Batumelebi | რა ხდება ბათუმში, კარანტინში – „სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიზომავს“ რა ხდება ბათუმში, კარანტინში – „სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიზომავს“ – Batumelebi
RU | GE  

რა ხდება ბათუმში, კარანტინში – „სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიზომავს“

გიორგი ნათენაძე ერთი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და 14-დღიან კარანტინს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადის. მან ფეისბუქზე კარანტინის შესახებ პირველი დღის შთაბეჭდილება და ფოტოები გაუზიარა ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორია კარანტინში ცხოვრება საქართველოში.

„არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.

მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კი არა დასვენებისთვის წარმოუდგენელია.

– დღეში სამჯერადი კვება
– სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
– ტელევიზორი და ინტერნეტი
– ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში 

მართალია, გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე, წესით. თუ სამუშაო გაქვთ, მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.

შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6-მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე. თუ რამე გაკლიათ, უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ.

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ, ესე იგი, სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიკონტროლებს (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს).

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ – თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ, პირველ რიგში, თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს, 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინა ვაროო, “ბიზმესმენი” ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო, არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რა მინდაო, ცხოველები ხო არ ვართო, რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა, ახლა ზის ჩემ გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს.

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ, თუ არ მოგწონთ.

სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით. თუ გაქცევას დააპირებთ, იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3- წლიან პატიმრობაში მიგაცილებენ.

აბა, კარგი დასვენება. თუ არ გავერთიანდით, ტოროლას ვერ დავამარცხებთ.

დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით,“ – წერს გიორგი [ქვეყნდება სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით].

სასტუმროს ნომერი, სადაც გიორგი ცხოვრობს

კართან დატოვებული საკვები

სადილი

სასტუმროს ნომრებთან დატოვებული საკვები კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.