„ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ – პატიმარი, რომელმაც ციხის ადმინისტრაციას საქმე მოუგო

„ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ბატონო მოსამართლევ,“ – მიმართა პატიმარმა ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ანუ „ბათუმის ციხის“ ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა. მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

დღეს, 27 დეკემბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნუგზარ თაბაგარის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოდ მიიჩნია, რამდენიმე კი – სამართლიანად.

პატიმარი ნუგზარ თაბაგარი იმ აქტების კანონიერებას ასაჩივრებდა, რომელთა საფუძველზეც მას უსაფრთხოების საკანში ათავსებდნენ, ასევე, საკნიდან გამოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ. მოსამართლემ სამართლიანად მხოლოდ ის აქტები მიიჩნია, რომლითაც მსჯავრდებულს საკნის დატოვებაზე უარს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო ეუბნებოდნენ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ნუგზარ თაბაგარი ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. 2018 წელს მან ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუგო. საქმე ეხებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ასევე  “გიორგი ოქროპირიძის საქმეშიც”, სადაც მკვლელობისთვის გასამართლებული პირის საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პატიმარმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას ციხის ადმინისტრაცია სხვა საჩივრების გამოტანას აიძულებს და ემუქრება.

„ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა. დღეს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოგიცხადებთ,“ – მიმართა პატიმარს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. პატიმარმა მას იქვე სთხოვა წინასწარ დაწერილი წერილის „ბათუმელებისთვის“ გადმოცემა, რაზეც მოსამართლემ თქვა, რომ ამის უფლება მას პენიტენციური სამსახურის მანდატურებმა უნდა მისცენ. საბოლოოდ, მანდატურის სამსახურმა პატიმარს წერილის გადმოცემის უფლება არ მისცა.

„ციხის დირექტორი და მისი მოადგილე მემუქრებიან განადგურებით, ასევე ჩემი ბიჭის დაჭერით, ოჯახის აწიოკებით, უნდათ, რომ მომკლან, ან მიმიყვანონ თვითმკვლელობამდე…“ – გვითხრა პატიმარმა, ვიდრე მას სასამართლო სხდომას დაატოვებინებდნენ.

დაფიქსირდა თუ არა მუქარის ფაქტი ან რით ხსნის პენიტენციური სამსახური იმას, რომ პატიმარმა სასამართლოში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების მიღება დაადასტურა? – ვკითხეთ პენიტენციურ სამსახურს.

„მსჯავრდებული ნ.თ. ცრუობს, როდესაც მის მიმართ მუქარაზე და წერილების გაგზავნის შეზღუდვაზე საუბრობს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და როდესაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდება, უწყება გაეცნობა დოკუმენტს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივროს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება“, – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.8 მილიარდი აშშ დოლარი [52.6 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 102.3 პროცენტია.

სების მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 433.6 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 261.4 მილიონი აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო – 198.0 მილიონი აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 0.2 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, ფასის ცვლილებების გამო ვალი 26.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მილიარდი აშშ დოლარი (21.9 მილიარდი ლარი), რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მილიარდი აშშ დოლარი (15.7 მილიარდი ლარი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 404.6 მილიონი აშშ დოლარი (1.2 მილიარდი ლარი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 825.3 მილიონი აშშ დოლარი (2.4 მილიარდი ლარი) და 855.5 მილიონი აშშ დოლარი (2.5 მილიარდი ლარი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მილიარდი აშშ დოლარი (12.6 მილიარდი ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.5 მილიარდი აშშ დოლარი (13.4 მილიარდი ლარი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მილიარდი აშშ დოლარი (9.7 მილიარდი ლარი).

მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18.2 მილიარდი აშშ დოლარი [52.2 მილიარდი ლარი] იყო.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/394994/

 

კურორტ გოდერძიზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

28 დეკემბერს კურორტ გოდერძიზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, სადაც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას ფესტივალის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქვეყნებს. „ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შეფმზარეულების მიერ მომზადებული შვედური მაგიდა, ბავშვების განწყობაზე კი სპეციალური აქტივობებია დაგეგმილი“, – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. კონცერტი 13:00 საათზე დაიწყება.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებისთვის კურორტ გოდერძიზე, ასევე ქობულეთსა და ბათუმში, ჯამში, 325 845 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული თანხა დაიხარჯება მონაწილეთა ჰონორარებზე, ტრანსპორტირებაზე, სასტუმროში განთავსებაზე, ასევე, დეკორაციებსა და განათებაზე.

 

რომელი სკოლები მიიღებენ 5 ათას ლარს სპექტაკლებისთვის

გამოვლინდა თეატრალური კონკურსის ოთხი გამარჯვებული პროექტი. მეორე ტურში გადავიდა შემდეგი საჯარო სკოლების პროექტები:

  • ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა
  • სოფელ სარფის საჯარო სკოლა
  • ქობულეთის პირველმა საჯარო და კერძო სკოლა „გორდამ“ ერთობლივი პროექტი წარადგინეს.

გამარჯვებული სკოლები სპექტაკლებისთვის 5-5 ათას ლარს მიიღებენ.

კონკურსის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს წარმოდგენილი სცენარების მიხედვით სპექტაკლების დადგმას. ფინალში გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

მეორე ეტაპზე გადასულმა სკოლებმა სპექტაკლები 2020 წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ, შემაჯამებელი ჩვენება კი 15 ივნისამდე უნდა გაიმართოს.

ID ბარათი „ჩიპის“ გარეშე – „ყველა ტიპის რელიგიურ პრეტენზიას სამართალი არ იღებს“

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული… დასაბუთება არა იმ ნაწილში, რომ ამ ადამიანებს ადგებათ ზიანი, როცა ისინი „ჩიპიან“ პირადობებს არ იღებენ და გარკვეული ბენეფიტების, უფლებების მიღმა რჩებიან, არამედ დასაბუთება იმ კუთხით, რამდენად არის სასარჩელო მოთხოვნა ლეგიტიმური და სერიოზული,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„ჩიპებიანი“ პირადობის მოწმობების წინააღმდეგ სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 26 დეკემბერს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება – ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ იუსტიციის სახლებში პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე მოითხოვონ. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ბიომეტრიულ პასპორტებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ალტერნატივას სთავაზობს ხელისუფლება ადამიანებს, რომლებსაც „ჩიპებიანი“ პირადობის მოწმობა არ სურთ.

თამთა მიქელაძე აქცენტს სინოდის შეფასებაზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლით ეშმაკისეული არ არის და ეს არც „მხეცის ნიშანს“ გამოხატავს. ცალკეული სასულიერო პირის, ან მორწმუნის ინტერპრეტაციას კი შესაძლოა არ იცავდეს რწმენის თავისუფლების უფლება.

„ყველა ტიპის რელიგიურ პრეტენზიას ან ინტერპრეტაციას სამართალი არ იღებს… სამართალში არსებობს „სერიოზულობის ტესტი“, რომელიც ამოწმებს, რამდენად არსებითია კონკრეტული საკითხი, მაგალითად, რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით… იმისთვის, რომ შენ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება წარმოგეშვას, უნდა დადასტურდეს, რომ არსებული ნორმა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება შენს რწმენას. იმისთვის, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა გაიღოს და შენ შემოგთავაზოს ალტერნატივა, მაგალითად, პირადობის მოწმობაზე, უნდა დაასაბუთო, რომ ეს ნამდვილად ფუნდამენტური რწმენის ნაწილია, შენი რელიგიის არსებითი ნაწილია,“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს, სადაც ასევე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა და „იეჰოვას მოწმეებს“ უთხრა, რომ მათ „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ უფლება აქვთ. ამ შემთხვევაში „იეჰოვას მოწმეების“ მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მათ საკუთარი რელიგია უკრძალავდა ნებისმიერი სახის სამხედრო და მილიტარისტულ აქტივობას.

ამ მორწმუნეებს და ცალკეულ სასულიერო პირებს რომ დათანხმებოდა საპატრიარქო და ყოფილიყო სინოდის მოწოდება, გამართლებული იქნებოდა სადავო ნორმების შეჩერება? – ვკითხეთ თამთა მიქელაძეს.

„სასამართლო ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს და რელიგიურ მსჯელობაში შევიდეს, ეს ძალიან ფრთხილად არის გასაკეთებელი. მოსარჩელე მხარის დასაბუთებაა მნიშვნელოვანი, როგორ ასაბუთებენ ისინი ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობას და სერიოზულობას. ეს გამოჩნდება საქმის არსებითი განხილვის დროს… დავის საგანია თავად მყიფე და რთულად დასასაბუთებელი და ამაზე საერთოდ არ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ,“ – აღნიშნა თამთა მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

რაც შეეხება საარჩევნო რისკებს – პოლიტიკოსები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ყალბი პირადობების გამოყენებას არჩევნებში.

„რისკი არსებობს, თუმცა გააჩნია, როგორი იქნება საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და „ჩიპიანი“ პირადობების რა ალტერნატივას შესთავაზებს ხელისუფლება ადამიანებს, კონტროლის რა მექანიზმი იქნება,“ – დასძენს თამთა მიქელაძე.

ამავე თემაზე:

პირადობები “ჩიპების” გარეშე – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში

უცხოური კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს სახელმწიფო კომპანიისგან და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს.

კორპორაცია და სააგენტო ამერიკულ კომპანიას ხელშეკრულების დარღვევას ედავება. უცხოური კომპანია კი შეგებებულ სარჩელში მიუთითებს, რომ კორპორაციისა და სააგენტოს მიერ ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაზარალდა.

„ფრონტერასთან“ [Frontera Resources Georgia Corporation] ხელშეკრულება, ნავთობისა და გაზის პროდუქციის წილობრივ განაწილებაზე, 1997 წელს გაფორმდა. ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. ვინაიდან დავა საარბიტრაჟო სასამართლოშია, დეტალებზე კორპორაციაში არ საუბრობენ. „ბათუმელებმა“ დავასთან დაკავშირებული ინფორმაცია სხვადასხვა დოკუმენტის მიხედვით მოიძია.

„ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს ევალება ათვისების ფართობს გარეთ არსებული საკონტრაქტო ტერიტორიის 100%-ის დაბრუნება, ძებნა-ძიების მეორე ფაზის დასრულებამდე… აღნიშნული ვალდებულება უგულებელყოფილი იქნა კონტრაქტორის მიერ, რასთან დაკავშირებითაც მას გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება კორპორაციის მიერ. აღნიშნულის საპასუხოდ, კონტრაქტორმა უარი განაცხადა საკონტრაქტო ტერიტორიის დაბრუნებაზე“, – განმარტავს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

სახელმწიფო კომპანიების სარჩელს „ფრონტერამ“ შეგებებული სარჩელით უპასუხა და თავისი მოთხოვნებიც წარადგინა:

„მათგან ყველაზე არსებითია მოთხოვნა 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც საკონტრაქტო ფართობზე ვითომდა აღმოჩენილი გაზისა და ნავთობის უზარმაზარი რეზერვების ათვისებისთვის „სააგენტოს“ და „კორპორაციის“ მიერ თითქოსდა ხელის შეშლას უკავშირდება. გარდა ამისა, „კონტრაქტორი“ ითხოვს მის მიერ გადახდილი დღგ-ს და აქციზის თანხების [3,5 მილიონი აშშ დოლარი] და საკონტრაქტო ფართობის ზოგიერთ უბანზე უფლებების მოპოვებასთან დაკავშირებით გაწეული იურიდიული ხარჯების [7,4 ათასი აშშ დოლარი] ანაზღაურებას“, – აცხადებს „კორპორაცია“.

„ფრონტერამ მოითხოვა 3,5 მილიარდი აშშ დოლარი, როგორც დაკარგული მოგება 2012 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში, სახელმწიფო კორპორაციასა და სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულების კონკრეტული პირობების დარღვევების გამო“, – აღნიშნულია კორპორაციის 2018 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.

ფრონტერა“ 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანიამ საქმიანობა საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. ის აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში [კახეთში], XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“.

ნავთობისა და გაზის ძებნაძიებისა და მოპოვების სალიცენზიო ბლოკების რუკა
წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ამ რუკაზე „ფრონტერას“ სალიცენზიო ტერიტორია აღნიშნულია ყვითელი ფერით. კორპორაციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიამ სწორედ ამ ტერიტორიის 99% უნდა დააბრუნოს უკან.

კორპორაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მეთოდურად მიმდინარეობდეს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, პერსპექტიული საბადოების აღმოჩენა, შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება და ნავთობისა და გაზის მოპოვება: „ამ კუთხით ერთ-ერთ პერსპექტიულ საკონტრაქტო ფართობზე კი [XII ბლოკი], „ფრონტერა“ ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებებს, რომელიც შესაბამის ლიცენზიასთან ერთად, რეგულირდება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით“.

„თუმცა კონტრაქტორი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ათვისების ფართობის მიღმა არსებული საკონტრაქტო ფართობის 100%-ის დაბრუნების ნაწილში. ამით სახელმწიფოს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. როგორც „სააგენტო“ აღნიშნავს თავის წერილში, კონტრაქტორის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული ფართობი კანონით დადგენილი წესით შეთავაზებული იქნებოდა ახალი ინვესტორებისთვის, ეს კი სხვასთან ერთად, სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური შემოსავლების [ბონუსი და სხვა] მომტანიც იქნებოდა“, – აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

კორპორაციის ინფორმაციით, „ფრონტერასთან“ ურთიერთობების მოგვარებისა და პოტენციური „დავის“ გადაწყვეტის გონივრულ ვადად მიჩნეული იყო 2019 წლის დეკემბერი, თუმცა აღნიშნული ვარაუდი ვერ გამართლდა სხვადასხვა გარემოების გამო.

[toggle title=”გარემოებები ნახეთ აქ”]

[checklist]

  • „კონტრაქტორმა კორპორაციის და სააგენტოს სარჩელს თავისი შეგებებული სარჩელით 2018 წლის 14 სექტემბერს უპასუხა; საარბიტრაჟო მოსმენების თარიღებად განისაზღვრა 2019 წლის 1-11 ოქტომბერი.
  • მოსმენებზე მოხდებოდა მხარეების მიერ „დავაში“ ჩართული მოწმეებისა და ექსპერტების ჯვარედინი დაკითხვა. „დავის“ პროცესუალური განრიგის მიხედვით, საარბიტრაჟო მოსმენებს შესაძლოა მოჰყოლოდა მხარეების მიერ მოკლე შემაჯამებელი წარდგინებების გაცვლა, რის შემდეგაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ამ პროცესუალური ეტაპის საჭიროებასა და ვადებზე საარბიტრაჟო ტრიბუნალს უნდა ემსჯელა მოსმენების შედეგების და „დავის“ მხარეთა მოსაზრებების საფუძველზე. ზემოთქმულის და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გამოტანის პრაქტიკაში დამკვიდრებული ვადების გათვალისწინებით, ნათელი გახდა, რომ „დავასთან“ დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანა მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო 2020 წლის პირველ ნახევარში.
  • 2019 წლის 15 აპრილს კონტრაქტორმა კორპორაციას და სააგენტოს აცნობა თავისი უფლებებისა და მოვალეობების კონტრაქტორის აფილირებულ კომპანიაზე გადაცემის თაობაზე.
  • 2019 წლის 24 აპრილს კონტრაქტორმა საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეატყობინა „კონტრაქტში“ მისი უფლებებისა და ვალდებულებების და მათ შორის, შეგებებული სარჩელის აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის თაობაზე.
  • კორპორაციამ და სააგენტომ არ ცნეს „გადაცემის“ ვალიდურობა და გააპროტესტეს კონტრაქტორის მოთხოვნა, იქედან გამომდინარე, რომ „გადაცემა“ არ შეესაბამებოდა „კონტრაქტის“ მოთხოვნებს.
  • აღნიშნულის გათვალისწინებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა 2019 წლის 7 ივნისს  მიიღო გადაწყვეტილება „გადაცემის“ ვალიდურობასთან დაკავშირებული უთანხმოების ცალკე წარმოებად გამოყოფის თაობაზე. საარბიტრაჟო წარმოება 2 დამოუკიდებელ ხაზად გაიყო – ერთის ფარგლებში განიხილებოდა კორპორაციის და სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნები, ხოლო მეორეს ფარგლებში – „გადაცემის“ ვალიდურობის და კონტრაქტორის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები.
  • ამასთან, 2019 წლის 1-11 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საარბიტრაჟო მოსმენები მიეძღვნებოდა კორპორაციის და სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნებს და „გადაცემის“ ვალიდურობის საკითხის განხილვას, ხოლო შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსმენების გამართვის დრო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დამატებით იქნებოდა განსაზღვრული.
  • 2019 წლის 1-ელ სექტემბერს და შემდგომ კიდევ რამდენჯერმე კონტრაქტორმა საარბიტრაჟო ტრიბუნალს მიმართა საარბიტრაჟო წარმოების შეჩერების და/ან შეწყვეტის მოთხოვნით იმ საბაბით, რომ მას საქართველოს მთავრობასთან თითქოსდა მიღწეული ჰქონდა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. კონტრაქტორის მოთხოვნები საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული;
  • კონტრაქტორმა უარი განაცხადა დამატებითი დეპოზიტის გადახდის თაობაზე საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2019 წლის 25 ივნისის დავალების შესრულებაზე და შესაბამისად, კორპორაციამ, პარტნიორთან შეთანხმებით, კონტრაქტორის ნაცვლად განახორციელა „დეპოზიტის“ [150 000 ევროს] გადახდა.
  • 2019 წლის 25 სექტემბერს კონტრაქტორის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ აცნობა საარბიტრაჟო ტრიბუნალს კონტრაქტორისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით კონტრაქტორმა მოითხოვა 1-11 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საარბიტრაჟო მოსმენების გადადება. კონტრაქტორის მხრიდან საარბიტრაჟო პროცესის შეფერხების აშკარად არაკეთილსინდისიერი მცდელობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის და კორპორაციის და სააგენტოს წინააღმდეგობის მიუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დააკმაყოფილა კონტრაქტორის მოთხოვნა.
  • საარბიტრაჟო მოსმენები გადაიდო 2019 წლის 9-14 დეკემბრისთვის. მოსმენების პერიოდის მოახლოებისას, კონტრაქტორმა განაახლა საარბიტრაჟო მოსმენების ჩაშლის მცდელობები (რაც მათ შორის, მოსმენებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმაშიც გამოიხატა), რომელიც არ იქნა გათვალისწინებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ;
  • საარბიტრაჟო მოსმენების შედეგად, 2019 წლის 13 დეკემბერს, მხარეებისათვის გაგზავნილ წერილში საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, წერილში განხილულ სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებს მიმართა წინადადებით:
    ა) თავისი პოზიცია გამოეხატა მოსმენების შემდგომ მოკლე შემაჯამებელი წარდგინებების გაცვლის საჭიროებასა და ვადების თაობაზე. ეს საკითხი საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ იქნება გადაწყვეტილი.
    ბ) 2020 წლის 31 იანვრამდე წარმოადგინონ მოთხოვნები არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, მხარეებს მიენიჭა შესაძლებლობა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას უპასუხონ 2020 წლის 14 თებერვლამდე“.

[/toggle]

იურიდიულ მომსახურებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას კომპანია Hogan Lovells International LLP-ი უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება, დოკუმენტების მიხედვით, 7.4 მლიონ აშშ დოლარზეა გაფორმებული.

ვინაიდან საარბიტრაჟო დავა დროში გაჭიანურდა, კორპორაცია, Hogan Lovells International LLP-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაზრდას 2020 წლის ივლისამდე ითხოვს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

სახელმწიფო კორპორაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება არ გამოიწვევს ამ ხელშეკრულების თანხის გაზრდას.“

საკონტრაქტო ფართობის დაბრუნების გარდა, „კორპორაცია და სააგენტო  ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის ფულად კომპენსაციას, ნავთობის განაწილების და ტერიტორიის დაბრუნების ვალდებულებების დარღვევისთვის და კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ანაზღაურებას, რომელიც არ იყო ანაზღაურებული „ფრონტერას“ მიერ“.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100%-იანი წილის მფლობელი 2012 წლის ზაფხულიდან არის სს „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კორპორაციას მართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და „ფრონტერა“ კი სხვა კომპანიაში პარტნიორებიც არიან. 2019 წლის ნოემბრის რეესტრის ამონაწერით, შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50% წილს კორპორაცია ფლობს, დანარჩენ 50%-ს კი – „ფრონტერა“.

„ფრონტერამ“ კუთვნილი 50% სხვა კომპანიას გადასცა, თუმცა, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემა არ დაარეგისტრირა.

[toggle title=”დეტალურად ნახეთ აქ”]

2019 წლის აპრილში საჯარო რეესტრს წარედგინა განცხადება „ფრონტერას“ [„ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის“] მიერ შპს ,,ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-სთვის წილის გადაცემის თაობაზე. იყო მოთხოვნა, რომ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50%-ის მესაკუთრედ დარეგისტრირებულიყო ,,ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“, თუმცა რეესტრმა საქმისწარმოება ჯერ შეაჩერა, საბოლოოდ კი შეწყვიტა.

„არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი, კერძოდ არ არის წარმოდგენილი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანხმობა… ამგვარად, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მხრიდან წერილობითი თანხმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იკვლიოს მხარემ შეასრულა თუ არა „პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტით“ [1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით – ავტ.] გათვალისწინებული ვალდებულებები“, – აღნიშნულია რეესტრის გადაწყვეტილებაში.

რეესტრი აცხადებს, რომ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი, „რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს გააჩნია ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და შპს „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“ მისთვის გადაცემულ ინტერესთან დაკავშირებით ეთანხმება კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს და კისრულობს მათ შესრულებას“.

რეესტრმა „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-სა და „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის“ განცხადებაც მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ეს კომპანიები აფილირებული პირები არიან და წილის გადაცემის უფლება კონტრაქტით ჰქონდათ, თუმცა რეესტრმა არც ეს გაიზიარა.

კომპანიები ამავე განცხადებაში მიუთითებენ იმასაც, რომ „საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ წარმოადგენს არამომგებიან საზოგადოებას, რომელიც შექმნილია და ოპერირებს მხოლოდ კონტრაქტის მიზნებისთვის“.

[/toggle]

კახეთში მომუშავე „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 84 დასაქმებული 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია კი, რომელიც ამ კომპანიის 50%-ს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობაში ვერ ერევა და არც შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვს.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანია „ფრონტერას“ თუმცა, კომპანიის ტელეფონზე არავინ პასუხობს.

2014 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ რაზე დაყრდნობით ამბობდა „ფრონტერა“, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოჩნდა: „ეს არის ძველი საბადო, რომელსაც „მწარე ხევის“ საბადო ჰქვია და საბჭოთა კავშირის [სსრკ–ს] დროს არის აღმოჩენილი“.

კორპორაციაში მაშინ ასევე აცხადებდნენ, რომ როცა „ფრონტერამ“ საბადოზე ბურღვითი სამუშაოები დაიწყო, უწყებაში და საქართველოს მთავრობაში წარადგინა დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულ ჭაბურღილზე მხოლოდ 23 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის დამტკიცებული მარაგი მოიაზრებოდა: “ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამ 23 მილიონ კუბურ მეტრსაც დასაბუთება სჭირდებოდა“.

კომპანია „ფრონტერამ“ 2015 წელს კი განაცხადა, რომ კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი იყო. მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამინისტროს კომპანიისაგან კახეთში ახალი სამუშაოების დაწყების თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

„აი ფაქტის“ ინფორმაციით, „ფრონტერა“ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც აცხადებდა, რომ გაზის დიდ მარაგებს პოულობდნენ, თუმცა ამოღებული გაზის რაოდენობა არასოდეს ემთხვეოდა კომპანიის მიერ გამოცხადებული რესურსის ოდენობას.

2017 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა „ამერიკელი კონგრესმენების ტედ პოსა და გეინ გრინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც კონგრესმენები საუბრობენ საქართველოში კომპანია „Frontera Resources“ საქმიანობის შესახებ“.

„ქართული მხარე მოქმედებს [„ფრონტერასთან“ გაფორმებული] ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით და ამასთან, მოითხოვს „ფრონტერას“ მხრიდან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. გავრცელებული ინფორმაცია კომპანია „ფრონტერას“ ინტერესების სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასწორია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოითხოვს მხარეების მიერ კონფიდენციალურობის პირობების დაცვას, ამიტომ მოკლებული ვართ დამატებითი დეტალების გასაჯაროების შესაძლებლობას“, – აღნიშნული იყო სააგენტოს მაშინდელ განცხადებაში.

2019 წლის იანვარში „აი ფაქტი“ წერდა, რომ „ფრონტერა რესურსი“ ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა.

მთავარი ფოტო: „მწარე ხევის“ ველი, ფოტო: fronteraresources

რას (არ)ასწავლიან სკოლებში პრორუსი ტროლების არმიაზე

რა არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და როგორ უნდა განასხვაონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან ბავშვებმა – ამ თემაზე ქართულ საჯარო სკოლებში თითქმის არ მიმდინარეობს სწავლება. სკოლები არ ფლობენ ინსტრუმენტებს, რაც დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ეს საკითხი არც სასწავლო კურიკულუმებშია წარმოდგენილი. რა გამოწვევებზე საუბრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და რაში ითხოვენ ისინი დახმარებას?

რა იციან ბავშვებმა დეზინფორმაციაზე და რას ასწავლიან სკოლაში?

მარიტა 13 წლისაა, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-8ბ კლასში სწავლობს და ამბობს, რომ მისთვის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გარჩევა საკმაოდ რთულია. „როცა ძალიან მაინტერესებს რაღაც, სიმართლეა თუ არა, ვცდილობ მშობლებთან გადავამოწმო, ან ისევ გუგლში“, – გვეუბნება ის.

გუგლი არის უდიდესი საძიებო სისტემა, სადაც მომხმარებელს წვდომა აქვს როგორც ყალბ, ასევე სანდო წყაროებთან.

„ძალიან მინდა ვიცოდე ამ წყაროების შესახებ და სიამოვნებით დავესწრებოდი ტრენინგებს, სადაც ამას მასწავლიან“, – ამბობს მარიტა.

თუ რას სწავლობენ დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად, ამაზე მე-10 კლასელ მოსწავლეებსაც ვესაუბრეთ. სერგი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს, სხვასთან უნდა გადაამოწმო. მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ეს „სხვა“? – სერგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს google.

„ჩაწერ იმ ინფორმაციას, რაც გაინტერსებს და ნახავ, ვინ რას წერს. რამდენი კომენტარი აქვს და ა.შ.“- გვეუბნება ის. როგორც სერგი, ასევე მისი თანაკლასელები ფიქრობენ, რომ არ აქვთ ცოდნა ყალბი ინფორმაციის გადასამოწმებლად. „სამწუხაროდ არ ვიცით“, – გვეუბნებიან ისინი.

ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მირანდა გორგოშიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოში მედიის თემას ორი პარაგრაფი ეთმობა, რაც 4-5 გაკვეთილს გულისხმობს.

არის თუ არა ეს დრო საკმარისი ისეთი აქტუალური საკითხისთვის, როგორიცაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა? – მირანდა გორგოშიძე ამბობს, რომ ყველაფერი მასწავლებლის მოხერხებაზეა დამოკიდებული. მთავარია, მოსწავლემ იცოდეს ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რაც ეხმარება ბავშვს გაარჩიოს დეზინფორმაცია და სინამდვილე.

„მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა დაიტოვოს სათავისოდ და რას არ მიაქციოს ყურადღება. ვმუშაობთ საგაზეთო სტატიებზე, სადაც მოსწავლეები მონიშნავენ ფაქტს და მოსაზრებას, ასევე ვაძლევთ დავალებას, მოისმინონ თუ როგორ გაშუქდა ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა მედიაში, შემდეგ სკოლაში ამას ვაანალიზებთ“.

პედაგოგი ამბობს, რომ მეათეკლასელებს ჟურნალისტური ეთიკის კოდექსიდან გარკვეულ პუნქტებსაც აცნობს, რომელიც ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებას ეხება. „ბავშვები ეძებენ ისეთ სიუჟეტებს, სტატიებს, სადაც არ იყო დაცული სტანდარტი. სწორედ ეს ეხმარება მათ გაარჩიონ, სანდოა თუ არა ინფორმაცია, ტენდენციურია თუ არა ჟურნალისტი“.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის საილუსტრაციოდ მირანდა გორგოშიძეს ბოშების შესახებ სტატია მოჰყავს, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოშია შესული.

საგაზეთო სტატიაში ავტორი ბოშებზე სიძულვილის ენით საუბრობს და ხელს უწყობს ბოშებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გაღრმავებას.

„მოსწავლეებმა სტატიის წაკითხვის შემდეგ დასვეს კითხვები იმაზე, თუ რა არგუმენტები აკლდა სტატიას. დაინახეს, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტები ჟურნალისტის მხრიდან წარმოდგენილი.

მოსწავლეები წავიდნენ გელაურში, სადაც ბოშების დასახლებაა, გაესაუბრნენ თანატოლებს, ჩაიწერეს მათთან ინტერვიუები და გაიგეს, რომ ბოშებსაც აინტერესებთ სწავლა, დადიან სკოლაში და არ არიან ისეთები, როგორც სტატიაში ჰყავდათ წარმოჩენილი – ქურდები, აგრესიულები და ა.შ. ვფიქრობ, ასეთი თემები ეხმარება მოსწავლეს გაარჩიოს დეზინფორმაცია და რეალური ამბავი“, – გვეუბნება პედაგოგი.

ერთი შეხედვით, თითქოს სისტემა აწყობილია, თუმცა მეორეს მხრივ, ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია სხვა რეალობას აჩვენებს. მაგალითად, პირველ საჯარო სკოლაში, სადაც  მოსწავლეებს ასევე დეზინფორმაციასა და პროპაგანდის შესახებ ვკითხეთ, უჭირთ ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა რუსული პროპაგანდა, ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებული ყალბი ამბები…

როგორც მეათე, ასევე მეშვიდეკლასელი მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკური თუ სოციალური თემები, სამაგიეროდ აღელვებთ კიბერუსაფრთხოება და ყალბი ანგარიშები FB-ზე, რადგან სწორედ აქედან გრძნობენ საფრთხეებს.

„დეზინფორმაცია რა არის?“ – გვეკითხება ერთ-ერთი მეშვიდეკლასელი. მისი თანაკლასელი ბიჭი კი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის საქართველო ევროკავშირშია თუ არა ან „ქართული პოლიცია ევროპულია თუ არა, რომელმაც 15 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა“.

მეშვიდეკლასელი ლუკა ამბობს, რომ ევროკავშირში ყოფნა „ნამდვილად არ არის ცუდი, რადგან ევროკავშირი ძლიერია. თუ იქ ვიქნებით, უფრო დაცული იქნება ჩვენი საზღვრები. ნატოც დაგვიცავს და რუსეთი ვეღარ დაგვიპყრობს“, – გვეუბნება ის.

რა იცი, რომ ეს ასეა? – ვეკითხებით ლუკას. ის ამბობს, რომ ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად საუბრობენ და ამის სჯერა.

დეზინფორმაციაზე საუბრისას ერთ-ერთმა მოსწავლემ თურქეთი ახსენა – „როგორც ვიცი, იქ სკოლებში ასწავლიან, აჭარა  ჩვენი ტერიტორიააო“. ბავშვებს ვკითხეთ, რა წყაროებიდან იღებენ საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე ინფორმაციას და გადაამოწმეს თუ არა ვთქვათ, ეს საკითხი რომელიმე სარწმუნო მედიაში. როგორც აღმოჩნდა, ასეთ საკითხებში ბავშვები, ფაქტობრივად, ინფორმირებული არ არიან.

მე-7 კლასელი მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ინფორმაცია სანდო წყაროების შესახებ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ყალბი ანგარიშები და ვებგვერდები სოციალურ ქსელებში

მეშვიდეკლასელი ანანო ელექტრონული ბიბლიოთეკის ხშირი მომხმარებელია და წიგნებსაც იწერს. გვიყვება, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა წიგნის გამოწერისას რაღაც ბმულზე გადავიდა და პირადი მონაცემები შეიყვანა. „რეგისტრაციის შემდეგ ამ გვერდიდან ვიღაც მწერდა და შეხვედრას მთხოვდა. როცა უარი მივწერე, მუქარა დაიწყო. ტელეფონი გამოვრთე და ნომერი ახლობელს მივეცი. აღმოჩნდა, რომ ჩემს ნომერზე რეკვას და შანტაჟს აგრძელებდა“.

ანანო მიხვდა, რომ სახიფათო ვებგვერდზე აღმოჩნდა, რამაც ის საფრთხის წინაშე დააყენა. ანანოს თანაკლასელი დავითი ინტერნეტში ფულის გამოძალვის მცდელობას იხსენებს. „ბიძაჩემის ფოტო ეყენა ქავერზე, ჩატში მომწერა და ფული მომთხოვა, მასესხეო. მივხვდი, რომ ფეიკი იყო და დავბლოკე“.

11 წლის ნიკოლოზი იხსენებს  შემთხვევას, როცა შეცდომით დარეგისტრირდა გაცნობის გვერდზე. „მწერდნენ სასიყვარულო მესიჯებს, მთხოვდნენ შეხვედრას და მიგზავნიდნენ ფოტოებს“. ინტერნეტ საფრთხეებზე საუბრობს რებეკაც. ამბობს, რომ უცნობი პირი შეხვედრას სთხოვდა და არწმუნებდა, რომ მისი პარალელური კლასელი იყო. „არცერთი ჩემი პარალელური კლასელი არ ჰყავდა მეგობრებში, მივხვდი რომ მატყუებდა“.

ბავშვები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ უფრო მეტი ცოდნა, როგორ დაიცვან თავი ყალბი ინფორმაციისგან, ასევე ყალბი ანგარიშებიდან გამომდინარე საფრთხეებისგან. „სიამოვნებით დავესწრებოდით მსგავს ტრენინგებს“, – გვეუბნებიან ბავშვები.

დეზინფორმაციის მიზანი არის სიძულვილი, გარკვეულ ჯგუფების დაპირისპირება და საზოგადოებრივი აზრის იქეთკენ მიმართვა, რაც პროპაგანდის მანქანას სურს.

ყალბი ამბები გავლენას ახდენს აზრის ფორმირებაზე და გარკვეულ შეხედულებებს უყალიბებს ადამიანებს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე – პოლიტიკურ თუ კულტურულ პროცესებზე. რუსეთი ამ გზით ცდილობს შეაჩეროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სწრაფვა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, განსაკუთრებით ახალ თაობაში გააჩინოს შიშები დასავლური კულტურის და ღირებულებების მიმართ, რომ ამით შეძლოს ამ ქვეყნების საზოგადოების კონტროლი.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში დაინერგოს ყალბი ამბების ამოსაცნობი ტესტები, სხვადასხა თამაში და ინსტრუმენტი, რომ ბავშვებმა გაიაზრონ რა არის მიზანმიმართული ტყუილი და ჩამოყალიბდნენ თავისუფალ, კრიტიკულად მოაზროვე მოქალაქეებად. სწორედ ეს შესძლო ფინეთმა, როცა შექმნა ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო სტრატეგია.

ფინეთში ბავშვებისა და მოზარდების განათლებისთვის სისტემის შექმნაზე სტატიას CNN-ი აქვეყნებს, სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ გაიმარჯვა ფინეთმა ყალბ ამბებთან ომში, რომ ფინური გამოცდილება „შესაძლოა გადამწყვეტი იყოს დასავლური დემოკრატიისთვის“.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფინეთმა ყალბ ამბებთან საბრძოლველად ქვეყანაში ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი მიიწვია, რომლებმაც შეიმუშავეს სტრატეგია რუსული ტროლების არმიასთან საბრძოლველად, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში.

საუბარია მეთოდებზე, რომელიც გამოყენებულია მკითხველის მოსატყუებლად სოციალურ მედიაში. დეზინფორმაციისთვის ტროლები ახდენენ ვიდეო-ფოტოს მანიპულაციას, ავრცელებენ ნახევრად სიმართლეს, ქმნიან ყალბ პროფილებს, მიმართავენ დაშინებას და ა.შ.

სქემაში, რომელიც ბავშვებს ასწავლის ბოტების ამოცნობას, საუბარია დეტალებზე, რომელსაც გადამოწმების დროს უნდა მიაქციო ყურადღება. მაგალითად, რამდენი პოსტი აქვს პირს გამოქვეყნებული დღეში, შეამოწმონ თარგმანის სიზუსტე, პირადი ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები ფინელებმა შეიტანეს როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი სასწავლო პროგრამების კურიკულუმში.

ფინეთის მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომელიც ასწავლის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და, ზოგადად, მოქალაქეებს რუსული დეზინფორმაციისგან დაცვას. მაგალითად, ერთ-ერთი კურსი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ, ფინეთის მთავრობამ 2014 წელს წამოიწყო, რომელიც რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევას ეხებოდა.

ახლახანს ფინურ სკოლებში დაარსდა ე.წ FactBar, ანუ ფაქტების გადამოწმების სააგენტო, ციფრული სახელმძღვანელო, რომელიც დაწყებითი და მაღალი საფეხურის მოსწავლეებს აძლევს ცოდნას ევროკავშირის არჩევნების შესახებ, რომელსაც სხვა ევროპული ქვეყნებიც იზიარებენ.

ფინეთში დეზინფორმაციასთან ბრძოლას ამარტივებს ის, რომ საზოგადოება ენდობა მედიას. – 2018 წელს მედიის ნდობის ინდექსით ფინეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ფინეთს ისიც ეხმარება, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია წიგნიერების ინდექსი. წყაროს მიხედვით, ფინეთში წლის განმავლობაში 5.5 მილიონი ადამიანი 68 მილიონ წიგნს კითხულობს. ფინეთს, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე აქვს ყველაზე მაღალი ქულა PISA-ს კვლევის მიხედვით წიგნიერებაში.

 

მე-7 კლასის სახელმძღვანელო „მოქალაქეობა“

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? – სკოლებში, მოსწავლეებთან გასაუბრებამ აჩვენა, რომ ბავშვებს არ აქვთ ნათელი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ და რა ღირებულებების მატარებელია ის. ბავშვებისთვის ასევე ბუნდოვანია, რა ფორმით ეწევა რუსეთი საქართველოში ანტიდასავლურ და ანტიევროპულ საინფორმაციო კამპანიას.

ლელა ბორჩხაძე, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ახალ საგანს – „მოქალაქეობას“ ასწავლის, ამბობს, სახელმძღვანელოში დეზინფორმაციის საკითხი ცალკე თემად არ არის შესული. წიგნში, რომელსაც ინტერვიუს დროს გვაჩვენებს, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა ინტერნეტდამოკიდებულებაზე და ასევე სტატისტიკა, თუ როგორ გაიზარდა ინტერნეტის მოხმარება წლების მიხედვით.

პედაგოგის აზრით, კარგი იქნებოდა სახელმძღვანელოებში უფრო მეტად იყოს გაშლილი კიბერუსაფრთხოების, დეზონფორმაციის თუ პროპაგანდის საკითხები. მათ შორის დაბალ საფეხურზე, რადგან „უფროსკლასელებს არაფორმალური განათლება ეხმარება რაღაც მაინც რომ გაიგონ დეზინფორმაციაზე, ვიდრე პატარებს“. ლელა ბორჩხაძე მიიჩნევს, რომ ცნობიერების ამაღლებაში ბავშვებს და პედაგოგებსაც არასამთავრობო სექტორიც უნდა დაეხმაროს.

ვინ ეხმარება სკოლას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში?არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2019 წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლებში დეზინფორმაციასა და ყალბი ნიუსების ამოცნობაში ეხმარება მოსწავლეებს. პროექტი 40 საგანმანათლებლო დისკუსიას ითვალისწინებს, 30 დისკუსია სოფლის, 10 დისკუსია კი ქალაქის სკოლებში ჩატარდება.

დისკუსიების მოდერატორი სალომე ფუტკარაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს აუხსნიან მექანიზმს, თუ როგორ მზადდება ყალბი ინფორმაცია და ვინ შეიძლება იყოს სამიზნე აუდიტორია. „რამდენიმე დისკუსია უკვე ჩავატარეთ, სადაც ბავშვებს ვასწავლით სანდო წყაროების მოძიებას, სადაც შეძლებენ ინფორმაციის გადამოწმებას. სამწუხაროდ, სკოლებს არ აქვთ სტრატეგია როგორ ებრძოლონ ყალბ ინფორმაციებს.

ჩვენს დისკუსიებს ესწრებიან მასწავლებლებიც და გამოხატავენ გაკვირვებას, როცა ვუხსნით, როგორ შეიძლება შემოგვაპარონ პროპაგანდა ან დეზინფორმაცია“, – ამბობს სალომე ფუტკარაძე.

სალომე ამბობს, რომ ტრენინგების შემდეგ იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეები მასთან ცდილობდნენ ინფორმაციის გადამოწმებას. „მსოფლიო ჩემპიონ ნინო ოძელაშვილზე გავრცელდა ნიუსი, თითქოს ის შეჯიბრებიდან ჯვრის ტარების გამო მოხსნეს. დეზინფორმაციის მიზანი იყო შეცდომაში შეეყვანათ ადამიანები და ეთქვათ: „აი, როგორ ებრძვიან ევროპაში ჩვენს იდენტობას, ტრადიციებს“. სინამდვილეში, წესები მოითხოვს, რომ სპორტსმენს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ნივთი შეჯიბრის დროს“.

სალომეს აზრით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ოჯახის ფაქტორიც – თუ ოჯახში ძირითადად უყურებენ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებებს, მათ ზეგავლენას ბავშვებიც განიცდიან. „თუ მშობელი უყურებს მედიას, სადაც ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე სიძულვილის ენით საუბრობენ, ბავშვებზეც აისახება ეს გავლენა“.

რუსული პროპაგანდა მუშაობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ, როცა აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უარის თქმა მოუწევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამ ყველაფერზე  სკოლებში ფაქტობრივად არ მსჯელობენ.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად გია ქარცივაძე დაასახელეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იურისტი გია ქარცივაძე დაასახელა, რომელიც ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევანი უნდა გაეკეთებინა სამ კანდიდატს შორის, რომლებიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ შეარჩია 8 კანდიდატს შორის. კომისიამ შეარჩია სამი კანდიდატი: ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა და გია ქარცივაძე. სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვოტით უნდა აირჩიონ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი.

კომისიაში 5 წევრი იყო: „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ EECMD რეგიონული კოორდინატორი – თამარ მამეიშვილი, პროფესიული კავშირის წარმომადგენელი – მანანა შარაშიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის – „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე – ლევან გობაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ახლა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. თუ კი უმაღლესი საბჭოს 11 წევრი გია ქარცივაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ქარცივაძე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გახდება.

 

„რვაფეხა“ იხსნება – კაფეს „ჰილტონის“ მფლობელი კომპანია მართავს

ბათუმის ბულვარმა ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული „რვაფეხას“ [იგივე კაფე „ფანტაზია“] შენობა იჯარის წესით სასტუმრო „ჰილტონს“ გადასცა.

„რვაფეხა“ კომპანია „ტურ ინვესტის” დროებით მფლობელობაში გადავა, რომელსაც  “რვაფეხას” მომიჯნავედ სასტუმრო „ჰილტონს“ ფლობს.

აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა.

„ტურ ინვესტი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში მეიჯარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის [სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება] განთავსების გეგმა შეათანხმოს.

აუქციონის პირობების თანახმად, „რვაფეხას“ შენობაში სამ თვეში კაფე უნდა გაიხსნას, სადაც მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული შეიძლება გაიყიდოს.

კაფე  წელიწადში არანაკლებ 6 თვე უნდა მუშაობდეს, და, ამასთანავე, უწყვეტად უნდა ფუნქციონირებდეს პირველი ივნისიდან 30 სექტემბრამდე.

კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

კაფე „რვაფეხა“ სასტუმრო „ჰილტონის“ ინტერესებში იყო ჯერ კიდევ მის აღდგენამდე. შენობა მიტოვებული და გავერანებული იყო 2014 წელს, როცა „ჰილტონის“ მმართველი კომპანია ამ ადგილას აუზის გაკეთებას აპირებდა, „რვაფეხა“ კი უნდა დანგრეულიყო. კაფე „რვაფეხა“ გადაარჩინა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ, რომელთაც მოითხოვეს კაფეს შენარჩუნება.

„რვაფეხას“ აღდგენა 2017 წელს დაიწყო. 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად 197 606 ლარი დაიხარჯა, 2019 წლის 21 აგვისტოს კი ბათუმის „რვაფეხა“ საზეიმოდ გაიხსნა.

ამავე თემაზე: 

ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“

 

ბარში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27  დეკემბრის 21 საათიდან 28 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით და დილით დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი მოსალოდნელია თოვა, ღამით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის   მიმართულების ქარი  10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას და ორშაბათს, 29-30 დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა, ობიექტის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში 2019 წლის 26 დეკემბერს შევიდა.

იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში 1937 წელს დაარსდა. მუზეუმში ინახება 60 000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა ი. ბ. ჯუღაშვილმა (სტალინმა), საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

მთავარი ფოტო: სტალინის პირადი ვაგონ-სალონი / ფოტო: სტალინის მუზეუმი

ამ თემაზე:

ბათუმში, პუშკინის ქ. N 19-ში მდებარე სახლი სადაც სტალინი ცხოვრობდა, 5 წლის წინ დაანგრიეს:

სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი

ქობულეთის შემოვლითი გზის განათება დასრულდა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე, 18 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა – დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის ივნისში გაიხსნა.

„განათების სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პერიოდში მიღებული ეკონომიიდან დაფინანსდა. სამუშაოები კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის ქვეკონტრაქტორმა შპს „ჯავამ“ შეასრულა და სამუშაოების ღირებულებამ 4.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ამ დროისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის ორივე მონაკვეთზე, რომლთა სიგრძე ჯამში 31.7 კმ-ია, გარე განათება მოწყობილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ღამის საათებში გაცილებით უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი,“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ამ თემაზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

აჭარაში წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 372 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს:

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 438 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 422 ფაქტი, აჭარაში – 372, ქვემო ქართლში -300, შიდა ქართლში – 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 193, მცხეთა-მთიანეთში – 99,  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 56, გურიაში კი, უკანონო ტყითსარგებლობის 51 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა“.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 კუბ/მ-მდე ხე-ტყე.

„ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი,“ – აცხადებს უწყება.

რა უპასუხა ეკონომიკის სამინისტრომ „ბათომს“ რივიერას პროექტზე – ინტერვიუ

„ … მეორე სტადიით დადგენილი პროცედურების  დასრულებისთანავე მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას“, – ასე სრულდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პასუხი, რომელიც „ბათომმა“ 19 დეკემბერს მიიღო. ორგანიზაცია შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხუთი თაუერიდან ერთ-ერთის ე.წ. „სილქ თაუერის“ სამშენებლო პროექტის განხილვაში ჩართვას ითხოვდა.

რას ნიშნავს ეს პასუხი და დარჩა თუ არა ორგანიზაციას რაიმე ბერკეტი შეისწავლოს და საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რასაც მეხუთე კლასის შენობის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა წარმოადგენს? – ამის შესახებ „ბათომის“ წევრს, ნათია აფხაზავას ვკითხეთ.

თემის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ამბობს, რომ „რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობა საფრთხის შემცველი და  დაუშვებელია.

  • ნათია, ვიცით, რომ „რივიერას“ ტერიტორიის გენგეგმა უკვე დაამტკიცა ბათუმის საკრებულომ. ამჯერად კომპანია ითხოვს პირველი თაუერის მშენებლობის ნებართვას, რა ფორმით გეგმავდით ამ პროცესში ჩართვას და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?

ჩვენ გვაინტერესებს რა მოკვლევებზე დაყრდნობით და რომელი ექსპერტების მონაწილეობით იმსჯელებს სამინისტრო გადაწყვეტილებაზე. ვიცით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ საერთოდ  უარი თქვა ამ პროექტის ექსპერტიზაზე და არც მერიას ჩაუტარებია რაიმე სახის კვლევები. ფაქტობრივად, ამ წერილით გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებას თქვენ გარეშე მივიღებთო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ არ გვეცოდინება რა სახის კვლევებზე დაყრდნობით მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რა სახის კვლევებს დაეყრდნობოდნენ, ასევე, თუ დავინახავდით, რომ პროცესი ისევ არასწორად მიდის… ჩვენ ისევ გამოვეთიშეთ ამ პროცესს, ვეღარ დავინახავთ, როგორ განახორციელა თავისი ფუნქცია ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვის გაცემის სტადიაში.

დღეს გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მეორე სტადიის დასრულების შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ პროცესი დახურულია და მხოლოდ  შემდეგ გავიგებთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შემდეგ ჩვენ არანაირი ზეგავლენა არ გვექნება გადაწყვეტილებაზე.

  • დარჩა თუ არა რაიმე ბერკეტი იმისთვის, რომ  იმ ექსპერტებმა, რომლებსაც თქვენ ენდობით, გადაწყვეტილებამდე მოახერხონ დოკუმენტების გაცნობა?

ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, უშუალოდ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და ისევ მოვთხოვთ, მოგვეცეს საშუალება, რომ წარმოებაში ჩავერთოთ. გარდა ამისა, ჩვენ ბათუმის მერიას მივწერეთ წერილი, რომ ვართ დაინტერესებული მხარე და შეთანხმების ეტაპზე პროცესში ჩავერთვებით. ეს არ არის ერთი კონკრეტული უბნის პრობლემა, არამედ ქალაქის და ქვეყნის პრობლემაა. გარდა ამისა, შესაძლოა მივმართოთ სასამართლოსაც იმის გამო, რომ არ მოგვეცა საშუალება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვისთვის.

  • „ბათომმა“ უკვე მიმართა სასამართლოს, რომ ტერიტორია წარმოადგენს ისტორიულ ზონას, რაც დადასტურებულია კვლევით. მიუხედავად იმისა, რომ ზონები დამტკიცებული არ არის, სასამართლომ ეს პროცესი რატომ არ შეაჩერა დავის დასრულებამდე?

განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილება, რომელსაც იშველიებს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი [ის აწერს ხელს ეკონომიკის სამინისტროში ჩვენი მიმართვის პასუხს], ჩვენ სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. სასამართლომ არ შეაჩერა პროცესი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა წავაგეთ. თუ სასამართლომ ცნო ეს გადაწყვეტილება ბათილად, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ამიტომაც თვითონ საჯარო უწყება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში.

3 წლის საბას დახმარება სჭირდება

3 წლის საბა რუხაძეს სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. მას აქვს იშვიათი მრავლობითი დიაგნოზი – გულის კომბინირებული რთული მანკი, თავის ტვინის დაზიანება, გულის უკმარისობა და ფილტვების ჰიპერტენზია. საჭიროებს სრულ სამედიცინო დიაგნოსტიკას თურქეთში “აჯიბადემის” კლინიკაში, დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის მიზნით. კლინიკა მზადაა მიიღოს პაციენტი.

ოჯახს საბას გამოკვლევებისათვის სჭირდება ფინანსური დახმარება. საბას მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება კრიტიკულად დამძიმდეს. ოჯახი ითხოვს საზოგადოების დახმარებას.

საბა რუხაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ საქველმოქმედო ნომერზე ნებისმიერი ქსელიდან: 0901701517 ან თანხა შეიტანოთ მამის ანგარიშზე.

საქართველოს ბანკი: GE33BG0000000334249800

თი ბი სი ბანკი: GE96TB1011436512500010

მიმღები: დავით რუხაძე

“ბათუმელებმა” საბა რუხაძის შესახებ მასალა მიმდინარე წლის მარტში მოამზადა. მშობლები საბას დაბადების დღიდან იბრძვიან მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

ამავე თემაზე:

2 წლის საბას სახიფათო “მოგზაურობა” სამედიცინო ლაბირინთში

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი აპირებს 5 მოადგილე ჰყავდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ახალი დირექტორი აპირებს, რომ 5 მოადგილე ჰყავდეს. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს, ჩატარდა. მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სტრუქტურულ რეორგანიზაციას სთავაზობს. ამ დრომდე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს 2 მოადგილე ჰყავდა.

„დებულებაში საკმაოდ ნათლად გაწერილია თითოეული სტრუქტურის და რგოლის ფუნქცია, რით უნდა იყოს დაკავებული, რა პასუხისმგებლობაა, შემოტანილია 5 დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ეს იმისთვის, რომ ჩემთვის, დირექტორისთვის, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე რაც ჩანს, უფრო იოლი რომ გახდეს მართვისთვის ეს ორგანიზაცია…“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის განმარტებით, ხუთი მოადგილე ხუთ მიმართულებას გაუწევს კურირებას, რომელიც აქამდე სამსახურების სახით არსებობდა ტელევიზიაში: პროგრამული განვითარება, საინფორმაციო, ტექნიკური, შემოქმედებითი და მიმდინარე მაუწყებლობა.

დებულების პროექტი ამ დრომდე გასაჯაროვებული არ არის. მისი დამტკიცების შემთხვევაში, რეორგანიზაცია ტელევიზიის 69 თანამშრომელს შეეხება. გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ასევე უთხრა, რომ გარე ჩარევები და განხილვები პროცესს დააზიანებს, თუმცა წინააღმდეგი არ არის, დებულების პროექტის მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდეს.

„ამას აღიარებდა წინა მენეჯმენტი, რომ სტრუქტურა არის შესაცვლელი,“ – დასძინა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი მოადგილე საინფორმაციო მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისივე თქმით, მუშაობაში ჩარევის უფლება არავის ექნება: „მათ შორის დირექტორსაც ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს სარედაქციო ჯგუფის მუშაობაში“.

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია ზოიძეს, რომელიც ამჟამად დირექტორის მოადგილეა, მხოლოდ „ანგარიშების შედგენის“ ფუნქცია დაუტოვა – ეს ამბავი 23 დეკემბერს მოხდა. მანამდეც გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ დირექტორის მოადგლეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება არ ჰქონდა, თუმცა არ უთქვამს, რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე ამბობდა ამას.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათება მოეწყო

სოფელ ზანაქიძეებში, ზედა თხილნარსა და შუა მახინჯაურში დასრულდა გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 49 880 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს გარე განათების მოწყობის 16 პროექტი განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შესაძლებელი გახდა 25 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზის განათება.

პირადობები “ჩიპების” გარეშე – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ „ციფრული პასპორტების“ წინააღმდეგ სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. სასასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

“მოპასუხეები არიან პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო. მათ უნდა შესთავაზონ მოქალაქეებს დროებითი სარგებლობის დოკუმენტი, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს,”- ამბობს გიორგი ლომთაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

სასამართლომ უარი თქვა სარჩელის არსებით განხილვაზე იმ ნაწილში, რომელიც ბიომეტრიულ პასპორტებს ეხება. ამ კუთხით არაფერი იცვლება.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.

მოსარჩელეები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებიან.

მოსარჩელეები არიან ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი  და სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობის, ასევე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის – „ჩიპის“ გარეშე მიღების შესაძლებლობას. 

მოსარჩელეების მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტები

თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი თანამედროვე მინისაფეხბურთო მოედანი მოეწყო. სოფელ აგარაში არსებული მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 955 ლარი გამოიყო.

2019 წელს მუნიციპალიტეტში ჯამში 6 მინისპორტული მოედანი მოეწყო.

სოფელ სამებაში, ხელვაჩაურსა და აჭარისწყალზე საავტომობილო გზებთან ჯამში 3 ერთეული ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაო დასრულდა. პროექტის ღირებულება 83 815 ლარს შეადგენს.

2019 წელს გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე ჯამში 17 ფერდსამაგრი კედელი და დამცავი გაბიონი მოეწყო.

 

შუახევში სამი სახლი დაიწვა, ცეცხლი მეოთხე სახლზეც გადავიდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, დამხმარე ნაგებობების ჩათვლით. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ცეცხლი მე-4 სახლზეცაა გადასული, სადაც ბადრი ჯაყელის ოჯახი ცხოვრობს.

ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

დამწვარი სახლები ქათამაძეების საკუთრება იყო. როგორც მერიაში გვეუბნებიან, სოფელში იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შუახევის მერი.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ გვითხრა, დაზარალებულ ოჯახებს 15-15 ათასი ლარით დაეხმარებიან.

სოფელ ბარათაულში სამი სახლი დაიწვა
ფოტო: შუახევის მერია

ორი დღის წინ, 24 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა:

შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა

მთავარი ფოტო: შუახევის მერიის

2020 წლის გამოცდაზე პედაგოგების კონკურენტები იურისტები და ბანკირები იქნებიან

შემოდგომაზე ჩატარებულ გამოცდაზე 6 000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა. დაახლოებით ამდენივე პედაგოგმა ვერ ჩააბარა გამოცდა ზაფხულის გამოცდაზეც. სიაში არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებმაც გამოცდაზე 1, 2 და 0 ქულა მიიღეს. მაგალითად, 0 ქულა უწერია შეფასებაში სპორტის, რუსულის, დაწყებითი განათლების ოთხ მასწავლებელს, 1-1 ქულა აქვთ მიღებული ასევე ქართულის, დაწყებითის და რუსულის მასწავლებლებს. შემოდგომის გამოცდაზე, მასწავლებლები კომპეტენციას საგნობრივის გარდა პროფესიულ უნარებშიც ადასტურებდნენ. რა კომპრომისზე წავიდა გამოცდაჩაუბარებელ პედაგოგებთან სახელმწიფო და ვისთან მოუწევთ შეჯიბრი მოქმედ მასწავლებლებს გაზაფხულისთვის? – დეტალებზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს.

  • ბატონო ბერიკა, 2019 წლის განმავლობაში საუბრობდით იმაზე, რომ ახალი წლიდან, პრაქტიკოს პედაგოგებს, თუკი ისინი წლის ბოლომდე ვერ დაადასტურებდნენ კომპეტენციაც, აღარ მიეცემოდათ  სკოლაში დარჩენის უფლება. რატომ შეიცვალა ეს პოზიცია?

იმის გამო, რომ მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს დაგროვილი აქვს 19-20-21 კრედიტქულა, უსამართლობა იქნება ამ მასწავლებლების კრედიტები ჰაერში აღმოჩნდეს იმის გამო, რომ გამოცდა ვერ ჩააბარეს. ამიტომ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ  გაზაფხულზე კიდევ ჩააბარონ გამოცდა და აიმაღლონ სტატუსი – შეივსონ ის 1 თუ 2 ქულა, რომელიც მიაკლდათ.

2020 წლის გაზაფხულის სემესტრში ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება გააგრძელონ სკოლაში მუშაობა და მათ ადგილზე ვაკანსია არ გამოცხადდება იმისთვის, რომ სკოლებში არ შექმნილიყო დეფიციტი.

  • რამდენი ქულაა 1 კრედიტი? გამოცდის შედეგების მიხედვით, დაახლოებით 6 ათასამდე პედაგოგია, ვინც 30 ქულაზე ნაკლები დააგროვა.   

30 ნაკლები ვისაც აქვს, მგონი მას გამოცდა ჩაბარებულად არ ეთვლება, მაგრამ შუა სემესტრიდან ხომ ვერ გამოიყვან მასწავლებელს სკოლიდან და დაიწყებ ახლის ძებნას.

  • 2019 წელს სახელმწიფომ ორჯერ – გაზაფხულზე და დეკემბერში უკვე მისცა შესაძლებლობა პრაქტიკოსებს, რომ დაედასტურებინათ კომპეტენცია. ხომ შეიძლება 2020 წლის გაზაფხულის გამოცდაზეც ვერ დაადასტურონ?

რა ვქნათ ახლა. ვიღაცას 1 კრედიტქულა აკლია, ვიღაცას – 2. მოდი ჩაამთავრონ ეს სასწავლო წელი. ასევე სამართლიანი იქნება დაამატონ ის 1 ქულაც და გახდნენ უფროსი მასწავლებლები, თუ ესეც ვეღარ შეძლეს, მაშინ არ ვიცი.

მე ვზრუნავ მოსწავლეზე – მეშინია, რომ ეს მასწავლებლები რომ გამოვიდნენ გარეთ, სად ვიპოვოთ ასე უცებ ახალი მასწავლებლები? ვინც ამბობს, რომ კომპეტენცია დაადასტურა, მაგრამ სკოლაში ვერ შედის, მაგათ ყველას თბილისში და ვაკეში უნდათ მუშაობა ან ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში და რეგიონებში რომ გამიჩნდება დეფიციტი, მერე საზოგადოება მათრახს დამარტყამს, რატომ არ მოძებნე მასწავლებელიო.

  • ის, რომ სკოლებში შესაძლოა კადრების დეფიციტი გაჩენილიყო, ამაზეც ადრეც გეკითხებოდით.

ვიცი და ამ დეფიციტის აღმოფხვრა „ეროვნული სკოლით“ ვეცადეთ, სადაც 2 400 პირმა ისწავლა. ვინც ამბობს სკოლაში არ გვიშვებენო, ესენი ქართულის და ინგლისურის მასწავლებლები არიან. აბა ნახეთ რამდენია მაქედან მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის მასწავლებელი. 450 მასწავლებლის დეფიციტი თუ შემექმნება ეს 3 მასწავლებელი შეავსებს? ამ ბავშვების მშობლებს რა პასუხი გავცე, ვერ შეიყვან ასე უცებ ახალ მასწავლებლებს სკოლაში.

ნახეთ, უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო საგნებში კაციშვილი არ არის დარეგისტრირებული, საიდან მოვიყვანო ეს მასწავლებლები? მათემატიკის 20 მასწავლებელს უშვებს ახლა ბათუმის უნივერსიტეტი, მაგრამ ეს იქნება საკმარისი?

  • „ეროვნულ სკოლაში“ რა კვალიფიკაციის ადამიანები გადაამზადეთ, პედაგოგები არიან განათლებით?  

99 პროცენტი არის ბანკის თანამშრომელი, იურიდიული კომპანიის თანამშრომელი, ყოფილი ქიმიური და საკონსერვო ქარხნების თანამშრომლები. ტრენერებმა, ვინც ეს ხალხი გადაამზადა, თქვეს, რომ ამდენი გონებაგახსნილი და მოტივირებული ადამიანი არ გვინახია ცხოვრებაშიო.

ყველა დარეგისტრირდა საგნის მიხედვით, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს კადრები გვჭირდება მცირე და საშუალო კონტინგენტიანი სკოლებისთვის, გვინდა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად, არა მარტო მათემატიკის, არამედ მათემატიკა-ისტის, ქიმია-ბიოლოგიის, ან ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებლად. უნდა გამოვუშვათ ახალი ტიპის მასწავლებელი, ისე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. მაგალითად, ფიზიკა 9 საათია ან 12 საათი, რამდენი უნდა მისცე მასწავლებელს ანაზღაურება? 2 ათას ლარს ხომ არ მისცემ 9 საათში, ამიტომ უნდა გახდეს საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი. ქედაში და ხულოში, სადაც, ვთქვათ, სკოლაში 15 მოსწავლეა, ავიყვანოთ ცალკე ფიზიკის, ცალკე ბიოლოგიის, ქიმიის და ა.შ. მასწავლებელი, ამას ვერც ფიზიკურად გავწვდებით და ვერც ფინანსურად.

  • გაზაფხულის გამოცდის შემდეგ რა შეიცვლება?

14 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს, 1900 „ეროვნული სკოლაში“ გადამზადებული პირია. ეს ადამიანები გავლენ გაზაფხულის გამოცდაზე და შეეჯიბრებიან ერთმანეთს, შემდეგ უკვე ვაკანსიაზე შეეჯიბრებიან. ეს იქნება სამართლიანი, რადგან ახლა პრაქტიკოსი მასწავლებლები რომ გავუშვა სკოლიდან იმის გამო, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა, გამოცდა არც ამ გადამზადებულ პირებს აქვთ ჩაბარებული და, ბუნებრივია, მათ ექნებათ პრეტენზია. ამიტომ, თანაბარ პირობებში რომ ჩავაყენოთ, გადამზადებული პირები და პრაქტიკოსები გავლენ გაზაფხულის გამოცდაზე და იქ დაადასტურებენ კომპეტენციას.

მომავალი წლიდან კრედიტქულების დაგროვების სისტემა აღარ იარსებებს, თუმცა რაც დაგროვებული აქვთ, ის არ უნდა დაეკარგოთ. ერთიანი პრინციპი, მასწავლებლის რეგულირების წესი იქნება, მასწავლებელს მეტი დრო რომ მიეცეს კლასში მუშაობისთვის და არა იმაზე, რომ კრედიტების შეკრება-გამოკლებაზე დახარჯოს დრო.

ასევე, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაზე გადავალთ, რადგან სკოლამ უნდა დაადგინოს რა სჭირდება მასწავლებელს და მერე არ უნდა ვადგენდე აქედან.

თუ ვთქვათ, შარაბიძეების სკოლაში მასწავლებელს სჭირდება გადამზადება კრიტიკულ აზროვნებაში, ან უსაფრთხო სკოლაში, უნდა გვითხრას და შემდეგ სახელმწიფო უზრუნველყოფს მის გადამზადებას.

  • როგორც „ბათუმელებთან“ აღნიშნეთ, მასწავლებლის პროფესიული რეგულირების ახალი წესი 2020 წლიდან უნდა დაწყებულიყო. ამის განხორციელებაც ხომ არ გადაიდო?

2020 წელს, პირველივე დღიდან უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა, რადგან ვფიქრობთ, რომ 2020 წლისთვის გამოცდა სტატუსის შესაცვლელად იქნება აუცილებელი პირობა, თუმცა, არ იქნება საკმარისი. ამიტომ მასწავლებლის საქმიანობას სპეციალური კომისია შეამოწმებს. ეს იქნება რესურსცენტრის ბაზაზე, მასწავლებლის სახლის დახმარებით რომ ვნახოთ, ეს ადამიანი შეიძლება გამოცდას აბარებს, მაგრამ იქნებ გაკვეთილზე საერთოდ არ შეიშვება. მისი საქმიანობა უნდა დაადასტუროს მისმა პორტფოლიომ, როგორ აკეთებს გეგმას, როგორ ატარებს გაკვეთილს, მასწავლებლის კომპლექსური შეფასება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეიცვალოს სტატუსი.

  • პრაქტიკოს მასწავლებელს თუ შეუძლია პირდაპირ წამყვანის სტატუსი რომ მოიპოვოს?

არა. წამყვანი და მენტორის სტატუსის მოპოვება შეუძლია მხოლოდ უფროს მასწავლებელს. ამიტომ, სანამ მასწავლებელს გამოცდაზე გაიყვან, ხომ უნდა მოვუმზადო სასწავლო რესურსები, რომ იცოდეს რაში უტარებ გამოცდას, შემდეგ, ამის ბაზაზე ნაეკი გააკეთებს გამოცდას და მაღალ კოეფიციენტს ვინც მიიღებს, შეიცვლის სტატუსს.

 

მთავარი ფოტო: მასწავლებლის სახლის ფეისბუკის გვერდიდან

შსს: ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ნარკოლაბორატორია იყო, დაკავებულია 5 პირი

შს სამინისტროს ცნობით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. დაკავებული არიან საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.

პოლიციამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკავა: საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ.რ.; რუსეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.ი.; უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.; ყირგიზეთის 3 მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული უ. შ.; 1992 წელს დაბადებული ს. ბ.; 2000 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე დ. კ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ხ. ტ.-ს კი ბრალი წარუდგინეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ასევე, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.

„აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ., თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ.

რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის – დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა.

ყირგიზეთის მოქალაქეები – უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ.

ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტაპლიკაცია „ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 266-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

როგორ გამოიყურება საახალწლო ნაძვის ხე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში საახალწლო ნაძვის ხეები უკვე აანთეს. თქვენ რომელი მოგწონთ?

თბილისის საახალწლო ნაძვის ხისთვის თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებითაა გაფორმებული.
ეს კი ბათუმის საახალწლო ნაძვის ხეა. სოფო ხალვაშის ფოტო
ნაძვის ხე ქუთაისში
ასე გამოიყურება მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დედოფლისწყაროში
მცხეთა
ლანჩხუთი
ფოთის საახალწლო ნაძვის ხე
ლაგოდეხის ნაძვის ხე
რუსთავის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე
ეს ნაძვის ხე კი საჩხერეშია
მარნეული
ბოლნისი
ოზურგეთი
ზუგდიდი
ონი
გურჯაანი

 

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს დღეს, 21:00 საათზე აანთებენ

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ცერემონიალი ბავშვებისთვის 5:00 საათიდან დაიწყება, ნაძვის ხეს კი საღამოს 21:00 საათზე აანთებენ.

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება მერიას გუშინ, 25 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმეს.

ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს 200 მანათობელი ქოლგით მორთეს. მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციული სანათები , მათ შორის, სანათი ქოლგები, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად.

44 125 ლარი მომღერლებისა და წამყვანების ჰონორარისთვის – საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

„პროგრესელი“ ლუკა: მჯერა, საქართველო გაბრწყინდება და ამას სწორედ ჩვენი თაობა გავაკეთებთ

ლუკა თავდგირიძე ერთი ჩვეულებრივი მხიარული თინეიჯერია, ყოფილი მოცეკვავე, პოეზიის მოყვარული და ზოგჯერ პოეტიც. ამჟამად ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” სწავლობს და ემზადება ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. ჩაბარებას სამართლის ფაკულტეტზე გეგმავს, რადგან მისთვის ცხოვრების მთავარი იდეა და აუცილებლობა სამართლიანობაა. ასევე იზიდავს პოლიტიკა და ფიქრობს, რომ იურიდიული განათლების მიღება სამომავლოდ წარმატებული პოლიტიკური კარიერისთვის კარგი საფუძველი იქნება. აინტერესებს ყველაფერი, რაც მის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს და მისი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

დღეს ლუკა თანამედროვე ღირებულებებზე, თავის განწყობებსა და ბოლოდროინდელ ტენდენციებზე ისაუბრებს.

ლუკა, შენი დაკვირვებით, რა მთავარი ღირებულებები აქვთ ახალგაზრდებს თანამედროვე სამყაროში?

ღირებულების აღქმა, ვფიქრობ, ყველა ადამიანში ინდივიდუალურია, ჩვენს ცნობიერებაში ადამიანები ვალაგებთ პრიორიტეტებს და რაც უფრო პრიორიტეტულია კონკრეტული საგანი, მით უფრო ღირებულია ის ჩვენთვის.

ზოგადად, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და ის, რაც  მაძლევს სიცოცხლის ძალას, ღირებულია ჩემთვის. ეს იქნება ოჯახი, რწმენა თუ ზნეობრივი ფასეულობა.

პატრიოტიზმი და ტრადიციები რამდენად ფასობს დღეს? 

პატრიოტიზმი მარადიული და მდგრადი ღირებულებაა, რომლის გარეშე ერის არსებობა წარმოუდგენელია. მართალია, გლობალიზაციამ და კოსმოპოლიტიზმისკენ სწრაფვამ შეასუსტა ის ადამიანებში, მაგრამ, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, პატრიოტიზმი გულის საქმეა, თანდაყოლილია ინსტინქტივით და ის ყოველთვის დევს ქვეცნობიერში მაინც.

რა მოგწონს ან არ მოგწონს შენ ირგვლივ?

არ მომწონს ანტაგონისტური დამოკიდებულება დაჯგუფებებს შორის, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგებს იწვევს. ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან.

მომწონს თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეის პოპულარიზაცია დღევანდელ საქართველოში. მომწონს საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენის შესაძლებლობა საზოგადოებაში, რაშიც არავინ გზღუდავს და ჩარჩოებშიც არავინ გაქცევს.

სკოლაში რომელი საგნები გიყვარს, რა მიმართულებით გეგმავ სწავლის გაგრძელებას?

მიყვარს ყველა ის საგანი, რომელიც მოსწავლისგან მსჯელობას და კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს.

ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებს რომ შევეხოთ, რას ფიქრობ, რა აიძულებს ახალგაზრდებს სუიციდზე იფიქრონ?

იმაზე საუბარი, თუ რა აიძულებთ მათ ამ ნაბიჯის გადადგმას, მარტივი არ არის, რადგან ეს დამოკიდებულია ინდივიდზე და მის ფსიქოლოგიაზე. მოზარდთა ნაწილს ამ გადაწყვეტილებამდე შეიძლება უბიძგოს საზოგადოების გულგრილობამ მათი პრობლემების  მიმართ, მშობლების უყურადღებობამ, ჩაკეტილობამ და სხვა მრავალმა მიზეზმა.

ვფიქრობ, აკლიათ რწმენა საკუთარი თავის და ამიტომ ჰგონიათ, რომ სოციუმში, სადაც ცხოვრობენ, სადაც თავიანთ გონებაში მათზე უკეთესები არსებობენ, მათთვის ადგილი არ არის. ვერ პოულობენ გამოსავალს. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ოჯახი, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. ის ბავშვი, რომელიც მიიღებს საკმარის სითბოს (და ეს საკმარისი ყველასთვის სხვადასხვაა), არასდროს იფიქრებს სუიციდზე.

ვგულისხმობ იმას, რომ მშობელს უნდა შეეძლოს ბავშვთან სწორი ურთიერთობის დამყარება და ეს არავისთვის არ არის უცხო.

ვფიქრობ, არც “ამ ცხოვრების დედაც” და არც “ცხოვრება მშვენიერია”.  ჩვენვე განვაგებთ ჩვენს ცხოვრებას და როგორადაც ვაქცევთ მას, ან როგორი თვალებითაც შევხედავთ მას, ისიც ისეთი იქნება.

ანუ მთავარია განწყობა…

ყოველთვის გამოინახება ის სულიერი ძალა, რომელიც ნებისმიერი სირთულის დაძლევაში ეხმარება ადამიანს, ხსნა და გამოსავალი სიკვდილში არ არის.

მჯერა, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გამოვიყენებთ სწორად და მართებულად ჩვენივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ასევე მჯერა, რომ ვისწავლით ფერების სწორად აღქმას და აზრების სწორად დალაგებას. მჯერა, რომ გაბრწყინდება საქართველო და ამას სწორედ ჩვენი თაობა გავაკეთებთ.

სასჯელი 6 ძირი კრიპტომერიის უკანონოდ მოჭრისთვის

6 ძირი კრიპტომერიის მოჭრისთვის ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში მცხოვრები ზ.მ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებულს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას ედავებოდა გამოძიება. ეს მუხლი ითვალისწინებს იმ ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისგების დაწესებას, რომელიც მანამდე ადმინისტრაციული წესით არის სახდელდადებული ასევე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვისთვის.

გამოძიების მტკიცებით, ზ.მ.-ს ქმედებით სახელმწიფოს 1410 ლარის ზიანი მიადგა. ბრალდებულმა არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად დამნაშავედ მიიჩნია.

მოსამართლემ ზ.მ.-სთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის – ჯარიმის გამოყენება არჩია. ეს მუხლი ასევე ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე.

გამოძიების პროცესში ზ.მ.-ს სახლიდან ამოღებული ხეები დაზარალებულად ცნობილ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დაუბრუნეს.

2018 წელს, ამ სოფელში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ევკალიპტის ხის გადასატანად ქარსაცავი ზოლში 80-მდე ხე მოჭრეს.

მთავარი ფოტო: ივანიშვილის ხის გადატანისთვის გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში, 2018 წელი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რა ხდება წინასწარი დაკავების საკნებში – „ციხეზე ბევრად რთული იზოლატორში ყოფნაა“

„ციხეზე ბევრად რთული იზოლატორში ყოფნაა. განსაკუთრებით პირველ დღეს ხარ დათრგუნული. გარეთ იყავი და უცებ გამოგკეტეს. ვერავის უყვები ამბავს, არც ტელევიზორი ჰკიდია სადმე, რომ ხმა გესმოდეს. ზედამხედველები მუდმივად გაკვირდებიან, არ იცი, რა გელოდება… წიგნის თაროზეც მხოლოდ ორი ცალი, თითქმის დახეული წიგნი გხვდება: ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული და კიდევ ილია ჭავჭავაძე…“ – ამას ყოფილი პატიმარი, ბორის მაისურაძე გვიყვება. იგი ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაახლოებით ერთი თვის წინ მოხვდა.

ახალი და განახლებული იზოლატორების მოწყობის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ წლის დასაწყისში აიღო, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ: „სახალხო დამცველის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ იზოლატორების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები“. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

რამდენი ახალი იზოლატორი მოეწყო წელს და რამდენი გარემონტდა? – ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ. მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის არ დასრულებულა, მაგრამ რემონტდება 6 დროებითი მოთავსების იზოლატორი: სიღნაღში, ბაღდათში, ჭიათურაში, სენაკში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ჯამში ეს სამუშაოები სამინისტროს 293 610 ლარი უჯდება.

ამ ეტაპზე დასრულებული არ არის ახალი იზოლატორების მშენებლობაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალ იზოლატორს აშენებენ თბილისში, ავჭალის დასახლებაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მილიონ 255 555 ლარი დაიხარჯება, გურჯაანში – 1 მილიონ 130 434 ლარი. ახალი იზოლატორი კეთდება ბაკურიანშიც, სადაც მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

საქართველოში სულ 29 დროებითი მოთავსების იზოლატორია, სადაც ერთდროულად 251 დაკავებულის განთავსებაა შესაძლებელი. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დათვლილია „გამონაკლის შემთხვევაში საკანში მოსათავსებელი პირების მაქსიმალური რაოდენობა“ და ის 367-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ იზოლატორების დიდ ნაწილში იმაზე მეტი დაკავებული შეიძლება მოათავსონ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ რეჟიმშია გათვალისწინებული, მაგალითად, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გათვალისწინებულია 19 ადგილი, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში მოთავსდება – 25.

ნახევრად გატიხრული საპირფარეშოები, დაზიანებების ზუსტი აღრიცხვის პრობლემა, კვება, ვენტილაცია, განათება, მდგომარეობა ქალი და არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის – ეს ის პრობლემებია, რის შესახებაც სახალხო დამცველი წლებია წერს და აღნიშნულია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშებშიც. ამ პრობლემებზე საუბრობენ ყოფილი პატიმრებიც, რომლებიც იზოლატორებში მოხვდნენ.

„ბათუმელები“ ამ თემაზე სამ ყოფილ პატიმარს ესაუბრა. სამივე პატიმარი ამბობს, რომ იზოლატორის საჭმელი არ უჭამიათ და იზოლატორში ყოფნის პერიოდში, რომელიც მაქსიმუმ 72 საათს გრძელდება, ძირითადად ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილ საკვებს იღებდნენ.

„იყო ჩაი, პაშტეტი ჰქონდათ, სუპებიც იყო, სპეციალურ ჭიქებში მარტივად და მალე რომ კეთდება, ცხელ წყალს დაასხამდნენ… ნუ, ახლა, ყავა არ იყო,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი ბორის მაისურაძე.

„საჭმელს ჩემები მიგზავნიდნენ, თუმცა საერთოდ ვერ ვჭამდი… ცოტა ჰიგიენას თუ მიხედავენ, კარგი იქნება. ჰიგიენის პრობლემა იყო საპირფარეშოშიც, რომელიც საკნებშია მოწყობილი, ნახევრად ჩანხარ, მარტო არ ხარ, მინიმუმ უხერხულად გრძნობ თავს,“ – გვითხრა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„რიგი იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციით და განათებით, არადამაკმაყოფილებელია სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, იზოლატორების საკნებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძი. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ორ და მეტადგილიან საკნებში, სადაც შესახლებულ პირს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა პირის/პირთა თანდასწრებით უწევს. იზოლატორებში თითოეული დაკავებული პირი უზრუნველყოფილია მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფით, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

საპირფარეშოების პრობლემას სხვაგვარად უყურებს ყოფილი პატიმარი ბორის მაისურაძე:

„მთლიანად რომ იყოს ამოყვანილი კედელი, იქ შესაძლოა ადამიანმა თავი მოიკლას… დამიჯერეთ, ყველა, ვინც იქ ხვდება, ძალიან ნერვიულობს და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ციხეში როცა შედიხარ, უკვე ვეღარ დარდობ ამდენს, უკვე შეჩვეული ხარ საკანს, შეგიძლია ჭადრაკი მაინც ითამაშო, ტელევიზორს შეხედო,“ – ამბობს ბორის მაისურაძე.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული კოორდინატორი, ცირა ჭანტურია კი მიიჩნევს, რომ ეფექტური მართვის პირობებში შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა ისე, რომ დაკავებულს იზოლატორში ღირსება არ შეულახონ.

„წლების წინ ანალოგიური პრობლემა იყო საპატიმრო დაწესებულებებშიც და საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რისკები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადამიანი სუიციდისკენ არის მიდრეკილი, ან თვითდაზიანებას ჩაიდენს, მაშინ შესაძლოა ის მოათავსონ საკანში, სადაც კონტროლის სხვა მექანიზმები არსებობს… ნახევრად გატიხრული საპირფარეშო საკანში, სადაც რამდენიმე დაკავებული ერთადაა მოთავსებული, ცალსახად ღირსების შემლახავი მოპყრობაა,“ – აღნიშნავს ცირა ჭანტურია.

ცირა ჭანტურია საუბრობს არასრულწლოვნებზეც, რომლებსაც იზოლატორებში შესაბამისი გარემო არ ხვდებათ.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ მათთვის არ უნდა იყოს დამთრგუნველი გარემო იზოლატორებში, ასევე გამოკითხვის დროს… ამ კუთხით კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი,“ – დასძენს ცირა ჭანტურია.

კიდევ ერთი ყოფილი ქალი პატიმარი [მის ვინაობას არ ვასახელებთ] გვიყვება, რომ იზოლატორების პრობლემა ქალი ზედამხედველების არარსებობაა.

„მე მოვხვდი სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში… მითხრეს, რომ ქალი ზედამხედველი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დეკრეტში გავიდაო. უხერხულობა გაქვს შესვლის დროს, როცა გამოწმებენ, ასევე შემდეგ, როცა, მაგალითად, ჰიგიენურ ნივთებს გაწვდიან… ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს მხრიდან ცუდი ან აგდებული დამოკიდებულება იყოს,“ – გვითხრა ყოფილმა პატიმარმა.

„დროებითი მოთავსების 21 იზოლატორში არ ჰყავთ ქალი თანამშრომლები, რაც იზოლატორში მოსათავსებელი ქალების პირადი დათვალიერებისას პრობლემას წარმოშობს,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

ყოფილი პატიმრების თქმით, ასევე „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მონაცემებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მინიმუმამდეა დასული არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.

„იქ კამერებია და იწერება ყველაფერი, უბატონოდ ვინმე ხმას არ გაგცემს… მე როცა მოვხვდი, მთვრალი კაცი შემოიყვანეს, იგინებოდა საშინლად და პოლიციელს ხელიც არ დაურტყამს,“ – იხსენებს იზოლატორში ყოფნის პერიოდს ყოფილი პატიმარი ბორის მაისურაძე.

„სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ძირითადად პოლიციის განყოფილებაში ხდება… “ – ამბობს ცირა „ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული კოორდინატორი. იგი ყურადღებას ამახვილებს სხვა რისკზე – სახალხო დამცველის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 29 იზოლატორიდან 14-ში სამედიცინო პუნქტი არ არის და ექიმის ფუნქციას ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ჯგუფი ასრულებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო დეტალური ინსტრუქცია იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად  დოკუმენტირების შესახებ.

ომბუდსმენი თავის ანგარიშში ასევე შენიშნავს იზოლატორებში ბუნებრივი და ხელოვნური განათების პრობლემებსაც.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მონაცემებით, ახალი იზოლატორები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. იზოლატორების რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. ეს ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატში დაგვიდასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ დამუშავებული ინფორმაცია მორიგ წლიურ ანგარიშში აისახება.

ცარიელი მერხები ჩაქვის სკოლასთან, სადაც ავარიაში დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობენ

ჩაქვის პირველ საჯარო სკოლასთან 4 ცარიელი მერხი დადგეს – ამ სკოლის ოთხი მეთერთმეტეკლასელი და ჩაქვის გიმნაზიის კიდევ ერთი მოსწავლე გუშინ, 25 დეკემბერს, ავტოავარიაში დაიღუპნენ.

ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

_______________

ფოტო: ჩაქვის #1 საჯარო სკოლა

 

ამბავი კაცზე, რომელმაც პოლიციელი გადაარჩინა – „არ ვნახე, რომ ის დღე არ გავახსენო“

კაცს, რომელმაც ბათუმში დაჭრილი პოლიციელი ჯერ საავადმყოფომდე, შემდეგ კი საოპერაციოს კარამდე მიიყვანა, ცალი ხელით კი მისი დაზიანებული არტერია ეჭირა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, ოპერაციის შემდეგ ის არ უნახავს.  რაულ თებიძემ გადარჩენილი პოლიციელი რეანიმაციის დატოვების შემდეგ არც საავადმყოფოს პალატაში ნახა. ის სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელის, ოთარ თავართქილაძის სანახავად საავადმყოფოში შეგნებულად არ მიდის, რომ ამბავი არ გაახსენოს და ისევ არ გამოიწვიოს იმ დღესთან დაკავშირებული ემოცია:

„მინდა ისეთ დროს შევხვდე, როცა ემოციურად დატვირთული არ იქნება. არ მინდა,  ის დღე გავახსენო, ცოტა უკეთესადაა ვიცი და სახლში რომ გაწერენ, მერე ვნახავ. არ მინდა, ინერვიულოს“.

18 დეკემბრის საღამოს, როცა ბათუმში პოლიციელი დაჭრეს, შემთხვევის ადგილზე რაულ თებიძე შემთხვევით მოხვდა: „იქვე, ხულოს ქუჩაზე, მშენებლობაზე ვმუშაობ. ბიჭებს მოშივდათ და შაურმაზე მე გამიშვეს, რადგან ყველანი სამუშაო ფორმაში იყვნენ, მე კი ახლები მეცვა. ზებრაზე გადავდიოდი, როცა  საპატრულო მანქანა გაჩერდა. მალევე ხალხის ყვირილი გავიგონე, ზოგი იქით გარბოდა ზოგი – აქით. ვიფიქრე, რომ ავარია მოხდა.“

რაული სიტუაციის გასარკვევად ადგილზე მივიდა და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა:

„როგორც კი მივედი, დავინახე, პატრული მორბის. მოვიდა მანქანასთან და გაჩერდა, თუმცა მოასწრო რაციით გადაცემა, დაჭრილი ვარო და ჩაიკეცა. გავიფიქრე, სროლა ხომ არ იყო-მეთქი. პირდაპირ მასთან მივედი და შევხედე. „ძმაო, დამეხმარე, ვკვდებიო“ – მითხრა და წაიქცა.  ხელი დავუდე, თავი არ ეტკინოს-მეთქი, შემდეგ სისხლი დავინახე, დაჭრილი ვარო. პერიოდულად გონზე მოდიოდა, სისხლი მოსდიოდა ჭრილობიდან, არტერიაზე მოვუჭირე ხელი და სისხლდენა შევაჩერე“. 

რაული ყვება, რომ მალევე ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის უფროსი, რომელიც რაციით ითხოვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლას, დაჭრილი პოლიციელის მეწყვილეს კი დამნაშავე ჰყავდა დაკავებული. ამ დროს რაულმა გაიაზრა, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა და პოლიციის უფროსს უთხრა, არ დალოდებოდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს:

„ვუთხარი, რომ დალოდებას აზრი არ ჰქონდა, სასწრაფოდ მანქანით გადავიყვანოთ რესპუბლიკურში-მეთქი. ცალი ხელით დამეხმარა, რომ დაჭრილი მანქანაში შემეყვანა, მეორეში რაცია ეჭირა და თან ლაპარაკობდა,“ – გვიყვება რაული. მისივე თქმით, დაჭრილი პოლიციელი გზაში გონზე მოვიდა:

„მითხრა, არ დამტოვოო. არ გტოვებ-მეთქი, ვუთხარი. ჩემს ოჯახს მიმიხედეო, ალბათ თანამშრომელი ვეგონე. ნუ გეშინია, კარგად იქნები, არ ილაპარაკო, არ შეიძლება-მეთქი, რადგან არტერიამ გაქცევა იცის.“

რაულმა პოლიციის უფროსთან ერთად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიიყვანა და ხელი მანამდე არ გაუშვა, ვიდრე საოპერაციოში ექიმებს არ გადააბარა:

„მივიყვანეთ რესპუბლიკურში. შევედი უცებ, პოლიციის თანამშრომელია დაჭრილი, დამეხმარეთ-მეთქი, იქაც დაბნეულები იდგნენ. მე თვითონ გამოვიტანე საკაცე და პირდაპირ საოპერაციოში ავიყვანე, ექიმები როცა გამოჩნდნენ, მათ ჩავაბარე.“

რაული საავადმყოფოში ოპერაციის დასრულებამდე დარჩა, ვიდრე არ გაიგო, რომ დაჭრილ პოლიციელს გადარჩენის შანსი ჰქონდა. ხოლო როცა საავადმყოფოში მთავრობის წევრები გამოჩნდნენ, მან იქაურობა დატოვა:

„ჯერ პოლიციის თანამშრომლებმა დამიწყეს ძებნა, ვინ იყო ის ბიჭიო და  მათ თავი მოვარიდე, არ მიყვარს მასეთები. პოლიციის უფროსმა მნახა, მაინც ჩამეხუტა და დიდი მადლობაო – მითხრა.  როცა ოპერაცია დასრულდა და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, იქედან ჩუმად გავიპარე. მთავრობის წევრები  მოვიდნენ, მთლად სისხლიანი, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი და შემრცხვა. ამ ამბის შემდეგ ორი ღამე არ დამიძინია, ვერ დავიძინე“.

რაულს ვკითხეთ იმაზეც, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუწიო დაჭრილს პირველი დახმარება ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვა:

„საზღვაო აკადემია დავამთავრე, შემდეგ პოლონურ კომპანიაში ვმუშაობდი, გემებს ვიღებდით და გიბრალტარში ჩაგვქონდა. ლამანშის სრუტეში გავიარეთ წვრთნები, შეგვასწავლეს, თუ როგორ უნდა გაუწიო ადამიანს პირველადი დახმარება. იქედან ვიცოდი, რადგან გემზეც მოხდა მსგავსი შემთხვევა, თითი მოიჭყლიტა თანამშრომელმა, გადახვევა გავუკეთე და მაგრად შევკარი, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო შუა ზღვაში.“

დღეს, 25 დეკემბერს, რაული ბათუმის საკრებულოს სხდომას დაესწრო. ის საგანგებოდ იყო მიწვეული, საკრებულოს წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს პოლიციელის გადარჩენისთვის და სიგელით დააჯილდოვეს. ამავე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ რაულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2000 ლარს გადასცემს საჩუქრად. ამ ყველაფერზე რაულ თებიძემ არაფერი იცოდა:

„არ ვიცოდი, რომ მაჯილდოვებდნენ, ყველაფერი მოულოდნელი იყო.  მინდოდა მადლობა გადამეხადა ბატონი თორნიკესთვის, რომ დამაჯილდოვა. იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მივიდოდი, არ შემრცხვებოდა და ხელსაც ჩამოვართმევდი.  ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალი იყო, სხვაც დაინახავდა, რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ისედაც პატარა ერი ვართ, მტერი ბევრი გვყავს და სხვას თუ ვერაფერს ვიზამთ, ერთმანეთს ტკბილი სიტყვა მაინც ვუთხრათ.“

რაული მოუწოდებს ყველას, ნუ შეეშინდებათ დახმარების ხელი გაუწოდონ ადამიანებს:

„შემდეგ გადაღებულ კადრებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები დავინახე და ძალიან გავბრაზდი. იმდენი ხალხი იდგა იქ და არაფერს აკეთებდა. ერთი პოლიციელი დაჭრილია, მეორეს დაჭერილი ჰყავს დამნაშავე… მესმის მათი, ვისაც ეშინია არტერიაზე ხელის მოკიდების, მაგრამ მანქანაში ადამიანის ჩასმა, გზის გათავისუფლება – ეს ყველას შეუძლია. ნუ გვეშინია ამის, ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ.  ჩემი უმოქმედობით რომ ადამიანი დაღუპულიყო, ვერ ვაპატიებდი თავს.“

ახლა ჟურნალისტების გარდა ოთარს ამ ამბების მოყოლა დისშვილებისა და ძმისშვილებისთვისაც უწევს:

„მოდიან დისშვილები, ბავშვები და მეკითხებიან, ბიძია, როგორ მოხდა ეს ამბავიო, აინტერესებთ. მე ვფიქრობ, მომავალ თაობას სულიერი განათლება აკლია, ადამიანმა სიკეთე, ცოდვა და მადლი უნდა იცოდეს. მე არასოდეს არ შემიხედავს ცუდი თვალით პოლიციელისთვის, თუ დავარღვიე, უნდა დავისაჯო, ყველა უნდა დაისაჯოს დანაშაულისთვის, ცნობილი სახეც და არაცნობილიც.“

რაული ამბობს, რომ ჯილდო მისთვის საამაყოა, მაგრამ ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ოთარს დაეხმარონ:

„ოთარი ისეთი ადამიანი ყოფილა… მინდა ვთქვა, რომ მას ყველაფერი ეკუთვნის, დახმარებაც და სხვაც. ადამიანი, რომელიც დღისით და ღამით ქვეყანას ემსახურება, რომ ჩვენ უსაფრთხოდ დავიძინოთ, უნდა დაფასდეს. უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ უფრო თამამად შეასრულოს თავისი საქმე. მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც მიხარია, გამიხარდა დღეს საკრებულოში  ტაში რომ დამიკრეს, მესიამოვნა და მინდოდა მათთვის, ვინც ტაში დამიკრა, მადლობა გადამეხადა,“ –  ამბობს რაული.

ქობულეთში ხანძარია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია – ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდებს ჭახათში და ოჩხამურთან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეთა ჯგუფი იმყოფება. „ხანძარი ემუქრებდა სახლს, რომელიც გადარჩენილია და გრძელდება სამუშაოები,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.

ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა. ძირითადად, ცეცხლი უჩნდება ეკალ-ბარდს, ბალახსა და ფოთლებს. საგანგებოს განცხადებით, უნალექო და თბილი ამინდის შედეგად  ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.

_________________

მარინა ინაიშვილის ფოტო

ამავე თემაზე: 

ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარში 10 ადგილზე ხანძარია – საგანგებო

მესამე სტადიის ძუძუს კიბოსგან განკურნების მაგალითები – რა არის ტარგენტული თერაპია

ქალებში ძუძუს, მამაკაცებში კი ფილტვისა და პროსტატის კიბო მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში არც ერთი მათგანი განაჩენი აღარ არის, არაუმეტეს თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება.

ონკოლოგიური დაავადებების ვერაგობა გამოიხატება იმაშიც, რომ სიმსივნური უჯრედები უსიმპტომოდ პროგრესირებს და დაავადებაზე პაციენტებს ეჭვი მიაქვთ მაშინ, როცა პროცესი შორსაა წასული. შესაბამისად,  დროული დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა ონკოპრევენციულ, სკრინინგპროგრამებში.

ექიმები, რომლებიც ონკოპაციენტებთან მუშაობენ, ადასტურებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვის ძირითადი მიზეზი დიაგნოზის პანიკური  შიშია, რასაც განაპირობებს მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირება, ვინაიდან მოსახლეობა არ იცნობს ავთვისებიანი სიმსივნეებისგან განკურნებულ პაციენტებს.

კლინიკა „მედცენტრი“ ბათუმში ონკოლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა და შესაბამისად, აქ პაციენტების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტლის, „მედცენტრის“ ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მემედ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ძუძუს კიბო პირველ სტადიაში თითქმის სრულად, 98%-ით იკურნება, მეორე სტადიაში სრული განკურნების შანსი 80-90%-ია, მესამე სტადიაში – 50-60%. ძუძუს კიბოს მეოთხე, ბოლო სტადიაშიც არის განკურნების შანსი  10 % და სიცოცხლეც მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება.

ძუძუს კიბოს სრულად დამარცხება შესაძლებელია დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში.

40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ ისარგებლონ ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, რომლის ფარგლებშიც უფასოდაა ხელმისაწვდომი:

  • მამოლოგის კონსულტაცია
  • მამოგრაფია
  • ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)

 მამაკაცებში ონკოდაავადებებს შორის პირველი ადგილი  ფილტვის, მეორე პროსტატის კიბოს უკავია.

„მოსახლეობამ რომ მოწევაზე უარი თქვას, ფილტვის კიბო მამაკაცების დაავადებათა ათეულშიც კი ვეღარ მოხვდებოდა – დაავადება უმეტესწილად მწეველობითაა გამოწვეული. მესამე სტადიის ფილტვის კიბოზე 10 წლის წინ ქიმიოთერაპია იშვიათად გვაძლევდა შედეგს,  ამჯერად ვაკეთებთ ფილტვის ბიოფსიებს და მივმართავთ ტარგენტულ – დამიზნებით თერაპიას, რაც გულისხმობს იმას, რომ გენეტიკურ დონეზე შეგვიძლია კიბოსთან ბრძოლა, რაც რიგ შემთხვევებში საუკეთესო შედეგს იძლევა,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

„მედცენტრის“ ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მემედ ჯინჭარაძე

ფილტვის კიბოს რაიმე ნიშნები ან სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. სიმპტომები ვლინდება მაშინ, როცა დაავადება უკვე შორსაა წასული.

ფილტვის კიბოს სიმპტომებად მიიჩნევა: ხველა, სისხლიანი ნახველი, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩა, წონის უეცარი კლება, ძვლებისა და თავის ტკივილი.

ფილტვის კიბოს მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება.  თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია, მაგალითად, გენეტიკური დატვირთვა რომელიც შეადგენს ფილტვის კიბოს ავადობის 5 – 10- % შემთხვევას.

ფილტვის კიბოს სკრინინგი და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, თუ:

  • გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, რაც დისკომფორტს გიქმნით.
  • ხართ 50 წელს გადაცილებული და ხართ თამბაქოს მომხმარებელი.
  • ხართ თამბაქოს მომხმარებელი
  • გაქვთ ქრონიკული დაავადებები: ტუპერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი და ა.შ.

რაც შეეხება პროსტატის კიბოს, მემედ ჯინჭარაძის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაძლევადი დაავადებაა ონკოლოგიაში, გაუმჯობესდა დიაგნოსტიკა და შესაბამისად, სიკვდილიანობამაც იკლო. პროსტატის კიბოს ძირითადი დიაგნოზი მესამე-მეოთხე სტადიაში ისმევა, მაგრამ პაციენტები განწირულები არც ამ დროს არიან. მეოთხე სტადიის პროსტატის კიბოთი წლობით ცხოვრობენ მკურნალობის შედეგად და ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ.

ეროვნული სკრინინგცენტრის რეკომენდაციით, ექიმს უნდა მიმართოთ, თუ გაწუხებთ:

  • გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით)
  • გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება
  • ტკივილი შარდვის დროს

ამ სიმპტომების არსებობა ხშირად პროსტატის კიბოზე არ მიანიშნებს, თუმცა დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევა PSA ტესტით. (სკრინინგით კვლევა უფასოა 50-70 წლის მამაკაცებისთვის)

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა „მედცენტრში“

ონკოლოგიური დაავადება ნებისმიერ სტადიაში მოითხოვს მკურნალობის კომპლექსურ მიდგომას. არსებობს მკურნალობის სამი მეთოდი: სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ოპერაციული მკურნალობა. კლინიკა „მედცენტრში“ მკურნალობის სამივე მეთოდი გამოიყენება. მკურნალობის მეთოდებია: მონოკომპონენტური, კომბინირებული და კომპლექსური. კიბო არ არის განაჩენი და მკურნალობას ექვემდებარება.

„მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი ქეთი ასანიძე იმ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე საუბრობს, რაც „მედცენტრში“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება.

„მედცენტრში“ თითოეული ონკოპაციენტის მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს მულტიდისციპლინარული კონსილიუმი. მკურნალობის მეთოდს ძირითადად ადგენენ კლინიკური ონკოლოგი, ონკოქირურგი, რადიოთერაპევტი ანუ სხივური ტერაპევტი და პათომორფოლოგი, ასევე ვიწრო სპეციალისტები: ონკოგინეკოლოგი, თორაკოქირურგი და ა.შ.

მედცენტრის მულტიდისციპლინარული კონსილიუმი

„ზოგადად, ონკოლოგია პერსონალიზებული მედიცინისაკენ მიდის, რადგან კიბოს ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, განსხვავებულად პროგრესირებს სხვადასხვა ორგანიზმში და სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.

პერსონალიზებულ მედიცინაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტარგენტული ანუ დამიზნებითი თერაპია – ეს კიბოს მკურნალობაში ახალი ეტაპია საქართველოსთვის. ტარგენტული თერაპიის დანიშვნამდე ტარდება სპეციალური გენეტიკური ანალიზები და წინასწარ დგინდება, რომელი პრეპარატი იმოქმედებს კიბოს კონკრეტულად ამა თუ იმ შემთხვევაზე – ტარგენტული თერაპიით ანტისხეულს გენეტიკურ დონეზე ებრძვიან.

ტარგენტული სამიზნე თერაპია გამორჩეულია იმით, რომ უკეთესი შედეგი აქვს რიგ შემთხვევებში, ვიდრე ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, ოღონდ ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ რიგ შემთხვევებში.

ძუძუს კიბოსა და ფილტვის კიბოს დროს ქიმიოთერაპიასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია ტარგენტული, სამიზნე თერაპია, რასაც წინ მრავალმხრივი გამოკვლევები უნდა უძღვოდეს,“ – ამბობს ქეთი ასანიძე.

ტარგენტული თერაპიით მკურნალობა ძვირადღირებულ პრეპარატებს მოითხოვს და საქართველოში მხოლოდ თბილისსა და აჭარაში ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროების მიერ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ტარგენტული თერაპიისთვის საჭირო ყველა პრეპარატს აფინანსებს, რაც საქართველოშია რეგისტრირებული.

„მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი ქეთი ასანიძე

„მესამე სტადიის ძუძუს კიბო გაქრა“ – ტარგენტული თერაპიის შედეგი „მედცენტრში“

მემედ ჯინჭარაძე იხსენებს ძუძს კიბოს ოთხ მძიმე შემთხვევას, როცა დაავადება პაციენტებს შლად ფორმაში ჰქონდათ გადასული.

„ეს იყო ძალიან ცუდი ფორმის, მესამე სტადიის სიმსივნეები, რომელთაც მთელი ძუძუ ეკავათ. კვლევების შედეგად გენეტიკურ დონეზე გამოვლინდა პრეპარატი, რომლის მიმართაც ეს უჯრედი მგრძნობიარეა და დაინიშნა ტარგენტული თერაპიის კურსი.

ოთხიდან არც ერთ ქალბატონს სიმსივნე აღარც კი ესინჯებათ ხელით, დაავადება არც ექოსკოპიური და მამოგრაფიული გადაღებით ჩანს. ჩავატარეთ ტარგენტული თერაპიის 8 კურსი და რახან მოსალოდნელი იყო, რომ სიმსივნე გაქრებოდა, ძუძუში შევიყვანეთ იმპლანტი, მეტალისმაგვარი წარმონაქმნი და როცა სიმსივნე გაიწოვა, ამ იმპლანტითღა გვქონდა მონიშნული ადგილი, რომ აქ სიმსივნე იყო,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი წარმატებით „მედცენტრში“ ონკოდაავადებებს შორის ძუძუს კიბოს მკურნალობენ. არსებობს ძუძუს კიბოს მხოლოდ ერთეული ფორმები, რაზეც მეცნიერები დღემდე მუშაობენ და მალე ეს ფორმებიც დაძლევადი გახდება.

ონკოლოგიური დაავადებების კიდევ ერთი ახალი მეთოდია იმუნოთერაპია, რაც იმუნური სისტემის გამააქტიურებელი პრეპარატების მიღებას გულისხმობს. კიბოს მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მის კარგად შენიღბულ უჯრედებს ორგანიზმი უცხო სხეულად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ ებრძვის, ხოლო როცა დაავადება პროგრესირებს, იმუნიტეტი უკვე უძლურია. იმუნოთერაპიის პრეპარატები იმუნურ სისტემას „აფხიზლებს“ და „მიანიშნებს“ რომ კიბოს უჯრედი საშიში სხეულია და ბრძოლას საჭიროებს.

იმუნოთერაპიის პრეპარატებიც საკმაოდ ძვირადღირებულია და აჭარაში მცხოვრებთათვის სრულად ფინანსდება.

სახელმწიფო პროგრამები, რასაც საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროები ახორციელებენ, სრულად მოიცავს სოციალურად დაუცველთა კვლევა-მკურნალობას. ონკოპაციენტების მკურნალობაზე აჭარაში ყოველწლიურად მილიონ-ნახევარი, ორ მილიონამდე ლარი იხარჯება და  დაფინანსება ამ მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ტარგენტული და იმუნოთერაპიის მეორე-მესამე თაობის ძვირადღირებულ პრეპარატებს აფინანსებს. ნაწილობრივ ფინანსდება ასევე ჰორმონოთერაპიის პრეპატატები.

„მედცენტრის“ ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მემედ ჯინჭარაძე და კლინიკური ონკოლოგი ქეთი ასანიძე.

საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს მკურნალობისთვის საჭირო იმ თანხასაც, რაც პაციენტმა საყოველთაო დაზღვევასთან ერთად თანადაფინანსებით უნდა გადაიხადოს. არსებობს ასევე ცალკე პროგრამები ძუძუს, თირკმლის კიბოს შემთხვევაში. დასაფინანსებელი ონკოპაციენტების რაოდენობა აჭარაში შეზღუდული არ არის. წლის განმავლობაში თითო პაციენტზე შესაძლოა დაიხარჯოს 40-დან 80 ათასამდე ლარი.

ფინანსდება ონკოდაავადებების სადიაგნოსტიკო კვლევები პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ მკურნალობა და საყოველთაო ჯანდაცვა ვერ აფინანსებს, მათ შორის, იგულისხმება მაღალტექნოლოგიური კვლევები ისეთი ონკოდაავადებისა, როგორიცაა სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედები.

“ხელისუფლებამ მუსლიმი თემი კიდევ ერთხელ შეურაცხყო” – ტარიელ ნაკაიძე

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის არჩევას ფეისბუქზე ეხმაურება.

“დღეს მუსლიმთა სამმართველოში საოცნებო „არჩევნები“ ჩატარდა, საბჭოთა კავშირში თვით კომუნისტურ პარტიასაც შეშურდებოდა ასეთი „არჩევნები“. ღამის პირველ საათზე სუსის კანტორაში მიღებული გადაწყვეტილება დღის 3 საათზე სუსის მიერ დაკომპლექტებულმა სამმართველოს ეგრეთ წოდებულმა წევრებმა მუფთად დაამტკიცეს ადამ შანთაძე. პრაქტიკულად, ზაზა ვაშაყმაძემ დაინიშნა საკუთარი წარმომადგენელი მუსლიმ თემში. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმი თემი კიდევ ერთხელ შეურაცხყო და დაამცირა. ხელისუფლების ასეთი არასწორი და დაუფიქრებელი ქმედება სამწუხაროდ უარყოფით გავლენას ახდენს მუსლიმებზე და უფრო მეტად აშორებს სახელმწიფოსა და თემს ერთმანეთისაგან. ეს არის უკიდურესად დარღვეული უფლება, როცა მუსლიმებს არ ეძლევა საშუალება, საკუთარი წინამძღვარიც კი აირჩიოს. მე ბატონ ადამის მაგივრად უარს ვიტყოდი ასეთი თანამდებობაზე. ეს იქნებოდა რწმენის სრული გამოვლინება და მუსლიმის სწორი საქციელი,” – წერს  ტარიელ ნაკაიძე.

სრულიად საქართველოს მუფთად დღეს,  25 დეკემბერს, მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისმა ადამ შანთაძე აირჩია. შანთაძის გარდა არჩევნებში მონაწილეობდნენ ადიგენის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი, განათლების, ფეტვის  და კადრების განყოფილების  ხელმძღვანელი რეზო მიქელაძე.

არჩევნების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს  მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლებმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ადამ შანთაძე არა არჩეული, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) მიერ დანიშნული მუფთია.

„მუფთად ადამ შანთაძე აირჩია სუსმა და არა მეჯლისმა“ – დაპირისპირება სამუფთოში

ხუთივე დაღუპული 17 წლისაა, მათგან ოთხი სკოლის მოსწავლეა – ავარია ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ავარიის შედეგად დაღუპულები დაახლოებით 17 წლის მოზარდი ბიჭები არიან, მათგან ოთხი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ამ დრომდე ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობდა.

ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

________________

ფოტოზე: ექსპერტიზის ბიურო ბათუმში

სუპერმარკეტი „ბონუსი“ ფრიდონ ხალვაშის N372- ში მეშვიდე ფილიალს გახსნის [ანონსი]

ხვალ, 26 დეკემბერს, საღამოს 20:00 საათზე, ფრიდონ ხალვაშის N372-ში საზეიმოდ გაიხსნება სუპერმარკეტ „ბონუსის“ მეშვიდე ფილიალი.

გახსნისას სტუმრებისთვის გათვალისწინებულია საჩუქრები. გაიმართება წამახალისებელი გათამაშება – გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებსაც ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემათ.

სუპერმარკეტების ქსელი „ბონუსი“ გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას საახალწლო აქსესუარებზე.

ეწვიეთ „ბონუსის“ ფილიალებს და მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტი საბითუმო ფასად!

ავტოავარიაში 5 ადამიანის დაღუპვის გამო დღეს ბათუმში ნაძვის ხე არ აინთება – მერია

ბათუმის მერიამ დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა.

„დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები.

წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

დღეს, 25 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 სკოლის მოსწავლეა, ამ დროისთვის ხდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

ამავე თემაზე: 

ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეები არიან

ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეები არიან

დღეს, 25 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 სკოლის მოსწავლეა, ამ დროისთვის ხდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Exit mobile version