ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი კომაშია

სამი წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 23 დეკემბერს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა, კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

„იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არის კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა. გუშინ მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ბავშვს ასევე აღენიშნებოდა მუცლის დახურული ტრავმა და მოტეხილობები ქვედა კიდურების არეში,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის იაშვილის კლინიკის დედათა და ბავშვთა ცენტრში.

ავარია ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე 23 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა აჭარაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა, მათი 10 წლის შვილი და ახლო ნათესავი. 3 წლის ბავშვი, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მანქანიდან ავარიის შედეგად გამოიტყორცნა და იგი გამვლელმა გადაიყვანა კლინიკაში.

ავარიის შედეგად დაშავებულია ტრაილერის მძღოლიც.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საბაჟო საზღვარზე ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი. ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 7 წლამდე ვადით.

ისწავლე ჟურნალისტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ფეხს უწყობს იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც ელვის სისწრაფით იცვლება დღევანდელ მსოფლიოში.  სწორედ ამიტომ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს მოდიფიცირებულ ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების (პრ) პროგრამებს სთავაზობს, რაც ითვალისწინებს  ქეისურ სწავლებას.  

ორივე კურსი მოიცავს ისეთ თანამედროვე მიმართულებებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, რეკლამა, ბრენდინგი და სხვა.  

გარდა ამისა, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი ბენეფიტია.   

უფრო  დეტალურად თავად ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელი ბიბილაშვილი გვესაუბრა 

[red_box]რას გულისხმობს განახლებული ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების  პროგრამა?[/red_box]

ერთი წლის წინ ჩავატარეთ კვლევა, გამოვკითხეთ როგორც დამსაქმებლები, აგრეთვე სტუდენტები და კურსდამთავრებულები, შედეგებმა გვაჩვენა, რომ პროგრამა საჭიროებდა მოდიფიცირებას, გადავედით სწავლების ახლებურ მეთოდზე, რაც გულისხმობს ქეისურ სწავლებას.

საქართველოს მასშტაბით, ერთადერთი უნივიერსიტეტი ვართ, სადაც დაემატა მონაცემთა ჟურნალისტიკის კურსი, გაძლიერდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება. კურსი აგებულია მულტიმედიურად მუშაობის პრინციპზე, რადგან ჩვენს კურსდამთავრებულებს, ჰქონდეთ ცოდნა როგორც ტელევიზიის სპეციფიკაზე, აგრეთვე რადიოსა და გაზეთზე.  განსაკუთრებით მინდა გამოვყო ინტერნეტ მედია, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და კურსდამთავრებულების უმეტესობა სწორედ, ინტერნეტ მედია პლატფორმას ირჩევს სამუშაოდ. 

შეიცვალა ე.წ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სასწავლო პროგრამა. ჩვენი სტუდენტები აღარ სწავლობენ ერთ კონკრეტულ მიმართულებას, მაგალითად მხოლოდ ღონისძიებების დაგეგმვას თუ წარდგენას, მოხდა კომპლექსური გაერთიანება, რაც აისახა პროგრამის სახელწოდებაშიც – „სტრატეგიული კომუნიკაციები“. 

სტრატეგიული კომუნიკაციები აერთიანებს, როგორც მარკეტინგის, სოციალური მედიისა და ანალიტიკის კურსს, აგრეთვე სტუდენტები გადიან  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ბრენდინგის, რეკლამის კურსებს, რაც მათ სრულყოფილ ცოდნას აძლევს კომუნიკაციების სფეროში. 

[red_box]როგორც ვიცით თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გვესაუბრეთ.[/red_box]

დასაწყისში მინდა აღვნიშნო, საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში არამარტო სტუდენტები არიან ჩაბმული, არამედ ჩვენი ლექტორებიც.   ბოლოს EJTA – ს (European Journalism Training Association) -საერთაშორის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტი წარდგა თემით „მედია მრავალფეროვნება საქართველოში“, სადაც ჩვენმა ლექტორებმა წარადგინეს თუ როგორ ხდება მედია მრავალფეროვნების გაშუქება საქართველოში და სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც გაეცნენ. 

რაც შეეხება სტუდენტურ პროექტებს, აგრეთვე EJTA-ს ფარგლებში, მათ პლატფორმაზე eufactcheck.eu- ზე განთავსდა საქართველოს უნივრსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტების სტატიები, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა რუსული გავლენების გავრცელება და ამავდროულად ევროპული სტერეოტიპების გავრცობა საქართველოში.

ევროპის საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაცია (EUPRERA) – ს ერთ-ერთი პროექტის  ფარგლებში ჩვენმა სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებმა იმუშავეს კვლევაზე “ქალები პიარში“, რომლის პირველი ეტაპიც დასრულდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალებში. 

ასევე,  გავწევრიანდით მესამე საერთშორისო ორგანიზაციაში ECREA (European Communication Research and Education Association), რომელთან თანამშრომლობასაც ახლა ვიწყებთ, რაც დამატებითი რესურესების გაჩენას გულისხმობს ჩვენი სტუდენტებისთვის. 

[red_box]კურსის მოდიფიცირების ფარგლებში კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს?[/red_box]

2020 წლის გაზაფხულზე დაემატება სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი პლატფორმა ქართული პრესის ისტორია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ვითარდებოდა ქართული პრესა. 

აგრეთვე ვიწყებთ „gePRA“-სთან (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო ორგანიზაცია) ერთად ონლაინ პიარ პლატფორმის შექმნას, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ ქართული ქეისები, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია, ონლაინ სივრცეში მოიძიონ და სამუშაოს პროცესი გაიმარტივონ, აგრეთვე მიიღონ რჩევები კომუნიკაციების  სპეციალისტებისაგან. ამ პროგრამის ფარგლებში, წარმატებული სტუდენტისთვის დაწესდება gePRA-ს სტიპენდიაც. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიხსნება gePRA-ს ცოდნის ოთახი, სადაც ჩატარდება მასტერკლასები და სტუდენტებს დამატებით შეეძლებათ ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში.  

ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება მატარებელი “თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი”

ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული  მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება.

დაიღუპა ერთი ოჯახის სამი წევრი და ნათესავი – ავტოავარია ქობულეთში

დღეს, 23 დეკემბერს, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე აჭარაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა, მათი 10 წლის შვილი და ახლო ნათესავი დაიღუპა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 3 წლის პატარა ბიჭი ამჟამად ბათუმის იაშვილის კლინიკის დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება და მას დღეს მეორე ოპერაცია უკეთდება.

„ბავშვს პოლიტრავმის ფონზე აღენიშნებოდა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, შინაგანი სისხლდენით. ქობულეთში სასწრაფოდ შეიყვანეს საოპერაციოში, გაიხსნა მუცლის ღრუ, გაიკერა ელენთა, რომელიც იყო გახეთქილი, ნაწლავი, პანკრეასი და შედეგად შეჩერდა სისხლდენა. რადგან ბავშვს აღენიშნება თავის ქალის დაზიანება, ოპერაციიდან პირდაპირ კატასტროფის მედიცინის მანქანით გადმოყვანილია ბათუმში იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში. ახლა მიმდინარეობს ნეიროქირირგიული ოპერაცია“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელმაც თავად მოინახულა ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი და მამაკაცი, ტრაილერის მძღოლი.

ავარია ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე დღეს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომაქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ალიანსი“ რუსთაველზე მშენებარე თაუერის სიმაღლეს 9 მეტრით ზრდის – შენობა 185 მეტრი იქნება 

„ალიანს ფრივილიჯიმ“  ბათუმში, რუსთაველი #42-ში, სამშენებლო პროექტში ცვლილება მოითხოვა, ცვლილება პროექტის სიმაღლის კიდევ 9 მეტრით გაზრდას ითვალისწინებს, შესაბამისად, შეთანხმებული 176 მეტრი სიმაღლე 185 მეტრამდე გაიზრდება, კომპანია კიდევ ორი სართულის დამატებას შეძლებს და  52 სართულის ნაცვლად 54 სართულს ააშენებს. ცვლილებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ 16 დეკემბერს იმსჯელა და შეითანხმა. ახლა კომპანიას მერიის თანხმობა სჭირდება, თუმცა ამავე კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიას შესაძლოა ეს ნებართვა უკვე მოპოვებულიც ჰქონდეს.

ადგილი, სადაც კომპანია 54-სართულიან თაუერს აშენებს, ბათუმის ბულვარს ესაზღვრება, ბულვარს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომაც მშენებლობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო ითანხმებს.

გარდა ამ ცვლილებისა, კომპანია პარკინგისა და სხვა დამხმარე ფართობებისთვის ორი მიწისქვეშა სართულის მოწყობას გეგმავდა და ახლა სამი სართულის მოწყობას აპირებს, თუმცა არ შეცვლილა კომპანიის ვალდებულებები პარკინგის ადგილების ოდენობასთან დაკავშირებით. „ალიანს ფრივილიჯის“ 130 მანქანის ადგილის მოწყობის ვალდებულება აქვს.

ამ დრომდე ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა „პორტა თაუერია“, მისი სიმაღლე 150 – მეტრამდეა, „ალიანს ფრივილიჯის“  შენობის სიმაღლე კი 185 მეტრი იქნება. დასრულების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში.

მაგრამ ეს სურათი შეიცვლება, თუ შპს „რივიერა ბათუმი“  ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილი პროექტის მშენებლობის ნებართვას მიიღებს. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯს“ ამ დროისთვის ოთხი მესაკუთრე ჰყავს:  15 % – აკაკი სონგულია; 16% – ბესიკ ჟღენტი; 18% – რუსეთის მოქალაქე ავთანდილ გორგილაძე; ხოლო 51%- ის მფლობელი „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის ვაჟი, თემურ ბიწაძეა.

54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები

 

ბათუმში ათ ქუჩაზე წყალი შეწყდა – კომპანიის განცხადება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ღამის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს:

  • ფიროსმანის ქუჩა
  • შარტავას ქუჩა
  • ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩა
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა
  • რუსთაველის ქუჩა
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩა
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა
  • ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა
  • ჯავახიშვილის ქუჩა
  • ვახტანგ გორგასალის ქუჩა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აცხადებს კომპანია.

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია ზოიძეს მხოლოდ „ანგარიშების შედგენის“ ფუნქცია დაუტოვა

დღეს, 23 დეკემბერს, პოლიციის სამმართველოდან ტელევიზიაში დაბრუნებულ ნათია ზოიძეს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეს, დირექტორმა ახალი ბრძანება დაახვედრა. ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა და ახლა ნათია ზოიძეს არც სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს, არც პროგრამული პრიორიტეტების შესრულების უზრუნველყოფა და არც სამსახურებრივი საქმიანობის კონტროლი. მისი ფუნქცია-მოვალეობა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოკლედ და მარტივად, წინა ხელშეკრულების მხოლოდ ერთი ვალდებულების ძალაში დატოვებით განსაზღვრა: „სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა/წარდგენა“.

ნათია ზოიძემ ასევე უნდა შეასრულოს გიორგი კოხრეიძის დავალებით შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული სამსახურებრივი ამოცანები.

ნათია ზოიძე დღეს, 23 დეკემბერს, გამოკითხეს პოლიციის მთავარ სამმართველოში – ნათია ზოიძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შრომითი თავისუფლების ხელყოფასთან გვაქვს საქმე.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ამბობს, რომ ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე დევნის, შრომითი ხელშეკრულებაა. გიორგი კოხრეიძემ აქამდეც მიიჩნევდა, რომ ნათია ზოიძეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება არ აქვს, თუმცა ის ვერც აქამდე და არც ახლა, არ აკონკრეტებს: რატომ შეიძლება არ ჰქონდეს ტელევიზიის დირექტორის მოადგილეს „სარედაქციო პოლიტიკის მართვის“ უფლება, რაც კანონით გარანტირებულ სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს?

ბრძანებაში, რომელიც გიორგი კოხრეიძემ დღეს გამოსცა, აღნიშნულია:

„მაუწყებლის სარედაქციო  პოლიტიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობა, სარედაქციო გადაწყვეტილების მიღება, რომლის მართვაზეც პასუხისმგებელი არ შეიძლება იყოს მაუწყებლის დირექტორის პირველი მოადგილე, ან/და მაუწყებლის დირექტორი, ვინაიდან რედაქცია/ჟურნალისტი სარედაქციო საქმიანობაში და სარედაქციო გადაწყვეტილების მიღებაში ხელშეუვალია და მას იცავს კანონი. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის მართვა არაუფლებამოსილი პირის მიერ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს,“ – წერია ბრძანებაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება გიორგი კოხრეიძემ.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ ამ საკითხს დამოუკიდებელი იურისტები შეისწავლიდნენ და მომზადდებოდა სამართლებრივი დასკვნა, თუმცა ბრძანებაში ამის შესახებ არაფერი წერია. დამოუკიდებელმა იურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს.

რის საფუძველზე მიიჩნია გიორგი კოხრეიძემ სარედაქციო პოლიტიკისგან ნათია ზოიძის ჩამოშორება მართებულად? – ამ კითხვის დასმა გიორგი კოხრეიძისთვის გვინდოდა, თუმცა მან გვითხრა, რომ არ გვიპასუხებს.

„ნახეთ ბრძანება, იქ განმარტებულია ყველაფერი,“ – მხოლოდ ეს გვითხრა გიორგი კოხრეიძემ. მისთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, რისთვის უნდა არსებობდეს პირველი მოადგილე, თუკი მისი საქმე მხოლოდ ანგარიშების წერა იქნება.

გიორგი კოხრეიძის ბრძანების გასაჩივრებას ნათია ზოიძე სასამართლოში აპირებს. მის ინტერესებს საია დაიცავს.

სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა

ქობულეთში ყველაზე დიდი საწარმო რომ მანდარინს აღარ იღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა. მოქალაქის თქმით, მას ახალსოფელში მდებარე საწარმოში – „ქართული მანდარინი“, უარი უთხრეს როგორც სტანდარტული, ასევე არასტადარტული მანდარინის მიღებაზე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმო მანდარინს აღარ იღებს.

„არასტანდარტული აღარ არის, ამოიწურა, სტანდარტულს კი იღებს ჩვეულებრივად,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესცენტრში.

„მიღება შეჩერებულია უკვე ორი დღეა, ჩვენ გეგმა უკვე შევასრულეთ და შევაჩერეთ, როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის მიღება,“ – ამბობს დავით კეკელიძე, შპს „ქართული მანდარინის“ წარმომადგენელი. მისივე განმარტებით, საწარმოში 2 ათასი ტონა არასტანდარტული, ხოლო 400 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი მიიღეს.

ქობულეთში მცხოვრები ადამიანების თქმით, ასევე რიგი დგას რუსთაველის ქუჩაზე იმ საწარმოსთან, სადაც მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს იბარებენ. რამდენიმე მოქალაქე ირწმუნება, რომ საწარმოში რიგის გარეშე მაშინ შეხვალ, თუკი ფულს – დაახლოებით 30 ლარს გადაიხდი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში ამ ინფორმაციასაც აბსურდი უწოდეს და თქვეს, რომ რიგი საწარმოსთან საერთოდ არ არის. „ბათუმელებს“ მოქალაქემ გამოუგზავნა დღეს, 23 დეკემბერს, გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ საწარმოსთან რიგია.

„ბათუმელებმა“ სცადა კომპანია GIAM Group-თან დაკავშირება. ეს კომპანია იბარებს ქობულეთში არასტანდარტულ მანდარინს, თუმცა საწარმოს დირექტორმა, რევაზ გოგიტიძემ, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

—————————————————-

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია [რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზეირბაიჯანი, ლიეტუვა, ყატარი, სლოვენია, სინგაპური, ბელორუსია, მოლდოვა] 18 650 ტონა სტანდარტული მანდარინი, ასევე მიღებული და გადამუშავებულია 4300 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა.

მანდარინით დატვირთული მანქანების რიგი ქობულეთში / 23.12.2019, სულხან ანანიძის ფოტო

 

„აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ პოლიციაში ნათია ზოიძე გამოკითხეს

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის გამოკითხვა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ნათია ზოიძე გიორგი კოხრეიძის არჩევამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და აცხადებს, რომ ახალი დირექტორი მას დევნის.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით ნათია ზოიძემ პროკურატურას 14 დეკემბერს მიმართა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს, ნათია ზოიძის გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა, განმარტავს, რომ დაწყებულია მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, რაც „შრომის თავისუფლების ხელყოფას“ გულისხმობს, გამოძიება კი, ჯერ არ დაწყებულა.  

„ჩვენ წარვადგინეთ განცხადება ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, დირექტორის იმ განცხადებაზე, რომ ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მივიჩნევთ, რომ დირექტორი ამით ერევა შრომით საქმიანობაში. ასევე დირექტორი საუბრობს ბეჟან გობაძის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის გაცემის უფლება ჰქონდა თუ არა ნათია ზოიძეს და ამბობს იმასაც, რომ მისთვის ცნობილია კონკრეტული სატელეფონო საუბრების შესახებ… ჩვენ მივაწვდით გამოძიებას წერილობით მტკიცებულებებსაც. ვფქირობთ, რომ იკვეთება 168-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, ამ თანამდებობაზე არჩევისთანავე ნათია ზოიძეს უთხრა, რომ ის სარედაქციო პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს. ნათია ზოიძესთან წინა დირექტორის – ნათია კაპანაძის გაფორმებული ხელშეკრულება კი, მისგან სწორედ სარედაქციო პოლიტიკის მართვას ითვალისწინებს, რამაც ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს გიორგი კოხრეიძემ ვერ დაგვისახელა კონკრტული სამართლებრივი ნორმა, რომელსაც ეწინააღმდეგება ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება.

გიორგი კოხრეიძე ასევე აცხადებს, რომ მან იცის ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერების შესახებ, რომელსაც გაასაჯაროებს, თუ მისი პირობები არ იქნება მიღებული: „მაქვს მე ეჭვები და მაჩვენებს დრო, დაკვირვება, ვისთან ჰქონდა, როგორ ჰქონდა კავშირი“ .

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს, საიდან ჰქონდა წვდომა გიორგი კოხრეიძეს სხვა პირის სატელეფონო საუბრებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რითაც გამოძიება შესაძლოა დაინტერესდეს, ტელევიზიის არქივის მასალებია. გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ არქივის მასალა უსასყიდლოდ გაიტანეს იმ დროს, როცა ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა.

საია-ს იურისტის თქმით, გამომძიებლებს მოკვლევის ფარგლებში ამ პროცესის მონაწილე სხვა ადამიანების, მათ შორის, ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის პოზიციები ჯერ არ მოუსმენიათ.

 

კლინიკაში იმყოფებიან 3 წლამდე ბავშვი და ტრაილერის მძღოლი – ავარია ქობულეთის გზაზე

დღეს, 23 დეკემბერს, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი გადაყვანილია კლინიკაში. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

„ოთხი გარდაცვლილი იყო მანქანაში, ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ერთი, სავარაუდოდ, ათი წლის ბავშვი.

დაახლოებით სამ წლამდე ბავშვი, რომელიც მანქანიდან იყო გამოტყორცნილი, გადაყვანილია კლინიკაში გამვლელის მიერ. კლინიკაში იმყოფება ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, ტრაილერის მძღოლი, რომელმაც დამუხრუჭებისას, სავარაუდოდ, თავი მიარტყა მინას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

კლინიკის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, მსუბუქ ავტომობილში მყოფნი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ არა.

__________

ფოტოზე: ავარია ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე. ფოტო: თვითმხილველი

ავარია ქობულეთის გზაზე – გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის ერთი ათ წლამდე ბავშვია

დღეს, 23 დეკემბერს, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს.

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ათ წლამდე ბავშვია. სასწრაფომ ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

_________

ფოტოზე: ავარია ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე. ფოტო: თვითმხილველი

ამბის გაგრძელება

კლინიკაში იმყოფებიან 3 წლამდე ბავშვი და ტრაილერის მძღოლი – ავარია ქობულეთის გზაზე

ექიმს მის მიერ გადარჩენილმა პაციენტმა გადასცა ჯილდო – აჭარაში 23 მედიკოსი დააჯილდოვეს

დღეს, 23 დეკემბერს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯილდოვა ექიმები, რომელთაც წელს პროფესიული საქმიანობით გამოიჩინეს თავი და ასევე, მედიკოსები, რომლებიც მრავალი წელია მუშაობენ რეგიონში.

მადლობის სიგელი გადაეცათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგებს: ვაჟა თედორაძეს, ეთერ იფშირაძეს, ინგა კონცელიძესა და ანესთეზიოლოგს – რუსუდან ფარტენაძეს,  რომელთაც 18 დეკემბერს ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის გადარჩენა შეძლეს.

ჯილდო გადაეცა 90 წლის ექიმს, ირა ვასაძეს, რომელიც ბათუმის ყოფილ N1 საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში 50 წლის განმავლობაში მუშაობდა.

კრიზისის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ჯილდო გადაეცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, ანა ვერულიძეს, რომელმაც ბინაზე ორი მშობიარობა მიიღო, ერთ შემთხვევაში დაიბადა ტყუპი ბიჭი, მეორე შემთხვევაში დედას მეათე შვილი, ვაჟი გაუჩნდა.

სიგელი გადაეცა 83 წლის ექთანს, ნაზი ჩაზმავას, რომელიც 43 წელი მუშაობდა ბათუმის სასწრაფოში მთავარ ექთნად.

აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა მამუკა შარაშიძე, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგი. მან რეგიონში პირველმა დამოუკიდებლად ჩაატარა მენჯ-ბარძაყის პროთეზირება და მუხლის ართროსკოპია.

კურორტზე დამსვენებლებისა და მოიალაღეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის დაჯილდოვდა გულვარდი (გულერი) დეკანაძე, კურორტ ბეშუმის მედდა, რომელთან დაკავშირებითაც სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტიდან რამდენჯერმე მიიღო წერილი, 100-მდე მოქალაქის ხელწერით.

ჯილდო გადაეცა „მედინას“ ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რეანიმატოლოგ მზია ბერიძეს, აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯილდოვა, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმი რეანიმატოლოგი დარეჯან ბერიძე, რომელმაც, სამინისტროს განცხადებით, წელს გადამწყვეტი როლი შეასრულა 9 წლის პაციენტის გადარჩენაში, კერძოდ, მან შეძლო დაავადების დროული დიაგნოსტიკა, რომელიც აღნიშნულ ასაკში უიშვიათესია. მის მიერ განხორციელებულმა დროულმა ჩარევამ და გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების თანმიმდევრულად ჩატარებამ განაპირობა 9 წლის ბავშვის გადარჩენა.

ექიმებს, რომლებმაც ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, ჯილდო თორნიკე რიჟვაძემ გადასცა

სიგელი გადაეცა საზღვაო ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ დავით ბერიძეს აჭარაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დავით ბერიძეს ჩატარებული აქვს 20 000-ზე მეტი წარმატებული ანესთეზია, მათ შორის დაახლოებით 7000 – სპინალური.

ჯილდო გადაეცა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, ნინო გურგენიძეს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.  პირველ შემთხვევაში ექიმმა 50 წლის მამაკაცი გადაარჩინა, რომელსაც გული ჰქონდა გაჩერებული. ნინო გურგენიძის მიერ ჩატარებული იქნა პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები და პაციენტი გადაყვანილი იქნა  ჰოსპიტალში, რომელიც გადარჩა. მეორე შემთხვევში კი ექიმმა მოხუც ქალს აღმოუჩინა დახმარება და შეუნარჩუნა სიცოცხლე.

ქედის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის სიგელები გადაეცათ ნატო ბეჟანიძესა და მზია მახარაძეს. ნატო ბეჟანიძე შუახევის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს რეანიმატოლოგია, ხოლო მზია მახარაძე ქედის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი, ნეონატოლოგი და პარალელურად მუშაობს ქედის თემის ამბულატორიაში ოჯახის ექიმად.

ჯილდო გადაეცა კლინიკა „მედცენტრის“ უროლოგს, როსტომ ხალვაშს უროლოგიაში ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური თანამედროვე მეთოდების გამოყენებისათვის.

კრიზისულ სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის, ჯილდო გადაეცა  „მედალფას“ ბონის კლინიკის რეანიმატოლოგ პაატა გაგუას, რომელმაც მოქალაქე გიორგი აბაშიძე გადაარჩინა. პაციენტი ზღვაში დახრჩობას გადაურჩა და კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს. სიგელი ექიმ პაატა გაგუას იმ პაციენტმა გადასცა, რომელიც მან გადაარჩინა.

აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის ასევე სიგელი გადაეცა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ექიმ-რენტგენოლოგს  ჟიგული კაკალიაშვილსა და ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმ – ფსიქიატრს მარინა ჭელიძეს.

სამინისტრომ დააჯილდოვა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ინტერვენციული კარდიოლოგი ირაკლი ხვიჩია. მიმდინარე წლის აპრილში ბათუმში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიის სამეფოს დელეგაცია. ვიზიტის ბოლო დღეს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, იორდანიელი დიპლომატი შეუძლოდ გახდა და გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის ექიმების, განსაკუთრებით კი, ირაკლი ხვიჩიას მიერ გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დიპლომატი გადარჩა და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნება. აღნიშნული შემთხვევის გამო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან მადლობის წერილი მიიღო.

ბათუმის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადაეცა ბათუმის N1 პოლიკლინიკის ნევროლოგ მარინა ფირცხალაიშვილს.

სამინისტრომ დააჯილდოვა ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი გურამ ჩანტლაძე, რომელსაც, როგორც დაჯილდოვების ცერემონიაზე ითქვა, უამრავი რთული შემთხვევა ჰქონია სამედიცინო პრაქტიკაში, რომელიც წარმატებით დასრულდა.

სიგელი გადაეცა ზურაბ ორაგველიძეს, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმ რეანიმატოლოგს, აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის.

სამინისტრომ დააჯილდოვა როლანდ დიდმანიძე, ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. მას 2020 წლის პირველ იანვარს 85 წელი შეუსრულდება.

სამინისტრომ დაჯილდოებულ ექიმებს სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

____________

მთავარ ფოტოზე: ექიმ პაატა გაგუას ყოფილმა პაციენტმა გადასცა ჯილდო. ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

 

„ერმაკოვის საქმეზე“ სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

„იმედი მაქვს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში, თუ პატიმრობაში მყოფი, ბედნიერი შეხვდებიან ოჯახებში ახალ წელს,“ – ასე დაასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა სიმონ ასათიანმა. იგი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის და კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ხინთიბიძის ინტერესებს იცავს.

ამ საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უკვე მოისმინა პროკურორის და ადვოკატების დასკვნითი სიტყვები. კიდევ ერთ სხდომაზე მხარეებს შორის პაექრობა გაიმართება, სადაც პროკურორები და ადვოკატები, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები, ერთმანეთს რეპლიკებით მიმართავენ. სავარაუდოდ, ახალ წლამდე სასამართლო „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღეს, 23 დეკემბერს, მოსამართლემ თენგიზ პეტრიძის, ვლადიმერ ხინთიბიძისა და მათი ადვოკატის პოზიციები მოისმინა.

„ბუნენაში არ არსებობს 100-პროცენტიანი დაზღვევა არაფრის,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა სიმონ ასათიანმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაზღვეული ყოფილიყო რისკები „იაფი სახლის“ პროექტზე.

„ასე შესაძლოა ნებისმიერი სატენდერო კომისიის წევრს წაუყენო ბრალი,“ – აღნიშნა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა, თენგიზ პეტრიძემ. მან სხვა პროექტები გაიხსენა, მაგალითად, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ან „ჭაჭის კოშკის“ მშენებლობა.

„ამ შემთხვევებშიც ანალოგიური მიდგომები გვქონდა სატენდერო კომისიას, მაგრამ აუდიტს ან შესყიდვების სააგენტოს შენიშვნაც კი არ ჰქონია,“ – დასძინა თენგიზ პეტრიძემ.

„არ გვქონდა ჩვენ დისკვალიფიკაციის უფლება, სურვილის შემთხვევაშიც კი,“ – მიმართა მან მოსამართლეს.

ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა ასევე თქვა, რომ ბაზრის შესწავლა „არსებული მეთოდოლოგიით“ მოხდა და ბრალდების პოზიციას არც ამ ნაწილში ეთანხმება.

აუდიტის სამსახურის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა სიმონ ასათიანმა.

„არავინ იმჩნევს აუდიტის დასკვნის იმ ჩანაწერს, სადაც აღნიშნულია, რომ ის წარმოადგენს მოსაზრებას… აუდიტი ამბობს, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები შეაფასა თავისი ინტერპრეტაციით. კატეგორიულად რაღაცის თქმა არ შეუძლია აუდიტს,“ – აღნიშნა სიმონ ასათიანმა.

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 2019 წლის 30 მაისს დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება.

182-ე მუხლი მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

332-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით.

ბათუმის ბულვარი ზღაპრული ახალი წლისთვის ემზადება

წელს, ბათუმის ბულვარი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება.

სტუმრებს განსაკუთრებულად მორთული, საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებული ბულვარი დახვდებათ.

ევროპის მოედნის ნაცვლად მთავარი ღონისძიებები და საახალწლო სანახაობები ზღვისპირა ბულვარში გადმოინაცვლებს. 25 დეკემბერს, კი მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში აინთება.

განსაკუთრებულად ირთვება შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით იფუთება. ბათუმის ბულვარში საახალწლო სამზადისი დასრულების ეტაპზეა და საახალწლო განწყობაც უკვე იგრძნობა.

ზღაპრულად მორთული ბულვარი საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან – 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

„დღეში 90-ზე მეტი ბავშვი მოჰყავთ გრიპის ვირუსით“ – ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი

ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა კლინიკას დღეში 90 ან მეტი პაციენტი მიმართავს – ინფორმაცია ამის შესახებ  „ბათუმელებს“ ამავე კლინიკის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ დაუდასტურა.

„გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა განსაკუთრებით რთული შემთხვევები არ აღინიშნება, მომართვიანობა დროულია. რეანიმაციულ განყოფილებაში ამჯერად მკურნალობას არც ერთი პაციენტი არ გადის, უმეტესწილად პედიატრიულ დეპარტამენტში არიან პაციენტები განთავსებული,” – ამბობს თამარ ბახტაძე.

მისივე თქმით, მოცემულ მომენტში ძირითადად ცირკულირებს გრიპი და გრიპისმაგვარი რამდენიმე ვირუსი, რომელთა იდენტიფიცირებაც ამჯერად არ ხდება. ძირითადად, ეს არის  A და B ტიპის ვირუსები.

დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის დირექტორის განმარტებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურია და გრიპის ვირუსით პაციენტები კლინიკას სწორედ ამ დროიდან, დეკემბრის ბოლოდან მიმართავდნენ.

გრიპის ვირუსისგან თავდაცვის საშუალება გრიპის ვაქცინაა, რომელსაც ყოველ წელს იკეთებენ, თუმცა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის ვაქცინა დეფიციტად იქცა მათთვის, ვინც რისკჯგუფებში არ შედის და სახელმწიფოსგან ვაქცინის უფასო დოზა არ ერგება.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსის – ეკატერინე ადამიას თქმით, დეფიციტი შეიქმნა ვაქცინაზე გაორმაგებული მოთხოვნის გამო, რაც წელს აფთიაქებმა და კერძო კლინიკებმა ვერ დააკმაყოფილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით შარშან კომერციულ სექტორს გრიპის ვაქცინა „ჩაუწვა” და შესაბამისად იმავე შედეგის ასაცილებლად მათ წელს ვაქცინის დიდი რაოდენობა არ შეუკვეთეს მწარმოებელ ფრანგულ კომპანია ,,სანოფი პასტერს”.

„მინდა, მოვუწოდო კომერციულ სექტორს, აფთიაქებს, უფრო მომზადებული შეხვდნენ მომავალ წელს ვაქცინების მიწოდების მხრივ. ტექნიკურადაც რთულია ვაქცინების მოწოდების პროცესი, რადგან დროში იწელება, თუ თავიდანვე არ გაკეთდა დიდი შეკვეთა. მერე  მომწოდებელი ვეღარ ასწრებს მოწოდებას, ვფიქრობ, დაგეგმვის პროცესია უფრო ყურადღებით გასათვლელი. თუ ჩვენი მოქალაქეებიც ვაქცინის დროულად, ადრეულ შემოდგომაზე შეკვეთის კულტურას გამოიმუშავებენ, ფარმაცევტებსაც ექნებათ იმედი, რომ რეალიზაციას მოახდენს იმ რაოდენობის რამდენსაც შემოიტანს მე არა მგონია, რომ მერე რამე პრობლემა შეიქმნას” – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან” საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსმა.

რა ღონისძიებები გაიმართება საახალწლო დღეებში ბათუმში – პროგრამა

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებით დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საახალწლო ღონისძებები წელს ბათუმის ბულვარში გაიმართება, მთავარი სცენა საზაფხულო თეატრის წინ იქნება, თუმცა კონცერების ნაწილი გაიმართება ასევე ბულვარში, კოლონადებისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყოველ საღამოს პროგრამას დიჯეები დაასრულებენ.

საახალწლო დღეების პროგრამა ბათუმში ასე გამოიყურება:

25 დეკემბერი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – ბასტი ბუბუ
18:00 საათზე: კონცერტი ნაძვის ხის ანთებამდე – ავთო აბესლამიძე, ლაშა ღლონტი, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, ანრი გუჩმანიძე, სანდრო კურცხალიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა ტუღუში, ხვიჩა მაღლაკელიძე, აჩიკო ბერიძე, გიორგი ფუტკარაძე, ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი
20:00 საათზე: ბათუმის მთავარი ნაძვის ხის ანთება
21:30 საათზე: Lilu

26 დეკემბერი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – ზღვის შვილები , St Dance studio
18:00 საათზე: Asea Sool, Melomaniakk
21:00 საათზე: Deep Town

27 დეკემბერი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – ლიმპოპო
20:00 საათზე: ჩემი ბენდი
21:00 საათზე: Khilla

28 დეკემბერი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი სტუდია “დული – ლული”
19:00 საათზე: sd&s, Babilon
21:00 საათზე: Bene

29 დეკემბერი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – ცელქი ბავშვები
19:00 საათზე: Override, Geoplanet
21:00 საათზე: Mari

30 დეკემბერი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი სტუდია Art BMT
21:00 საათზე: Chiki

31 დეკემბერი

16:00 საათზე: Babba
19:00 საათზე: Lasha Guruli
23:00 საათზე: გალა კონცერტი.  წამყვანები: ნიკოლოზ რაჭველი, ლიკა ევგენიძე, სოფო ხალვაში. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.

გალა კონცერტში მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე (ბენდით), სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე.  ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ბერიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ნონა კორიფაძე, ანსამბლი „ბათუმი“, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, კახაბერი და ხანუმები.

1 იანვარი

20:00 საათზე: Road Radio
21:00 საათზე: Maja

2 იანვარი

14:00 საათზე  საბავშვო კონცერტი – „ნიჟარა“
18:00 საათზე: კონცერტი – ნატო თურმანიძე, თამარ მეჭიაური, თამუნა მიქელაძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ტუღუში, გიორგი დიასამიძე, სულხან დევაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნანუკა მიქაძე, ლადო ყატაშვილი, სალომე კალანდაძე, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ცხადაძე, მერაბიკო დოლიძე, „ლურჯი იალქანი“.
21:00 საათზე: Beqa

3 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ჰარმონია
20:00 საათზე: Elrow
21:00 საათზე: MicheleBe

4 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე
20:00 საათზე: ირაკლი ფაღავა
21:00 საათზე: Kimo

5 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე
20:00 საათზე: SeaSide
21:00 საათზე: Yakudza

6 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი School Band
20:00 საათზე: ბენდი „თავისუფალი სივრცე”
21:00 საათზე: Nika Jakeli

7 იანვარი

20:00 საათზე: სტეფანე
21:00 საათზე: Spacecraft

______________

ამავე თემაზე: 

44 125 ლარი მომღერლებისა და წამყვანების ჰონორარისთვის – საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ქალი თავისა და მუცლის ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 23 დეკემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე. მაიკოვსკის ქუჩაზე ფეხით მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ქალი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.

„მდგომარეობა მძიმეა, არის თავისა და მუცლის ტრავმები, სავარაუდოდ მოტეხილია ქვედა კიდურიც. უკონტაქტოა და აპარატზე იქნა აყვანილი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ბათუმში პარასკევამდე არ იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 23 დეკემბრის 21 საათიდან 24 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 0-3 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25-26 დეკემბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში [ფოტო]

ოპოზიცია დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ერთიან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შეკრებილების მოთხოვნა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემაა, დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა.

აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და პორტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ვარდების სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მათ ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

აქცია – ერთად ერთის წინააღმდეგ
აქცია – ერთად ერთის წინააღმდეგ
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
აქცია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში / 22.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს [live]

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს [live]

ოპოზიცია დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ერთიან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შეკრებილების მოთხოვნა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემაა, დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა.

საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და პორტთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობას მოაწყობენ მემედ აბაშიძის ქუჩაზე. შემდეგ კი გადაინაცვლებენ ვარდების სკვერში, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე

ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს 200 მანათობელი „ქოლგით“ მორთეს. მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციული სანათები , მათ შორის, სანათი „ქოლგები“, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად.

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე / 22.12.2019 / ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

ბათუმის კულტურის ცენტრს სანათების შეძენაზე ტენდერიც ზუსტად ამ თანხით ჰქონდა გამოცხადებული. დოკუმენტების მიხედვით, ერთ ქოლგაში, რომელიც ჩინური წარმოებისაა, 125 ლარია გადახდილი [ჯამში 25 000 ლარი].

12 800 ლარია გადახდილი 400 ცალ დეკორატიულ ნათურაში, 6 500 ლარი – ტენტის დეკორატიულ სარტყელში [ნაძვის ხის კენწეროსთვის] და 7 800 ლარი – ნაძვის ხის თავსართ დეკორატიულ ვარსკვლავში.

ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს 25 დეკემბერს აანთებენ.

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე / 22.12.2019 / ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

2020 წელს მთავარი საახალწლო კონცერტი ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ გაიმართება. მთავარი კონცერტის სცენა ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება, ხოლო მთავარი ნაძვის ხე ბულვარის კოლონადებთან მრგვალ შადრევანზე დადგეს.

საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასა თუ ქალაქის გაფორმებაში ჩართულნი არიან ქალაქ ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურები, ბათუმის ბულვარი და სხვა ორგანიზაციები. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ჯამში, ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან, მიმდინარე წელს 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

საახალწლოდ ბათუმის ქუჩების მოსართავად 428 423 ლარია გათვალისწინებული

ბათუმში შენარჩუნდება უნალექო დღეები – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო;
  • შიდა მთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10დმ(2-3 ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი. მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 24 და 25 დეკემბერს აჭარის ზღვისპირა ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

რძალმა მულისა და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო FB-ზე გაავრცელა – განაჩენი

ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა გურიაში, ლანჩხუთში მცხოვრებ ქალს პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელებისთვის მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით, ქალმა თავისი მულისა და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო ჯერ უკანონოდ მოიპოვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ატვირთა, „რითაც ნ.-ს და კ.-ს სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლემ ამ საქმეზე მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება მოისმინა, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო და თქვა, რომ „ინანიებს ჩადენილ ქმედებას“. მას სადავოდ არ გაუხდია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს სხვების პოზიციები, მათ შორის, დაზარალებულების, არ მოუსმენია.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ ყოფილა და ჩადენილი დანაშაული მოინანია, მოსამართლემ მას სასჯელი პირობით ჩაუთვალა, ხოლო გამოსაცდელ ვადად ორი წელი დაუდგინა.

„არ არის სიმაღლის შეზღუდვა“ – ბათუმი Forbes-ის საინვესტიციო ქალაქების სიაში

ბათუმი Forbes-ის 2020 წლის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების სიაში მოხვდა. სიაში კიდევ ევროპის ხუთი ქალაქია.

ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რის გამოც გამოცემის შეფასებით, ბათუმს ინვესტორები ირჩევენ, ესაა მშენებლობების შეუზღუდავი სიმაღლე. „ამ დროისთვის ახალ შენობებზე არ არის დაწესებული სიმაღლის შეზღუდვები, ამიტომ დეველოპერები და მყიდველები მაქსიმალურად იყენებენ შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბათუმი შავი ზღვის პოპულარული კურორტია და აქ 2018 წლიდან 2019 წლამდე 22 752 საცხოვრებელი ბინა აშენდა.

ბათუმში უკვე 14 წელია და მეხუთე მერის პირობებში გენერალური გეგმის გარეშე მიმდინარეობს მშენებლობები. უსისტემო და ქაოტური მშენებლობების შედეგს კი, მოქალაქეები ყოველდღიურად ხედავენ.

ამ თემაზე:

ქალაქი შენი ფანჯრიდან

„ახალი ნაგავსაყრელი შეიცავს საფრთხეს“ – 4 მოქალაქე მთავრობას სასამართლოში უჩივის

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში შესაძლოა შეჩერდეს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მშენებლობა უკანონოა. ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეები სოფელ ცეცხლაურში ცხოვრობენ, სადაც ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მთავრობამ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ეს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა უკანონოა, შეიცავს საფრთხეს და არღვევს მათი საკუთრებას უფლებას. მგელაძეებმა სარჩელით უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, ასევე „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“, რომლის გაცემული ნებართვის საფუძველზეც ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელეები ამ ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვენ.

„ნებართვა გაცემულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევბით. ამასთან, არსებული ნაგავსაყრელის მშენებლობა არსებული წესით საფრთხეში აგდებს მოსარჩელეთა სიცოცხლესა და ჯანმრთღელობას, მათ საკუთრების უფლებას და განვითარების უფლებას,“ – მიიჩნევს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი მოსარჩელეების ინტერესებს იცავს სასამართლოში.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც იურისტი მიიჩნევს, რომ ნებართვა უკანონოა, არის მანძილი მოსარჩელეების საკუთრებიდან ახალ ნაგავსაყრელამდე.

„საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებსა და ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას შორის მანძილი თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში არ აღემატება 250-300 მეტრს. ცხადია, აღნიშნული ფაქტი, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს NN421 დადგენილების „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომ მანძილი საცხოვრებელი სახლებიდან ნაგავსაყრელის საზღვრებამდე უნდა იყოს არანაკლებ 500 მეტრი. წარმოდგენილი ფაქტი კი საერთოდ ეჭქვეშ აყენებს მშენებლობის პროცესის კანონიერებას,“ – წერია სარჩელში.

სარჩელის მომზადებამდე მგელაძეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით 2019 წლის სექტემბერში მიმართეს, თუმცა სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი გადაწყვეტილება არ მიუღია.

„სამინისტროს „დუმილს“ მივიჩნევთ უარად, რის გამოც მივმართავთ სასამართლოს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით,“ – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

მოსარჩელეების მტკიცებით, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ისე ჩაატარა ადმინისტრაციული საქმისწარმოება ამ საქმეზე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა კანონიერი ინტერესები არ შეუსწავლია. ასევე, სადავოა ექსპერტიზის დასკვნები, რადგან მიწის კონფიგურაცია არაერთხელ შეიცვალა, ვიდრე საქმისწარმოება დასრულდებოდა – სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი 2013 წლიდან განიხილება.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა რამდენჯერმე შეფერხდა. ერთ-ერთი პრობლემა 5 მილიონი ლარის მითვისება იყო – 2017 წელს ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის გამოყოფილი ფულის მითვისების ბრალდებით შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მთავარი ფოტო: ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ამ თემაზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

გადასაყრელი ფეხსაცმელების განაწილებაზე ბათუმში რიგი დადგა 

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ნაგავში გადასაყრელად გამზადებულ ფეხსაცმელზე ხალხის რიგია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ფეხსაცმელი ახალი, მაგრამ ზომები არეულია, ან ერთ წყვილში ორივე მარჯვენაა.

წერეთლის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში გვითხრეს, რომ ნაგავში გადასაყრელად ის ფეხსაცმელები გაიტანეს, რომლებსაც  ვერ ჰყიდნენ სხვადასხვა წუნის გამო. ფუთებში მოთავსებული ფეხსაცმელი ადამიანებმა ამოაწყვეს და მათ განაწილებას ცდილობენ.

წერეთლის ქუჩა, 21 დეკემბერი, ფოტო „ბათუმელები“

 

 

 

“დანა ორჯერ არ დამირტყამს”- პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

„გამოვიყენებ დუმილის უფლებას,“ – მიმართა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გელა ჭაღალიძემ. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი გაიმართა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კადრებში, რომლებიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

პროცესის დასაწყისშივე ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ მას პროცესზე წარმოდგენილი, ე.წ. სახაზინო ადვოკატის მომსახურება არ სურს.

“ჩემს ოჯახს აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ,”- აღნიშნა ბრალდებულმა გელა ჭაღალიძემ, თუმცა პროცესზე მას კერძო ადვოკატი არ წარმოუდგენია.

“მას ჰქონდა დრო შეერჩია ადვოკატი… ჩვენ დროში შეზღუდული ვართ,”- უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

მოსამართლემ ბრალდებულის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დასძინა, რომ მას იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გამიზნულად დაარტყა დანა პოლიციელს მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიციელი იყო.  პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე ამბობს, რომ აქამდე პოლიციელს, რომელიც დაჭრეს, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია ბრალდებულთან.

„პოლიციისადმი მტრულ დამოკიდებულებას მოწმობს ის, რომ ის 2018 წელს ადმინისტრაციულო წესით სახდელდადებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო,”- დასძინა პროკურორმა. მისივე თქმით, ბრალდებული ნასამართლევი არ ყოფილა.

პროკურატურას არ აქვს ვერსია, რატომ დაესხა თავს ბრალდებული კონკრეტულ პოლიციელებს. პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ გვითხრა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის ცნობა, რაც ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დაადასტურებდა.

“მიმალვის საფრთხე არ არსებობს… უნდა ვთქვა ასევე მოწმეებზე. ისინი ძირითადად პოლიციელები არიან და მათზე ზემოქმედების მოხდენა გამორიცხულია,”- აღნიშნა ადვოკატმა დავით კეკელიძემ. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულს არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს.

ადვოკატის სიტყვის შემდეგ ბრალდებულმა ლაპარაკი გადაწყვიტა:

„არ ვიმსახურებ ამხელა ბრალს… მე დანა ორჯერ არ დამირტყამს… დანა არც იყო, მარა დანა ერქვა… იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა,“- დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა.

„ვერ ვგებულობ, რომელ ზეწოლაზე საუბრობთ?“- იკითხა მოსამართლემ.

„არ მინდა, ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა მოახდინონ,“- დასძინა ბრალდებულმა.

როცა მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად დარბაზიდან გავიდა, ბრალდებული ჟურნალისტებსაც გამოელაპარა.

„იმიტომ არ არიან დღეს ჩემი ოჯახის წევრები აქ, რომ მათზე ზეწოლაა…“ – თქვა ბრალდებულმა, თუმცა მალევე ბადრაგის სამსახურმა მას ხელბორკილი დაადო და დარბაზიდან გაიყვანა. მან აღარ უპასუხა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს: „იცნობდით ამ პოლიციელს?“ „რა მოხდა რეალურად?“

დღევანდელ პროცესს დაზარალებული პოლიციელის ახლობლები არ დასწრებიან. დარბაზი ძირითადად პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შევსებული.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებულის მხოლოდ ერთი ახლობელი, რომელმაც სასამართლო სხდომის დარბაზი უსიტყვოდ დატოვა.

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 86%-ით გაიზარდა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ექსპორტირებულმა ხურმამ და კარალიოკმა 7.3 ათასი ტონა შეადგინა და დაფიქსირდა 86%-იანი ზრდა.

ასევე, სამინსიტროს ცნობით, 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8.3 ათასი ტონა თხილი, რაც 90%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გასულ წლებში თხილის მოსავალი საქართველოში დაზიანებული იყო, რამაც დიდი ზარალი მიაყენა თხილის ბიზნესს ქვეყანაში.

რაც შეეხება ციტრუსს, სამინისტროს ცნობით, 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა და საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა: ლიეტუვაში (120,9ტ); სინგაპურში (0,1ტ); კატარსა (0,4ტ) და სლოვენიაში (158,2ტ).

 

დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შარშან, გრიპის ვაქცინის ბოლო, 2000 დოზა კომერციულ სექტორს „ჩაუწვა“ და ვერ გაყიდეს, წელს კი სააფთიაქო ქსელები და კლინიკები ვაქცინის ჭარბი რაოდენობით შემოტანას მოერიდნენ. მოსახლეობის ნდობა კი ამ ერთი წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინისადმი გაიზარდა, გაიზარდა მოთხოვნაც და შესაბამისად გაჩნდა დეფიციტი.

„ავერსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე უარყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შარშან კომერციულმა სექტორმა ვაქცინები სრულად ვერ გაყიდა, რის გამოც წელს აღარ შეუკვეთა გრიპის ვაქცინის საჭირო რაოდენობა.

„მცდარი აზრია, რომ თითქოს ვერ გავყიდეთ შარშან გრიპის ვაქცინა და წელს ამიტომ არ შევუკვეთეთ მომმარაგებელს საჭირო რაოდენობა. ჩვენ გვიკვეთავენ სხვადასხვა კლინიკები და აფთიაქები ვაქცინას, შესაბამისად შემომტანს ვუკვეთავთ რაოდენობას, რასაც გვთხოვენ“ – ამბობს „ავერსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

გრიპის ფრანგული ვაქცინის დისტრიბუტორები საქართველოში „ავერსი“ და „ჯიპისია“. სწორედ ისინი უკვეთავენ გრიპის ვაქცინას ფრანგულ კომპანია „სანოფი პასტერს“.

კლინიკა „ავერსის“ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მათი კომერციული მარაგი ამოწურულია.

„სახელმწიფო ეპიდემიოლოგთანაც გადავამოწმეთ ახლახანს და სახელწიფო პროგრამით რაც გვქონდა რისკჯგუფებისთვის, ეს მარაგიც ამოწურულია. გვქონდა ჰოლანდიური – სამკომპონენტიანი და ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ფრანგული ვაქცინა ძალიან მცირე რაოდენობით იყო მოწოდებული „სანოფი პასტერის“ – მომწოდებლის მიერ.

არ ვიცით, რატომ შემოიტანა „სანოფის“ ფირმამ შეზღუდული რაოდენობით ვაქცინა. დიდი მომართვიანობის გამო ჩვენთან მარაგი მალე ამოიწურა“, – გვითხრეს კლინიკა „ავერსის“ ცხელ ხაზზე.

„ბათუმელები“ კომპანია „სანოფის“ წარმომადგენელს, მაკა ლაბახუას დაუკავშირდა, რომელმაც წერილობით გვიპასუხა, რომ კომპანიისგან ვაქცინის რაოდენობის შეზღუდვას მიწოდებისას ადგილი არ ჰქონია და მათ ზუსტად იმდენი დოზა ვაქცინა მიაწოდეს დისტრიბუტორებს, რამდენიც შეკვეთილი ჰქონდათ.

„სააფთიაქო ქსელებისთვის პროდუქციის მიწოდება ხდება დისტრიბუტორების საშუალებით, მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამებისთვის კი – სახელმწიფო ტენდერის ხელშეკრულების შესაბამისად.

2019 წელს სახელმწიფო პროგრამისთვის კომპანიამ ჩამოიტანა 100 000 დოზა გრიპის ვაქცინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მონაცემებს“ – გვწერს „სანოფი პასტერის“ წარმომადგენელი.

„ბათუმელებმა” საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ადამიას ჰკითხა კომერციულ სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში გრიპის ვაქცინის დეფიციტურობის შესახებ.

  • ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ გრიპის ვაქცინაცია სასურველია ჩაუტარდეს 6 თვეს გადაცილებულ ყველა პირს. მედიის საშუალებით სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს აიცრან გრიპზე, მაშინ, როცა ვაქცინა უკვე აღარაა ხელმისაწვდომი. თუ დაინტერესდა სამინისტრო რატომ შეიქმნა ეს დეფიციტი?

ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კომუნიკაციით  იწერება სეზონური გრიპისთვის მზადყოფნის რეაგირების გეგმა, რაც მოიცავს ყველა ღონისძიებას, რაც გრიპის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული და ერთ-ერთი არის ვაქცინაცია. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს აქცენტს მიზნობრივ ჯგუფებზე, ვინც მეტად მოწყვლადია გრიპის ვირუსის მიმართ. ჩვენი წლევანდელი მიზნობრივი ჯგუფის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია შარშანდელთან შედარებით – მათ ვაქცინას უფასოდ ვაწვდით და მარაგი ამ ჯგუფებისთვის ახლაც გვაქვს. არცერთ ქვეყანაში მთელი მოსახლეობის, ჩვენს შემთხვევაში 3 მილიონი ადამიანისთვის, სახელმწიფო უფასო ვაქცინაციას ვერ უზრუნველყოფს. აქ არის კომერციულ აფთიაქებში შექმნილი დეფიციტის თემა და ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კავშირი.

როგორც მე ვიცი კერძო სექტორს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა „ჩაუწვა” და წელს აღარ ელოდნენ, თუ მოთხოვნა ამდენად იქნებოდა გაზრდილი. ზუსტად ვერ გეტყვით შარშან და წელს რამდენი დოზა ვაქცინა შემოიტანა კერძო სექტორმა, ბაზრის კვლევა არ მიწარმოებია.

ერთი მხრივ ცუდია, რომ დეფიციტი შეიქმნა, მაგრამ კარგია, რომ ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერების დონე და ნდობა ვაქცინისადმი. წინა ზამთრის მოცემულობის მიხედვით ახლანდელი ზამთრის პროგნოზი ვერ გათვალეს სააფთიაქო ქსელებმა, რადგან არავინ ელოდა ვაქცინაზე გაორმაგებულ მოთხოვნას. ჩვენ სახელმწიფო პროგრამით გაორმაგებული რაოდენობა შევიძინეთ, რადგან გაფართოვდა გრიპის მიმართ მოწყვლადი რისკ-ჯგუფების რაოდენობა. ჩემი აზრით, დეფიციტის მიზეზი იყო კომერციული სექტორის მხრიდან მოთხოვნის მომატების ვერგათვლა. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტი შეიქმნა, მიხარია, რომ გაიზარდა ადამიანების მოთხოვნა ვაქცინის მიმართ, წელს მეტი ადამიანი აიცრა ვიდრე შარშან – ეს ნიშნავს, რომ გრიპის ვირუსს შარშანდელივით აქტიურად გავრცელების საშუალება აღარ ექნება.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსი – ეკატერინე ადამია
  • რა ღონისძიებებს მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში გრიპის ვაქცინის დეფიციტურობის თავიდან ასარიდებლად სამომავლოდ?

ისე გამოვიდა, რომ ვერ ვეწევით მიწოდებით იმ მოთხოვნას, რაც გრიპის ვაქცინაზე გაჩნდა. ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია მომდევნო წელს კერძო სააფთიაქო სექტორებისადმი იქნება, რომ საკმარისი რაოდენობით იყოს შემოტანილი ვაქცინა, უნდა დაკმაყოფილდეს ყველა მსურველის მოთხოვნა და ასეთი სურათი არ უნდა შეიქმნას. ოღონდ ძალდატანებით ჩვენ ვერ დავაძალებთ კერძო სექტორს რა რამდენი შემოიტანოს. ჩვენი რეკომენდაცია და თხოვნაც იყო კერძო სექტორისადმი, დაეჩქარებინათ დროულად შემოტანა, მაგრამ რაოდენობა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. შემდეგ წელს ამას გავითვალისწინებთ, რომ რისკ-ჯგუფებში ვინც არ არის და უფასო ვაქცინა არ ერგებათ, ისინი სრულად იყვნენ დაკმაყოფილებულები.

  • ირღვევა თუ არა ჩემი როგორც მოქალაქის ფუნდამენტური, ჯანმრთელობისა და მისი დაცვის უფლება, როცა რისკჯგუფში არ შევდივარ, გრიპის ვაქცინა უფასოდ არ მერგება და მსურს მისი საცალოდ ყიდვა, თუმცა ვერსად ვყიდულობ?  ვინ არის ამ უფლების დაცვაზე პასუხისმგებელი?

ჩვენ, სახელმწიფო სექტორმა რისკ-ჯგუფებისთვის საკმარისად შევუკვეთეთ ვაქცინა და ამის დეფიციტი მათთვის არ არის, მაგრამ წელს ასე მოხდა, რომ კერძო სექტორმა ვერ გათვალა მოთხოვნა თუ ასე გაიზრდებოდა, ცხადია მომავალი წელი ამ მხრივ უკეთაა დასაგეგმი.

რაც ეხება გრიპისთვის მზადყოფნას, ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობით მომარაგებული „ტამიფლუ“, ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გრიპით დაავადების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს როგორ დავეხმაროთ და მგონია რომ ამ სეზონს როგორღაც გადავლახავთ.

  • გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ტამიფლუ, მართალია, ბოლოს, ვირუსის გააქტიურებისას უფასოდ გაიცემოდა, მაგრამ იქამდე საკმაოდ ძვირი ღირდა. არსებობს აზრი მოსახლეობაში, რომ წელს ვაქცინის დეფიციტი სპეციალურად შეიქმნა გრიპის ძვირადღირებული წამლების სარეალიზაციოდ. რას ფიქრობთ ამაზე?

ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ აზრს და დანაშაულია, ეს რომ ვინმემ სპეციალურად გააკეთოს. გარდა ამისა წელს ვაქცინის ფასი თითქმის 60 ლარამდე იყო, კომერციულ სექტორს მისი შეძენა არ გასჭირვებია. პირობითად რომ ვთქვათ, კომერციულ სექტორს შეუძლია ვაქცინას დაადოს მაღალი ფასი და ამით ნახოს მოგება და არა გრიპის წამლებისგან. ვერაფრით ვიტყვი, რომ ამას აკეთებს ვინმე,  ეს სწორი არ არის.

მინდა მოვუწოდო კომერციულ სექტორს, აფთიაქებს, უფრო მომზადებული შეხვდნენ მომავალ წელს ვაქცინების მიწოდების მხრივ. ტექნიკურადაც რთულია ვაქცინების მოწოდების პროცესი, რადგან დროში იწელება თუ თავიდანვე არ გაკეთდა დიდი შეკვეთა. მერე  მომწოდებელი ვეღარ ასწრებს მოწოდებას, ვფიქრობ დაგეგმვის პროცესია უფრო ყურადღებით გასათვლელი. თუ ჩვენი მოქალაქეებიც ვაქცინის დროულად, ადრეულ შემოდგომაზე შეკვეთის კულტურას გამოიმუშავებენ, ფარმაცევტებსაც ექნებათ იმედი, რომ რეალიზაციას მოახდენს იმ რაოდენობის რამდენსაც შემოიტანს მე არა მგონია, რომ მერე რამე პრობლემა შეიქმნას, პირიქით მათთვის ხელსაყრელია, რომ გაყიდონ ვაქცინა და ამისგან მოგებაც მიიღონ.

ამავე თემაზე:

რატომ არ იყიდება გრიპის სეზონური ვაქცინა

 

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი

„აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ განაჩენის ლეგიტიმურობას,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.

შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს, როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე, გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და ფართო საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 20 დეკემბერს ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

„დღეს ჩვენც ლუკა ვართ“ – მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ბათუმში

დღეს, 20 დეკემბერს, საღამოს 18:30 საათზე, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

„არა სუიციდს!“, „ერთად ლუკასთვის“, „დროა ქუჩაში გამოსვლის“ – ამ და სხვა სლოგანების ფონზე მოსწავლეებმა გააპროტესტეს ძალადობრივი სისტემა, რამაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოზარდები ბათუმში 15 წლის მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ – ეწერათ მოზარდებს პლაკატზე. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს ძალადობის წინააღმდეგ, რადგან მომავალში სხვა ბავშვის და მოზარდის სიცოცხლე გადარჩეს.

მოზარდები ბათუმში 15 წლის მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მოზარდები ამბობენ, რომ საპროტესტო მსვლელობა ფეისბუქის მეშვეობით დაგეგმეს და გამოვიდნენ, რათა თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სისტემის მხრიდან 15 წლის ლუკა სირაძეზე ძალადობის გამო.

მოზარდების პროტესტი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ერთად ლუკასთვის“, „აბა დამიჭირე!“- მოზარდები ამ სლოგანებით ახსენებენ საზოგადოებას, რომ მოზარდების სიცოცხლე ამ ქვეყანაში არ არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. „დღეს გვემუქრებიან  ბავშვებს, მოზარდებს იმით, რომ რაღაცას დაგვიშავებენ, ჩვენს ოჯახის წევრებს ზიანს მიაყენებენ, ჩვენ გამოვდივართ ამ ყველაფრის წინააღმდეგ“ – ამბობენ მოზარდები.

მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მოზარდების პროტესტი სისტემის წინააღმდეგ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მოზარდების პროტესტი სისტემის წინააღმდეგ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გარეული ღორი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე [ვიდეო]

გარეული ღორის ვიდეოს, რომელიც კინტრიშის დაცული ტერიტორიის ფოტომახეში მოხვდა დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფოტომახეში მოხვედრილი ღორი ტალახის აბაზანების მოყვარულია.

ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე განთავსებულ ფოტოხაფანგებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარეული ცხოველია დაფიქსირებული, მათ შორის ფოცხვერი, ნიამორი, ირემი, კვერნა და ა.შ. მაგალითად ნოემბერში, მტირალას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ფოცხვერის გარდა მურა დათვიც დააფიქსირა.

ამავე თემაზე:

ცხოველები დაცული ტერიტორიებიდან ფოტოხაფანგში

რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი

ყველაფერი, რაც რძისა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანიდან შემოსული ე.წ. შეკუმშული რძის ლაბორატორიული შესწავლა დაიწყო. სააგენტოს განმარტებით, ნიმუში შემოწმდება სხვადასხვა, მათ შორის, მცენარეული ცხიმის შემცველობასა და სანიტარულ მაჩვენებელზე.

ამ საკითხზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, სიტუაციის გამწვავება კი ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია. პოსტში ირანული რძის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული.

ზოგადად, საქართველოში რძის ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ბაზრის 50%-ზე მეტი მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქციას უკავია. მეტ-ნაკლებად საეჭვოა საღი რძის ხარისხიც. მონდომების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ხარისხიანი და უვნებელი რძისა თუ რძის პროდუქტების შეძენას, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ არის.

აგროჰაბი
აგროჰაბი

რძის პროდუქტების ბაზარი

რძის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიაა. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია, თუმცა ჭარბობს მშრალი რძით დამზადებული პროდუქტები, ასევე, აქტიურია სახამებლის გამოყენება სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ამ სახამებლის წარმომავლობა. აღასანიშნავია რძეში  ანტიბიოტიკები, რომლებიც უძლებს ყველნაირ თერმულ დამუშავებას და სრული რაოდენობით გადადის პროდუქტებში, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის სასარგებლო ჯანმრთელი ადამიანისთვის.

საქართველოში ბოლოს შემოღებული რეგულაციების შედეგად, ბაზარზე პროდუქცია კლასიფიცირდება,  კერძოდ, მცენარეული ცხიმით დამზადებულ ნაწარმზე ყველისა და არაჟნის ნაცვლად აწერენ – არაჟნისმაგვარი და ყველისმაგვარი, რის მიხედვითაც აკეთებს არჩევანს მომხარებელი პროდუქციის შეძენისას.

მნიშვნელოვანია ასევე  ცხოველური ცხიმებიც, რომლებიც განსხვავდება ხარისხის მიხედვით – მათი ხარისხის განმსაზღვრელი არის ემულგატორები.

საქართველოს ბაზარზე ასევე აქტიურია იმერული ყველი, რომელიც მზადდება აღდგენილი რძით ან მცენარეული ცხიმით, რომლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ პროდუქციას მომხმარებელი მუდმივად ჰყავს, მწარმოებლები, რომლებიც მუშაობენ საღ რძეზე, უჭირთ კონკურენციის გაწევა ასეთ იაფფასიან პროდუქციასთან.

ფერმერობა და საღი რძე

ფერმერობის განვითარება საქართველოში დაახლოებით 5 წლის წინ გააქტიურდა. მანამდე რძის მიმწოდებლები იყვნენ უშუალოდ გლეხები, რომლებიც მიმღებ პუნქტებზე აბარებდნენ საღ რძეს. ადგილზე არსებობდა რძის  მიმღები პუნქტები, რომლებიც აღჭურვილი იყო მიკროლაბორატორიებით,  სადაც შესაძლებელი იყო რძის ქიმიური ანალიზის გაკეთება. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, საქრთველოში არსებული  რძის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. კერძოდ, პროდუქტი დაბინძურებული იყო მასტიტით, დაბალი იყო რძის  თერმომდგრადობა. ყველაზე პრობლემური კი იყო ანტიბიოტიკებით დატვირთული რძე. საბოლოო ჯამში ვიღებდით არასტაბილურ, უხარისხო რძეს.

„ფერმერობა მომხიბვლელი გახდა 2016 წლიდან, როდესაც ბაზარზე გაჩნდა ხარისხიანი რძის არსებობის აუცილებლობა. სწორედ ამ პერიოდისთვის დაიწყო აგროჰაბმა ფუნქციონირება კონკრეტული მოთხოვნით –  რძის მიღება დაიწყო ფერმერებისგან. ფერმებთან თავიდანვე დიდი იყო ჩვენი მოთხოვნა და სტანდარტები, რაც ყოველდღიურად ხარისხიანი  პროდუქციის წარმოებაში გამოიხატებოდა.

საზოგადოებამ მალევე დააფასა აგროჰაბის საღი რძის ხარისხიანი ნაწარმი, ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ფერმერების რძეზეც. დღესდღეობით აგროჰაბი უკვე ყოველდღიურად ამუშავებს 12000 -15000 ლიტრ რძეს. რა თქმა უნდა, დღესაც ხდება გლეხისგან შეგროვებული რძის რეალიზაცია და მისი ფასი განსხვავებულია და მერყეობს 30-40 თეთრით. მიუხედავად ამისა, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს ურჩევნიათ  გადაიხადონ მაღალი ფასი ხარისხიან ნედლეულში და მიიღონ ხარისხიანი პროდუქცია. აგროჰაბის რძის პროდუქტები კი დღემდე ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს,“ – განმარტავს თამარ ფრუიძე, „აგროჰაბის“ დირექტორის მოადგილე წარმოების მიმართულებით.

რძის ფხვნილი ანუ მშრალი რძე

რძის 88% არის წყალი, 12 % კი მშრალი ნივთიერება. ნედლი რძის  აორთქლების შედეგად  მიიღება ეგრეთ წოდებული მშრალი რძე (რძის ფხვნილი). ცალსახად იმის  თქმა, რომ რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქცია დაბალი ხარისხის ან უსარგებლოა,  არ შეიძლება, მაგრამ ნედლი და მშრალი რძით დამზადებულ პროდუქტს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ყველაზე საყურადღებო კი არის ის, რომ ნედლი რძისგან ორგანიზმი კარგად ითვისებს კალციუმს, მშრალი რძისგან კი, კალციუმის ათვისების უნარი საგრძნობლად შემცირებულია.

მშრალი რძის ხარისხს განსაზღვრავს ნედლი რძე, რომლისგანაც ის მიიღება. რეალურად, ანტიბიოტიკებითა და მასტიტით დაბიძნურებულ უხარისხო ნედლ რძეს, რაც ქართულ ბაზარზე ჭარბადაა, ხარისხიანი რძის ფხვნილი სჯობს.

ირანული რძე

პროდუქტს, რომელიც ირანიდან შემოდის, შეკუმშულ რძეს უწოდებენ. მასაც, რძის ფხვნილის მსგავსად, ტენი აქვს გამოცლილი, თუმცა არა მთლიანად. ზემოთ აღნიშნული პროდუქტი შესწავლილი არ არის, თუმცა ასეთი სახის რძე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშუალებას ვერ განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია ქართულ რძეში არსებული მიკრობთა შტამები, რომლებიც უნიკალურია ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე საქართველოში ნედლი რძისა და რძის ფხვნილის ფასიც გაზრდილია და სწორედ ამიტომ გააქტიურდა შედარებით დაბალფასიანი შეკუმშული რძის იმპორტი.

ანტიბიოტიკი რძეში

ანტიბიოტიკი რძეში ორი გზით ხვდება. ძირითადი წყარო არის პრეპარატები, რომლებსაც მკურნალობის დროს და გეგმიურად უკეთებენ პირუტყვს. ანტიბიოტიკი რძეში დაახლოებით ერთი კვირის ლაქტაციის პერიოდით რჩება. ამ დროის განმავლობაში მისი შერევა საერთო რძეში დაუშვებელია. გლეხს ასეთი რძის კონტროლი საკმაოდ უჭირს, ფერმებისგან განსხვავებით. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რძის ნაწარმი ისეთი მწარმოებლისგან შეიძინოთ, რომელიც რძეს ფერმისგან იღებს.

მჟავიანობა და ვადასთან დაკავშირებული სიმჟავე

რძე არის ბაქტერიების, ტექნიკურად დადებით მიკრობების მატარებელი, რომლებიც სტერილიზაციის (თერმული დამუშავების) შემდეგ ხდება  სუფთა სხვადასხვა პროდუქტის საწარმოებლად. სწორედ ეს ბაქტერიები განაპირობებენ მათ მჟავიანობას. ზოგადად, რძის პროდუქტების შენახვისათვის იდეალური ტემპერატურა არის 5 გრადუსი (+-2), რის საფუძველზეც ადგილი აქვს ბაქტერიების აქტიურობის შებოჭვას.  ამ პროდუქციის ოთახის პირობებში დაყოვნება მცირე დროითაც კი, ბაქტერიების რაოდენობრივ გაზრდას იწვევს, ამ დროს იმატებს მჟავიანობა, რაც ნამდვილად არ მიიჩნევა პროდუქციის ხარვეზად. ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან მაღალ ტემპერატურაზე, ასევე პროდუქციაში ბოლო ვადაში. შესაბამისად, ბოლო ვადის პროდუქტებს შედარებით მეტი მჟავიანობა აქვთ.

რძის პროდუქტების ვადა

რძის პროდუქტები მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ მწარმოებლები ხშირად ვარგისიანობის ვადას კონსერვანტებითა და დანამატებით ზრდიან, რაც კარგი ნამდვილად არ არის. „აგროჰაბის“ რძის პროდუქტებიც ამ მიმართულებითაც გამორჩეულია და მომხმარებელს სთავაზობს საღ პროდუქციას კონსერვანტების გარეშე, ნაკლები ვადით.

ყველი

ზოგადად, საქართველოში ყველის ქარხნული დამუშავების ტრადიცია არ არსებობდა და ოჯახებში მას რძის თერმული დამუშავების გარეშე აკეთებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზმი ამ ყველაფერს მიჩვეულია, თუმცა რეალურად ასეთი წესით დამზადებული ყველი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის ბევრ ნაწლავურ ჩხირს შეიცავს. ყველი აუცილებლად უნდა გაკეთდეს პასტერიზებული რძისგან და ის უსაფრთხო იქნება როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველის შეძენის დროს შეიძინოთ პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა

ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.

შს მინისტრმა ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.

ფოტო: შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძესაც შეხვდა. მინისტრმა მას შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა.

ფოტო: შს სამინისტრო

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები  – ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა მოქალაქეების დახმარებით დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად ოთარ თავართქილაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გ.ჭ. „სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის“ მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ამ სამსახურის ადვოკატმა ირაკლი პირველმა უთხრა.

„შევხვდი და მითხრა, რომ სურს აიყვანოს სხვა, კერძო ადვოკატი. ავუხსენი, რომ ვიდრე აიყვანს სხვა ადვოკატს, მე ვიქნები მისი ადვოკატი… ჯერ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ჯერ უცნობია მისი პოზიცია ამ შემთხვევაზეც,“ – გვითხრა ირაკლი პირველმა. მისივე თქმით, ბრალდებულს არ უთქვამს მასზე განხორციელებული რაიმე სახის ზეწოლის, ან ძალადობის შესახებ.

ბრალდებული გ.ჭ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბრალის წარდგენის შემდეგ დღეს, ან ხვალ გაიმართება. გ.ჭ.-ს  გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

Exit mobile version