მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსზე ერთ პირს ამოწმებენ – პასუხი დღეს გახდება ცნობილი

16.03.2020 • 1246
ბათუმში კორონავირუსზე ერთ პირს ამოწმებენ – პასუხი დღეს გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 16 მარტს, ორი პირი იმყოფება. აქედან ერთს კორონავირუსი აქვს, მეორეს ანალიზის შედეგები კი დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, დამაკმაყოფილებელია.

„ეს პაციენტი ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანილ იქნა კარანტინში. აღნიშნული პაციენტი მოემგზავრებოდა ერთ-ერთი მაღალი რისკის ზონის ქვეყნიდან. მას შეხება არ ჰქონია არავისთან, ასე რომ, შემთხვევების გავრცელების თვალსაზრისით, ეს არ არის საშიში შემთხვევა,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომლის ანალიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი, მას შეხება ჰქონდა მაღალი რისკის ქვეყანასთან. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნება, თუმცა ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა.

ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. ნინო ნიჟარაძის თქმით, მათზე მონიტორინგი ხორციელდება. თვითიზოლაციაში კი ბათუმში 100-მდე ადამიანია.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

_________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: