მთავარი,სიახლეები

„არ მქონდა უფლება?“ – სამთავრობო უწყების ყოფილი PR-ი აჭარა TV-ის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

16.03.2020 • 2144
„არ მქონდა უფლება?“ – სამთავრობო უწყების ყოფილი PR-ი აჭარა TV-ის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

„ახლა შემოვედი ნიუსრუმში, მირჩევნია, არ ვილაპარაკო ამაზე,“ – გვითხრა ნაზიბროლა ქობულაძემ, რომელიც ამ დრომდე აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, დღეიდან კი, აჭარის ტელევიზიაში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. მას ვკითხეთ, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს. ამას საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ის ჟურნალისტებიც ამბობენ, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობენ და მათ მიერ მომზადებული ახალი ამბები უნდა გააცნოს ნაზიბროლა ქობულაძემ მაყურებელს.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოსტი 13 მარტიდანაა თავისუფალი, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვა. გათავისუფლებული ჟურნალისტი მაუწყებლის კიდევ ორ ყოფილ რედაქტორთან ერთად გიორგი კოხრეიძეს სასამართლოში უჩივის.

„მიმდინარეობს ეს პროცესი, დავები და ალბათ შესაბამისი უწყებები პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს… რამდენიმე დღეში შევძლებ ალბათ შევაფასო ეს პროცესი“, – გვითხრა ნაზიბროლა ქობულაძემ. ის ისე აპირებს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანას, რომ მკაფიო პოზიცია ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე არ აქვს.

ნაზიბროლა ქობულაძე ამბობს, რომ მას მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემაც შესთავაზა და საინფორმაციო გამოშვების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – გიორგი აბაზაძემაც.

ნაზიბროლა ქობულაძე უხერხულობს არც იმის გამო გრძნობს, რომ ამ დრომდე სამთავრობო დაწებულების PR-ი იყო. ჩვენ მას ვკითხეთ, ხომ არ გააჩენს ეს ფაქტი დამატებით კითხვას აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე.

„არ ვიცი, ვის რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეს… რა, არ მქონდა უფლება, რომ მემუშავა?“ – ამბობს ის.

ეს არაა პირველა შემთხვევა, როცა ნაზიბროლა ქობულაძე პოლიტიკური ცხოვრებიდან მედიას უბრუნდება. გზების დეპარტამენტში მუშაობამდე მას TV25-ზე მიჰყავდა გადაცემა, მანამდე კი  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო რეგიონში და ბათუმის საკრებულოს წევრი. ამ პარტიაში წასვლამდე ნაზიბროლა ქობულაძე ისევ TV25-ში მუშაობდა.

აჭარის ტელევიზიდან გადაცემა „მთავარის“ წამყვანის, თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა და აღნიშნა: „პარასკევ საღამოს გათავისუფლებები ტრადიციად იქცა აჭარის ტელევიზიისთვის. ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც ახმოვანებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებს.“

________________________

მთავარი ფოტო: ნაზიბროლა ქობულაძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: