მთავარი,სიახლეები

სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ

16.03.2020 • 1645
სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ

სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, თუ უშუალოდ პროცესის მონაწილე არ ხართ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სასამართლოში სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სარჩელები და განცხადებები კანცელარიის ნაცვლად სასამართლოს ფოიეში მოთავსებულ ყუთში უნდა მოათავსოთ. ფოიეში ვერ შეხვალთ, თუკი მანდატური ტემპერატურას გაგიზომავთ და მაღალი გექნებათ. სასამართლოში შესვლამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარითაც უნდა დაიმუშაოთ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება, თუკი „განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობა“ არსებობს.

რეკომენდაციების შესაბამისად ბრძანება დღეს, 16 მარტს, მიიღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც. ბათუმის სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ამბობს, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რა შემთხვევაში შეიძლება დაუშვან მოქალაქე ან მასმედიის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე.

შეზღუდვა მედიის წარმომადგენლებზეც ვრცელდება. სასამართლოს მენეჯერი განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით პროცესზე მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისი ყოფნაც კანონით სავალდებულოა – პროკურორი, ადვოკატი, არასრულწლოვნის წარმომადგენელი, თარჯიმანი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაცია ითვალისწინებს საქმეების განხილვის გადადებას, თუკი შემჭიდროვებული ვადა არ არსებობს, ასევე საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, როცა ეს კანონით დაშვებულია. სასამართლოები აქტიურად გამოიყენებენ დისტანციური წესით პროცესის მონაწილე პირების განხილვაში ჩართვას.

რეკომენდაციები ითვალისწინებს სასამართლოში მომუშავე იმ საჯარო მოხელეების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასაც, ვისაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო [დაწყებითი საფეხური] ასაკის შვილები. დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს მანამ, ვიდრე სკოლებში არდადეგები არ დასრულდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი პირი გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი ბევრი არ იქნება.

რაც შეეხება განცხადებების ყუთებს, სასამართლოს მენეჯერმა გვითხრა, რომ ყუთში მოქალაქეების მიერ მოთავსებულ დოკუმენტებს დაახლოებით ყოველ საათში შეამოწმებენ და რეგისტრაციაში გაატარებენ.

„რასაც დადასტურება დასჭირდება, შეტყობინებას გავუგზავნით ელექტრონული ფოსტით,“ – დასძინა სასამართლოს მენეჯერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: