მთავარი,სიახლეები

სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს 

16.03.2020 • 1553
სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს 

ქობულეთში მცხოვრებმა დევნილმა, დარიკო გაბელიამ, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილს საცხოვრებელი ფართობის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს.

დარიკო გაბელია აფხაზეთიდან დევნილია და იგი ამ დრომდე ქობულეთში, თავისი ძმის სახლში ცხოვრობს. მოქალაქეს ამ მოტივით საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. დევნილმა 2019 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

„სადავო გადაწყვეტილება იმდენად შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, რომ ჭირს მისი შემოწმება სამართლებრივი საფუძვლიანობის პრიზმიდან. იმის მაგიერ, რომ მომხდარიყო საკითხის შესწავლა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, კომისიამ თითი გაიშვირა ჩემი ძმის საცხოვრებელი ფართისკენ, რომელიც არაფერ კავშირშია ჩემს მდგომარეობასთან, მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილებით უგულებელყო დევნილთა სფეროში საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

დარიკო გაბელიას ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისია სწავლობს, რომლის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მირზა მამულაძე, საია-ს იურისტი ამბობს, რომ სააგენტო ამ დევნილის შესახებ იმავე გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

„სასამართლოს უკან კი არ დაუბრუნებია მიღებული აქტი, არამედ გააბათილა. მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა დაევალა,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: