მთავარი,სიახლეები

შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე

16.03.2020 • 3951
შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე

ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარია – ბოლო რამდენიმე დღეში ეს პროდუქტი 40 თეთრით გაძვირდა. მარკეტებში ამბობენ, რომ სწორედ შაქარზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ასევე ამბობენ, რომ შედარებით დიდი მოთხოვნაა კარტოფილსა და ფქვილზე.

ფასების ზრდას კორონავირუსით გამოწვეულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. ბევრი ადამიანი საჭიროდ მიიჩნევს საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიმარაგოს, რის გამოც დიდ სუპერმარკეტებში რიგებიც კი გაჩნდა.

სავაჭრო ცენტრებში, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, ამბობენ იმასაც, რომ თუ ამ დრომდე მომხმარებელი იშვიათად ინტერესდებოდა მთელი ტომარა ფქვილის ან შაქრის შეძენით, ახლა ინტერესი გაიზარდა.

გაძვირდა კარტოფილიც. აქამდე კარტოფილის ფასი 1- 1,20 ლარი იყო, გუშინ, 15 მარტს, კი, კარტოფილის ფასი  2 ლარამდე გაიზარდა. უკვე დღეს, 16 მარტს, სუპრემარკეტებში გვითხრეს, რომ 2 ლარს მიაღწია კარტოფილის თვითღირებულებამ [საბითუმო ფასი].

„შესაძლოა კიდევ გაიზარდოს ფასი, დღეს აღარ ავიღეთ, რადგან აღების ფასი 2 ლარია, რამდენად უნდა გავყიდოთ, ამიტომაც თავი შევიკავეთ,“ – გვითხრეს ერთ-ერთ სუპერმარკეტში.

მკვეთრად მოიმატა ასევე ნივრის ფასმა – 12 -13 ლარია. ამ დრომდე ერთი კილოგრამი ნივრის ფასი 9-10 ლარი იყო.

განსაკუთრებული ხალხმრავლობაა დიდ მარკეტებსა და ბაზრებში. შედარებით პატარა მარკეტებში კონსულტანტები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მათ მუშაობაზე ძირითადად არ ასახულა: „ერთადერთი, რაც ამოგვეწურა და მაშინვე შევავსეთ, შაქარია,“ – გვითხრეს აქ.

გაძვირდა ფქვილიც, ძველი ფასი აქვს მხოლოდ დაფასოებულ ბრენდირებულ ფქვილს, ტომარა ფქვილის ფასი კი, რომელიც ამ დრომდე 26 ლარად იყიდებოდა, ახლა 28 ლარია.

პროდუქტის გაძვირებას მომხმარებელი მასზე მომატებულ მოთხოვნას უკავშირებს: „თვითნებურად გააძვირეს კონკრეტული სახეობის პროდუქტი, რომლებზეც მაღალია მოთხოვნა.“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქვეყანაში სურსათის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს, მართალია, სხვადასხვა ქვეყანასთან შეწყვეტილია მგზავრების მიმოსვლა, თუმცა ტვირთი საქართველოში შემოდის.  

განსაკუთრებული ხალხმრავლობის გამო განმარტებები გააკეთეს სუპერმარკეტებმაც. გუშინ, 15 მარტს,  „კარფურმა“ განმარტა, რომ სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: