მთავარი,სიახლეები

აჭარაში კარანტინში 150 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში – 80-მდე

15.03.2020 • 1321
აჭარაში კარანტინში 150 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში – 80-მდე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში, კარანტინის ზონაში 150 პირია, თვითიზოლაციაში კი 80-მდე ადამიანი.

„ვთხოვთ მოსახლეობას, თვითიზოლაციის წესები მკაცრად დავიცვათ, კარანტინში მყოფ პირებსაც მოვუწოდებ, დაიცვან წესები, მთავარი მოთხოვნაა ყველა იზოლირებულ ოთახში დარჩეს და იცავდნენ შესაბამის წესებს. პანიკის საფუძველი არა გვაქვს“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ – მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ასევე, დღეს, 15 მარტს, ცნობილი უნდა გახდეს ბათუმში COVID-19-ზე აღებული  ერთი ტესტის პასუხი, რომელიც  გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში.

„გუშინ სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ მესამე ტესტის პასუხი არ იძლეოდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ეს იყო უარყოფითი ან დადებითი პასუხი, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი კვლევის ჩატარება ლუგარის ლაბორატორიაში, თბილისში. ნიმუში გადაგზავნილია, დღის ბოლოსთვის გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 439 პაციენტი იმყოფება, 64 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: