მთავარი,სიახლეები

ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ- პასუხები დღეს გახდება ცნობილი

15.03.2020 • 1021
ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ- პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 15 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხ პირს იკვლევენ კორონავირუსზე.

„მათ შორის ორი კარანტინის ზონიდანაა, ორი კი თვითდინებით შესული. კვლევები დღეს ჩატარდება და დაახლოებით სამ საათში გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ასევე, დღეს უნდა გახდეს ცნობილი საფრანგეთიდან ჩამოსული პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, რომელიც ბათუმიდან თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, რადგან ბათუმში აღებული ანალიზის შედეგი არ იძლეოდა ზუსტი პასუხის საშუალებას.

ამ დრომდე აჭარაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 439 პაციენტი იმყოფება, 64 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

______________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: