემუქრება. მერიაში ამბობენ, რომ შესაძლოა ამ ოჯახსაც მოუხდეს სახლის დატოვება.

ასევე ქობულეთში, სოფელ ზედა აჭყვაში, სკოლასთან ახლოს ცენტრალურ გზაზე  „გასკდა გაბიონი“ და გზა ჩაკეტილია.

გარდა ამისა, აჭყვაში დაზიანებულია გაზის მილი.

საერთო ჯამში, ამ დროის მონაცემებით ქობულეთში  სტიქიის შედეგად  მცირე მასშტაბის მეწყრული პროცესები დაფიქსირდა ათ სოფელში. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქობულეთის მერია: მდინარე აჭყვა კალაპოტის მაქსიმალურ ნიშნულამდე ადიდდა

ქობულეთის მერია: მდინარე აჭყვა კალაპოტის მაქსიმალურ ნიშნულამდე ადიდდა

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადიდებულია მდინარე აჭყვა. მერიის ინფორმაციით, მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია.

წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები.

ქობულეთის მერიის ცნობით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შტაბი  24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

დატბორილი ეზო ქობულეთში

 

მეწყერი ქედაში – ხუთი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულაში მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით ხუთი ოჯახი მისასვლელი გზის გარეშეა დარჩენილი.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩამოწოლილი მასა აღარ მოძრაობს, თუმცა გაწმინითი სამუშაოების დაწყება ჯერ არ შეიძლება:

„იმიტომ რომ შეიძლება ეს მასა ამოძრავდეს. თუ ასე მოხდება, ორ ოჯახს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, ამიტომ მოსახლეობა გაფრთხილებულია, ველოდებით ამინდის დასტაბილურებას, შემდეგ კი დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის გამოიდარა, თუ წვიმა ისევ დაიწყება, იძულებულები გავხდებით მოსახლეობა გამოვასახლოთ ამ სახლებიდან.“

მერის განმარტებით გზის გარეშე დარჩენილ ოჯახებს მეწყერი არ ემუქრება.

ლევან გორგილაძის ინფორმაციით, სხვა არცერთ სოფელში მისასვლელი გზის პრობლემა არ არის და არც ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაზე შესულა ინფორმაცია.

სოფლის თოვლიანი პეიზაჟი შუახევიდან [ფოტო]

ეს ფოტოები მელანო ებრალიძემ გადაიღო დღეს, 2 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში.

დღეს, მთიან აჭარაში თოვს, სინოპტიკოსების ცნობით, ღამით ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს.

მელანო ებრალიძის ფოტო
მელანო ებრალიძის ფოტო
მელანო ებრალიძის ფოტო
მელანო ებრალიძის ფოტო
მელანო ებრალიძის ფოტო
მელანო ებრალიძის ფოტო
მელანო ებრალიძის ფოტო

ბათუმში 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით შეფერხება ავარიას უკავშირდება, რაც ფერიაში განვითარებულმა მეწყერმა გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით ამ აბონენტებს  ბუნებრივი აირის მიწოდება სავარაუდოდ ორშაბათს, 4 ნოემბერს აღუდგებათ:

„თუმცა ეს დამოკიდებული მუნიციპალური სამსახურების მუშაობაზეც, რადგან ტერიტორია უნდა გაიწმინდოს და მილი გამოჩნდეს“ – გვითხრა ვახტანგ ბერიშვილმა.

უამინდობის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა, კომერციული ფართობი და სახლი დაიტბორა

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ისევ მუშაობს სპეცტექნიკა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯუმბერ კობალაძის თქმით, კრიტიკულ წერტილებად რჩება ჯავახიშვილის ქუჩა, ამ ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. ჭაობის დასახლება, იმის გამო, რომ აქ მიმდინარე ინფრასტრუტურული სამუშაოების გამო ჩაკეტილია სანიაღვრე არხები.

გუშინ, 1 ნოემბერს, ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის გამოც მდინარე მეჯინისწყალი კახაბრის დასახლებაში ისევ გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა მიმდებარე ტერიტორია, ვარშანიძის ქუჩაზე კი მეწყერმა საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილი წაიღო.

ჯუმბერ კობალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარის წყლის დონემ დაიწია, თუმცა კრიტიკულ ადგილებზე ისევ მობილიზებულია სპეცტექნიკა.

შპს „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე კი სულ რვა შეტყობინება შევიდა. პრესსამსახურის ინფორმაციით დაიტბორა სახლები და რამდენიმე კომერციული ფართობი. ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია ამოტუმბვის სამუშაოები, ხოლო ზღვაზე გასავლელი არხები გაწმენდილია და ამ მხრივ შეფერხება არ არის.

სინოპტიკოსების ინფორმაციით დღეს, 2 ნოემბერს,  ბათუმში ისევ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

სექსუალური ძალადობის 8 წლის მსხვერპლის დედა: მოძალადის მეგობარი ქალი აქეთ მიჩივის

„რამდენიმე დღეში სასამართლომ ჩემს შვილზე მოძალადეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. ამ დროს სასამართლოდან შეტყობინება მომოვიდა – 12 ათასი ლარის გადახდას მთხოვენ,“ – გვიყვება ნინო [სტატიაში დაზარალებული გოგოს და დედის სახელები შეცვლილია]. მისი შვილი 8 წლის იყო, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „გარყვნილი ქმედების“ ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 წლის ვიტალი შ. 2019 წლის თებერვალში დააკავეს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია.

ფულის გადახდას დაზარალებულად ცნობილი ბავშვის დედას, ნინოს ბრალდებული კაცის მეგობარი ქალი სთხოვს – ალექსანდრა პუჯიონი. იგი ბათუმში ერთ-ერთ სადღეღამისო თავშესაფარს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სხვადასხვა ფონდი აფინანსებდა. დღეს ეს თავშესაფარი აღარ მუშაობს. ნინო მცირეწლოვან შვილთან – ანასთან ერთად ამ თავშესაფარში ცხოვრობდა.

„სხვადასხვა მოხალისე ჩამოდიოდა უცხოეთიდან და თავშესაფარში მუშაობდნენ, ერთ-ერთი იყო ვიტალი, ვინც ჩემს შვილზე ძალადობდა… ამ კაცის ჩამოსვლის მერე ალექსანდრას ქმარი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და ესენი დარჩნენ ერთად. ორი წლის წინ თავშესაფარი დაიხურა. ალექსანდრამ თქვა, ფულს აღარ გვიგზავნიანო. ალექსანდრას ძალიან მოსწონს ბათუმი, სასტუმრო აიღეს იჯარით და ამუშავებდნენ. მე სასტუმროშიც გავყევი დამლაგებლად… 6 წლის წინ დავოჯახდი, მეორე შვილი შემეძინა და პირველ შვილს – ანას, ხშირად ვტოვებდი სასტუმროში ღამითაც, ის ნახევრად ალექსანდრას გაზრდილია.

რამდენჯერმე შევესწარი, როცა ჩემს გოგოს ის კაცი ეფერებოდა, მაგრამ ვერ დავიჯერე. ამბავი მაშინ გავიგე, როცა შვილი გაცივდა ჩემთან ურთიერთობაში, საჭმელს აღარ ჭამდა, გამირბოდა… მაშინ დავისვი და ვთხოვე, ელაპარაკა. პოლიციას როცა მივმართე, ალექსანდრა გაბრაზდა, ჩემთან ვალში არიან და მოიგონეს, რომ რამე უკან არ მოვთხოვოო. მე ახლაც არ დამირეკავს ალექსანდრასთვის, როცა გავიგე, რომ 12 ათასი ლარის დაბრუნებას მთხოვს. ვერ გავიგე, არ ვიცი, რას მთხოვს. მე ვცხოვრობდი თავშესაფარში და ვმუშაობდი დამლაგებლად, სულ ესაა…

სადაც გავთხოვდი, იქ გამიკეთეს ერთხელ ფანჯარა. როცა მეორე შვილი შემეძინა, მნახა, ფანჯარაზე მინის ნაცვლად ცელოფნები იყო და გამომიცვალეს. მე ვიცოდი, რომ ეს დახმარების ფულით გაკეთდა. არც უთქვამს, რომ ეს ვალი იყო და უნდა გადამეხადა.

ალექსანდრაზე მაშინ გავბრაზდი, როცა ეს ამბავი მოხდა და მან ჩემი შვილის ტანსაცმელები და სათამაშოებიც კი აღარ მომცა, ჩემი ნაყიდიაო,“ – ამბობს დაზარალებულად ცნობილი გოგოს დედა, ნინო.

ნინოს ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. იურისტმა პაატა დიასამიძემ უკვე მოამზადა შესაგებელი, სადაც აღნიშნულია, რომ ნინო სარჩელის არცერთ მოთხოვნას არ ეთანხმება. სამოქალაქო დავაზე სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

„ვფიქრობ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ აღარ ვიდავოთ. ჩემთვის ეს არავის უთქვამს, მაგრამ ასეა ალბათ,“ – დასძენს ნინო.

სარჩელი გაუგებარია ორგანიზაცია GCRT-ის სოციალური მუშაკისთვის, მაია ჯაშისთვის, რომელიც ნინოსთან და ანასთან მუშაობს.

„თავშესაფარი არის ქველმოქმედება და გაუგებარია, როგორ უნდა მოსთხოვო თავშესაფარში ცხოვრების ფული ადამიანს, მათ შორის, მაგალითად, საძინებლის ფანჯრის რემონტი,“ – აღნიშნავს მაია ჯაში.

„არ დაგელაპარაკებით, არ მსურს საუბარი,“ – გვითხრა ალექსანდრა პუჯიონმა, როცა მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა კითხვები.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ნინო საუბრობს, ანას ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. იგი უკვე 9 წლისაა.

„აკვიატებები აქვს, შიშები, ხშირად ვერ იძინებს… არ უნდოდა სასამართლოშიც წასვლა, მაგრამ მოითხოვეს პროკურორებმა, რომ უნდა ელაპარაკა. რამდენიმე საათი იყო სხდომაზე და მაგის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა. როგორც ამიხსნეს, მას სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რეაბილიტაცია, რის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს. ვატარებდი ერთ-ერთ ცენტრში ფსიქოლოგ ქეთი დევაძესთან, მაგრამ შემდეგ პროგრამა ამოიწურაო, ორი სეანსი გვაჩუქა და დავემშვიდობეთ. არ ვიცი, ვის მივმართო,“ – გვითხრა ნინომ.

სახელმწიფო ფსიქოლოგის დახმარების სერვისს ვერც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სთავაზობს. ეს სოციალური მომსახურების სააგენტოში დაგვიდასტურეს.

„ჩვენთან მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია. ის, ძირითადად, მუშაობს შეფასებებზე და არ რჩება დრო თერაპიაზე, რეაბილიტაციაზე. ჩვენ ვეცდებით შეძლებისდაგვარად რამდენიმე სეანსი ჩაუტარდეს ამ მოზარდს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რუსუდან სალუქვაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილემ.

9 წლის ანა ისევ იგივე სკოლაში დადის, სადაც აქამდე დადიოდა. ჩვენთან საუბრის დროს ნინომ ასევე თქვა, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა სურდა, მაგრამ არც ეს მოხერხდა.

„სხვა სკოლებმა მითხრეს, ადგილი არ არისო… თებერვალში, როცა ეს ამბავი მოხდა, რამდენიმე ტელევიზია დამპირდა, რომ კადრებს არ აჩვენებდნენ, მაგრამ ისე აჩვენეს, რომ ამოგვიცნეს. მერე კლასელებიც ეკითხებოდნენ ჩემს შვილს, რა მოხდა, რა მოხდაო…“ – ასრულებს ნინო.

 

 

 

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი.

ამ პროგრამით, რომელიც ბიუჯეტთან ერთად აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ბინების მშენებლობისთვის 2020 წელს 16 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, 2021 წელს – 23 მილიონი, 2022 წელს – 17 მილიონი და 2023 წელს – 17 მილიონი ლარი.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული. მთავრობის გეგმით მშენებლობაც მიმდინარე წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი არ გამოუცხადებია.

პირველ ეტაპზე „ოცნების ქალაქში“ სამი კორპუსი უნდა აშენდეს [დაახლოებით 582 ბინა].

ამ პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტია.

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები დღეს, 2 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რადგან, მათი განცხადებით, მთავრობა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აგვიანებს. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ მშენებლობის დაწყებამდე მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს.

მოქალაქეები მთავრობისგან ითხოვენ ასევე ხელშეუხებლობის გარანტიას, რადგან, მათივე თქმით, როცა პირველი სამი კორპუსი აშენდება, „შესაძლოა მშენებლობა გააჩერონ“.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

 

„სოლიდარობა როჟავას“ – 2 ნოემბერს ქურთების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

2 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით მომიტინგეები ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, როჟავას მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. აქციებს ქურთული სოლიდარობის ქსელები ფეისბუქგვერდების საშუალებით გეგმავენ.

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თურქულმა მხარემ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის გაზაფხული“. ოფიციალური თურქეთი ამბობდა, რომ ამ ოპერაციის მიზანი, თურქეთ-სირიის საზღვარზე 32 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება იყო.

მსოფლიოს გარშემო დაგეგმილი აქციის მონაწილეებს კი სურთ მხარი დაუჭირონ როჟავას და გააკრიტიკონ თურქეთის სამხედრო პოლიტიკა.

ვებგვერდზე –  www.riseup4rojava.com მითითებულია ადგილები, სადაც იკრიბებიან ქურთების მხარდამჭერები. აქციები გაიმართება: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრაზილიაში, ბულგარეთში, კანადაში, კვიპროსზე, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, რუსეთში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში.

2 ნოემბერს, 18:00 საათიდან, თბილისში, თურქეთის საელჩოსთანაც შეიკრიბებიან ადამიანები თურქეთის პოლიტიკის გასაპროტესტებლად.

სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #riseup4rojava ადამიანები აქვეყნებენ მხარდამჭერ პოსტებს, აზიარებენ ახალ ამბებს როჟავაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

პეტრას ციხესთან დაკავშირებით „ბათომი“ პრემიერ გახარიას მიმართავს

საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლთან დაკავშირებით, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პეტრა-ციხისძირის შემდგომი ბედი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და არქეოლოგიური ობიექტების არეალს სასწრაფოდ უნდა მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი.

ბათომის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენდამი გამოგზავნილ მიმართვაში (07 ოქტომბერი, 2019 წელი) გწერდით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ციხისძირში, მდებარე პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელოვანი მეცნიერული ღირებულებისა და იმ რისკების შესახებ, რაც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ამ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს ემუქრება.

ეროვნულმა სააგენტომ ჩვენი წერილის პასუხად გვაცნობა, რომ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიურ ძეგლს (და არც მის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროს) ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული არქეოლოგიური ზონის სტატუსი, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე (05.02.2019, სარეგისტრაციო კოდი – 010250050.35.131.016284; https://matsne.gov.ge/ka/document/view/4492454?publication=0) ეს ტერიტორია  მონიშნულია, როგორც არქეოლოგიური დაცვის ზონა (ფორმულირება/ტერმინოლოგია შესაძლოა არაზუსტია, თუმცა დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საკრებულომ იცის, რომ ეს არის მაღალი არქეოლოგიური პოტენციალის მქონე არეალი, სადაც არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგად გამოვლენილია არაერთი არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა გამოვლენა, სხვათა შორის, ახალმშენებლობლობებთან იყო დაკავშირებული). ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არ არის სათანადო/საჭირო/სასურველი კოორდინაცია (აქვე დავსძენთ, რომ მთელს ამ ტერიტორიას გასული საუკუნის 80–იან წლებში მინიჭებული ჰქონდა არქიტექტურულ–არქეოლოგიური ნაკრძალისა და დაცული ტერიტორიის სტატუსი).

გამომდინარე იმ რისკებიდან, რომლის წინაშეც წლებია დგას პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობა (განსაკუთრებით ბობოყვათის სანაპირო ზოლი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა მესაკუთრის ხელში ექცევა), მოვითხოვთ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ობიექტების გავრცელების არეალისათვის (ციხის ტერიტორიიდან ჩრდილოეთით საპატრიარქოს კუთვნილი ტერიტორიის ჩათვლით) არქეოლოგიური ზონის სტატუსის სასწრაფოდ მინიჭებას, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა–ძიება (მათ შორის ახლად გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი: საკადასტრო კოდი – 20.42.09.422) და საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების მოვლა–პატრონობა.

ასევე, ძალიან სასურველია/აუცილებელია, მოეწყოს საჯარო შეხვედრა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება და ჩვენს კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ, რათა უფლებამოსილმა პირებმა მოგვცენ გარანტიები, რომ აღნიშნული ტერიტორია დაცული იქნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონვენციების მიხედვით და არქეოლოგებს მიეცემათ მისი შესწავლის საშუალება“.

____

ბათომის“ მიმართვის ადრესატები არიან: პრემიერი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ზაურ ახვლედიანი, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე.

 

ახალსოფლის ცენტრში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ცენტრში, ამხანაგობა „მაჭახელისა“ და „ბარაკის“ კორპუსებთან არსებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ითვალისწინებს კორპუსების მიმდებარე ტერიტორაზე ბეტონის საფარის დაგებას.

პროექტის განხორციელებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 70 500 ლარია გამოყოფილი.

ვეგანების საერთაშორისო დღე, ფაქტები და ერთი ვეგანური რეცეპტი

ყოველი წლის პირველ ნოემბერს ვეგანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ვეგანიზმი ცხოვრების სტილია, რომელიც უარყოფს ცხოველური პროდუქტის, ხორცის, კვერცხის, რძის, თაფლის საკვებად და სხვა მიზნებისთვის, ასევე, აბრეშუმისა და ტყავის ნაწარმის გამოყენებას.

ტერმინი ვეგანიზმი 1944 წელს პირველად ახსენა ბრიტანელმა დონალდ უოთსონმა, რომელმაც დააფუძნა ბრიტანელი ვეგანების საზოგადოება. მომდევნო წლებში საზოგადოებამ განავითარა ვეგანური მსოფლმხედველობა და შექმნეს დოქტრინა – „ადამიანმა უნდა იცხოვროს ცხოველების ექსპლუატაციის გარეშე“.

თუმცა ვეგანიზმი ფესვებს უფრო ღრმა წარსულიდან იღებს, კერძოდ, ძველი ინდოეთიდან. ინდოელი ფილოსოფოსები მაჰავირა და კუნდაკუნდა, ასევე, იმპერატორები აშოკა და ჩანდრაგუპტა მაურია ხორცს არ ჭამდნენ. ხორცზე უარს ამბობდნენ ბერძენი ფილოსოფოსები, მათ შორის ემპედოკლე, პლუტარქე, პლოტინი, რომაელებიდან – ოვიდიუსი და სენეკა.

veganbits.com-ის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1 % ვეგანია.

დღეისთვის მცენარეებზე დაფუძნებული კვების ინდუსტრია საკმაოდ დაიხვეწა. მცენარეულ ბაზაზე იქმნება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: რძე, ყველი, სოსისები და ა.შ. გამოცემულია ვეგანური რეცეპტების კრებულები და არსებობს საკვები ობიექტები სპეციალურად ვეგანებისთვის.

ორგანიზაცია PETA -მ (ადამიანები ცხოველების ეთიკური მოპყრობისთვის) ტვიტერზე გამოაქვეყნა იმ ბრენდების სია, რომლებმაც უარი თქვეს ბეწვის ნაწარმის გამოყენებაზე მათ შორისა: Michael Kors, Versace,  Lacoste, Giorgio Armani, Calvin Klein, The North Face, Burberry, Gucci, H&M, ZARA,  John Galliano და სხვები.

ამას გარდა, კოსმეტიკაშიც არსებობს ვეგანური – cruelty free [წამების გარეშე] ხაზი. ვეგანური კოსმეტიკის მწარმოებლები იყენებენ მხოლოდ მცენარეულ პროდუქციას და არ ტესტავენ მას ცხოველებზე.

„ბათუმელები“ გთავაზობთ პოპულარული საწებლის, ჰუმუსის რეცეპტს, რომელიც ყველა ვეგანისთვის უსაყვარლესი საკვებია.

ჰუმუსი

ინგრედიენტები:

  • მუხუდო
  • დაქფული წითელი წიწაკა
  • მარილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • ტაჰინი (სეზამის პასტა) ან მიწისთხილის კარაქი
  • ნიორი
  • პაპრიკა
  • ოხრახუში

მომზადების წესი:

ჰუმუსის მომზადებას თუ გადაწყვეტთ, სჯობს წინა დღით დაიჭიროთ თადარიგი და 2 ჭიქა მუხუდო მთელი ღამით დაალბოთ წყალში. მეორე დღეს მუდუხოს წყალი უნდა გამოუცვალოთ და ისე მოხარშოთ. ასეთ შემთხვევაში ხარშვისთვის დაახლოებით 30 წუთია საკმარისი. მოხარშული მუხუდო უნდა დააბლენდეროთ საკუთარ ნახარშთან ერთად ისე, რომ სქელი ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ.

დაბლენდერებულ მუხუდოს შეურიეთ 1 კოვზი ტაჰინი ან მიწისთხილის კარაქი, ნახევარი ლიმონის წვენი, დანაყილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა, მარილი და კარგად ამოურიეთ.

მისართმევად რომ გაამზადებთ, ცალკე ჭურჭელში გადმოღებულ ჰუმუსს მოაყარეთ წითელი წიწაკა და ოხრახუში.

ჰუმუსს ძალიან უხდება ბოსტნეული და გახუხული პური.

გემრიელად მიირთვით.

 

მზა ჰუმუსი ბოსტნეულითა და პურით

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომბოლოში მინი სტადიონი მოეწყობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომბოლოში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება 60 314 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.

„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა

საფეხბურთო  კლუბ “დინამო“ ბათუმის სპონსორი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. წასვლის შესახებ განცხადება მან დღეს, 1-ელ ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც „დინამო” ბათუმი საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა. გულშემატკივართა აზრით, მათი ფავორიტი გუნდის მარცხის მიზეზი მსაჯის შეცდომებია – მათ მიაჩნიათ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და, ზოგადად, “ცუდად იმსაჯა”.

“ბათუმელები” არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა და დეტალების დაზუსტება სთხოვა. არჩილ ბერიძემ გვითხრა, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს “დინამო“ ბათუმის სპონსორთან.

  • ბატონო არჩილ, რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, რატომ ტოვებდით გუნდს?

არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის „დინამოს“ წარმატებას, ბათუმის „დინამოს“ განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

  • ანუ არ აპირებთ გუნდის დატოვებას?

გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრება.

  • როგორ გავიგოთ, ცოტა ორაზროვანი პასუხია, რჩებით გუნდის სპონსორად?

კი, კი ვრჩები.

  • მაშინ, რატომ გამოაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც წასვლის შესახებ წერდით?  

განპირობებული იყო იმით, რომ მე ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის „დინამოს“ წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

  • მსაჯს გულისხმობთ?

დიახ, დიახ, ვგულისხმობ კიკაჩეიშვილს. დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად – იმისთვის, რომ „დინამოს“ წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია.

_____

დინამობათუმი ჯერჯერობით ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდია. მიმდინარე გათამაშებაში ის პირველ ადგილზეა და 64 ქულა აქვს.

ამავე თემაზე:

“ბათუმის დინამოს” მფლობელი გუნდზე სავარაუდოდ უარს ამბობს

სოციალური საწარმოები, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ იმერეთში „გათბობა-გაგრილების მომსახურების სერვისი“ გახსნა ფონდ ,,აფხაზინტერკონტთან“ ერთად.  საწარმოში, სადაც მომხმარებელს სისტემის დამონტაჟების უსაფრთხო და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობენ, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები.

საწარმო „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მოეწყო. დასაქმება საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საწარმოს გახსნის იდეაც ამ საჭიროებამ გააჩინა.

სოციალური საწარმოა „აგამაც“, სადაც ასევე ყოფილი პატიმრები არიან დასაქმებულები. ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში საწარმო გაძლიერდა და გაფართოვდა. აქ კენკრა მოჰყავთ  ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით, თუმცა წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საწარმოში მურაბებისა და კომპოტების დამზადებაც დაიწყეს.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა ორივე სოციალური საწარმო დაათვალიერეს.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ თითქმის ორი წელია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს და მისი მთავარი მიმართულება სწორედ დასაქმების ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის წახალისებაა, რაც პროექტის ბენეფიციარებისთვის სტაბილური დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

 

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები 2 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რადგან, მათი განცხადებით, მთავრობა „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აგვიანებს. გარდა ამისა, აქ მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს, რომ მშენებლობის დაწყებამდე მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს.

„ხელისუფლების გადადებულმა საქმეებმა ეჭვი გაუჩინა მოსახლეობას, რადგან გაჭიანურდა როგორც აღწერის პროცესი, ასევე მშენებლობის დაწყებაც. პროექტი მოიტანეს, სადაც არც ვადებია მითითებული და არც იმაზე გვაქვს ინფორმაცია, მშენებლობა სამივე დასახლებას შეეხება თუ არა“, – ამბობს აქ მცხოვრები მარინა ბერიძე.

მისი თქმით, მოსახლეობა კორპუსების მშენებლობის დაწყებამდე „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

„სამანქანე გზებზე საშინელი მდგომარეობაა, ოთახებში შეუვიდა მოსახლეობას წყალი, ელექტროსადენები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ გამოიცვალა, 12 ქოხი დაიწვა უკვე და ალბათ  22 კიდევ დაიწვება. საჭიროა გარეგანათება, რომელსაც შვიდი წელია ვითხოვთ, რადგან ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, სიბნელის გამო ექიმი ვერ მოდის პაციენტამდე“, – ამბობს მარინა ბერიძე.

მისი თქმით, მოსახლეობა ითხოვს ინფორმაციას კატეგორიებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შეასახლებენ მათ კორპუსებში.

„ასევე გვინდა ხელშეუხებლობის გარანტია, რადგან 580 ბინა რომ აშენდება, შესაძლოა მშენებლობა გააჩერონ. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი კატეგორია შევა პირველ ეტაპზე აშენებულ ბინებში, ხოლო ვინც დარჩება, მათ სჭირდებათ  ხელშეუხებლობის გარანტიები“, – ამბობს ბერიძე.

საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.

“ბათუმის დინამოს” მფლობელი გუნდზე სავარაუდოდ უარს ამბობს

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს,” –  ამ განცხადებას საფეხბურთო  კლუბ “დინამო ბათუმის” მფლობელი არჩილ ბერიძე აკეთებს.

ბერიძის განცხადება “დინამო  ბათუმის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დამატებითი განმარტებებისგან არჩილ ბერიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბერიძემ ეს გადაწყვეტილება დღეს გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიიღო. „ბათუმის დინამო“ საჩხერის „ჩიხურასთან“ 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

საქმე იმაშია, რომ პირველ ტაიმში მატჩის მსაჯმა „ჩიხურას“ კარის მიმართულებით აშკარა პენალტი არ დანიშნა, ხოლო მეორე ტაიმში ასევე არ დანიშნა ჯარიმა.

საჩხერელებმა მეორე ტაიმში ორი ბურთის გატანა შეძლეს. “დინამო ბათუმი” დამარცხდა ანგარიშით 2:0.

“დინამო ბათუმი” მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად 6 ოქტომბერს გადაეცა.

ბათუმის დინამოს „ლამინი ჯგუფისთვის“ გადაცემაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას“.

Exit mobile version