მთავარი,სიახლეები

7 პირი გურიიდან ბათუმში გადმოიყვანეს კარანტინში – თვითიზოლაციის წესების დარღვევა

15.03.2020
7 პირი გურიიდან ბათუმში გადმოიყვანეს კარანტინში – თვითიზოლაციის წესების დარღვევა

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო  გურიიდან ბათუმში მდებარე საკარანტინო სივრცეში 7 პირი გადაიყვანეს.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, გურიის სამ მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში სულ 41 პირია თვითიზოლაციაში.

„47 პირი იყო გუშინ. პოლიციამ შეამოწმა და 7 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო გვიან ღამით ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ასევე გუშინ დაემატა ერთი პირი თვითიზოლირებულებს. ახლა ჯამში 41 ადამიანია გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში არჩილ მჟავია.

თვითიზოლაციის რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ყველა იმ პირის მიმართ გასცა, ვინც მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში. პირები, ვინც ამ წესებს არღვევენ, პოლიციას კარანტინში გადაჰყავს.

15 მარტის მდგომარეობით მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად განსაზღვრულია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ნორვეგია და დანია.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

  1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
  2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.