მთავარი,სიახლეები

არსებობს პროტესტი, ჩაგვრთეთ განხილვაში – მიმართვა ლაშა კომახიძეს

16.11.2019 • 1510
არსებობს პროტესტი, ჩაგვრთეთ განხილვაში – მიმართვა ლაშა კომახიძეს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მორიგი განცხადებებით მიმართავს. სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს „რივიერა“-ს მიერ მერიისთვის წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებაში ჩართონ საზოგადოეა.

ორგანიზაციის განცხადებს, რომელიც ბევრ ტექნიკურ დეტალს შეიცავს, განცხადების ტექსტს ამის მიუხედავად უცვლელად გთავაზობთ:

2019 წლის 22 აგვისტოს,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო დადგენილება №20, ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე. რომლის პირველი მუხლის შესაბამისადაც დამტკიცდა მიწის ნაკვეთის შემდეგ საკადასტრო ერთეულზე №05.21.01.031; №05.21.01.030; №05.21.01.029; №05.21.01.018; №05.21.20.079; №05.21.20.070; №05.21.20.071; №05.21.20.084; №05.21.20.082; №05.21.21.015; №05.21.20.053; №05.21.20.076; №05.21.20.056; №05.21.20.087 განაშენიანების რეგულირების გეგმა, თანახმად დანართისა.

2019 წლის 11 სექტემბერს,  ა(ა)იპ „ბათომმა“ (ს/ნ445421124) სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი ზემოაღნიშნული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სარჩელი ეფუძნება იმ არგუმენტაციას, რომ სადავო დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა უგულვებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის გარეშე.  ამავდროულად, არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ ბათუმის ისტორიული, სივრცით-ტერიტორიული განაშენიანება (ფუნქციური ზონის უგულებელყოფა) და ქალაქის მაცხოვრებელთა ლეგიტიმური ინტერესები და კონსტიტუციური უფლება – იცხოვრონ  ჯანსაღ,  ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

უმნიშვნელოვანესია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ  2017 წლიდან დაიწყო  პროცესი, რომლის საბოლოო მიზანიც ქ. ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის  დამცავი ზონის  დადგენა უნდა ყოფილიყო. 2017 წლის 29 სექტემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №194. შეთანხმების საგანი იყო კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტებისათვის განმარტებითი ბარათის – საინფორმაციო პაკეტის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდება. რაც განხორციელდა კიდეც შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ს მიერ.

თუმცა,  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ისე რომ არ ჩაუტარებია არავითარი  ექსპერტიზა,  თვითნებურად, ყოველგვარი დასაბუთებისა და სათანადო წარმოების ჩატარების გარეშე, მოახდინა შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტაციის  დაკორექტირება/ მთელი რიგი ტერიტორიების ჩამოჭრა/ამოღება  და ამ ფორმით წარუდგინა  იგი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. რომელმაც თავის მხრივ,  2018 წლის 30 მარტს მიიღო განკარგულება №33 “კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე შპს „გიზ და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ  მომზადებული  დოკუმენტაციის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწონების (შეთანხმების) თაობაზე, აღნიშნული განკარგულებაც გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თავის მხრივ,  სარჩელის  საფუძვლიანობას ადასტურებს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით“  რომლითაც დადგენილია, რომ:

  • „იმ ტერიტორიის სენსიტიურობისა და დაცულობის საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც ამოღებულ იქნა პროექტის კორექტირებული ვერსიით და ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი კვლევებისა და არგუმენტაციის არ ქონის გამო, უარი ეთქვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ქ. ბათუმი კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტის კორექტირებულ ვერსიას“ ;
  • ამასთან, საბჭო რეკომენდაციას უწევს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, განაგრძოს ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის შესაბამისი პროცედურა შპს „გიზ და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტის მიხედვით“.

მაგრამ, მიუხედავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა,  დღესდღეობით  შეიქმნა ვითარება, როცა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საერთოდ  აღარ იღებენ არანაირ გადაწყვეტილებას  კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად კი  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა ბათუმი რივიერას განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც   იმ ტერიტორიებზე, რაც „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ „ საქართველოს კანონის მიხედვით უნდა შედიოდეს დამცავ ზონაში ითვალისწინებს  მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებული მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტ-კლუბს, რესტორნებს, კაზინოს, საცხოვრებელი და სხვა საზოგადოებრივ სივრცეების მოწყობას.

2019 წლის 4 ნოემბერს, შპს „რივიერა“-მ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების შესახებ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.

როგორც საქმეში არსებული წერილობითი მასალების ანალიზით დგინდება, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც, ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა პარალელურ რეჟიმში, არსებობს საკანონმდებლო ვალდებულება, რომ  პროექტი მუნიციპალიტეტმაც შეითანხმოს.

იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილ ლოკაციებზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა, პასუხგაუცემელი კითხვა და საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი პროტესტი არსებობს,  გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას ჩვენი რეგიონისთვის, თუმცა გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანია, გადაწყვეტილების საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი დემოკრატიის საფუძველია, ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ავალდებულებს სახელმწიფოს ისეთი  ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა“. მსგავსი პრინციპები რეალიზებულია ეროვნულ კანონმდებლობაშიც.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით და გთხოვთ, რომ შპს „რივიერა“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ნაწილში ჩაგვრთოთ დაინტერესებულ მხარედ და  მოგვცეთ ჩვენი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა“.

ბათომი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: