⭕12 ნოემბერს ბათუმში, ინასარიძის ქ.N7-ში, სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა.
▶?ნახეთ ვიდეო, რატომ უნდა ეწვიოთ ქალაქის შუაგულში, 500 კვ.მ ფართობის მქონე „დეილის“ ქსელურ სუპერმარკეტს⤵ Daily Grocery
შსს აქციის მონაწილეებს 30 წუთს აძლევს ტერიტორიის დასატოვებლად
საქართველოს პარლამენტთა სპეცტექნიკა და სპეცრაზმი არის მზად, რომ გამოვიდეს აქციის მონაწილეებთან. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, შს სამინისტროს წარმომადგენელმა 30 წუთი მისცა აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დასატოვებლად.
ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს მხოლოდ ერთი ჭიშკარი აშორებთ.
დრო 16:44-საათზე იწურება.
პარლამენტთა სპეცრაზმი გამოჩნდა
პარლამენტთა, ჩიტაძის ქუჩაზე, უსაფრთხების სამსახურთან ყვითელი ავტობუსები გამოჩნდა, საიდანაც ჩამოდიან სპეცრაზმელები სპეციალური აღჭურვილობით.
დღეს მმართველი პარტიის წევრები მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ იმოქმედოს და აღკვეთოს კანონდარღვევა – გულისხმობდნენ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტებს მოუწოდებს დატოვონ ის ტერიტორია, საიდანაც სპეცრაზმს აფიქსირებენ.
აქვე იმყოფებიან პოლიტიკოსები და ასევე ისმის სკანდირება – „შეცვალე“.
„მშიერს გვტოვებენ, სოფელს მივატოვებთ და მიიღებენ ახალ „ოცნების ქალაქებს“ – მეთამბაქოეები
დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან შუახევის, ხულოს და ქედის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა თამბაქოზე აქციზის გადასახადს აპროტესტებს. მათი განცხადებით, აქციზის გადასახადი 1კგ თამბაქოზე საბაზრო ღირებულებაზე მაღალია.
გლეხების თქმით, თუკი ეს რეგულაცია არ შეიცვლება და ისინი არ გათავისუფლდებიან აქციზის გადასახადისგან, თამბაქოს აღარავის მოიყვანს, ეს კი მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„გამოდი!“ -ამ შეძახილებით მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა ის აქციაზე არ გამოჩენილა.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მოგვიანებით აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ აჭარის მთავრობა უშუამდგომლებს მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურთან და საბოლოო პასუხს მოსახლეობას ორ კვირაში შეატყობინებს.
„ვმუშაობთ იმაზე, რომ ის ნაშთები, რაც მოსახლეობაშია დარჩენილი, უმტკივნეულოდ იყოს ამოყიდული“, – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა, რაზეც მას აქციის მონაწილემ ჰკითხა: „შემოსავლების სამსახურმა გაგვაფრთხილა, რომ თუ 21 ნოემბრის შემდეგ გავყიდით თამბაქოს, 2 ათასი ლარით დაგვაჯარიმებს, რომ დამაჯარიმონ, თქვენ გადაიხდით ამ ჯარიმას?“

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ამ კითხვის პასუხად არჩილ ჩიქოვანმა ისევ გაიმეორა, რომ ჯერ სამართლებრივი ანალიზი უნდა გაკეთდეს: „გლეხი რომ არ დაიჩაგროს, ამისთვის აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ამას სჭირდება სამართლებრივი რეგულირება, შესაბამისი ანალიზის გაკეთება და შესაბამისი დათქმის ჩაწერა“.
„ბათუმელების“ კითხვა, რატომ არ უშუამდგომლა გლეხებს საკანონმდებლო ცვლილების დაკანონებამდე აჭარის მთავრობამ და ჰქონდათ თუ არა გაანალიზებული, რა ზიანს მოუტანდა ეს ცვლილება გლეხებს? – ჩიქოვანმა პასუხის გარეშე დატოვა.
„21 ნოემბერს 900 ლარი მაქვს ბანკში შესატანი, სად ვიშოვო?“, „აი ეს წამალი, რომელიც ძალიან ძვირია და რომლის ყოველდღე მიღება აუცილებელია, როგორ ვიყიდო?“, „შემოსავლის გარეშე ვრჩებით, სახლები ბანკში გვაქვს ჩადებული, რითი გადავიხადოთ გადასახადები?“ – ეს კითხვები ისმოდა აქციაზე, რაზეც მთავრობის წარმომადგენელი მხოლოდ სტანდარტულად პასუხობდა – „ვმუშაობთ და პასუხს შეგატყობინებთ“.
„ღამეებს ვათენებთ, ვშრომობთ და ლუკმა-პურს გვართმევენ, ამისთვის ვაძლევთ ხმას ხელისუფლებას?“, „როცა აქ კარვები დაიდგმება, მოხუცები, ბავშვები რომ ჩამოვლენ, მერე ნახეთ აქ რაც მოხდება. ერთადერთ შემოსავალს გვართმევენ, სინდისი არ აქვთ“, „არც რიჟვაძე გვხვდება და არც ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც იმალება, ერთხელ არ გამოჩენილა, ტელეფონზე ვურეკავთ და არც იქ გვპასუხობს“, – აცხადებენ აქციაზე მოსული გლეხები.
ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირება ამ საკითხზე „ბათუმელებმაც“ სცადა. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

შუახევის მცხოვრები დავით ქამადაძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება გლეხს ამ ერთადერთ შემოსავალსაც წაართმევს, გლეხი იძულებული იქნება სოფელი მიატოვოს: „შემოსავალი როცა აღარ იქნება, ჩამოვალთ და ექნებათ ახალი „ოცნების ქალაქები“. მშიერს გვტოვებენ და მერე მოგვხედოს მთავრობამ“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირწმუნება, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სოციალური შემწეობა მოუხსნეს. „დარწმუნებული ვარ, ამის გამო მომიხსნეს შემწეობა. მაინც და მაინც ახლა მოვიდა მაღალი ქულები“, – გვეუბნება შუახევის მცხოვრები შოთა მახარაძე.
გლეხები აცხადებენ, რომ მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა თამბაქოს რეალიზაციაზეა დამოკიდებული, ახალი რეგულაცია კი გამოიწვევს მათ კიდევ უფრო გაღარიბებას.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
აქციის მონაწილეებს თავდაპირველად პოლიციამ გზა გადაუკეტა და გარკვეული დროის განმავლობაში, მათ მთავრობის შენობის წინ განლაგების საშუალება არ მისცა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე ანანიაშვილი, მათ 10 ადამიანის გამოყოფას სთხოვდა, რომლებიც შევიდოდნენ შენობაში, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მოქალაქეებს მთავრობის შენობასთან გადაადგილების უფლება.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია ჩვენი უფლებებისთვის ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. „ხალხით ხართ მაგ სკამებზე, ხალხით იღებთ ხელფასებს, ხალხით გემსახურებათ მანქანები და უნდა იცოდეთ, რომ ხალხს უნდა ემსახუროთ“, – განაცხადა მან აქციაზე.
ამავე თემაზე:
„თამბაქო განადგურდება“- გლეხები თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ
მდინარაძე: პოლიციას მოვუწოდებ აღკვეთონ უკანონო ქმედებები, ფრთხილად
ახლახანს [14:30] „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. დეპუტატების პათოსი იყო პოლიციისადმი მოწოდება, რომ აღკვეთონ უკანონობა. დეპუტატები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას გულისხმობდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან.
„ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა:
„პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ გამართულად მუშაობის პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კანონის დარღვევა – პარლამენტის შენობის ბლოკირება და, ბუნებრივია, რელევანტურია შსს განცხადება: ისინი ამბობენ, რომ თუ იქნება კანონდარღვევა, ადგილი იქნება შესაბამისი რეაგირება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ შსს პოზიცია, ეს იყო მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია, ამას მხარს უჭერს და უმყარებს ჩვენი მთავარი პარტნიორი და, ბუნებრივია, პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, პოლიციამ უნდა იხელმძღვანელოს და ასევე არ უნდა დაუშვას კანონის დარღვევა.
ასევე ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ნუ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება…
პოლიციამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, როდესაც საუბარი იქნება კანონის დარღვევაზე და მის აღკვეთაზე, ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული, საფრთხე არ შეექმნას რომელიმე მათგანს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.
მე მათ მოვუწოდებ, რომ აღკვეთონ კონკრეტული უკანონო ქმედებები, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს და გაუფრთხილდნენ თითოეულ ადამიანს“.
დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტში შესვლა სცადა რამდენიმე დეპუტატმა, მაგრამ მათ შენობაში შესვლის ულება არ მისცეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის გვერდით მდებარე კლასიკურ გიმნაზიაში სწავალა 14:00 საათის შემდეგ შეწყდა.
_____
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად თანახმად, თუ გაგრძელდება ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, პოლიცია „კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.
შსს აქციის მონაწილეებს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თუ გაგრძელდება ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, პოლიცია „კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. გუშინ და დღესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ საქართველოს პარლამენტის შენობა.
აქვე გთავაზობთ შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად:
„17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.
კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.
კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.
ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც
ბათუმის მშენებარე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს მინდვრის საფარის დაგება დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ.
„ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, ფეხბურთის მოედნისთვის გათვალისწინებული ბალახი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და საერთაშორისო დონის სტადიონებზე გამოიყენება. სადრენაჟე სისტემაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. სავეგეტაციო ფენის მოწყობასაც მალე დავასრულებთ და დავიწყებთ მინდვრის დაგებას“ – გვითხრა ჯაბა სურმანიძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორმა. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობის საკითხს კურირებს.

ბათუმის სტადიონზე მალე დაიწყება ასევე სკამების დამონტაჟებაც. ფერი ლურჯი იქნება. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება.
„სკამები იქნება მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ცეცხლმედეგი და ანტივანდალური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი ხარისხის მატერიისგან. რაც შეეხება მთლიანად სტადიონის დასრულებას, ვმუშაობთ ინტენსიურად და გვინდა, რომ 2020 წლის მარტამდე დასრულდეს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ.
დასრულებულია ტაბლოს ლითონის კონსტრუქციის მონტაჟიც. „გამოსახულების რეზოლუცია Full HD-ია და მისი გარჩევა სტადიონის ნებისმიერი მონაკვეთიდან იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს „სტადიონი“.

მშენებარე სტადიონზე უკვე დასრულებულია გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ტრიბუნების კოსმეტიკური სამუშაოები.

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: შპს „სტადიონი“
—
ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი].
ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.
ამ თემაზე:
ზვიად ძიძიგური წავიდა, აჭარაში მისი პარტიული აქტივი კი „ოცნებაში“ რჩება
„უმრავლესობაში ვრჩებით და ვაგრძელებთ იმ პროექტების შესრულებას, რასაც არჩევნებზე ხალხს დავპირდით“, – ამბობენ აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეები. ამასთან, მათ განმარტეს, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ რაიმე სახის დირექტივა არ მიუღიათ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პარტიის ცენტრალური ოფისიდან უმრავლესობის დატოვების მოთხოვნაზე შეტყობინება მიიღეს? – ამ კითხვას ხელვაჩაურის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის წევრი, ვახტანგ ლორთქიფანიძე პირდაპირ არ პასუხობს. თუმცა მის პასუხებიდან ირკვევა, რომ შესაბამისი მითითების შემთხვევაში, ის დატოვებს „კონსერვატორებს“ და „ოცნებაში“ დარჩება. იგივე განწყობა აქვთ ხულოს და შუახევის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებსაც.
„ჩვენ ერთად დავპირდით ამომრჩეველს, ერთად ვახორციელებთ პროექტებს და ერთად დავდივართ შეხვედრებზე.“
განსხვავებული იყო ქედის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარის, როსტომ შერვაშიძის პასუხი. „ ვერაფერს გეტყვით, ვიდრე პარტიასთან ამ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები არ გაიმართება“, – გვითხრა მან.
პარტიული ყრილობის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ძიძიგურიც. „მანამდე უმრავლესობაში ვრჩებით“, – აცხადებს ის.
პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა 15 ნოემბერს დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა, პროექტი 14 ნოემბერს ჩავარდა პარლამენტში. ზვიად ძიძიგურმა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც.
უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება ასევე გააკეთა კონსერვატორების ფრაქციის კიდევ ორმა წევრმა – ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.
„ოცნების“ დატოვებას არ აპირებს არც უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე.
უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება
მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემაც:
მუხრან ვახტანგაძე: მე “კონსერვატორებს” ვტოვებ და “ოცნებაში” ვრჩები
დათვების საუზმე [ფოტო]
დათვების რეაბილიტაციის პროგრამა ფეისბუქზე რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ასახულია, თუ როგორი ხერხით მიეწოდათ სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დათვებს საუზმე.
„ენრიჩმეტი, იგივე გარემოს გამრავალფეროვნება, ცხოველებისთვის აუცილებელია. საკვების განსხვავებული ხერხებითა და გართულებულად მიწოდება, დათვებს ერთ საკითხზე კონცენტრირებისკენ უბიძგებს და მოსაწყენად დრო აღარ რჩებათ. მთელი დღე მიირთმევენ და კიდევ უფრო ფუმფულდებიან“ – აღნიშნულია სარეაბილიცაო ცენტრის ფეისბუქგვერდზე.




დათვების რეაბილიტაციის პროგრამას თბილისის ზოოპარკი ახორციელებს. რეაბილიაცია დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. როდესაც დათვები მზად იქნებიან, მათ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.
დეპუტატი პროპორციულის ჩავარდნაზე: „ცუდად მოიქცა ქართული ოცნება“
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი დღეს, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. მან მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.
გია ჟორჟოლიანის თქმით: „მე მხარს ვუჭერდი და ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს. გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა იქნას შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილება და ეს შეიძლება იქნას მიღებული“.
ჟურნალისტების კითხვაზე, პროცედურულად რამდენად არის ეს მოსწრებადი, გია ჟორჟოლიანმა თქვა, „რა თქმა უნდა, მოესწრება თუ იქნა შესაძლებელი“.
დეპუტატმა დასძინა, რომ ის ეთანხმება „გერმანულ მოდელსაც და ნებისმიერ სხვა მოდელსაც“.
გია ჟორჟოლიანის შეფასებით, „ცუდად მოიქცა ქართული ოცნება“, როცა თავისი დაპირება არ შეასრულა.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რომელიც აქამდე იყო, ანუ შერეული სისტემით.
გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებაზე: მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რომელიც აქამდე იყო, ანუ შერეული სისტემით. შესაბამისად, ხელისუფლება არ მიდის არავითარ დათმობაზე, მიუხედავად პიკეტირებული პარლამენტისა.
კახა კალაძის განცხადება, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეაფასა, როგორც „არაადეკვატურობა“ და თქვა, რომ: „მათ მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება. მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ჩვენს მხარეს, ყველა ელჩთან შეხვედრა გვაქვს 6 საათზე“.
გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი განცხადებებით, „ხალხი არის აღშფოთებული და რაც უფრო მეტად ასეთ არაადეკვატურ განცხადებას გააკეთებენ, მით უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევენ საზოგადოებაში. ჩვენ არ ველოდით იმას, რომ პირველივე ნაბიჯები იქნებოდა მათი მხრიდან ადეკვატური, რადგან მივეჩვიეთ, რომ ისინი არიან არადეკვატური, კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან და ერთადერთ რამეს იცავენ – იცავენ საკუთარ ქონებას, იცავენ ივანიშვილს, იცავენ თავის ფულს“.
“არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ინიციატივის განხილვას. არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით დადგენილ ვადებში. მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ”, – თქვა კალაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
____
კახა კალაძის ბრიფინგი დეტალურად:
https://netgazeti.ge/news/406772/
ბათუმელი ექიმები ცხინვალში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ
დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმელი ექიმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ. „თეთრი ხალათების“ აქცია დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.
„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო საზოგადოება გამოდის მდუმარე აქციაზე, ჩვენი გამოჩენილი კოლეგის, შესანიშნავი ქირურგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ბატონი ვაჟა აბსოლუტურად უკანონოდაა დაკავებული, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მის ოჯახთან ერთად ჩვენც, მისი კოლეგები ვითხოვთ ბატონი ვაჟას სასწრაფოდ, უპირობოდ გათავისუფლებას და დაბრუნებას სახლში“ – გვთხრა ლევან გვასალიამ, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა, აქციის ორგანიზატორმა.
„თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიც.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.
„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გუშინ, 17 ნოემბერს თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.
საია პარლამენტის პიკეტირებაზე: ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა
„პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება. საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყენებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დღეს, 18 ნოემბერს გაავრცელა.
აქციის მონაწილეების პარლამენტში პარლამენტარებს არ უშვებენ. პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. საპროტესტო აქცია გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.
საია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ პიკეტირება, ანუ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, მაგრამ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს. საია მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება,“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი
ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხედ გახდა გამარჯვებული.
ევროპის რიგით 24-ე საკლუბო ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მონტენეგროს ქალაქ ულცინში მიმდინარეობდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, „ნონამ“ 7 მატჩიდან 4 მოიგო, მათ შორის ყველა მატჩი ძირითად კონკურენტებთან და მეოთხედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული.
10-10 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: უკრანის Kyiv Chess Federation და მონაკოს Cercle d’Echecs Monte Carl’-მ. ორივე პრიზიორი გუნდი „ნონამ“ დიდი ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.
ბათუმელმა მოჭადრაკეებმა პირად ჩათვლაშიც საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, პირველ დაფაზე მეორე შედეგი დააფიქსირა ნანა ძაგნიძემ, მეორე დაფაზე მეოთხე იყო ლელა ჯავახიშვილი, ხოლო მესამე და მეოთხე დაფებზე – ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა საუკეთესო რეიტინგ პერფომანსი აჩვენეს და ოქროს მედლები მიიღეს პირად დაფებზე.

„ნონას“ შემადგენლობაში იყვნენ მოჭადრაკეები: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია.
ცეცხლი გაუჩნდა „მეტროს“ ავტობუსს, რომელსაც 50 მგზავრი გადაჰყავდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 18 ნოემბერს, გამთენიისას, კომპანია „მეტროს“ სამგზავრო ავტობუსს, რომელსაც 50 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაცით, მგზავრები არ დაშავებულან. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურებას გულისხმობს.
რამ გამოიწვია სამგზავრო ავტობუსში ცეცხლის გაჩენა და უკავშირდება თუ არა ეს ავტოტრანსპორტის გაუმართაობას, ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბრის 21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 15-20 გრადუსი
- ღამით: 5-10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 12-17 გრადუსი
- ღამით: 1 – 6 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 17.2 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 2-7 დმ – 1-2 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
___________________________
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულ მუშას ფეხი შეუნარჩუნდება
„დაშავებულს ფეხი შეუნარჩუნდება,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აბუსერიძის ქუჩაზე დაშავებული მუშების შესახებ. წყალანირების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დღეს, 17 ნოემბერს, რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად ორი მუშა დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ მუშას ფეხი მოტეხილი ჰქონდა.
„ორივე დაშავებულს ახლა ოპერაციას უკეთებენ. 40 წლამდე მამაკაცს ორივე წვივის ძვალი აქვს მოტეხილი, მას რეფერალურ ჰოსპიტალში უტარებენ ოპერაციას. მეორე დაშავებული BAU-შია მოთავსებული, მას ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. ის დაახლოებით 30 წლისაა,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
წყალანირების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერიის დაკვეთით კომპანია „გზა“ ასრულებდა. ბათუმის ვიცე-მერმა, ჯაბა ტუღუშმა გვითხრა, რომ ჯერ გარკვეული არ არის, რის გამო დაშავდნენ მუშები. მისი თქმით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
ბათუმში მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს – საპროტესტო აქცია
აჭარის მთავრობის სახლის წინ, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე აქციის მონაწილებს კარავი არ გააშლევინეს. პოლიციის განმარტებით, სავალ გზაზე კარვის გაშლა უსაფრთხო არ იყო. საბოლოოდ პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის შეთანხმება შედგა. კარავი მთავრობის სახლის წინ, ტროტუარზე გაშალეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ.
ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა და საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა – ეს არის ბათუმში, მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნები.
დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელზეც “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ბათუმის აქციის მონაწილეების თქმით ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. საქართველოს პარლამენტის წინ, თბილისში, მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.
—
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩაატარებდნენ.
თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.



ამ თემაზე:
ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიცია
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ორი მუშა დაშავდა
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა მძიმედ დაშავდა. ისინი რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოჰყვნენ.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ მუშას ფეხი აქვს მოწყვეტილი, მეორემ კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
აბუსერიძის ქუჩაზე ბათუმის მერიის დაკვეთით წყალანირების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს.

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა და საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა – ეს არის ბათუმში, მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნები. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელზეც “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით: „ძირს გადამგდები რეჟიმი“, „დავიბრუნოთ ქვეყანა“, „მატყუარა ბიძინა“, „გადამგდები ოცნება“.
„ვითხოვთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდეს ეს არჩევნები, თორემ დღევანდელი ცესკოს შემადგენლობის პირობებში ეს იქნება ფიქცია და ფარსი. დარწმუნებული ვარ საზოგადოება აჩვენებს თავის ერთსულოვნებას, გამოხატავს თავის აზრს, ვაჩვენებთ ხელისუფლებას რომ ჩვენ არა ვართ ცხვრები, რომლებიც შეიძლება მარტივად მოატყუოს, ჩვენ ვართ გონიერი საზოგადოება, რომელმაც სისხლის ფასად მოიპოვა პროპორციული არჩევნების უფლება და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი ახალგაზრდების სისხლი ასე მარტივად დავთმოთ, გავყიდოთ და ტყუილში გავცვალოთ“ – განაცხადა აქციაზე გენრი დოლიძემ, „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა.

—
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.
თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.
ამ თემაზე:
ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიცია
ბათუმში მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მობილიზებულია პოლიცია
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ვუერთდებით მათ მოთხოვნებს“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, სადაც დაგეგმილია აქცია სახელწოდებით – „დავიბრუნოთ ქვეყანა“.
აქციებზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.
დღესვე, 17:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციას “პატრიოტთა ალიანსიც” მართავს.
17 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
—
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.
თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.


შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა იქნება აღკვეთილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, „17 ნოემბერს, დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ – სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ახლახანს გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 3 საათზე აქცია იმართება თბილისში რუსთაველის გამზირზე სახელწოდებით – „დავიბრუნოთ ქვეყანა“. აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.
დღესვე, 17:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციას “პატრიოტთა ალიანსიც” მართავს.
7 ნოემბერს, 15:00 საათზე, აქცია იმართება ბათუმშიც, აჭარის მთავრობის სახლთან.
აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში დღეს აქცია გაიმართება – „პროპორციული არჩევნებისთვის“
აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში დღეს აქცია გაიმართება – „პროპორციული არჩევნებისთვის“
დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
აქციის ორგანიზატორები, გუშინ, ბათუმში მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ 17 ნოემბერს ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“.
ბათუმში აქციები 14 ნოემბრიდან ყოველდღიურად იმართება.
დღეს, 3 საათზე აქცია იმართება თბილისში რუსთაველის გამზირზე სახელწოდებით – „დავიბრუნოთ ქვეყანა“. აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.
დღეს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციას “პატრიოტთა ალიანსიც” მართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ხელალხა შეიტანს პროპორციულ არჩევნების კანონპროექტს პარლამენტში, თუმცა იქნება მცირედი სხვაობა. მისი განცხადებით, მათ კანონპროექტში ბუნებრივი ბარიერი 0,67%-ის ნაცვლად განსაზღვრული იქნება 0,70%-ით.
გუშინ, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” აქციას ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარშიც” უერთდება.
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.
თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.
მთავარი ფოტო: აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 15.11.2019 / ცაგო კახაბერიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი მახინჯაურში, გამწვანებულ ზოლში
მოქალაქე ასთამურ ჩაზმავა მახინჯაურში, ბაღის პირველ შესახვევში [#3] მშენებლობის უფლებას ითხოვს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებით არ ვიცით, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით ის დაიწუნეს და აღნიშნეს, რომ პროექტის პირველი ვარიანტი გაცილებით საინტერესო და მისაღები იყო საბჭოსთვის.
ასთამურ ჩაზმავამ, რომელიც ასევე პროექტის არქიტექტორია, სხდომაზე განმარტა, რომ ადგილი ტერასულია და გეოლოგიური კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით მშენებლობა ვერ განხორციელდება.

სხდომაზე წარდგენილი რენდერის მიხედვით ასთამურ ჩაზმავა 2 282 კვადრატულ მეტრზე ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც 700 კვადრატულ მეტრზე შენობას განათავსებს. რენდერის მიხედვით ეზოში იგეგმება მცირე ზომის აუზის მოწყობაც.
რეესტრში არსებული ვიზუალური მონაცემებით ამ ადგილზე მრავალწლოვანი ხეებია გაშენებული. ამევე მონაცემებით, მიწის ნაკვეთი თავად ასთამურ ჩაზმავას ეკუთვნის.

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ორშაბათიდან უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 17-20 გრადუსი სითბო;
- მთიან რაიონებში ღამით 1-6, დღისით 12-17 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 2-7დმ (1-2 ბალი).
- ზღვის წყლის ტემპერატურა +17.2 გრადუსი.
აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში, 19 და 20 ნოემბერს, აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
„ბიძინა, რატომ მოგვპარე პროპორციული საარჩევნო სისტემა!“- აქცია ბათუმში
პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო, რამდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს თბილისსა და ბათუმში. მორიგი აქცია გაიმართა დღეს, 16 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ.
სამოქალაქო და პარტიული აქტივისტები 18:00 საათისთვის ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, იქედან კი მსვლელობა დაიწყო მთავრობის შენობისკენ, სადაც გამოფინეს პლაკატები წარწერით – „მატყუარა ბიძინა“, „შეცვალე“, „გადამგდები მთავრობა“ და ა.შ. აქციაზე ხმამაღლა იყო ჩართული 20-21 ივნისის მოვლენების დროს შექმნილი მუსიკა – „გახარიას უხარია“. გამომსვლელები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ატყუებს ხალხს, უნდა წავიდეს.
„საზოგადოებას სჭირდება პროპორციული არჩევნები და მანკიერი, მახინჯი მაჟორიტარული სისტემა, რომელშიც ჩართულია ადმინისტრაციული რესურსები, 5 კგ კარტოფილი და გაღატაკებული ადამიანების ხარჯზე და ნერვების ხარჯზე მოპოვებული ხმები და მანდატები უნდა დავასრულოთ, ამას უნდა ვუთხრათ მკაცრი უარი“, – თქვა აქციაზე „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მიხეილ ქავთარაძემ.

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს მიმართა „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბათუმში, გენრი დოლიძემ. მისი თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქუჩის პოლიტიკა და საქართველოს ბედ-იღბალი უნდა გადაწყდეს პარლამენტში.
„ამის უნიკალური საშუალება არის პროპორციული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთელი სამი თვე გვამადლა, რომ პროპორციული სისტემა ვაჩუქეთ საქართველოსო, მაგრამ სად არის ბატონო ბიძინა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რატომ გადაგვაგდე? რატომ მოგვპარე გრინჩივით ჩვენი შვილების მომავალი, რატომ მოგვპარე სამოქალაქო თანასწორობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და ის პრინციპები, რამაც უნდა ააშენოს ჩვენი ქვეყანა“.
გენრი დოლიძის თქმით, ივანიშვილს აღარანაირი შანსი აღარ გაქვს, პროცესები უკან შემოაბრუნოს. „როგორც მოსვლით გაგვახარე, ის წასვლით გაგვახარე ბიძინა და გადაწყვიტოს ყველაფერი პროპორციულმა არჩევნებმა, რადგან სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობას მოგვცემს პროპორციული სისტემა“, – ამბობს დოლიძე.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
აქციაზე კიდევ ერთი გამომსვლელი გია ხალვაში საუბრობდა მცდარი ინფორმაციების გავრცელებაზე. „ერთ-ერთი ხელოვანი ადამიანი ფეისბუკში წერდა დღეს, რომ აჭარაში დაგეგმილია სახელმწიფო გადატრიალება, რომ სარფის საზღვარზე მოადგა უკრაინული, თურქული ჯარები და ა.შ. ტანკებს ამზადებენ ნაცაქტივისტებიო. ჩვენ არასდროს ავიღებთ იარაღს ერთმანეთთან სასაუბროდ და ჩვენს ურთიერთობას ჩვენს ძმებთან გავარკვევთ მხოლოდ სიტყვით და არა ქუჩებში ქვების სროლით“, – თქვა ის.
საპროტესტო აქცია მთავრობის შენობის წინ, ხვალ, 17 ნოემბერს 15:00 საათზეც გაიმართება.
_____
კანონპროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, 14 ნოემბერს მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 3-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 14 ნოემბრის სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ერთმა ნაწილმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მოდელით ჩატარდება, არადა ამ მოდელის გაუქმების პირობა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „20 ივნისის მოვლენების შემდეგ“ დადო.
კიდევ ერთი პროტესტი გამოცხადებული აქციის წინ
ბათუმში, დღეს, 16 ნოემბერსაც იკრიბება მოქალაქეთა ჯგუფები იმის გასაპროტესტებლად, რაც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას – მხარი არ დაეჭირათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. 14 ნოემბერს მმართველმა გუნდმა უარი თქვა თავისი დანაპირების შესრულებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
აქციის მონაწილეები დღეს ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს. ეს ჯგუფი თავის პროტესტს დღესაც აჭარის მთავრობის სახლთან დაასრულებს.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ ხვალ 15:00 საათისთვის ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“.
მთავრობის სახლს უკვე მესამე დღეა იცავს საპატრულო პოლიცია.
______
კანონპროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 14 ნოემბრის სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ერთმა ნაწილმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მოდელით ჩატარდება, არადა ამ მოდელის გაუქმების პირობა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „20 ივნისის მოვლენების შემდეგ“ დადო.
ცვლილებების ჩავარდნას აპროტესტებს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიშალა კარვები და ტარდება საპროტესტო აქციები.
გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები
ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია.
„ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავდნენ.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ დღეს, 14 ნოემბერს, უთხრეს, რომ სამუშაოები გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეჩერებული: „მაქ დაყარეს მიწა და მოსწორებას ელოდებოდნენ“.
„აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა [სკვერი, ტროტუარი] – მომდევნო კვირაში დასრულდება“, – აცხადებენ სამმართველოში.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ „ჭაობში“ რამდენიმე ქუჩის [მათ შორის გურამიშვილის ქუჩის] მოწესრიგებაზე ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 2019 წლის 25 თებერვალს გააფორმა 6 293 513 ლარზე. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის 2 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო.
ამ თემაზე:
არსებობს პროტესტი, ჩაგვრთეთ განხილვაში – მიმართვა ლაშა კომახიძეს
საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მორიგი განცხადებებით მიმართავს. სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს „რივიერა“-ს მიერ მერიისთვის წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებაში ჩართონ საზოგადოეა.
ორგანიზაციის განცხადებს, რომელიც ბევრ ტექნიკურ დეტალს შეიცავს, განცხადების ტექსტს ამის მიუხედავად უცვლელად გთავაზობთ:
2019 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება №20, ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე. რომლის პირველი მუხლის შესაბამისადაც დამტკიცდა მიწის ნაკვეთის შემდეგ საკადასტრო ერთეულზე №05.21.01.031; №05.21.01.030; №05.21.01.029; №05.21.01.018; №05.21.20.079; №05.21.20.070; №05.21.20.071; №05.21.20.084; №05.21.20.082; №05.21.21.015; №05.21.20.053; №05.21.20.076; №05.21.20.056; №05.21.20.087 განაშენიანების რეგულირების გეგმა, თანახმად დანართისა.
2019 წლის 11 სექტემბერს, ა(ა)იპ „ბათომმა“ (ს/ნ445421124) სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი ზემოაღნიშნული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სარჩელი ეფუძნება იმ არგუმენტაციას, რომ სადავო დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა უგულვებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის გარეშე. ამავდროულად, არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ ბათუმის ისტორიული, სივრცით-ტერიტორიული განაშენიანება (ფუნქციური ზონის უგულებელყოფა) და ქალაქის მაცხოვრებელთა ლეგიტიმური ინტერესები და კონსტიტუციური უფლება – იცხოვრონ ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
უმნიშვნელოვანესია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ 2017 წლიდან დაიწყო პროცესი, რომლის საბოლოო მიზანიც ქ. ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის დადგენა უნდა ყოფილიყო. 2017 წლის 29 სექტემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №194. შეთანხმების საგანი იყო კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტებისათვის განმარტებითი ბარათის – საინფორმაციო პაკეტის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდება. რაც განხორციელდა კიდეც შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ს მიერ.
თუმცა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ისე რომ არ ჩაუტარებია არავითარი ექსპერტიზა, თვითნებურად, ყოველგვარი დასაბუთებისა და სათანადო წარმოების ჩატარების გარეშე, მოახდინა შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტაციის დაკორექტირება/ მთელი რიგი ტერიტორიების ჩამოჭრა/ამოღება და ამ ფორმით წარუდგინა იგი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. რომელმაც თავის მხრივ, 2018 წლის 30 მარტს მიიღო განკარგულება №33 “კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე შპს „გიზ და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწონების (შეთანხმების) თაობაზე, აღნიშნული განკარგულებაც გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თავის მხრივ, სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით“ რომლითაც დადგენილია, რომ:
- „იმ ტერიტორიის სენსიტიურობისა და დაცულობის საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც ამოღებულ იქნა პროექტის კორექტირებული ვერსიით და ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი კვლევებისა და არგუმენტაციის არ ქონის გამო, უარი ეთქვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ქ. ბათუმი კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტის კორექტირებულ ვერსიას“ ;
- ამასთან, საბჭო რეკომენდაციას უწევს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, განაგრძოს ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის შესაბამისი პროცედურა შპს „გიზ და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტის მიხედვით“.
მაგრამ, მიუხედავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა, დღესდღეობით შეიქმნა ვითარება, როცა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საერთოდ აღარ იღებენ არანაირ გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად კი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა ბათუმი რივიერას განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც იმ ტერიტორიებზე, რაც „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ „ საქართველოს კანონის მიხედვით უნდა შედიოდეს დამცავ ზონაში ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებული მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტ-კლუბს, რესტორნებს, კაზინოს, საცხოვრებელი და სხვა საზოგადოებრივ სივრცეების მოწყობას.
2019 წლის 4 ნოემბერს, შპს „რივიერა“-მ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების შესახებ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
როგორც საქმეში არსებული წერილობითი მასალების ანალიზით დგინდება, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც, ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა პარალელურ რეჟიმში, არსებობს საკანონმდებლო ვალდებულება, რომ პროექტი მუნიციპალიტეტმაც შეითანხმოს.
იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილ ლოკაციებზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა, პასუხგაუცემელი კითხვა და საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი პროტესტი არსებობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას ჩვენი რეგიონისთვის, თუმცა გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანია, გადაწყვეტილების საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი დემოკრატიის საფუძველია, ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ავალდებულებს სახელმწიფოს ისეთი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა“. მსგავსი პრინციპები რეალიზებულია ეროვნულ კანონმდებლობაშიც.
ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით და გთხოვთ, რომ შპს „რივიერა“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ნაწილში ჩაგვრთოთ დაინტერესებულ მხარედ და მოგვცეთ ჩვენი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა“.

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი: „მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი“
მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, რომელიც პსპ“ და ასევე სხვა კომპანიების ფლობს, განცხადებას ავრცელებს. კახაბერ ოქრიაშვილი წალკისა და დმანისის მაჟორიტარია და სახელისუფლო გუნდის იმ დეპუტატების რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარი არ დაუჭირეს.
გთავაზობთ კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებას:
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.
მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ“.
კანონპროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ. კახა ოქრიაშვილი კი ამ სამს შორის ერთ-ერთი იყო. „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 14 ნოემბრის სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.
ცვილებების ჩავარდნას აპროტესტებს ოპოზიცია. თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიშალა კარვები და ტარდება საპროტესო აქციები.
ამერიკელი მოსამართლე: ქართველ მოსამართლეებს არ უთქვამთ, რომ დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ
„ქართველ მოსამართლეებს ჩემთან საუბრის დროს არ უთქვამთ, რომ მათ დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ…“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა ყოფილმა მოსამართლემ ჯეს გუდმა. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვას ესწრება. USAID-ის პროექტის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) ამერიკელმა ყოფილმა მოსამართლემ ქართველ მოსამართლეებს კონკრეტული რეკომენდაციები უნდა უთხრას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან საქმეების განხილვის გაჭიანურება, ურთიერთობა მხარეებთან, რა გზებით შეიძლება განხორციელდეს მართლმსაჯულება უფრო სწრაფად…
ყოფილ მოსამართლესთან ინტერვიუ ოჯახში ძალადობაზე საუბრით დავიწყეთ. ის ამ თემაზე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯეს გუდი 12 წელი იყო ვაშინგტონის შტატის მოსამართლე.
- ბატონო ჯესი, როგორც მოსამართლე, თქვენ მუშაობდით ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ბოლო რამდენიმე წელია მართლმსაჯულების სისტემას, შეიძლება ითქვას, აქვს მკაცრი მიდგომა ოჯახში ძალადობაზე, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ქალი დუმილს არჩევს, აღარ აძლევს ჩვენებას სასამართლოს, როცა მასზე ხელახლა ძალადობენ.
ეს რთული, სოციალური პრობლემაა. ეს დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემაც. Me too-ს კამპანიაც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ამ პრობლემას ისევ ვაწყდებით. ჩემი აზრით, შტატებში მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებაზე აღარ არის დამოკიდებული პროკურორი. პროკურორებს შეუძლიათ მიყვნენ საქმეს ბოლომდე ისე, რომ, შესაძლოა, მსხვერპლი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ამ დროს პროკურორს აქვს, შესაძლოა, სურათები, არსებობს დაზიანებები, რასაც ექსპერტიზა ადასტურებს, არიან მოწმეები…
- ცოტა ხნის წინ ვწერდით შემთხვევაზე, როცა ბათუმელმა მოსამართლემ მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა ბრალდებულს, რადგან მსხვერპლმა დუმილი არჩია და არ არსებობდა საქმეში სხვა, პირდაპირი მტკიცებულება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დამწვრობა ქალის სხეულზე შესაძლოა გამოიწვია რაიმე ცხელმა საგანმა და არა ანთებულმა სიგარეტმა, რა ვერსიაც პროკურატურას ჰქონდა.
არ არის უცხო ჩემთვის, როცა მსგავს შემთხვევებზე სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ არაპირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, ეს არის იშვიათი… მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი, სადაც საზოგადოების ხმა ისმის, ამბობდეს, რომ ეს საკმარისია. უნდა ვთქვათ ყველამ, რომ ეს საკმარისია.
- საინტერესო ამერიკული მიდგომა მოძალადეების მიმართ. ჩვენთან მთავრობა ვალდებულია შექმნას სარეაბილიტაციო პროგრამა მოძალადისთვისაც, თუმცა ეს სერვისი ჯერ არ არსებობს. არის ვერსიაც, რომ ფსიქოლოგი მოძალადეს ვერ შველის. თქვენი დაკვირვებით, რას აქვს ეფექტური შედეგი ამ მიმართულებით?
მთავარია ხარისხი. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თუ არსებობს კარგი თერაპიული მხარდაჭერა, მათ შორის, ფსიქოლოგი იქნება ჩართული ამ პროცესში, ამას აქვს საგრძნობი შედეგი იმ კუთხით, რომ შეწყდეს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შემაკავებელი და დამცავი ორდერები, რომლითაც შეუძლია პოლიციას იყოს პროაქტიული. ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო ზონა, ვიდრე სხვა რამ კიდევ მოხდება. შესაძლოა, იყოს მიდგომაც, რომ გამკაცრდეს სასჯელი. ექსპერტები მუშაობენ ამ საკითხზე და მათ შეუძლიათ უფრო სიღრმისეულად საუბარი.
- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ქალი, რომ ის ხელახლა არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი?
ბევრი მიზეზის გამო ქალები ითმენენ ძალადობას. ასეა შეერთებულ შტატებშიც. ისინი რეალურად გრძნობენ საფრთხეს, ან შეიძლება ბავშვებს რაღაც დაუშავდეთ, ეშინიათ ფინანსური პრობლემების, ან შესაძლოა, უსახლკაროდ რჩებოდნენ… ვიცი, რომ როცა ქმართან ყოფნა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ბავშვი მშიერი არ იყოს, ბევრი ქალი ირჩევს მოძალადესთან ერთად ცხოვრებას. თუ ეს დილემები გამოირიცხება, ქალები გრძნობენ, რომ მათ არ უნდა მოითმინონ არცერთი სახის ძალადობა.
- თქვენ მუშაობდით არასრულწლოვნების საქმეებზეც. ჩვენთან სასამართლოს უკვე აქვს ლმობიერი მიდგომა ამ მიმართულებით და ხშირად განრიდებით სრულდება საქმეები, თუმცა მეორეს მხრივ, იზრდება არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა.
ეს მართლაც რთული სოციალური პრობლემაა, რომელიც ახლოსაა ოჯახში ძალადობასთან. შეერთებულ შტატებში მოსამართლეები ღირებულებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება. ეს გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანს არ უნდა მივუდგეთ როგორც კრიმინალს. მათი უმრავლესობა მოდის რთული ოჯახური მდგომარეობიდან. ამ საქმეებს საოჯახო საქმეთა სასამართლოები განიხილავენ და, ძირითადად, იმას არკვევენ, რა იყო ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზი. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ამ მიზეზებთან უნდა ხდებოდეს ბრძოლა. თუკი მსგავსი მიდგომა იქნება სისტემის მხრიდან, ამას ექნება ეფექტური შედეგი და დანაშაულის სტატისტიკაც შემცირდება.
- აღნიშნეთ, რომ ეს სოციალური პრობლემაა. გულისხმობთ სიღარიბეს?
შეიძლება, ეს იყოს სიღარიბე. არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, ბავშვს არ შეუძლია სწავლა, გამოგდებულია სკოლიდან, რთული ქცევა აქვს, მამა ძალადობს დედაზე, ან მშობლებს მისთვის არ სცალიათ, სხვადასხვა ასპექტია. ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღეთ ღირებულებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ამ კუთხით. ვერ გეტყვით, საქართველოში რა იქნება უკეთესი.
- თქვენ ესწრებით სასამართლო სხდომებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მხარეები, ადვოკატები და მოსამართლეებიც ჩვენთან თანხმდებიან იმაზე, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვა გაჭიანურებულია. თქვენი დაკვირვებით, რა გზებით არის შესაძლებელი ამ საქმეების სწრაფად განხილვა?
პირველ რიგში, უნდა გყავდეთ საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, ასევე შესაბამისი რაოდენობის სასამართლო დარბაზები, თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან მოსამართლეებს. ჩემი აზრით, კარგად უნდა გადაიხედოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. ეს არსებობს ინგლისურ ენაზე და მე უკვე გავეცანი მას. მისაღებია გადაწყვეტილებები, რამდენად საჭიროა ყველა დაცვითი მექანიზმის არსებობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება…
არსებული სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობით, ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება, გააკეთონ ის განცხადებები, რაც მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობა. მოსამართლეებისგანაც მესმის, რომ დიდი ნაკადია დაგროვებული საქმეების. უნდა შევხედოთ საპროცესო დაცვის მექანიზმებს – არის თუ არა საშუალება, მათ მოდიფიცირება გავუკეთოთ, საქმე რომ სწრაფად წავიდეს წინ ისე, რომ ამით არ შეექმნას საფრთხე თანასწორობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას.
- რამდენად მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მაგალითად, მედიაცია, არბიტრაჟი?
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საქმეების ნაკადის შემცირებას. მოსამართლეებმა უკვე მითხრეს, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება ახალი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც გაზრდის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთ სასამართლოს საერთოდ სხვა ოფისი აქვს, სადაც მუშაობენ სასამართლოს სტაჟიორები, ისინი საქმეების მედიაციით დასრულებას უწყობენ ხელს. არსებობენ კერძო ორგანიზაციები, რომლებიც არბიტრაციას ახორციელებენ. მოქალაქეებსაც ხშირად ურჩევნიათ მათ მიმართონ, უფრო სწრაფად რომ დასრულდეს პროცესი. პენსიაში გასული მოსამართლეებიც ზოგჯერ ამ მიმართულებით მუშაობენ.
- თქვენ ესწრებით სასამართლო პროცესებს და ესაუბრებით ცალკეულ მოსამართლეებს. საინტერესოა, რას ამბობენ ისინი, მაგალითად, პროფესიული დამოუკიდებლობის კუთხით?
მოსამართლეებს ჩემთან საუბრის დროს არ უთქვამთ, რომ მათ დამოუკიდებლობის რაიმე პრობლემა აქვთ. მათ არ გაუზიარებიათ შეშფოთება დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე არ მინახავს ისეთი რამ, რაც გამოიწვევდა ჩემში შეკითხვებს დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობის კუთხით, თუმცა ჩემი აქ ვიზიტის მიზანი ეს არ არის.
- სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო სისტემაში დარჩნენ მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ, ან უკანონო გადაწყვეტილებებს და ეს რამდენიმე შემთხვევაში დაადასტურა ევროსასამართლომაც. შეიძლება ენდო მოსამართლეს, რომელიც ამბობს, რომ სისტემის მსხვერპლი იყო?
მე კარგად არ ვიცნობ ამ ისტორიას და არ ვმუშაობ ამ მიმართულებით. ზოგადად, შემიძლია ორი პუნქტი აღვნიშნო: შეიძლება გქონდეთ ექსტრემალური სიტუაცია, როცა მოსამართლე აშკარად არ არის დამოუკიდებელი და აკეთებს იმას, რასაც მთავრობა ეტყვის. ეს პრობლემა ადვილი აღმოსაჩენია, მაგრამ ხშირ შემთხვევებში არ არსებობს აშკარა საშუალება იმისა, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შეაფასო.
მეორე საკითხია ის, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება შეიძლება შეცვალოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ იმაზე დაყრდნობით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, მაგრამ ეს არ არის პარალელური იმისა, რომ მოსამართლემ უკანონობა ჩაიდინა. გამჭვირვალობა არის მოსამართლის დამოუკიდებლობის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი. როდესაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ეს უნდა იყოს საჯარო. უნდა არსებობდეს საზოგადოებისთვის განმარტება და დასაბუთება, თუ რატომ მივიდა მოსამართლე ამ გადაწყვეტილებამდე.
- თქვენი აზრით, მოსამართლეების უვადოდ გამწესება, იქნება მოსამართლის დამოუკიდებლობის პირობა?
მოსამართლის უვადოდ გამწესება შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ასპექტი დამოუკიდებლობის მისაღწევად, მაგრამ ეს არაა მხოლოდ. ეს შეიძლება იყოს ერთი აგური კედელში. მოსამართლის დამოუკიდებლობა ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ დონეზე მოსამართლეებს ირჩევენ უვადოდ. რაც შეეხება შტატებს, აქ გააჩნია ცალკეული შტატის დამოკიდებულებას. ზოგიერთ შტატში ამ დრომდე მოსამართლეს პირდაპირ ხალხი ირჩევს… ვერც იმას ვიტყვით, რომ მოსამართლე, რომელიც ვადით ინიშნება, არ არის დამოუკიდებელი. მე ორივე მხარის არგუმენტები მესმის, როცა ამ საკითხზე დისკუსია არსებობს.
აშშ-ს საელჩოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ცხინვალში გატაცებული ექიმი
აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს ცხინვალში გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ და ოსურ მხარეს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის.
„აშშ საელჩო მოუწოდებს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეიბუკის გვერდზე გავრცელდა.
კომპანია ვარდების ბაღთან 2-სართულიანი სახლის დანგრევას და ახლის აშენებას გეგმავს
შპს „ინსტალი“ ბათუმში მარჯანიშვილისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მაღაზია „ნიკორაა“, ორსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ახალი ექვსსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. რეესტრის მონაცემებით, შენობა თავისი დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც შიდა ეზოშია განთავსებული 1010 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს.
შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც კომპანიამ შეთანხმების მისაღებად ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭოს წევრების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, სადაც ეს საკითხი განიხილეს, კომპანიას მისცემენ რეკომენდაციას ორი სართულის დაშენების პროექტი მოამზადოს.
საბჭოს წევრების თქმით, სახლი კარგადაა შენარჩუნებული და მისი დემონტაჟი გამართლებული არ იქნება.
ახალ მშენებლობას გეგმავენ ასევე ამ სახლის მიმდებარედ გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე.
რეესტრის მონაცემებით, შპს „კრისტალი“ ზურაბ ძირკვაძეს ეკუთვნის.
რა იქნება იქ, სადაც კაფე „იუნგა“ და ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იყო
პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების ბოლო ეტაპი გამოცხადდა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო და პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ფულადი ჯილდო, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, 29 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება დასკვნითი ეტაპი და ამის შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ფულად ჯილდოზე განაცხადი გააკეთონ.
პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს დაადასტუროს პროფესიული კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი (გახდეს უფროსი მასწავლებელი), მისი ადგილი საჯარო სკოლაში ვაკანტურად გამოცხადდება.
პედაგოგები რომლებიც ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გავლენ, მათ უნარჩინდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი სიცოცხლის განმავლობაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პენსიონერი პრაქტიკოსი პედგოგების სკოლიდან გასვლა ჯილდოს სანაცვლოდ, განათლების რეფორმის ნაწილია „რაც გულისხმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას“.
პირველ ეტაპზე, პროფესიიდან გასვლის შესახებ განაცხადი დაახლოებით 6 ათასამდე პენსიონერმა მასწავლებელმა გააკეთა.
ამავე თემაზე:
როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება
„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ
დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში გაიმართება ხვალაც და ზეგაც.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პროპორცული საარჩევნო წესის კანონპროექტის ჩაგდებას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ.
„ყოველ დღე გვექნება აქციები, ხვალ არის დაგეგმილი აქცია შვიდ საათზე, კვირას გაიმართება აქცია ბათუმში სამ საათზე, ისევე როგორც თბილისშია დაგეგმილი“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ, მოძრაობის – „ქვეყნის სამსახურში“ წევრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საინიციატიო ჯგუფი ბათუმში, რომელშიც შედიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კვირას, სამ საათამდე აძლევს ვადას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ის უჭერს მხარს „გუშინდელ ბიძინა ივანიშვილს“ თუ „24 ივნისის ბიძინა ივანიშვილს“.
„ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ“ – განაცხადა მილორავამ.
აქცია იყო ბათუმში გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს და დღეს დილითაც. დღეს დილას აქციის მონაწილეებმა ჩაკეტეს მთავრობის სახლის შესასვლელი და შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნა რამდენიმე თანამშრომელს, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა პოლიცია და 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ოთხივე დაკავებული დღესვე გაათავისუფლეს სასამართლოს შენობიდან, რადგან სასამართლო განხილვა გადაიდო.
შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა
მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომზადებული მსგავსი კანონპროექტი შესაძლოა თაროზე შემოდონ.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მომზადებულია, საჯარო განხილვები ჩატარებული, მეტიც, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტს განხილული აქვს და მხარდაჭერილი, უცნობია როდის უყრიან კენჭს ან უყრიან თუ არა საერთოდ.
როდის გაიმართება უმაღლესი საბჭოს სხდომა და როდის გავა კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს? ეს კითხვა დღეს, 15 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს დაუსვა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, მან მხოლოდ იმის გამო დაუჭირა თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი, რომ ცენტრალურ დონეზე იცვლებოდა საარჩევნო სისტემა.
„იმის გამო, რომ აჭარა არის საქართველოს ნაწილი უნდა შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა აქაც. მე მხოლოდ ამ საფუძვლით, იმის გარეშე, რომელი საარჩევნო სისტემა არის კარგი, აი ამაზე საუბრის გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილების დაწყების წინააღმდეგი ვიყავი. თუმცა იქვე ვთქვით, რომ პროცესს ხელს არ შევუშლიდით.
იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას არ ჰყავდა კანონპროექტის ინიცირებისთვის საკმარისი წევრები, უმრავლესობამ დავაინიცირეთ. ახლა პრაქტიკულად ის საფუძველი, რის გამოც დავიწყეთ ეს პროცესი, არ გვაქვს. ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობაში და გვექნება იმ ჩვენ კოლეგებთანაც, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითაც დავიწყეთ ეს პროცესი და ამიტომ კონკრეტულად რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. როგორ მოვიქცევით ამაზე ცოტა მოგვიანებით შემიძლია უფრო დეტალურად გიპასუხოთ. მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ უმრავლესობაში, ეს ძალიან მალე მოხდება და გვექნება ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრა,“ – უთხრა დავით გაბაიძემ „ბათუმელებს“.
კითხვაზე, რამდენად მართალია, რომ შეიძლება საერთოდ არ გავიდეს კანონპროექტი განხილვაზე, გაბაიძე პასუხობს:
„თავის დროზე ინიციატორი რომ გავხდი ამ საკითხის, ერთი იყო ის, რომ ვინაიდან უმცირესობას არ ჰქონდა ხმები, უმრავლესობას ჰქონდა და დისკუსიისთვის გზა რომ გაგვეხსნა. მეორე მიზეზი იყო ის, რომ გარკვეულ ტექნიკურ და სამართლებრივ პრობლემებს ქმნის სხვადასხვა სისტემით უმაღლესი საბჭოს არჩევნების და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარება, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დღეს ტარდება ორივე არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე იძულებული ვიყავი მე, პირადად, აი ამ პროცესს შევყოლოდი“.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ წულაძე კი ამბობს, რომ საერთოდ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამო უნდა გავიდეს კანონპროექტი განხილვაზე.
„პრობლემა არის შემდეგში, რამდენად აქვს აზრი მაგ საკითხის საერთოდ დაყენებას, რადგან ვიცით, რომ ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თანხმობა სჭირდება. თუ იქ არ არის, როგორც დავინახეთ გუშინ ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ რაღა აზრი აქვს ახალი სპექტაკლის მოწყობას? ეს იქნება პოპულისტური ნაბიჯი ჩვენი მხრიდან.
მე მაშინაც ვიძახდი, როდესაც კონსტიტუცია შევცვალეთ, რომ პროპორციული არჩევნები იყო ძალიან კარგი. დღეს ამის გაკეთება იქნება დამატებითი შფოთვა და არაფერი შედეგის მომტანი… კარგი ბიჭები ვითამაშოთ თუ აი რა?“ – კითხვაზე კითხვის გვპასუხობს ვახტანგ წულაძემ.
ვახტანგ წულაძის პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე.
„როცა ინიციატივაზე ვმუშაობდით, საფუძვლად ავიღეთ ოპოზიციიდან შემოსული წერილი და ამ წერილში მოყვანილი პათოსი. ვინაიდან მოცემულობა დღეს შეცვლილია და თბილისშიც კონსულტაციები მიმდინარეობს მრავალი მიმართულებით, ვფიქრობ საკითხის შემდგომ ეტაპზე გადასვლა საჭიროებს ხელახალ კონსულტაციებს. შესაძლებელია ინიციატივაც შეიცვალოს, რადგან ლოგიკა იყო იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი თუ იქნება პროპორციული, ჩვენ მას უნდა მივყვეთ,“ – თქვა ილია ვერძაძემ.
განმეორებით დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი პასუხობს:
„არ დადგება საკითხი… თქვენ მეკითხებით, თუ დადგება კენჭისყრაზეო და გეუბნებით, კონსულტაციები იქნება აუცილებლად. არ დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრაზე რა ფორმით დადგება, მერე გაგცემთ მაგაზე პასუხს, რადგან შეიძლება ფორმა შეიცვალოს,“ – ამბობს ილია ვერძაძე.
არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას უჭერენ მხარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე და ნინო ჩხეტია.
„აუცილებლად დავუჭერ მხარს. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის სამართლიანი სისტემა ხმებისა და მანდატების გადანაწილების თვალსაზრისით. ვრჩები ერთგული იმ გადაწყვეტილების, რა გადაწყვეტილებაც მაქვს მიღებული,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.
კიდევ ერთი მაჟორიტარი „ოცნებიდან“, ხვიჩა შარაშიძე კი ამბობს, რომ კონსულტაციებს გაივლის ხალხთან.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ მსჯელობა და მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე – ვთქვი, რომ გუნდურ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ ყოველთვის, მაგრამ მე როგორც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შევამჩნიე, არის ძალიან ბევრი, რომელიც ითხოვს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხვიჩა შარაშიძემ.
„ბათუმელების“ კითხვაზე მაშინ ხელი რატომ მოაწერა კანონპროექტის ინიცირებას, შარაშიძე პასუხობს:
„იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ ჩვენ კონსულტაციები გვქონდა. მოთხოვნა ხალხისგან, ფაქტობრივად, ნახევარი ითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, ნახევარი ითხოვს პროპორციულს. ჩვენ გუნდური გადაწყვეტილების მიხედვით, როგორც ჩათვალა გუნდმა საჭიროდ, იმიტომ მოვაწერეთ ხელი“.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე კი მიანიშნებს, რომ კანონის დროებით გაჩერებით არაფერი ფუჭდება.
„ცოტა მოვითმინოთ, არაფერი არ ფუჭდება ამ პროცესის თუნდაც გაჩერებით. დავილაპარაკებ კოლეგებთან, მე მათგან უნდა მოვისმინო პოზიცია, ჩემი არგუმენტები უნდა ვუთხრა, მოსაზრებები, სად რა რისკები გვაქვს, პოლიტიკური თუ სამართლებრივი რისკი, ფინანსური საკითხები, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს და აქედან გამომდინარე, მივიღებთ უკვე საბოლოოდ რაციონალურ გადაწყვეტილებას. თავის დროზე არ ვიყავი ამ სისტემის მომხრეებს შორის, რადგან მე მიმაჩნდა, რომ ჩვენთან მაჟორიტარების ხვედრითი წილი უმაღლეს საბჭოში მცირეა. პარლამენტში მაჟორიტარების ის რაოდენობა იყო, რომ პრაქტიკულად ჩააგდეს კანონპროექტი. ჩვენთან იმდენად მცირეა მაჟორიტარების ხვედრითი წილი, რომ მათი უარყოფა გავლენას ვერ მოახდენს ამ პროცესზე. მხოლოდ იმის გამო, რომ ცენტრში იცვლება საარჩევნო სისტემა არ უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და ახლა აღმოჩნდა, რომ ცენტრშიც ვერ შეიცვალა. და რამდენად გვაქვს საარჩევნო სისტემის შეცვლის ინტერესი.
მე მგონია, რომ ეს ინტერესი შესაძლოა ოპოზიციურ პარტიებში არც კი იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, დღეს ღიად ეს არ მომისმენია. ამისათვის არც არავის არ სცალია და არც არის მაინცადამაინც ამ საკითხზე წერტილის დასმა აუცილებელი,“ – ამბობს დავით გაბაიძე.
მთავარი ფოტო: უმაღლესი საბჭოს ფეისბუქ გვერდიდან.
ფოტოზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მზად იყო პირველი მოსმენით განხილვისათვის.

