განათლება,მთავარი,სიახლეები

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

03.06.2019
528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვერ მოიპოვებენ, მათი ადგილი 2020 წლიდან ვაკანტურად გამოცხადდება.

რესურსცენტრისგან მიღებული მონაცემების მიხედვით,  ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებიდან ჯილდოზე განაცხადი გააკეთა 87-მა პენსიონერმა პედაგოგმა. პროფესიაში სულ 95 პენსიონერი პედაგოგი რჩება. თუმცა, როგორც ხულოს რესურსცენტრში გვეუბნებიან, აქედან უმეტესობას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

შუახევში 54 პენსიონერი გადის პროფესიიდან, 138 კი ჯერჯერობით სისტემაში რჩება.

ქედაში 47 პედაგოგი მიიღებს ჯილდოს და დატოვებს სკოლას, 43 კი – რჩება. აქაც, უმეტესობას უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინფორმაციით, პროფესიიდან გადის 105 პენსიონერი პედაგოგი, სკოლაში რჩება 102 პედაგოგი.

ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 200-მდე პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი მუშაობს. აქედან ჯილდოს სანაცვლოდ სკოლის დატოვების გადაწყვეტილება 91-მა პედაგოგმა მიიღო.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით,  საჯარო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება ბათუმში 144-მა პრაქტიკოსმა პენსიონერმა მიიღო. ბათუმში სულ 288 პენსიონერი პედაგოგი მუშაობს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის თქმით, ზოგიერთი მათგანი საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა.  

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 12 ათასი პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებელია. ახალი რეგულაციების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია აიმაღლოს სტატუსი, ან დატოვოს სკოლა ჯილდოს (ორი წლის ხელფასი აიღოს ჯამურად) სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგი წლის ბოლომდე ვერ მოახერხებს გახდეს უფროსი მასწავლებელი, ჯილდოზე კი უარს განაცხადებს, მისი ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება და უფრო კვალიფიკაციური კადრის გამოჩენის შემთხვევაში, მას სკოლის დატოვება ჯილდოს გარეშე მოუწევს.

პენსიონერ მასწავლებლებს პროფესიული კომპეტენციის დამტკიცება შეუძლიათ ზაფხულისა და შემოდგომის საგნობრივ გამოცდაზე.

__________________

მთავარი ფოტო: პენსიონერი პედაგოგები მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: