მთავარი,სიახლეები

როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?

14.03.2020 • 3882
როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?

ალბათ დღეს ყველაზე მეტი ახალი ამბავი „კორონავირუსზე“ წაიკითხე ხომ? მათ შორის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გაიქცა თვითიზოლაციიდან და მერე პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს, ამოწმებენ და ასე შემდეგ. შესაძლოა, შენც იზოლაციაში ხარ და ნერვიულობ. შეიძლება არც გიფიქრია იმაზე, რომ ეს საუკეთესო დროა აკეთო ის, რისთვისაც აქამდე ვერასდროს იცლიდი – გულზე ხელი დაიდე და თქვი, რამდენჯერ გითქვამს: „დრო რომ მქონოდა, ამას ვიზამდი!“

სპეციალისტები ამბობენ, რომ თვითიზოლაციაში ყოფნა შესაძლოა ბევრს მოგვიწიოს. ახლა რასაც ვწერ, ეს ნამდვილად არ მაქვს სპეციალისტებთან შეთანხმებული, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რას გავაკეთებდი იმ შემთხვევაში თუ თვითიზოლაციაში მომიწევს ყოფნა.

მაშ ასე:

სოციალური ქსელები

პირველ რიგში, რომელიმე სოციალურ ქსელში შევქმნიდი ჯგუფს, სადაც მოვიწვევდი ყველას, ვინც კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. რასაკვირველია – სხვებსაც. ჯგუფის წევრები ერთმანეთს აზრებს გავუცვლიდით მიმდინარე ამბებზე, საინტერესო მოვლენებზე, პროპორციულ არჩევნებზე, ვირუსზე, ეკონომიკაზე, ბანკის სესხებზე, ან თუნდაც საკუთარი ცხოვრების, ან ინტერესების შესახებ მოვუყვებით ერთმანეთს. ჩვენს აჩქარებულ დროში ხომ იშვიათად ფიქრობს ვინმე ამაზე – რამდენად სასიამოვნოა, როცა სხვისი ცხოვრების თანაზიარი ხდები, გცალია რომ მოუსმინო და სცალიათ ბოლომდე მოისმინონ შენი ყველა წუხილი, შფოთვა თუ სიხარული.

შესაძლოა, ამ გზით თვითიზოლაციიდან თუ კარანტინიდან არა, მაგრამ საკუთარი თავიდან გაქცევაც მოინდომო – შესაძლოა საკუთარ თავში აღმოაჩინო, რომ სულაც არ ცხოვრობდი ისე, როგორც გსურდა, როგორც შეგეძლო და როგორიც რეალურად ხარ.

ცეკვის სწავლა

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, სიამოვნებით დავიწყებდი უფასო ონლაინ გაკვეთილებით რომელიმე ცეკვის შესწავლას. ვფიქრობ, კორონავირუსის პრევენციის დრო აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ძირითადი ილეთები კარგად ისწავლო და მას შემდეგ, რაც დადასტურდება რომ ვირუსი არ გაქვს, ან ამ ვირუსს დაამარცხებ, პირდაპირ საცეკვაო მოედანზე გაეშურო.

ჰო, სარკის შეტანა არ უნდა დაგვავიწყდეს ოთახში, სადაც იზოლაციის პერიოდს ატარებ – სად გაგონილა ცეკვის შესწავლა ისე, რომ სარკეში საკუთარი სხეულის ძალის ახალ გამოვლინებებს თვალი არ ადევნო?

ასე წარმატებით რომელიმე ახალი უცხო ენის სწავლაც შეიძლება დაიწყო, ან რაც გგონია რომ იცი, იმის გაუმჯობესება სცადო.

წიგნები და ფილმები

აღარაფერს ვამბობ წიგნებსა და ფილმებზე, რომლებიც შეუზღუდავად შეგიძლია იკითხო და უყურო. რთული წარმოსადგენია, უარი თქვა და არ მოგინდეს – დივანზე წვები, არც სითბო გაწუხებს, არც სიცივე, ქაფქაფა ყავა მოიდგი, ან ჩაი, ლუდი… და ფილმის ყურებას იწყებ. არ მოგწონს? გამორთე და სხვა მოძებნე.

არც ეს მოგწონს…

წიგნები მოიმარაგე. დამიჯერე, სულ რამდენიმე გვერდი და ისე გახვალ სხვა სამყაროში, „კორონავირუსსაც“ ლიტერატურის ნაწილად აღიქვამ. მერე შესაძლოა, ისიც წარმოიდგინო, როგორ დაწერეს წიგნები, მაგალითად, კორონოვირუსიან სამყაროზე – ჩინეთის თუ იტალიის დაცარიელებულ ქუჩებზე, ბათუმზე, სადაც თვითიზოლაციიდან ხალხი გარბის, ან თბილისში მყოფ იმ ირანელზე, ექიმმა რომ გაასავსავა ხელები კამერების თვალწინ, „ვერ არი ეგ კაცი კარგადო“.

გაგახსენდა ის ირანელი, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია საქართველოში და გეცინებათ ხო?

არც ეგაა ცუდი იდეა – ინტერნეტი ხომ სავსეა ამდენი სასაცილო ვიდეოთი, კომედიური ჟანრის ფილმებით და სერიალებით.

ისე, ნუ გამორიცხავ, რომ თავადაც გაგიჩნდეს წიგნის დაწერის სურვილი, მაგალითად, ვირუსზე, რომელმაც რამდენიმე დღეში სრულიად შეცვალა სამყარო.

გამოძინება და დალაგება

არ მოგეწონა არაფერი რაც შემოგთავაზე? მაშინ შეგიძლია გამოიძინო. დარწმუნებული ვარ აქამდე ხშირად გიწუწუნია, რომ გამოძინებას ვერ ახერხებ.

აზრი არ აქვს ნერვიულობას, მაგალითად, ვალებზე – მაინც ვერაფერს შეცვლი. თანაც თვითიზოლაცია ხომ მხოლოდ 14 დღეს გრძელდება.

დანარჩენი შენ დაამატე:)

თუ ფიქრობ, რომ აქ საშენო არაფერია, შენი ვერსია შემოგვთავაზე.

 

ილუსტრაცია: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: