ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა

15.11.2019 • 1861
შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომზადებული მსგავსი კანონპროექტი შესაძლოა თაროზე შემოდონ.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მომზადებულია, საჯარო განხილვები ჩატარებული, მეტიც, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტს განხილული აქვს და  მხარდაჭერილი, უცნობია როდის უყრიან კენჭს ან უყრიან თუ არა საერთოდ.

როდის გაიმართება უმაღლესი საბჭოს სხდომა და როდის გავა კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს? ეს კითხვა დღეს, 15 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს დაუსვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, მან მხოლოდ იმის გამო დაუჭირა თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი, რომ ცენტრალურ დონეზე იცვლებოდა საარჩევნო სისტემა.

„იმის გამო, რომ აჭარა არის საქართველოს ნაწილი უნდა შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა აქაც. მე მხოლოდ ამ საფუძვლით, იმის გარეშე, რომელი საარჩევნო სისტემა არის კარგი, აი ამაზე საუბრის გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილების დაწყების წინააღმდეგი ვიყავი. თუმცა იქვე ვთქვით, რომ პროცესს ხელს არ შევუშლიდით.

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას არ ჰყავდა კანონპროექტის ინიცირებისთვის საკმარისი წევრები, უმრავლესობამ დავაინიცირეთ. ახლა პრაქტიკულად ის საფუძველი, რის გამოც დავიწყეთ ეს პროცესი, არ გვაქვს. ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობაში და გვექნება იმ ჩვენ კოლეგებთანაც, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითაც დავიწყეთ ეს პროცესი და ამიტომ კონკრეტულად რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. როგორ მოვიქცევით ამაზე ცოტა მოგვიანებით შემიძლია უფრო დეტალურად გიპასუხოთ. მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ უმრავლესობაში, ეს ძალიან მალე მოხდება და გვექნება ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრა,“ – უთხრა დავით  გაბაიძემ „ბათუმელებს“.

კითხვაზე, რამდენად მართალია, რომ შეიძლება საერთოდ არ გავიდეს კანონპროექტი განხილვაზე, გაბაიძე პასუხობს:

„თავის დროზე ინიციატორი რომ გავხდი ამ საკითხის, ერთი იყო ის, რომ ვინაიდან უმცირესობას არ ჰქონდა ხმები, უმრავლესობას ჰქონდა და დისკუსიისთვის გზა რომ გაგვეხსნა. მეორე  მიზეზი იყო ის, რომ გარკვეულ ტექნიკურ და სამართლებრივ პრობლემებს ქმნის სხვადასხვა სისტემით უმაღლესი საბჭოს არჩევნების და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარება, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დღეს ტარდება ორივე არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე იძულებული ვიყავი მე, პირადად, აი ამ პროცესს შევყოლოდი“.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ წულაძე კი ამბობს, რომ საერთოდ  ვერ ხედავს მიზეზს, რის გამო უნდა გავიდეს კანონპროექტი განხილვაზე.

„პრობლემა არის შემდეგში, რამდენად  აქვს აზრი მაგ საკითხის საერთოდ დაყენებას, რადგან ვიცით, რომ ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თანხმობა სჭირდება. თუ იქ არ არის, როგორც დავინახეთ გუშინ ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ რაღა აზრი აქვს ახალი სპექტაკლის მოწყობას? ეს იქნება პოპულისტური ნაბიჯი ჩვენი მხრიდან.

მე მაშინაც ვიძახდი, როდესაც კონსტიტუცია შევცვალეთ, რომ პროპორციული არჩევნები იყო ძალიან კარგი. დღეს ამის გაკეთება იქნება დამატებითი შფოთვა და არაფერი შედეგის მომტანი… კარგი ბიჭები ვითამაშოთ თუ აი რა?“ – კითხვაზე კითხვის გვპასუხობს ვახტანგ წულაძემ.

ვახტანგ წულაძის პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე.

„როცა ინიციატივაზე ვმუშაობდით, საფუძვლად ავიღეთ ოპოზიციიდან შემოსული წერილი და ამ წერილში მოყვანილი პათოსი. ვინაიდან მოცემულობა დღეს შეცვლილია და თბილისშიც კონსულტაციები მიმდინარეობს მრავალი მიმართულებით,  ვფიქრობ საკითხის შემდგომ ეტაპზე  გადასვლა საჭიროებს ხელახალ კონსულტაციებს. შესაძლებელია ინიციატივაც შეიცვალოს, რადგან ლოგიკა იყო იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი თუ იქნება პროპორციული, ჩვენ მას უნდა მივყვეთ,“ – თქვა ილია ვერძაძემ.

განმეორებით დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი პასუხობს:

„არ დადგება საკითხი… თქვენ მეკითხებით, თუ დადგება კენჭისყრაზეო და გეუბნებით, კონსულტაციები იქნება აუცილებლად. არ დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრაზე რა ფორმით დადგება, მერე გაგცემთ მაგაზე პასუხს, რადგან შეიძლება ფორმა შეიცვალოს,“ – ამბობს ილია ვერძაძე.

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას უჭერენ მხარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე და ნინო ჩხეტია.

„აუცილებლად დავუჭერ მხარს. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის სამართლიანი სისტემა ხმებისა და მანდატების გადანაწილების თვალსაზრისით. ვრჩები ერთგული იმ გადაწყვეტილების, რა გადაწყვეტილებაც მაქვს მიღებული,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

კიდევ ერთი მაჟორიტარი „ოცნებიდან“, ხვიჩა შარაშიძე კი ამბობს, რომ კონსულტაციებს გაივლის ხალხთან.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ მსჯელობა და მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე – ვთქვი, რომ გუნდურ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ ყოველთვის, მაგრამ მე როგორც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შევამჩნიე, არის ძალიან ბევრი, რომელიც ითხოვს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხვიჩა შარაშიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე მაშინ ხელი რატომ მოაწერა კანონპროექტის ინიცირებას, შარაშიძე პასუხობს:

„იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ ჩვენ კონსულტაციები გვქონდა. მოთხოვნა ხალხისგან, ფაქტობრივად, ნახევარი ითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, ნახევარი ითხოვს პროპორციულს. ჩვენ გუნდური გადაწყვეტილების მიხედვით, როგორც ჩათვალა გუნდმა საჭიროდ, იმიტომ მოვაწერეთ ხელი“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით  გაბაიძე კი მიანიშნებს, რომ კანონის დროებით გაჩერებით არაფერი ფუჭდება.

„ცოტა  მოვითმინოთ, არაფერი არ ფუჭდება ამ პროცესის თუნდაც გაჩერებით. დავილაპარაკებ კოლეგებთან, მე  მათგან უნდა მოვისმინო პოზიცია, ჩემი არგუმენტები უნდა ვუთხრა, მოსაზრებები, სად რა რისკები გვაქვს, პოლიტიკური თუ სამართლებრივი რისკი, ფინანსური საკითხები, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს და აქედან გამომდინარე, მივიღებთ უკვე საბოლოოდ რაციონალურ  გადაწყვეტილებას. თავის  დროზე არ ვიყავი ამ სისტემის მომხრეებს შორის, რადგან მე მიმაჩნდა, რომ ჩვენთან მაჟორიტარების ხვედრითი წილი უმაღლეს საბჭოში მცირეა. პარლამენტში მაჟორიტარების ის რაოდენობა იყო, რომ პრაქტიკულად ჩააგდეს კანონპროექტი. ჩვენთან იმდენად მცირეა მაჟორიტარების ხვედრითი წილი, რომ მათი უარყოფა გავლენას ვერ მოახდენს ამ პროცესზე. მხოლოდ  იმის გამო, რომ ცენტრში იცვლება საარჩევნო სისტემა არ უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და ახლა აღმოჩნდა, რომ ცენტრშიც ვერ შეიცვალა. და რამდენად გვაქვს  საარჩევნო სისტემის შეცვლის ინტერესი.

მე მგონია, რომ ეს ინტერესი შესაძლოა ოპოზიციურ პარტიებში არც კი იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, დღეს ღიად ეს არ მომისმენია. ამისათვის არც არავის არ სცალია და არც არის მაინცადამაინც ამ საკითხზე წერტილის დასმა აუცილებელი,“ – ამბობს დავით  გაბაიძე.

მთავარი ფოტო: უმაღლესი საბჭოს ფეისბუქ გვერდიდან.

ფოტოზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მზად იყო პირველი მოსმენით განხილვისათვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: