მთავარი,სიახლეები

ამერიკელი მოსამართლე: ქართველ მოსამართლეებს არ უთქვამთ, რომ დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ 

16.11.2019 • 1792
ამერიკელი მოსამართლე: ქართველ მოსამართლეებს არ უთქვამთ, რომ დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ 

„ქართველ მოსამართლეებს ჩემთან საუბრის დროს არ უთქვამთ, რომ მათ დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ…“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა ყოფილმა მოსამართლემ ჯეს გუდმა. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვას ესწრება. USAID-ის პროექტის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) ამერიკელმა ყოფილმა მოსამართლემ ქართველ მოსამართლეებს კონკრეტული რეკომენდაციები უნდა უთხრას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან საქმეების განხილვის გაჭიანურება, ურთიერთობა მხარეებთან, რა გზებით შეიძლება განხორციელდეს მართლმსაჯულება უფრო სწრაფად…

ყოფილ მოსამართლესთან ინტერვიუ ოჯახში ძალადობაზე საუბრით დავიწყეთ. ის ამ თემაზე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯეს გუდი 12 წელი იყო ვაშინგტონის შტატის მოსამართლე.

  • ბატონო ჯესი, როგორც მოსამართლე, თქვენ მუშაობდით ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ბოლო რამდენიმე წელია მართლმსაჯულების სისტემას, შეიძლება ითქვას, აქვს მკაცრი მიდგომა ოჯახში ძალადობაზე, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ქალი დუმილს არჩევს, აღარ აძლევს ჩვენებას სასამართლოს, როცა მასზე ხელახლა ძალადობენ. 

ეს რთული, სოციალური პრობლემაა. ეს დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემაც. Me too-ს კამპანიაც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ამ პრობლემას ისევ ვაწყდებით. ჩემი აზრით, შტატებში მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებაზე აღარ არის დამოკიდებული პროკურორი. პროკურორებს შეუძლიათ მიყვნენ საქმეს ბოლომდე ისე, რომ, შესაძლოა, მსხვერპლი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ამ დროს პროკურორს აქვს, შესაძლოა, სურათები, არსებობს დაზიანებები, რასაც ექსპერტიზა ადასტურებს, არიან მოწმეები…

  • ცოტა ხნის წინ ვწერდით შემთხვევაზე, როცა ბათუმელმა მოსამართლემ მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა ბრალდებულს, რადგან მსხვერპლმა დუმილი არჩია და არ არსებობდა საქმეში სხვა, პირდაპირი მტკიცებულება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დამწვრობა ქალის სხეულზე შესაძლოა გამოიწვია რაიმე ცხელმა საგანმა და არა ანთებულმა სიგარეტმა, რა ვერსიაც პროკურატურას ჰქონდა.

არ არის უცხო ჩემთვის, როცა მსგავს შემთხვევებზე სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ არაპირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, ეს არის იშვიათი… მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი, სადაც საზოგადოების ხმა ისმის, ამბობდეს, რომ ეს საკმარისია. უნდა ვთქვათ ყველამ, რომ ეს საკმარისია.

  • საინტერესო ამერიკული მიდგომა მოძალადეების მიმართ. ჩვენთან მთავრობა ვალდებულია შექმნას სარეაბილიტაციო პროგრამა მოძალადისთვისაც, თუმცა ეს სერვისი ჯერ არ არსებობს. არის ვერსიაც, რომ ფსიქოლოგი მოძალადეს ვერ შველის. თქვენი დაკვირვებით, რას აქვს ეფექტური შედეგი ამ მიმართულებით? 

მთავარია ხარისხი. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თუ არსებობს კარგი თერაპიული მხარდაჭერა, მათ შორის, ფსიქოლოგი იქნება ჩართული ამ პროცესში, ამას აქვს საგრძნობი შედეგი იმ კუთხით, რომ შეწყდეს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შემაკავებელი და დამცავი ორდერები, რომლითაც შეუძლია პოლიციას იყოს პროაქტიული. ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო ზონა, ვიდრე სხვა რამ კიდევ მოხდება. შესაძლოა, იყოს მიდგომაც, რომ გამკაცრდეს სასჯელი. ექსპერტები მუშაობენ ამ საკითხზე და მათ შეუძლიათ უფრო სიღრმისეულად საუბარი.

  • თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ქალი, რომ ის ხელახლა არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი? 

ბევრი მიზეზის გამო ქალები ითმენენ ძალადობას. ასეა შეერთებულ შტატებშიც. ისინი რეალურად გრძნობენ საფრთხეს, ან შეიძლება ბავშვებს რაღაც დაუშავდეთ, ეშინიათ ფინანსური პრობლემების, ან შესაძლოა, უსახლკაროდ რჩებოდნენ… ვიცი, რომ როცა ქმართან ყოფნა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ბავშვი მშიერი არ იყოს, ბევრი ქალი ირჩევს მოძალადესთან ერთად ცხოვრებას. თუ ეს დილემები გამოირიცხება, ქალები გრძნობენ, რომ მათ არ უნდა მოითმინონ არცერთი სახის ძალადობა.

  • თქვენ მუშაობდით არასრულწლოვნების საქმეებზეც. ჩვენთან სასამართლოს უკვე აქვს ლმობიერი მიდგომა ამ მიმართულებით და ხშირად განრიდებით სრულდება საქმეები, თუმცა მეორეს მხრივ, იზრდება არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა.

ეს მართლაც რთული სოციალური პრობლემაა, რომელიც ახლოსაა ოჯახში ძალადობასთან. შეერთებულ შტატებში მოსამართლეები ღირებულებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება. ეს გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანს არ უნდა მივუდგეთ როგორც კრიმინალს. მათი უმრავლესობა მოდის რთული ოჯახური მდგომარეობიდან. ამ საქმეებს საოჯახო საქმეთა სასამართლოები განიხილავენ და, ძირითადად, იმას არკვევენ, რა იყო ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზი. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ამ მიზეზებთან უნდა ხდებოდეს ბრძოლა. თუკი მსგავსი მიდგომა იქნება სისტემის მხრიდან, ამას ექნება ეფექტური შედეგი და დანაშაულის სტატისტიკაც შემცირდება.

  • აღნიშნეთ, რომ ეს სოციალური პრობლემაა. გულისხმობთ სიღარიბეს? 

შეიძლება, ეს იყოს სიღარიბე. არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, ბავშვს არ შეუძლია სწავლა, გამოგდებულია სკოლიდან, რთული ქცევა აქვს, მამა ძალადობს დედაზე, ან მშობლებს მისთვის არ სცალიათ, სხვადასხვა ასპექტია. ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღეთ ღირებულებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ამ კუთხით. ვერ გეტყვით, საქართველოში რა იქნება უკეთესი.

  • თქვენ ესწრებით სასამართლო სხდომებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მხარეები, ადვოკატები და მოსამართლეებიც ჩვენთან თანხმდებიან იმაზე, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვა გაჭიანურებულია. თქვენი დაკვირვებით, რა გზებით არის შესაძლებელი  ამ საქმეების სწრაფად განხილვა? 

პირველ რიგში, უნდა გყავდეთ საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, ასევე შესაბამისი რაოდენობის სასამართლო დარბაზები, თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან მოსამართლეებს. ჩემი აზრით, კარგად უნდა გადაიხედოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. ეს არსებობს ინგლისურ ენაზე და მე უკვე გავეცანი მას. მისაღებია გადაწყვეტილებები, რამდენად საჭიროა ყველა დაცვითი მექანიზმის არსებობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება…

არსებული სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობით, ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება, გააკეთონ ის განცხადებები, რაც მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობა. მოსამართლეებისგანაც მესმის, რომ დიდი ნაკადია დაგროვებული საქმეების. უნდა შევხედოთ საპროცესო დაცვის მექანიზმებს – არის თუ არა საშუალება, მათ მოდიფიცირება გავუკეთოთ, საქმე რომ სწრაფად წავიდეს წინ ისე, რომ ამით არ შეექმნას საფრთხე თანასწორობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მაგალითად, მედიაცია, არბიტრაჟი? 

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საქმეების ნაკადის შემცირებას. მოსამართლეებმა უკვე მითხრეს, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება ახალი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც გაზრდის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთ სასამართლოს საერთოდ სხვა ოფისი აქვს, სადაც მუშაობენ სასამართლოს სტაჟიორები, ისინი საქმეების მედიაციით დასრულებას უწყობენ ხელს. არსებობენ კერძო ორგანიზაციები, რომლებიც არბიტრაციას ახორციელებენ. მოქალაქეებსაც ხშირად ურჩევნიათ მათ მიმართონ, უფრო სწრაფად რომ დასრულდეს პროცესი. პენსიაში გასული მოსამართლეებიც ზოგჯერ ამ მიმართულებით მუშაობენ.

  • თქვენ ესწრებით სასამართლო პროცესებს და ესაუბრებით ცალკეულ მოსამართლეებს. საინტერესოა, რას ამბობენ ისინი, მაგალითად, პროფესიული დამოუკიდებლობის კუთხით? 

მოსამართლეებს ჩემთან საუბრის დროს არ უთქვამთ, რომ მათ დამოუკიდებლობის რაიმე პრობლემა აქვთ. მათ არ გაუზიარებიათ შეშფოთება დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე არ მინახავს ისეთი რამ, რაც გამოიწვევდა ჩემში შეკითხვებს დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობის კუთხით, თუმცა ჩემი აქ ვიზიტის მიზანი ეს არ არის.

  • სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო სისტემაში დარჩნენ მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ, ან უკანონო გადაწყვეტილებებს და ეს რამდენიმე შემთხვევაში დაადასტურა ევროსასამართლომაც. შეიძლება ენდო მოსამართლეს, რომელიც ამბობს, რომ სისტემის მსხვერპლი იყო? 

მე კარგად არ ვიცნობ ამ ისტორიას და არ ვმუშაობ ამ მიმართულებით. ზოგადად, შემიძლია ორი პუნქტი აღვნიშნო: შეიძლება გქონდეთ ექსტრემალური სიტუაცია, როცა მოსამართლე აშკარად არ არის დამოუკიდებელი და აკეთებს იმას, რასაც მთავრობა ეტყვის. ეს პრობლემა ადვილი აღმოსაჩენია, მაგრამ ხშირ შემთხვევებში არ არსებობს აშკარა საშუალება იმისა, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შეაფასო.

მეორე საკითხია ის, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება შეიძლება შეცვალოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ იმაზე დაყრდნობით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, მაგრამ ეს არ არის პარალელური იმისა, რომ მოსამართლემ უკანონობა ჩაიდინა. გამჭვირვალობა არის მოსამართლის დამოუკიდებლობის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი. როდესაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ეს უნდა იყოს საჯარო. უნდა არსებობდეს საზოგადოებისთვის განმარტება და დასაბუთება, თუ რატომ მივიდა მოსამართლე ამ გადაწყვეტილებამდე.

  • თქვენი აზრით,  მოსამართლეების უვადოდ გამწესება, იქნება მოსამართლის დამოუკიდებლობის პირობა? 

მოსამართლის უვადოდ გამწესება შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ასპექტი დამოუკიდებლობის მისაღწევად, მაგრამ ეს არაა მხოლოდ. ეს შეიძლება იყოს ერთი აგური კედელში. მოსამართლის დამოუკიდებლობა ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ დონეზე მოსამართლეებს ირჩევენ უვადოდ. რაც შეეხება შტატებს, აქ გააჩნია ცალკეული შტატის დამოკიდებულებას. ზოგიერთ შტატში ამ დრომდე მოსამართლეს პირდაპირ ხალხი ირჩევს…  ვერც იმას ვიტყვით, რომ მოსამართლე, რომელიც ვადით ინიშნება, არ არის დამოუკიდებელი. მე ორივე მხარის არგუმენტები მესმის, როცა ამ საკითხზე დისკუსია არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: