მთავარი,სიახლეები

ოჯახი ბათუმის ცენტრში, რომელიც შეშის ღუმელზე თბება – შშმ პირს შემწეობა მოუხსნეს

14.03.2020 • 1831
ოჯახი ბათუმის ცენტრში, რომელიც შეშის ღუმელზე თბება – შშმ პირს შემწეობა მოუხსნეს

„ვერ მითხრეს ზუსტი პასუხი, რატომ მომიხსნეს დახმარება… მერე რაღაცები ნახეს პროგრამაში და შუქი დაგიწვავს წლიურად 219 ლარი, ამ დროს პროგრამა ავტომატურად წითელს ანთებსო, ანუ თვეში დაახლოებით 18 ლარი გამოდის. ვიკითხე, რამდენი უნდა დაგვეხარჯა ოჯახს, რომ პროგრამას მწვანე აენთო-მეთქი? ვერ მიპასუხეს,“ – სოციალური მომსახურების სააგენტოში ბოლო შეხვედრას ასე იხსენებს დავით ბურჭულაძე. დათო ფსიქიკური დაავადების გამო მეორე ჯგუფის შშმ პირია და ყოველთვიურად პენსიას – 120 ლარს იღებს.

ოჯახი გასული წლის აგვისტომდე სოციალურ შემწეობასაც იღებდა, თვეში 260 ლარს, თუმცა წლის ბოლოს დათოს ოჯახში აგენტები გადასამოწმებლად მისულან.

„დაახლოებით 10 წელი ვიღებდით სოციალურ დახმარებას, აქამდე 27 ათასი მქონდა სარეიტინგო ქულა, ბოლოს [გასული წლის აგვისტოში] 73 ათასი მოვიდა და დახმარება შემიწყვიტეს… მხოლოდ ჩემს მეხუთეკლასელ გოგოს დაუტოვეს 50-ლარიანი ვაუჩერი. ახალი არაფერი შეგვიძენია, თუმცა მაცივარი მაქვს. კი,“ – გვიყვება დავით ბურჭულაძე და სამზარეულოში შევყავართ.

დავით ბურჭულაძე და მისი მეუღლეც უმუშევარია. უფროსი შვილი პირველი კურსის სტუდენტია, უმცროსი – მეხუთეკლასელი. დათო გვიყვება, რომ სიამოვნებით იმუშავებდა, ამის საშუალება თუ მიეცემოდა. ოჯახი მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც ორი ოთახია და სამზარეულო. დათოს და მის მეუღლეს შეშის ღუმელთან ვესაუბრეთ.

„რაში მყოფნის 120 ლარი?“ – კითხულობს დათო, ფეხზე დგება და ჩამოთვლას იწყებს: „მაკარონი, კარტოფილი, ჩაი… კაი საჭმელებს იცი, როდის ვჭამთ? – ზაფხულში. ზაფხულში ზოგიერთი ნაცნობი ჩამოდის და გვპატიჟებენ, მაგალითად, აჭარულ ხაჭაპურზე, ან რამე ხორციან კერძზე… სიდედრი მეხმარება სოფლიდან კიდე.

საზღვაო აკადემია დავამთავრე, მაგრამ სადაც ვითხოვე სამსახური, ყველგან ფორმა 100-ს მთხოვენ, სეზონურად თუ ვიპოვი რამე სამუშაოს, სულ ესაა“, – ამბობს დათო.

დავით ბურჭულაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ახლა ვერც უფასო სამედიცინო მომსახურებას იღებს, რადგან შემწეობა მოუხსნეს.

„თემურ ქარცივაძე მიმტკიცებდა [სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი], უფასო სამედიცინო მომსახურება გერგებაო, მაგრამ თვალის გამო მივედი ექიმთან და მითხრეს, რომ 30 პროცენტი ჩემი გადასახდელია, ანუ 12 ლარი. 120 ლარი რამდენ რამეს უნდა ეყოს?“ – კითხულობს დათო.

დავით ბურჭულაძის ოჯახისთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერ მოგვაწვდიან. პრესსამსახურში გვითხრეს ისიც, რომ სოციალური შემწეობის მიღება ან შეწყვეტა არ უკავშირდება ამა თუ იმ პირის შეზღუდულ შესაძლებლობებს.

საუბრის ბოლოს დათომ ფურცელზე ამოწერილი ციფრები გვაჩვენა და თითი გააყოლა ციფრს – 73 ათასი.

„ეს ციფრები ინტერნეტიდან ამოვიწერე, 73 ათასი ვყოფილვართ მეორე ჯგუფის ინვალიდი… არ მინდა, ამ ადამიანების მკვლელი გახდეს სახელმწიფო, მე მინდა, ეს აღნიშნოთ,“ – დასძინა მან ჩვენთან გასაუბრების დროს.

 

დავით ბურჭულაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: