მთავარი,სიახლეები

ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

04.09.2019 • 1826
ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში, მრავალწლოვან ნარგავებს თხრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მცირდება სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. მათივე თქმით, ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ტროტუარი, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავენ.

„ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. კერძოდ, კეთდება გურამიშვილის ქუჩა. რაც შეეხება მცენარეებს, გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, დროებით ამოღებულია ორი ძირი ბარბარისი, რომელსაც სამუშაოების დასრულებისთანავე კვლავ დარგავენ. რაც შეეხება ტროტუარს, არ ფართოვდება. იყო 2,5 მეტრი სიგანის და სამუშაოების დასრულების შემდეგაც, ასეა პროექტით განსაზღვრული, დარჩება კვლავ 2,5 მეტრი“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

მოქალაქემ ფოტომასალა მოგვაწოდა და გვითხრა, რომ უკვე ამოღებულია ოთხი ძირი ხე.

სკვერი გურამიშვილის ქუჩაზე

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ „ჭაობში“ რამდენიმე ქუჩის [მათ შორის გურამიშვილის ქუჩის] მოწესრიგებაზე ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 2019 წლის 25 თებერვალს გააფორმა 6 293 513 ლარზე. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის 2 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო.

ბათუმის მერიაში თავდაპირველად ისიც გვითხრეს, რომ სამუშაოები არა სკვერში, არამედ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღნიშნული სკვერის ნაწილი, როგორც „ბათუმელებმა“ გადაამოწმა, მართლაც კერძო საკუთრებაშია. სკვერი სულ 676 კვადრატული მეტრია. აქედან 396 კვ/მ ბათუმის მერიის საკუთრებაა, ხოლო 280 კვ/მ – ზინეთლ თავართქილაძის [საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით. ამავე ამონაწერით, ეს ნაკვეთი თავართქილაძის საკუთრებაში 2005 წელს არის დარეგისტრირებული, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე].

ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერი ბათუმში. ყვითელი ფერით მონიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა, დანარჩენი კი – ბათუმის მერიის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: