ევროპული სკოლა თბილისში იწყებს მოსწავლეების მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე  

„ახალი სკოლა“ თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის 16-17 წლის ახალგაზრდებისთვის მიღებას აცხადებს. ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ისწავლიან მოზარდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

სტიპენდია ფარავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის სრულ ორწლიან კურსს. ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩევა საუკეთესო 35 მოსწავლე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 მარტი.

სტიპენდია აფინანსებს:

  • თბილისში, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელში განთავსებისა და კვების ხარჯებს.
  • მოსწავლეები იცხოვრებენ სკოლასთან არსებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.
  • 2020/2021 წლებში, „ახალ სკოლაში,“ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო
    პროგრამაზე სწავლის გადასახადს.
  • სამგზავრო ხარჯებს ორივე მიმართულებით: თბილისსა და მოსწავლის მუდმივ საცხოვრებელ
    ადგილს შორის, ორი წლის მანძილზე სასკოლო არდადეგების დროს.
  • მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობას.
  • მოსწავლეებისათვის საჭირო სასწავლო რესურსებს (წიგნებს, ლეპტოპებს, კალკულატორებს და
    სმარტფონებს).
  • მონაწილეობას ევროკაშირის მიერ დაფინანსებულ სემინარებში, კონფერენციებში, სასწავლო
    ტურებში და სხვა ღონისძიებებში;
  • სამედიცინო დაზღვევას, სტომატოლოგიური მომსახურების ჩათვლით.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სასწავლო კურსები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ენებსა და ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ისტორიაში თანხვედრაშია მოყვანილი ევროპული ბაკალავრიატის (EB) პროგრამებთან და შევსებულია ევროპათმცოდნეობის საკითხებით.

სკოლაში მოსწავლეები კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხებიან. ისინი ჯერ ტესტირებას გაივლიან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, შემდეგ კი – გასაუბრებას.

„ევროპული სკოლა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და სკოლის დაარსების მიზანია ევროპული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა საქართველოში.

ამ ეტაპზე სკოლა კერძო – „ახალი სკოლის“ ბაზაზე ფუნქციონირებს, თუმცა მიმდინარე წელს ლისის ტბაზე 27 000კვ/მ-ზე სკოლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს. სკოლა 400 ბავშვზეა გათვლილი. სკოლის საერთო საცხოვრებელი კი 100 მოსწავლეზე იქნება გათვალისწინებული.

სკოლის პრეზენტაციის დროს, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში ოჰანეს ჰანიც ესწრებოდა, ითქვა, რომ „ევროპული სკოლის“ დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა. სკოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა.

__________________

მთავარი ფოტო: European Union in Georgia-ს ფეისბუქის გვერდიდან

 

ამავე თემაზე:

ვის შეუძლია ისწავლოს „ევროპულ სკოლაში“, რომელსაც ევროკავშირი აშენებს

დავა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე – ტენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. დავის საგანი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებული ტენდერია, სადაც მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია.

შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. კონკრეტულად:

„სატენდერო განცხადების 2.6.1 პუნქტი – მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ:
ა) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს 2017 და 2018 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად, შემდეგი პირობების დაცვით:
ბ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი აუდიტორული დასკვნა) ისეთი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომლის მიმართ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურის უფროსის ბრძანებით მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის აუდიტორული დასკვნის გაცემის უფლება.“

მომჩივანი კომპანია მოითხოვს, რომ ამ ჩანაწერს დაემატოს „მესამე კატეგორია“, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის დაცული „ჯანსაღი კონკურენცია“; „არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობის პრინციპი“; ასევე დარღვეულია კანონის მოთხოვნა, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას“.

ტენდერის სადავო ჩანაწერით, როგორც „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ აცხადებს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებს პირველი ზომითი კატეგორიის საწარმო, ვინაიდან მას მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც ჩატარებული უნდა ჰქონდეს ფირმას, რომელზედაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურის უფროსის ბრძანებით მინიჭებული აქვს მხოლოდ პირველი ან მეორე კატეგორიის აუდიტორული დასკვნის გაცემის უფლება.

[პირველი კატეგორიის საწარმო არის „სუბიექტი“, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება].

როგორ ასაბუთებს კომპანია იმას, თუ რატომ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი კანონმდებლობას? – საჩივრის მიხედვით:

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე [ხელახალი ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 27 დეკემბერს] ცვლილება შევიდა „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ 2017 წლის 12 ივლისის ბრძანებაში, სადაც ცალსახადაა მინიშნებული, რომ:

[checklist]

  • სდპ-ებისთვის [იურიდიული პირი, რომელსაც მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსი] ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა;
  • პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და პირველი ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება კი [ახალი ცვლილებით], აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

[/checklist]

სატენდერო განცხადების ზემოთ აღნიშნული ჩანაწერი „ეწინააღმდეგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შესაბამის ბრძანებებს, ამიტომ უნდა დაკორექტირდეს და დაემატოს მესამე კატეგორია“, – აღნიშნულია საჩივარში.

საჩივარი დავების საბჭოში 2020 წლის 15 იანვარს შევიდა. დავის განხილვის დროდ 20 იანვრის 17:00 საათია მითითებული.

[შენიშვნა: მოგვიანებით, დავასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც.  სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს].

ანალოგიური ჩანაწერი [მესამე კატეგორიის გარეშე] იყო თავდაპირველ ტენდერშიც, რომელიც სამინისტრომ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ეს ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა მაშინ 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

ქობულეთის სოფლები, სადაც წყალსადენებზე სასმელი წყლის ჭაბურღილებს მოაწყობენ

ქობულეთის სოფლებში – ციხისძირში, ქვედა კონდიდში, სამებაში, კვირიკეში, ბობოყვათსა და ქვედა აჭყვაში სასმელი წყლის ჭაბურღილებს მოაწყობენ, რომლებსაც არსებულ წყალსადენის სისტემებზე დააერთებენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია ქაქუთში, ბუკნარში, შუაღელეში, ციხისძირსა და ზედა აჭყვაში წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ზედა აჭყვას წყალსადენის სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია.

შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. სამ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 1 730 736 ლარია. სამუშაოები, როგორც შესაბამის ოქმებშია მითითებული, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

658 031 ლარია გათვალისწინებული ციხისძირსა და ქვედა კონდიდში წყალსადენის სისტემაზე ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებისთვის. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადების დღიდან 90 კალენდარული დღე.

859 251 ლარია გათვალისწინებული სამებაში, კვირიკეში, ბობოყვათსა და ქვედა აჭყვაში წყალსადენის სისტემაზე ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებისთვის. აქ სამუშაოები ხელშეკრულების დადების დღიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ქაქუთში, ბუკნარში, შუაღელეში, ციხისძირსა და ზედა აჭყვაში წყალსადენის სათავე ნაგებობის მშენებლობა/რეაბილიტაციას და ზედა აჭყვას წყალსადენის სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოებს, 213 454 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადების დღიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში აღნიშნულია, რომ სოფლებში (ქაქუთი, ბუკნარი, შუაღელე, ციხისძირი, ზედა აჭყვა) „მოსახლეობას ამჟამად სასმელი წყალი მიეწოდება შესაბამისი სათავე ნაგებობებიდან (კაპტაჟებიდან), რომლებიც განთავსებულია მდინარის ნაკადულების სათავეებში. წვიმის პერიოდში სათავეზე მოვარდნილი წყლის ნაკადის მიერ მოტანილი ნატანი ბალასტი ავსებს – გადალესავს კაპტაჟის წყალმიმღებ ეკრანს, რაც ამცირებს დრენაჟში მიღებული წყლის დებეტს“.

სამივე ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2020 წლის 30 იანვარს და 4 თებერვალს დასრულდება.

მთავარი ფოტო: ქვედა კონდიდის ჭაბურღილი / ფოტო ტენდერიდან

ამ თემაზე:

ტენდერები, რომლებითაც პრობლემები არ გვარდება

 

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 2019 წელს სამგზავრო გადაყვანებში  ისტორიული მაჩვენებლები  დაფიქსირდა.

საქართველოს რკინიგზის მეშვეობით  გადაყვანილია 3 მილიონზე მეტი მგზავრი. შემოსავალმა  კი  31 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ბათუმში 110 აბი მეტადონი, ჰეროინი და მეტამფიტამინი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.გ. და 1988 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერა. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში მთელი კვირის განმავლობაში იწვიმებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 იანვრის 21 საათიდან  21 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია თოვა, დღის მეორე ნახევარში – ზოგან შესაძლებელია  ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით – ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 22-23 იანვარს, მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა, მთაში კი – თოვა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია სავარაუდო ღირებულებით – 12 064 750 ლარი.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სოფლების – ერგეს, აჭარისწყალის, დოლოგნის ფარგლებში.

ტენდერის პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 18 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე.

„საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაკვეთზე გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების) შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების მოწყობა და მოსაცდელების შეკეთება, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის განახლება-შევსება, უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს,“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთში, სოფ. ერგეს ცენტრიდან დაწყებული გზის მთელ სიგრძეზე, მარცხენა გვერდულში და ნაწილობრივ კიუვეტებში ჩადებულია მაგისტრალური გაზსადენის მილი, ამასთანავე გზის ორივე მხარეს გვერდულებში ჩადებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, მათი გადატანა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, სამუშაოები აუცილებლად უნდა შესრულდეს კომუნიკაციების მფლობელთა წარმომადგენლების ზედამხედველობით, შრომის უსაფრთხოების ტექნიკის სრული დაცვით და განსაკუთრებული სიფრთხილით,“ – აღნიშნულია ტენდერში.

ტექნიკურ დავალებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პირდაპირი (უწყვეტი) ვიდეოტრანსლაცია სამშენებლო ობიექტიდან, რაც გულისხმობს სამშენებლო უბნებზე შემსყიდველთან შეთანხმებული რაოდენობისა და ტექნიკური პარამეტრების მქონე ვიდეოსათვალთვალო წერტილ(ებ)ის განთავსებას. სამშენებლო უბნებზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობებიდან ვიდეონაკადი უწყვეტად უნდა მიეწოდოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ სერვერს“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დამთავრდება.

 

მთავარი ფოტო: სარეაბილიტაციო გზის ერთ-ერთი მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

ქმარმა 54 წლის ქალს სცემა, პოლიციამ კაცი დააკავა – ქობულეთი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის მუხლით კაცი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 1960 წელს დაბადებულმა ვ.ხ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 54 წლის ნ.ხ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დედის მოკვლის მუქარის ბრალდებით ქობულეთში 37 წლის კაცი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული – ამჟამად ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 37 წლის ზ.კ. ქობულეთში, დედას – 1957 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტამბოლში 4 წლამდე ასაკის ბავშვების დედები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

სტამბოლის მუნიციპალიტეტი 4 წლამდე ასაკის ბავშვების დედებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს. გადაწყვეტილება სტამბოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პარასკევს, 17 იანვარს მიიღო.

სტამბოლის მერის, ერკემ იმამოღლუს თქმით, შეღავათით მილიონზე მეტი დედა ისარგებლებს.

„დაახლოებით 1 მილიონ 160 ათასი დედა მიიღებს სპეციალურ სამგზავრო ბარათს უფასო მგზავრობისათვის,“ – თქვა სტამბოლის მერმა.

სტამბოლის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 1.3 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა მუნიციპალური ტრანსპორტით.

წყარო: dailysabah.com

 

2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული – ხანძარი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლში მყოფი ორი შუახნის მოქალაქე გაიგუდა. სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი კი  დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე ხანძრის ლოკალიზებისთვის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ინგლისის სკოლებსა და კოლეჯებში ჰიგიენური საშუალებები უფასოდ დარიგდება

სახელმწიფო სქემა ორშაბათიდან ამოქმედდება და იქნება ნაწილი პროგრამისა, რომელიც გულისხმობს მენსტრუაციასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევას.

The Guardian-ის ცნობით, ინგლისის ყველას დაწყებით სკოლაში და კოლეჯში ხელმისაწვდომი იქნება ჰიგიენური საფენები, ტამპონები და ციკლისას საჭირო სხვა ნივთები. ამისთვის თანხა განათლების დეპარტამენტმა გამოყო.

სახელმწიფო შეთანხმება გასულ წელს იქნა მიღებული. ამით მთავრობას სურს დაეხმაროს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს, რომლებსაც შეიძლება სკოლის გაცდენა მოუხდეთ შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების დროულად არქონის გამო.

“ვიცით, რომ ყველასთვის მარტივი არაა, ჰიგიენური საშუალებების ქონა ყოველთვის და ყველგან. ასე რომ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, გოგონებს შეეძლებათ შიშის გარეშე გაატარონ მენსტრუაციის პერიოდი, ისე რომ მთელი ფული საფენებსა და ტამპონებში არ დახარჯონ,”- ამობს მიშელ დონელანი, ბავშვთა და ოჯახთა მინისტრი.

განათლების დეპარტამენტის (DFE) მიხედვით, ეს სქემა შეიმუშავეს მენსტრუაციის ირგვლივ არსებული სტიგმების გასაქარწყლებლად და ცნობიერების ასამაღლებლად.

“უფასო მენსტრუაციის პროდუქტები სკოლაში უზრუნველყოფს იმას, რომ მოსწავლეები არ მოსწყდებიან სასწავლო პროცესს მენსტრუაციის პერიოდში,” – ამბობს დეპარტამენტი.

ბოლო გამოკითხვამ ცხადყო, რომ 14-21 წლის გოგონების 42% იყენებს წინდას, სხვადასხვა ტიპის ქსოვილსა და ქაღალდს, როცა სხვა საშუალებას ვერ პოულობს.

ეროვნული განათლების კავშირის გენერალური მდივნის თანაშემწე როსამუნდ მაკნილი ამბობს, რომ 2018 წელს 137,000-ზე მეტმა მოსწავლემ გააცდინა სკოლა პერიოდის გამო და რომ “არცერთმა გოგონამ არ უნდა გააცდინოს სკოლა იმის გამო, რომ ჰიგიენური პროდუქტის შეძენა არ შეუძლიათ.”

მსგავსი სქემა პირველად შოტლანდიაში შემოიღეს, როცა გამოკითხვით დადგინდა, რომ ოთხიდან ერთ მოსწავლეს უჭირდა ტამპონებისა და საფენების შეძენა.

უელსის მთავრობამაც გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოემარაგებინა საჯარო სკოლები და კოლეჯები ჰიგიენური პროდუქტით, ასევე ნაციონალურმა ჯანმრთელობის სერვისმა განაცხადა, რომ გოგონებს საავამყოფოებშიც შეეძლებათ სანიტარული პროდუქტის მოთხოვნა და მიღება.

წყარო: The Guardian

ფოტო: Freepik.com

თარგმანი: მარიამ მუთიძე

ნათლისღება მრევლმა ზღვაში შესვლით აღნიშნა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღნიშნავენ. ბათუმში მრევლმა ნათლისღება ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნა. ადამიანები, სიცივის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და წყალში ჩაყვინთეს. ამ პროცესს “ზღვაში შთაფლვას” უწოდებენ.

ნათლისღება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. სახარების მიხედვით იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა.

ნათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ლაშა გობაძე წლის სპორტსმენად დაასახელეს

„წლის სპორტსმენი“ – ამ ტიტულის მფლობელი ექვსი ის სპორტსმენი გახდა, რომლებმაც 2019 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ:

  • ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)
  • ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
  • გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
  • ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
  • ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
  • ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

გარდა ამისა, დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 14 სპეციალური პრიზი.

ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ დამარხვის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია

ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 150 ნეშტის ბედი ისევ გაურკვეველია. უკვე მესამე წელია დახვრეტილთა ნეშტები (ძვლები) სპეციალურ ხის ყუთებშია ჩასვენებული და ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია განთავსებული.

სპეციალურ კომისიას, რომელიც საკითხის შესწავლის და გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ დროისთვის მოხერხდა, ნეშტებიდან დნმ-ის ნიმუშების აღებაა. აჭარის მთავრობამ ამ მიზნით სარეზერვო ფონდიდან 13 ათასი ლარი გამოყო.

„მხოლოდ 128-დან აიღეს დნმ-ის მასალა. დანარჩენი ისეთი დაზიანებული იყო, რომ მათგან ნიმუშების აღება ვერ მოხერხდა. ჩვენ ორჯერ ვთხოვეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, მათ საბოლოოდ წერილი გამოგვიგზავნეს, რომლის მიხედვითაც „უბრალოდ შეუძლებელია მათგან დნმ-ის ნიმუშების აღება“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. სწორედ ის ხელმძღვანელობს სპეციალურ სამთავრობო კომისიას.

მისივე თქმით, ნეშტებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ საცავშია შენახული. კომისია ჯერჯერობით ვერ წყვეტს დაკრძალვის საკითხს.

„იმ ადგილას, სადაც ეს ნეშტები აღმოჩნდა, არის მეორე სამარხიც, რომელიც უნდა გაიხსნას სპეციალისტების ჩართულობით. საკითხი გაჭიანურდა, რადგან ველოდებოდით თავდაცვის სამინისტროდან დასტურს, რომ იმ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იყო ჩატარებული. როდესაც მეორე სამარხი გაიხსნება, შემდეგ ვიმსჯელებთ დაკრძალვის საკითხზე,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მისივე თქმით, ახალი სამარხის  გახსნაში და შემდგომ ნეშტების ამოღებაში ბსუ-ს თანამშრომლები –  არქეოლოგები და ანთროპოლოგები უნდა ჩაერთონ. სამუშაოები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც „ამინდები დასტაბილურდება“.

„ამის შემდგომ თუ ყველა დაინტერესებული მხარე შეთანხმდება, ჩვენი სურვილია იქვე მოეწყოს საერთო სასაფლაო. ცალ-ცალკე დაიმარხება ყველა ნეშტი, ოღონდ ერთიან სივრცეში. ახლა 150 ნეშტია, შემდეგ სამარხში არ ვიცით რამდენი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ამდენი მიცვალებულის დამარხვას გარკვეული ტერიტორია სჭირდება. ახლა შეიძლება ვიღაცას ქალაქში აქვთ სურვილი, მაგრამ ასეთი ტერიტორია აქეთ არაა. ერთგვარი მემორიალის მოწყობასავით გამოვა.

არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც აჭარაში არაა ამ პერიოდის (1937-38 წლებში რეპრესირებულთა) მემორიალი. საბოლოოდ იმ ტერიტორიაზე შეიძლება მუზეუმიც კი მოეწყოს, თუკი მიიღწევა შეთანხმება ამ საკითხზე,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მოკლედ რეპრესირებულთა ნეშტების აღმოჩენის შესახებ

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმში 1937-1938 წლებში დახვრეტილი ადამიანების ნეშტები იპოვეს საზოგადოებისთვის  2019 წლის 5 აპრილს გახდა ცნობილი. მოგვიანებით გაირკვა რომ 2017 წელს ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავდაცვის სამინისტროს თანხმობით აწარმოა.

2019 წლის 5 აპრილს ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები და რეპრესირებულთა შთამომავლები ითხოვდნენ ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაეკრძალათ.

სწორედ ამის შემდეგ,  ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად 2019 წლის აპრილში სპეციალური სამთავრობო  კომისია შეიქმნა.

სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან აჭარის განათლების მინისტრი მაია  ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი.

ამავე თემაზე:

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

Caudalie-ის ფრანგული კოსმეტიკა და სახის კვარცის მასაჟორი საჩუქრად

მოუვლელი სახის კანი ბევრად ადრე ნაოჭდება, შესაბამისი მოვლა კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს.

სახის მოვლისთვის სანდო კომპანიის მიერ წარმოებული საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ფრანგული კოსმეტიკური კომპანია Caudalie-ის მიერ წარმოებულ კრემებსა და შრატებს გირჩევთ. ეს კომპანია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქცა მთელ მსოფლიოში თავის მოვლის შეუცვლელი საშუალებების მწარმოებლად.

ამჯერად ლიფტინგისა და სახის გამამკვრივებელი შრატების სიკეთეზე გვსურს გითხრათ. ეს საშუალებები უსწრაფეს და სასიამოვნო შედეგს იძლევა გამოყენების პირველი დღიდანვე.

Caudalie-ის სახის კანის მოვლის ეს საშუალებები ჰიპოალერგიულია. არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსილეთანოლს, ფტალატებს, სილიკონს, მინერალურ ზეთებსა და სინთეტიკურ დანამატებს.

ქვემოთ მოცემული შრატები და ლიფტინგები არაკომედოგენურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ ახშობენ ფოლიკულის სადინარს და ცხიმიანი კანისთვის უვნებელნი არიან.

ეს კოსმეტიკური საშუალებები შეიცავენ  ახალ დაპატენტებულ ფორმულას: ნატურალურ ჰიალურონსა და ვეგანური კოლაგენის ბუსტერს. კოსმეტიკა დამზადებულია აფრიკული წითელი ხის ფესვებისგან, რომელიც  5-ჯერ აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

ამ საშუალებებიდან ნებისმიერი ორის შეძენის შემთხვევაში Caudalie-ის ფირმის კვარცის სახის მასაჟორს მიიღებთ საჩუქრად. 

 

რესვერატროლი – თვალის კრემი ლიფტინგის ეფექტით / 15 მლ.

რესვერატროლი ანტიოქსიდანტია, რომელიც აღადგენს ულტრაიისფერი სხივებისა და სტრესისგან დაზიანებულ კანს.

ეს კრემ-გელი ნაოჭების, თვალის გარშემო მუქი წრეებისა  და შეშუპების  საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ახალი ფორმულა კინოას ექსტრაქტითაა გამდიდრებული და ებრძვის გადაღლილობის ნიშნებს, აახალგაზრდავებს, აცოცხლებს მზერას.

გამოიყენება დილას და  საღამოს – თვალისა და ტუჩის  გარშემო.

 

რესვერატროლი – სახის გამამკვრივებელი შრატი / 30 მლ.

ეს შრატი ნაოჭებს ასწორებს. აქვს ლიფტინგის ეფექტი და გამოირჩევა ბაზილიკის, ციტრონელისა და გვირილის სასიამოვნო არომატით.

შრატი დილას და საღამოს დაიტანეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე. გამოიყენეთ დამოუკიდებლად ან კრემის წასმამდე.

 

რესვერატროლი – ღამის კრემი მცენარეების ექსტრაქტით

ეს ღამის კრემი აღადგენს, კვებავს და ამკვრივებს კანს, ასწორებს და აქრობს ნაოჭებს.

გამოყენების შემდეგ დილით კანი უფრო მკვრივია, ნაოჭები კი შესამჩნევად ამოვსებულია. სახე დასვენებულად და ახალგაზრდულად გამოიყურება.

გამოიყენეთ მხოლოდ საღამოს სახესა და ყელზე, ცალკე საშუალებად ან შრატის შემდეგ.

რესვერატროლი – დღის კრემი ქაშმირი ლიფტინგის ეფექტით / 50მლ.

Caudalie-ის ეს დღის კრემი ასწორებს ნაოჭებს, აღადგენს, კვებავს და ამკვრივებს კანს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორლიპიდებსა და ნატურალურ ინგრედიენტებს.

დაიტანეთ დილით სახესა და ყელზე – დამოუკიდებლად ან შრატის შემდეგ.

 

რესვერატროლი დღის ფლუიდი ლიფტინგის ეფექტით / 40 მლ.

ეს ფლუიდიც ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებაა. ატენიანებს, ამკვრივებს და კვებავს კანს, აუმჯობესებს სახის ფერს.

ნატურალური მარგალიტის ნაწილაკები ანიჭებს კანს ბრწყინვალებას და აუმჯობესებს სახის ფერს.

დაიტანეთ დილით სახესა და ყელზე, დამოუკიდებლად ან შრატის შემდეგ.

ქობულეთში 9 აპრილის მემორიალი მერიაში მომზადებული ესკიზით მოეწყობა

ქობულეთში არსებულ 9 აპრილის სკვერში მემორიალი მოეწყობა. 9 აპრილის მემორიალის მოწყობას ქობულეთის მერია იმ ესკიზის მიხედვით გეგმავს, რომელიც მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში მოამზადეს.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ესკიზის შექმნაზე მერიას კონკურსი არ გამოუცხადებია. მემორიალის მოწყობაზე კი, 23 625 ლარად, ტენდერია გამოცხადებული.

სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში აღნიშნულია, რომ მემორიალის მოწყობის სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება.

მემორიალის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების დღიდან, 2020 წლის 5 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

9 აპრილის მემორიალის ესკიზი, რომელიც ქობულეთის მერიაში მომზადდა და რომლის მიხედვითაც მემორიალი ქობულეთში, 9 აპრილის სკვერში უნდა მოეწყოს / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა. „სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია“ – აცხადებს შპს „სტადიონი“, რომელიც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს.

ბათუმის მშენებარე სტადიონზე დასრულებულია მწვანე საფარის დაგება, ასევე განათებისა და გახმოვანების სისტემების დამონტაჟება.

ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს და სხვადასხვა ინვენტარს შეიძენენ. ავეჯისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ფასთა კვლევას ატარებს.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე [2010 წლის მარტში] დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში, 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობიც იქნება.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო შპს „სტადიონი“
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო შპს „სტადიონი“

სტამბოლში „შუშანიკის წამება” თურქულ ენაზე გამოსცეს

თურქულმა გამომცემლობა otello-მ სტამბოლში „შუშანიკის წამების“ თურქულენოვანი თარგმანი (Şuşanik) გამოსცა. მთარგმნელი ფარნა-ბექა ჭილაშვილია, თურქეთში მცხოვრები ქართველი ლიტერატორი და მკვლევარი.

„შუშანიკის წამების“ გარდა ფარნა-ბექა ჭილაშვილს ქართულიდან თურქულად თარგმნილი აქვს ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და სხვა ქართველი ავტორების ტექსტები.

„ბოლო ხუთი წელია ქართული ლიტერატურის მიმართ თურქეთში ინტერესი თანდათან გაიზარდა. დიდი ხანია ვთარგმნი ქართულ ლიტერატურას, იზრდება გამომცემლობების ინტერესიც, ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენით.  ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს თარგმანებს. ყველაზე მეტად ერლომ ახვლედიანის რომანს – „კოღო ქალაქში”.

ალბათ ისიც არის, რომ გამომცემლობები ყოველთვის სიახლეებს ეძებენ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურასაც ამ თვალით უყურებენ“ – ამბობს მთარგმნელი.

როგორც ფარნა-ბექა ჭილაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, მისი წინაპრები აჭარიდან, კერძოდ მაჭახელადან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლდნენ თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, ორდუს პროვინციაში დასახლდნენ.

მან 1980 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერისტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და 1993 წელს ჟურნალ „ჩვენებურის“ რედაქტორი იყო, 1997 წელს კი ჟურნალ “მამულის” გამოცემა დაიწყო, რომლის მიზანიც  თურქულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო.

მისი ნაშრომი „ქართველების ისტორია“ პოპულარული ენაზე აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს შესახებ. წიგნის ერთ-ერთ თავში „თურქეთის ქართველები“ ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია და გადასახლების სირთულეებია აღწერილი.

ფარნა-ბექა ჭილაშვილი

საკენკი პროკურატურასთან – აქცია-პერფორმანსით ბათუმში შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს

ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან დღეს, 18 იანვარს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენა და მისი ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობასთან საკენკი მიიტანეს, მათი თქმით, შოთაძის კანდიდატურის დასახელება, ხელისუფლების მხრიდან მორიგი საკენკია.

„დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ პროკურატურას ჰქონდა უხეში გადაცდომები პირადად ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით. ასევე შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, მათ შორის მაჩალიკაშვილის, დადუნაშვილის, სარალიძის და მუხთარლის საქმეები. განმეორებით იმავე პოზიციაზე შოთაძის დანიშვნა, რომელიც არის პასუხისმგებელი არაერთი სისტემური გადაცდომის და პრობლემის გადაუჭრელობის ავტორი, კიდევ უფრო შეარყევს საზოგადოების დამოკიდებულებას კრიზისში მყოფი უწყებისადმი“ – ამბობს აქციის მონაწილე ჯუნა ბახტაძე.

აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ დაცვის პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

საპროკურორო საბჭოთვის გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენის ვადა დასრულდა. გენერალური პროკურორობა, ირაკლი შოთაძის გარდა, კიდევ 16 კანდიდატს სურს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/420565/

130 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა“ – აცხადებს შსს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ლიფტების უსაფრთხოება მხოლოდ მშენებელი კომპანიის სინდისზე

14 იანვარს ბათუმში ლიფტის ავარიულად დაშვების გამო ორი პირი დაშავდა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბათუმში გასულ წლებშიც. 

ბათუმში ლიფტის გამართულობის შემოწმება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში გასულ წელს  18-ჯერ მოითხოვეს. შემოწმებული ლიფტებიდან გამართული მხოლოდ ხუთი აღმოჩნდა, ექვსზე  მონიტორინგი დაიწყეს, შენობაში გაუმართავი ლიფტის ფუნქციონირების გამო  ორი კომპანია დააჯარიმეს, ხუთს კი შენიშვნა მისცეს.

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ლიფტის გამართულობას მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე მიმართვის შემთხვევაში ამოწმებს, სხვა შემთხვევაში კი დაურეგისტრირებელი ლიფტის  გამართულობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მშენებელი კომპანიაა.

დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მშენებელი ვალდებულია ლიფტი სამინისტროში დაარეგისტრიროს, დარეგისტრირებისას კი ვალდებულია წარადგინოს მისი გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ლიფტის გამართულობას ამოწმებენ და შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. პირობები დამქირავებელსა და ამ კომპანიებს შორის მოლაპარაკების საგანია და სახელმწიფო სტრუქტურები ამაში არ მონაწილეობენ.

ბათუმში ბევრი ახალაშენებული, მრავალბინიანი სახლია, სადაც ოჯახები ცხოვრობენ და ბინები რეესტრშიც აქვთ დარეგისტრირებული, მაგრამ ეს სახლები ჯერაც არ აქვს ჩაბარებული მერიას.  სახლების ჩაბარებას კომპანიები დაურეგისტრირებელი ლიფტებით ვერ შეძლებენ. უმეტეს შემთხვევაში მშენებელი კომპანიები ამ პროცედურის გავლას არ ჩქარობენ, რადგან ეს მათ ბინების გაყიდვაში ხელს  არ უშლით. ასეთ სახლებში მაცხოვრებლებიდან თითქმის არავინ იცის სერტიფიცირებული და დარეგისტრირებულია თუ არა ლიფტი, რომლითაც მოძრაობენ. მოქალაქეების უმეტესობას აქვს განცდა, რომ რადგან სახელმწიფო საკუთრების დარეგისტრირებას უზრუნველყოფს, სახლში შეყვანილია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ყველაფერი გადამოწმებული და გამართულია.

არავის აქვს პასუხი კითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა ლიფტი, რომელზეც გაცემულია სერტიფიკატი, რადგან ამ სერტიფიკატის გამცემი კომპანიები გრძელვადიან პასუხისმგებლობას არ იღებენ. ისინი  განმარტავენ, რომ შემოწმებისას ლიფტის გამართულობა არ გულისხმობს, რომ ის მთელი წელი გამართული იმუშავებს, აქ დღის წესრიგში სხვა პრობლემებიც იჩენს თავს, როგორიცაა, მაგალითად, ლიფტის ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი იმ შენობებში, რომლებსაც სატვირთო ლიფტი ცალკე არ აქვთ.

იმ კომპანიების წარმომადგენლების თქმით, რომლებიც სამგზავრო ლიფტების გამართულობაზე ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ანაზღაურების პირობით ზრუნავენ, სამგზავრო ლიფტებს მოქალაქეები ხშირად სამშენებლო მასალების სართულებზე ასატანად იყენებენ, ხშირად ტვირთავენ იმაზე მძიმე მასალებითაც, ვიდრე ეს დაშვებულია, რაც ლიფტის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს.

„შესაძლოა ორჯერ აიტანოს 800 ტონა ტვირთი მოქალაქემ 500 ტონიანი ლიფტით, მას გაუმართლოს, მაგრამ ლიფტი აუცილებლად გამოვა მწყობრიდან. შევა მერე სხვა და მას შეექმნება პრობლემა. ეს ინფორმაცია ყველა ლიფტში გვაქვს გამოკრული, რომელსაც ვემსახურებით. გარდა ამისა, ამხანაგობების თავმჯდომარეებსაც ვაწვდით ინფორმაციას. ხშირად რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, გვქონია შემთხვევა, როცა კონტრაქტი გავწყვიტეთ ასეთი ქმედებების გაგრძელების გამო. გარდა ამისა, ლიფტი რომ შევაკეთოთ ან შევამოწმოთ, უნდა გავთიშოთ ის მთელი დღით, მომდევნო დღეც შეიძლება დაგვჭირდეს, ამ დროს მოქალაქეები თვითნებურად რთავენ ლიფტს. ძალიან რთულია ეს, გამოდის ლიფტებთან თითო დარაჯი უნდა დავაყენოთ“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირებული ლიფტების მოვლა-პატრონობის მომსახურების საფასურს კერძო კომპანიები სართულიანობის მიხედვით ითვლიან. ცხრასართულიანი სახლების მომსახურება 250- დან 300 ლარამდე მერყეობს. ამ ფასად კომპანიის სპეციალისტი ამოწმებს ლიფტის გამართულობას პერიოდულად, ასევე გამოძახების შემთხვევაში. ამაში შედის ლიფტის შეკეთების მომსახურებაც. კერძო ხელოსნის მომსახურების ფასი კი 50 ლარია, თუმცა ამ შემთხვევაში მასთან ხელშეკრულებას არ აფორმებენ და შესაბამისად მას არც ხელშეკრულებით ნაკისრი პასუხიმგებლობა აქვს.

ნუნუ გომეში და ივან კამპო ბათუმში ჩამოდიან – ზამთრის თასი იწყება

წელს პირველად დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს ბათუმი უმასპინძლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდარული ფეხბურთელების ტურნირს იხილავს.

2020 წლის გათამაშებაში ზამთრის თასისთვის  საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ.

“ა” ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთის, უკრაინისა და თურქეთის ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან, “ბ” ჯგუფში კი საქართველოს, უეფასა და ფიფას ნაკრები გუნდები.

ფიფას ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებში ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნუ გომეშია. ესპანეთის  ნაკრების შემადგენლობაში კი გულშემატკივარ საშუალება ექნება ივან კამპო ნახოს.

ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი, თურქეთის.

ზამთრის თასი 2020-ის 19 იანვრის განრიგი
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

როგორ იბრძოდა სამი ჰოლანდიელი თინეიჯერი ნაცისტების წინააღმდეგ

მეორე მსოფლიო ომის დროს ნიდერლანდებში ნაცისტურმა ოკუპაციამ სამი მოზარდი გოგო მკაცრ მებრძოლად აქცია. თრუს ოვერსტიგენის, ფრედი ოვერსტიგენისა და ჰანი შაფტის ისტორია მათი მოხერხებულობისა და სიმამაცის გამო ახსოვთ დღემდე ჰოლანდიაში.

ჰანი – 19, თრუსი – 16, ფრედი კი მხოლოდ 14 წლის იყო, როცა ფაშისტებმა 1940 წლის 10 მაისს ნიდერლანდები დაიკავეს.

BBC-ის ვიდეორეპორტაჟში მათ ისტორიას შვილები 80 წლის შემდეგ იხსენებენ.

თრუს ოვერსტიგენის შვილები, მარტინ და თრუსი ამბობენ, რომ მათი დედა და დეიდა მორცხვი თინეიჯერები იყვნენ, მაგრამ მამაც მებრძოლ ქალებად ისინი ომმა აქცია.

დები – ფრედი და თრუსი მარტოხელა დედამ გაზარდა. მათი მეგობარი ჰანი შაფტი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, საიდანაც გამოაგდეს მას შემდეგ, რაც უარი თქვა ნაცისტური გერმანიის ერთგულებაზე.

როცა ოკუპაცია დაიწყო, სამეულმა პატარა ამოცანების შესრულება დაიწყო. ოკუპაციისას ნიდერლანდებში წინააღმდეგობის იატაკქვეშა მოძრაობა ამოქმედდა, რომლის საქმიანობაშიც ამ სამმა გოგომ უდიდესი როლი შეასრულა.

თრუს ოვერსტიგენი

წინააღმდეგობის მოძრაობაში შეიარაღებული მებრძოლი გოგოები, რომლებიც ნაცისტებს სიკვდილით უსწორდებოდნენ, გამონაკლისი იყო.

დები გარდა ნაცისტებისა ჰოლანდიელ მოღალატეებსაც ხვრეტდნენ, რადგან მათგან ნაცისტებზე არანაკლები საფრთხე იყო მოსალოდნელი.

ფრედ ოვერსტიგენის ვაჟის, რემი დეკერის მონათხრობის მიხედვით ჰოლანდიელი მოღალატეების დასჯა დებმა 1942 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა ფრედი 15-16 წლის იყო. მან ესროლა ქალს, რომელიც აგროვებდა ებრაელების სიას ნაცისტებისთვის გადასაცემად.

ფრედი ოვერსტიგენი

„როგორც დედის მონათხრობიდან მახსოვს, ეს ქალი პარკში დაინახა, იცნო, მიუახლოვდა და რომ დარწმუნებულიყო მის ვინაობაში, სახელი და გვარი ჰკითხა, მერე კი ესროლა. გოგონები სარგებლობდნენ საკუთარი ახალგაზრდობით, უწყინარი გარეგნობით, ჰოლანდიელ მოღალატეებს და გერმანელებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ. სიკვდილის გეგმა ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ იყო. თუმცა მანამ, სანამ მსხვერპლი გოგოების საკოცნელად წაიწევდა, მათი სიცოცხლე მთავრდებოდა“- იხსენებს რემი დეკერი დედის ნაამბობს.

გოგოებმა ბევრი ნაცისტი ველსოიპედით გადაადგილებისას დახოცეს, რომ სწრაფად მიმალვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. თრუსი და ფრედი ფლირტის დიდი ოსტატობით არ გამოირჩეოდნენ, მათი ფლირტი ნაცისტებთან მისალმებით და გაღიმებით შემოიფარგლებოდა.

24 წლის ჰანი შაფტის ამოცნობა თვალშისაცემად წითური თმით ნააცისტებს არ გასჭირვებიათ. ჰანი 1945 წლის 17 აპრილს დაიჭირეს და დახვრიტეს, რის შემდეგაც 8 დღეში ნიდერლანდებიც გათავისუფლდა. ნაცისტურრმა რეჟიმმა ჰოლანდიელი ებრაელების სამი მეოთხედი შეიწირა.

ჰანი შაფტის ამბავს ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალთან ჰოლანდიაში ყოველ წელს იხსენებენ.

„8 წლის რომ ვიყავი, სკოლაში გვქონდა წიგნი წითურთმიანი გოგოს, ჰანი შაფტის შესახებ. დედამ რომ გაიგო და წაიკითხა ტირილი დაიწყო, მერე მითხრა, რომ ეს გოგო მისი ომისდროინდელი მეგობარი იყო და გერმანელებმა დახვრიტეს. დედა ხშირად იხსენებდა ომის,  ჰანის შესახებ და მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად ატარა რეალობა, რომ ომს თავად გადაურჩა, მაგრამ ვერ გადარჩა ჰანი“ – იხსენებს რემი დეკერი, ფრედი ოვერსტიგენის ვაჟი.

ჰანი შაფტი იარაღით ხელში

თრუს და ფრედი ოვერსტიგენები გადარჩნენ და ომის შემდეგაც დიდხანს იცოცხლეს. თრუსი 2016 წელს გარდაიცვალა, ფრედი – 2018 წელს.

სამი გოგოს ისტორია, გარდა მონათხრობისა წიგნით გადარჩა, რომელიც თრუსმა მეუღლის გვარით გამოაქვეყნა და Not Then, Not Now, Not Ever დაარქვა. სათაური ომს მიემართება და გვაჩვენებს, რომ ავტორის ჰქონდა დიდი ოცნება: აღარ ყოფილიყო ომი არასდროს დედამიწაზე „არც მაშინ, არც ახლა, არც არასდროს“.


წყარო: BBC

უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა

„რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, არსებული ნებართვის პირობებში რამდენ სართულზეც არის თანხმობა, უნდა აშენდეს იმდენი, არც მეტი და არც ნაკლები ერთმნიშვნელოვნად“  – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორ ბათუმის“ სამშენებლო პროექტის მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით.

კომპანიამ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, შეთანხმებული ოთხსართულიანი პროექტის [ამას ემატება სამი სართული მიწის ქვემოთ] კიდევ 11 სართულით გაზრდა მოითხოვა. მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა ისიც, რომ ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ უკვე იმსჯელა და უარი თქვა.

თორნიკე რიჟვაძეს ვკითხეთ ისიც, ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ეჭვქვეშ ხომ არ დადგება გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოებაში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა:

„ჩვენ ჩვენს პოლიტიკაში ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები და თუ გადახედავთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს თანმიმდევრულობა იგრძნობა ყველაფერში ცალსახად. რაც შეეხება ბულვარის განაშენიანების გეგმას, ეს არის მიმდინარე დოკუმენტი, რომელზეც ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პარტნიორები მუშაობენ. როცა დასრულდება, ეს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ბულვარში რაიმე სახის ხელოვნურ ჩარევას ან ხელოვნურ განაშენიანებას. რა თქმა უნდა, ამაშიც ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრულები,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვს.

კომპანიამ ბულვარში სამშენებლო მოედანი 2016 წელს მოაწყო. ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა.

საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება და გათხრის მასშტაბები ბათუმში თავიდანვე ამძაფრებდა ეჭვებს, რომ კომპანიას აქ უფრო მაღალი შენობის აგება სურდა. ეს ეჭვები 2019 წლის ბოლოს დადასტურდა, როდესაც კომპანიამ სააგენტოს ძეგლების საბჭოს შენობის მასშტაბის გაზრდის მოთხოვნით მიმართა.

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

 

რომელ ქუჩებზე გაითიშება დენი 18 და 20 იანვარს ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 18-19 იანვარს, გარკვეულ საათებში, ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს ბათუმსა და ქობულეთში.

ბათუმში 12-დან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს:

[crosslist]

  • ბაგრატიონის ქუჩა
  • მელიქიშვილის ქუჩა
  • სააკაძის ქუჩა
  • გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩები [კვეთებში]

[/crosslist]

ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება 20 იანვარსაც ბათუმსა და ქობულეთში შემდეგ ქუჩებზე:

ბათუმში 11-დან 15 საათამდე შუქი გაითიშება:

[crosslist]

  • მაიაკოვსკის ქუჩაზე
  • შავშეთის ქუჩაზე
  • აღმაშენებლის ქუჩაზე
  • ტაბიძის ქუჩაზე
  • რურუასა და მიმდებარე ქუჩებზე [კვეთებში]

[/crosslist]

ასევე, აღნიშნული დროის მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ანგისისა და ურეხის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში, 11-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება მონაცვლეობით შეუწყდება ბობოყვათს, ციხისძირს, ხუცუბანს, ხალასა და მიმდებარე სოფლებს.

ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში – ფრესკების რესტავრაცია დაიწყო [ფოტო]

ბათუმში საკათედრო ტაძრის ფრესკების რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის ინტერიერი უკვე ხარაჩოებშია ჩასმული.

ფრესკების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიძინა, სამუშაოებს კი ფონდ „ქართუსთან“ არსებული „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის“ ფონდი აფინანსებს. სამუშაოების ღირებულება 300 ათასი ლარია.

ბათუმის საკათედრო ტაძარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„სამუშაოები  დეკემბრის ბოლოს დაიწყო. სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზუსტად არ არის განსაზღვრული, როდის დასრულდება რესტავრაცია.  სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ  ეკლესიის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი გოჩა კახიძე.

ბათუმის საკათედრო ტაძარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გარდა ფრესკების რესტავრაციისა, სააგენტო გეგმავს ტენდერი ეკლესიის სრული რესტავრაციის დოკუმენტაციის შეძენაზეც გამოაცხადოს,  რაც გულისხმობს დაზიანებული ბათქაშის, სახურავის, ვიტრაჟების, ფრესკების, ყველა დაზიანების აღწერასა და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრას.

2019 წელს „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ამბობდა რომ, 2020 წლისთვის კმდს-ს  ძეგლების პროექტებისთვის 170  ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. აქედან 50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული აღდგენის დოკუმენტაციის შეძენას უნდა მოხმარდეს.

ბათუმის საკათედრო ტაძარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ამჯერად 4,7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება 

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ტენდერი ამჯერად 4 733 769 ლარით გამოაცხადა. როგორც მითითებულია, ეს ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოების II ეტაპი იქნება. I ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, 2 276 066 ლარზე, 2019 წლის მარტში გაფორმდა.

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სასტუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, მინისტადიონი, ადაპტირებული ბორდიურები, დამონტაჟდება სკამები, სხვადასხვა ატრაქციონი; დაიგება დეკორატიული ფილები.

„ვინაიდან წინამდებარე პროექტი წარმოადგენს I ეტაპის გაგრძელებას, პროექტში გამოსაყენებელი მასალები [ფილები, ბორდიურები, სკამები და ა.შ.] უნდა იყოს I ეტაპის პროექტის ანალოგიური“ – აღნიშნულია ტენდერში.

მეორე ეტაპის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.

მხარეთა შეთანხმებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 01 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შესაძლებელია შეჩერდეს გარკვეული სამუშაოების მიმდინარეობა და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.

____________

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე [პირველი ეტაპი] ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი პირველად 3 011 440 ლარით, 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ეს ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ მოგვიანებით შეწყვიტა [კომისიას ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა].

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი [2019 წლის იანვარში] სატენდერო თანხა შემცირდა და 2 929 454 ლარი იყო.

ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯორჯიან სტოუნი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2 276 066 ლარზე გაფორმდა.

ქობულეთის ზღვისპირა პარკი / ფოტომონტაჟი / სატენდერო დოკუმენტებიდან

 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ასევე, შენახვისა და ტარების გამო პოლიციელებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული ნ.მ დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ GOLD STAR -2002” – ის მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პედაგოგი: 1 კრედიტქულის გამო რომ მიენიჭა სტატუსი, ის მასწავლებელი კლასში ვერაფერს შეცვლის

რა შეიცვალა სკოლებში მასწავლებლების სტატუსის ცვლილების შემდეგ? რატომ მიიჩნევს მასწავლებელი სისტემის მსხვერპლად თავს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ინგლისური ენის მასწავლებელს როლანდ შავაძეს, რომელიც პროგრამის – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ასწავლის.

  • ბატონო როლანდ, სტატუსის ცვლილებას ერთგვარი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე, პედაგოგები ულოცავენ ერთმანეთს და ბევრი ამაყობს კიდეც ამით. თქვენ, როგორც უფროსი მასწავლებელი, რას ფიქრობთ, რა შეიცვალა სკოლაში  რეალურად მასწავლებლის სტატუსის ამაღლებით?

ზოგადად, სერტიფიცირების მომხრე ვარ, ოღონდ არა ასეთი ფორმით. ჩაჭრილი მასწავლებელი არასდროს იქნება მისაღები არც მოსწავლისთვის და არც დანარჩენი საზოგადოებისთვის. ამიტომ მასწავლებლებიც „ჩაჭრილი აღარ ვარ“- ამის დემონსტრირებას ცდილობენ დღეს. ეს არ არის წარმატების სიხარული, უფრო ნიშნისმოგებაა.

სახელმწიფომაც გააცნობიერა, რომ ამდენი ჩაჭრილი მასწავლებელი არასწორი იყო ქვეყნისთვის და ბარიერი დაწია. შემოიღეს კრედიტქულები, რომ სხვადასხვა ფორმით როგორმე დაეგროვებინათ მასწავლებლებს ეს ქულები. 30 პროცენტი საკმარისი იყო, რომ პედაგოგს საგამოცდო ბარიერი დაეძლია.  ის, რომ 90-დან 81 ქულა ავიღე, ჩემთვის განსაკუთრებული არაფერია, რადგან ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩემი საგანია. ამიტომ არ მესმის, როცა თავიანთ საგანს ვერ აბარებენ პედაგოგები.

რამდენიმე პედაგოგის ნაშრომი ვნახე, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა (თვითონ გადმომიგზავნეს) და ისე ეწერათ, ვერ შეაფასებდი. მასწავლებლობა უნდა და თემის დაწერა არ იცის. ეს უკვე სისტემური პრობლემაა, რადგან წერას არც სკოლაში ასწავლიან და არც უნივერსიტეტში. გარდა ამისა, თუკი უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანს არ შეუძლია 30 ქულაზე ჩააბაროს თავისი საგანი, ეს უკვე უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაცაა. რა გამოდის, ყალბად ვასწავლით?

  • თქვენ ფეისბუქში წერდით, რომ სკოლა ისევ დარჩა მოსწავლის ჩაგვრის სივრცედ, ამას გულისხმობდით, რომ ბავშვისთვის არაფერი იცვლება რეალურად? 

ვფიქრობ, რომ დღეს ბავშვები არიან განათლების რეფორმის მსხვერპლები, ისევე როგორც მე ვიყავი თავის დროზე მსხვერპლი. მეც ვარ ჩაგრული თაობა, რადგან შემხვდა პერიოდი, როცა ახალგაზრდებს არ გვქონდა ორიენტირი, რა უნდა გვესწავლა და რატომ უნდა გვესწავლა. ჩემს დროს ათ წელიწადში ერთი ადამიანი თუ იღებდა ჩემი სოფლიდან განათლებას, რადგან უნივერსიტეტებში კორუფცია იყო, სკოლაში უცხო ენას ანბანის დონეზეც კი არ გასწავლიდნენ. ამისთვის დამჭირდა დამატებითი ფინანსები, ორი წელი დამჭირდა, რომ ენა მესწავლა და ჩამებარებინა. ეს ბავშვებიც, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, არიან განათლების სისტემის მსხვერპლი, რადგან გადის წლები და სკოლიდან ვერ მიაქვთ ის ცოდნა, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის ამ გამოწვევებით სავსე გარემოში.

  • რატომ ვერ აძლევს სკოლა ცოდნას?

იმიტომ, რომ მასწავლებელს ნიშნისმოგების პოზა აქვს, „ხომ ჩავაბარე, ხომ გავხდი უფროსი მასწავლებელი?“ – ყველაფერი ამაზეა ორიენტირებული და არა იმაზე, რომ სიახლე დაინერგოს კლასში. მასწავლებელი, რომელსაც 1 კრედიტქულის გამო მიენიჭა სტატუსი, არაფერს არ შეცვლის კლასში. რეალურად, ჩვენ ისევ ის მასწავლებელი გვყავს, რომელმაც თავისი საგანი არ იცის სათანადოდ.

გასულ წელს ერთ-ერთ სკოლაში შიდა შეფასების გაკვეთილისთვის ტრენინგები ტარდებოდა და აღმოჩნდა, რომ იმ პედაგოგებმა, რომლებსაც სხვა მასწავლებლის კვლევა უნდა შეეფასებინათ, არ იცოდნენ რას ნიშნავდა პლაგიატი, ციტირება, პერიფრაზი. მე დოქტორანტი ვარ, მიწევს კვლევის გაკეთება და გარკვეული წარმოდგენა მაქვს ამაზე, ამ მასწავლებლებს კი 4-საათიანი ტრენინგით უნდა ესწავლათ ის, რაც მე 4 წელი ვისწავლე. ასევე, ფასადურია ე.წ გარედაკვირვებაც, რადგან ეს არის სპექტაკლი და არა მასწავლებლის წარმატება, რადგან წარმატება იზომება შედეგით.

  • კვლევები, რომლებსაც აქვეყნებენ საერთაშორისო (PISA, TALIS, PIRLS და ა.შ) ორგანიზაციები, აჩვენებს ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დაბალ დონეს. ჩვენთან, როგორც ვხედავთ, წარმატება უფრო იზომება იმით, რამდენი ათოსანია სკოლაში ან რამდენი აბარებს უმაღლესში…

საერთაშორისო კვლევები უტყუარია და ვხედავთ კიდეც ხომ, როგორ უჭირთ მოსწავლეებს  კითხვა, წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და სხვა მეცნიერებები. იქ [განვითარებულ ქვეყნებში] მოსწავლის წარმატება სხვა უნარებით იზომება და სწორედ ეს საზომი უნდა გვქონდეს ჩვენც, როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ასეთ უნარებში ჩვენ ვერ ვავლენთ წარმატებას.

  • კიდევ რაში ჩანს სისტემის სიყალბე?

სიყალბის წყარო არის ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ სისტემაშია და დადის მასწავლებლის დონეზე. როცა მეუბნები, რომ წინსვლა გვაქვს განათლებაში, რომ მასწავლებლებმა წარმატებებს მიაღწიეს, ეს არის სიყალბე. კონტროლის მექანიზმი დაყვანილია მხოლოდ დოკუმენტებზე, რომლებიც იმ რაოდენობით გროვდება, რომ ეჭვი მაქვს, ხარისხიანად მოწმდებოდეს ისიც.

  • თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ მასწავლებელს, სკოლას და მივცეთ მეტი თავისუფლება, რომ სწორედ სკოლამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა თავის თავზე. ასე არ ფიქრობთ?

თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს გამოთქმა, „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. „უი, რა კარგი მასწავლებელი ხარ,“ ან „რა კარგი ქალი ან კაცი ხარ“, არ ნიშნავს თავისუფლებას. თავისუფლებას ახლავს პასუხისმგებლობები. რამდენად დაცულია ეს პასუხისმგებლობა, ეს უნდა გადაამოწმო. სკოლაში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, კადრების საკითხი, რესურსები, ამიტომ, სამინისტრომ ჯერ ეს საკითხები უნდა მოაგვაროს. ანუ „პრობლემა მოგიგვარე და გენდე“- უნდა თქვას სამინისტრომ და არა, „ჩაგტოვე პრობლემაში და გენდე“. ჯერ ჩვენს სკოლაში არც „ახალი სკოლის მოდელია“ დანერგილი, ამიტომ ვერ გეტყვით, იცვლება ამითაც რეალურად რამე თუ არა.

  • იმ სკოლაში, სადაც ასწავლით, რა გამოწვევები აქვთ როგორც ბავშვებს, ასევე პედაგოგებს?

ჩვენი სკოლა ძალიან ძველი იყო. ფეხი ხან ამოყრილ იატაკში გვივარდებოდა, ხან – კიბეზე, ფანჯრები ჩამსხვრეული და ა.შ.  ააშენეს ახალი, ერთსართულიანი სკოლა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ხულოს კლიმატური პირობები. წელს თოვლი არ არის დიდი, მაგრამ როცა მოდის 2-3 მეტრი თოვლი, სკოლა თოვლის ქვეშ ექცევა. სახურავს კი არ ვთოვლავთ, ქვემოდან ზემოთ ვყრით. თოვლი ვერ გადმოდის სახურავიდან და ასე, თოვლის გვირაბში დავდივართ. ფანჯრები ბნელდება ხოლმე.

სივრცეც პატარაა. მხოლოდ სამასწავლებლო და საკლასო ოთახებია. ბიბლიოთეკა წიგნების საცავი უფროა, რადგან სამკითხველო არ აქვს, ვერ დაჯდები. ამიტომ, რაიმე აქტივობა როცა გვინდა, გაკვეთილების დასრულებას ველოდებით. კლუბი მაქვს და თავისუფალი სივრცე გვჭირდება ხოლმე. მოსწავლეებს არ აქვთ ინგლისური, ადაპტირებული წიგნები,საფეხურების მიხედვით რომ წაიკითხონ უცხოური ლიტერატურა. ვეძებ ელექტრონულს და ისე ვაწვდი. ინტერნეტი არის, მაგრამ ძირითადად მასწავლებლები იყენებენ.

  • თქვენ ახსენეთ პრობლემის მიჩქმალვა, რა გქონდათ მხედველობაში?

მიჩქმალვა არის ფასადურობა, როცა თანამდებობის პირები ან პარტიული პირები ესწრებიან რაიმე ღონისძიებას სკოლებში და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, თითქოს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ამას აზოგადებენ ქალაქის ერთი სკოლის  ფონზე. გავიდნენ აბა სოფლებში, ნახონ, რა ხდება იქ. თუ ყველაფერი კარგად არის, ესე იგი, ჩემი მუშაობაც გაკმაყოფილებს და მაშინ რატომ უნდა გავაკეთო მეტი? საკმარისი ყოფილა რასაც ვაკეთებ. გვიჭირს პრობლემების აღიარება, რომ შემდეგ მისი მოგვარების გზები ერთად გამოვნახოთ. ეს არის მიჩქმალვა.

ასევე მიუღებელია ჩემთვის ის, რომ სკოლის დირექტორებს არ მოეთხოვებათ მეტი კომპეტენცია და სამწლიანი გამოცდილებაც საკმარისია დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. დირექტორის ერთ-ერთი ფუნქცია აკადემიური პროცესის მართვაა და როგორ შეიძლება მან არ იცოდეს სკოლა. ცალკე პრობლემაა ის, რომ დირექტორების უმრავლესობა მოვალეობის შემსრულებელია და ამ „მოვალეობის შემსრულებლებს“ ვადა აღარ გასდით, მუშაობენ წლობით ამ სტატუსით.

  • თქვენ როგორ შეხვედით სკოლაში, რა გამოცდილება გაქვთ?

სკოლა ჩემთვის უცხო არ არის, რადგან ჩემი ორივე მშობელი პედაგოგია და ბავშვობიდან მაქვს ამ სისტემასთან შეხება, სულ მესმოდა საუბრები განათლებაზე. ვსწავლობდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც დავამთავრე ინგლისური ენის ფილოლოგია და 2015 წელს პროგრამის – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ საშუალებით დავიწყე ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში მუშაობა. იმავე წელს სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, რუსთაველის უნივერსიტეტში.

ორი წლის შემდეგ, ერასმუს + პროგრამით წავედი ბულგარეთში, Angel Kanchev University-ში, რის გამოც ამ პროგრამას გამოვეთიშე. შემდეგ ბათუმის 27-ე სკოლაში ვიმუშავე ერთი წელი, მაგრამ როცა ვაკანსია გაჩნდა, მეკეიძეებში წამოვედი, რომელიც ჩემი მშობლიური სოფელია.

ერთხელ ვთქვი, საბჭოთა სისტემა უფრო გამართული იყო-მეთქი და გაკვირვებული შემომხედეს, არ დამაცადეს მეთქვა რას ვგულისხმობდი. საბჭოთა სკოლა ზრდიდა ისეთ ახალგაზრდობას, როგორიც სჭირდებოდა საბჭოთა მთავრობას, სისტემას. ჩვენ ვერ ვზრდით ისეთ ახალგაზრდებს, როგორიც სჭირდება დემოკრატიულ, თავისუფალ და ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ა.შ.   გვაქვს ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმები, მაგრამ ვერ ვასრულებთ ამ მიზნებს.

კანონში გვიწერია, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი რელიგიური გავლენებისგან და ვერც ამას ვასრულებთ. გარკვეული წინსვლა გვაქვს ბულინგის, გენდერული სტერეოტიპების დაძლევის მიმართულებით და ეს პირადად ძალიან მახარებს, რადგან წელს ჩემი სოფლიდან რამდენიმე გოგო გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს არის სოფლისთვის საამაყო.

გამოწვევად რჩება ინტერნეტის ბოროტად გამოყენება ბავშვების მხრიდან, რადგან ონლაინსივრცეში ხშირია თანატოლების დაჩაგვრის ფაქტები. მე შეგნებულად ვადევნებ ხოლმე ჩემი მოსწავლეების სტატუსებს, აქტივობებს თვალს ონლაინსივრცეში, რომ არ დაარღვიონ მათი თანატოლების უფლებები.

  • რა არის საჭირო, რომ სოფელში დარჩენა და მუშაობა უღირდეს მასწავლებელს?

პირობების შექმნა. პერსპექტივას უნდა ხედავდეს ადამიანი. სოფელში სკოლის გარდა დღეს არაფერია, რომ დასაქმდე, გაერთო. დროებით მოსული მასწავლებელი სოფელში არ დარჩება. მხოლოდ ენთუზიაზმითაც ვერავინ იმუშავებს. ეს პროგრამა ძალიან კარგია, რადგან კვალიფიციური კადრების დეფიციტი მეტ-ნაკლებად შეავსო სკოლებში, თუმცა დროთა განმავლობაში ამაშიც საჭირო იქნება ცვლილებები. სოფელი უნდა განავითარო, რომ იქ ცხოვრება და სწავლება მოუნდეს ახალგაზრდას. ადგილობრივი უნდა იყოს პროფესიონალი პედაგოგი.

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

ბერძნული კატარღის მეთაური, რომელმაც ასობით დევნილის სიცოცხლე გადაარჩინა

მარია კონტი, საბერძნეთის სასაზღვრო კატარღის მეთაური, 14 იანვარს საბერძნეთის მთავრობამ ეგეოსის ზღვაზე რთულ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის დააჯილდოვა.

ახალგაზრდა ქალი მსახურობს კატარღა ILC 602 -ზე, რომელიც ეგეოსის ზღვაზე, საბერძნეთის საზღვარზე პატრულირებს, იმ მონაკვეთში, სადაც ხშირად ხვდებიან სირიელი დევნილები, რომლებიც ომს, სისასტიკესა და უკუდურეს სიღარიბეს გაექცნენ. მარიამ ოთხი წლის განმავლობაში ასობით დევნილის გადარჩენა შეძლო.

მარია კონტიზე ბერძნულ პრესაში არაერთ სტატიას ნახავთ. 2019 წელს მარია ბერძნულ ΑΠΕ-სთან 2018 წლის აპრილს იხსენებს, განსაკუთრებით მძიმე დღეებს:

„… გემზე 9 დაღუპული ამოვიყვანეთ და სამი ცოცხალი ქალი. მახსოვს, პირველი დაღუპული ამოვიყვანეთ და მას თვალები ღია ჰქონდა, მის თვალებში სიკვდილი დავინახე. ეს არასდროს დამავიწყდება. მაგრამ ამაზე იმ დროს ვერ ფიქრობ, ამაზე ფიქრობ შემდეგ. გარდაცვლილები შენზე კვალს ტოვებენ. ცოცხლები ბედნიერს გხდიან მხოლოდ იმ დროს, როცა მათი გადარჩენა შეძელი… მაგრამ ცოცხლებს ივიწყებ, დაღუპულები კი მთელი ცხოვრება გახსოვს. ეს არის ბრძოლა, რომელიც წააგე“.

მარია კონტის დაჯილდოება

სასაზღვრო კატარღაზე მარია კონტი ერთადერთი ქალია. იგი ამბობს, რომ ზღვაზე მუშაობა მისი ოცნება იყო.

ბოლო წლების განმავლობაში ასიათასობით დევნილი ცდილობს მიაღწიოს საბერძნეთისა და თურქეთის ნაპირებს ნავით. ბევრი მათგანი გზაში იღუპება.

________

მომზადებულია ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით. 

რატომ არ აბრუნებენ ლავასოღლის საქართველოში – პროკურატურის პასუხი

დაუბრუნებს თუ არა მინდია ლავასოღლის თურქეთი საქართველოს, ისევ უცნობია. კანონიერი ქურდობის ბრალდებით მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის  მიღების დროს ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. დაახლოებით 15 თვის წინ „ინტერპოლმა“ მინდია ლავასოღლი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში დააკავა, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

„მინდია ლავასოღლის თებერვალში გაათავისუფლებენ, რადგან საექსტრადაციო პატიმრობის ვადა იწურება,“ – ამბობს ლექსო კობაიძე, მინდია ლავასოღლის ადვოკატი.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ 2018 წლის 27 ნოემბრიდან, როცა მათ ლავასოღლის ექსტრადაცია ოფიციალურად მოითხოვეს, ამ დრომდე ოფიციალური თურქეთისგან არ მიუღიათ პასუხი ექსტრადაციის თაობაზე. პროკურატურა განმარტავს, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი მიაწოდეს თურქეთს და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება თურქეთს არ მოუთხოვია.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო  ხელშეკრულებებით. დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით,“ – მოგვწერეს გენერალური პროკურატურის პრესცენტრიდან.

ლექსო კობაიძე, მინდია ლავასოღლის ადვოკატი, ამბობს, რომ საქართველომ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ლავასოღლი ექსტრადაციის წესით საქართველოს უნდა გადმოსცენ.

„საექსტრადაციო სასამართლო თავდაპირველად ტრაბზონში გაიმართა და ლავასოღლი გაუშვეს, თუმცა იმავე დღეს უკან შეაბრუნეს… ახლა უკვე მის საქმეს სტამბოლის სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თებერვალში ვადა იწურება, უნდა გაუშვან,“ – განმარტავს ადვოკატი.

რა კითხვები აქვს თურქეთის სასამართლოს საქართველოში გამოტანილი მიღებული განაჩენების მიმართ? – ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მას ამ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს და სტამბოლში სასამართლო პროცესებს მისი თურქი კოლეგები ესწრებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ თურქეთის საკონსულოს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ლავასოღლის ექსტრადაცია თურქეთის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების გადასაწყვეტი საკითხია და მათ ინფორმაცია არ აქვთ.

ლავასოღლის ექსტრადაციაზე წერს თურქული მედიაც. მედიის ცნობით, დაპატიმრებული ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებას თავად საქართველოს ხელისუფლება არიდებს თავს.

ადვოკატის თქმით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით ლავასოღლის ახლობლებმა საპროტესტო აქცია ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან რამდენჯერმე გამართეს.

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

 

 

ბათუმის მერიამ შარშან 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა – რა ხდება „ახალ სასაფლაოზე“

2019 წელს ბათუმში 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალეს. მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებაზე ხელშეკრულება გასულ წელს შპს „ლამაზი სამყარო 2014“-თან ჰქონდა გაფორმებული 7 000 ლარზე.

ამავე თანხით გამოაცხადა ანალოგიური მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2020 წლისთვის. ამ თანხაში შედის 26 სხვადასხვა ზომის კუბოს შეძენა, მიცვალებულის ტრანსპორტირება და სპეციალური მაცივრით მომსახურება.

უპატრონო მიცვალებულებს ბათუმის მერია, ბიუჯეტის თანხით, ჩაქვში, იმ ადგილის მიმდებარედ კრძალავს, სადაც ახალი სასაფლაო ამ დრომდე ვერ გაიხსნა.

„ჩაქვში გვაქვს ცალკე გამოყოფილი ტერიტორია სადაც უპატრონო მიცვალებულებს ვკრძალავთ. გასულ წელს 22 მიცვალებული დავკრძალეთ, აქედან ერთის ვინაობაა მხოლოდ უცნობი. მიმდინარე წელს კი 2 მიცვალებული დაიკრძალა. რაც შეეხება ახალი სასაფლაოს საკითხს, საქმეს პროკურატურა იძიებს. პარალელურად, ჩვენ უნდა მოვიწვიოთ სამხარაულის ექსპერტიზა, რომელიც საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. უნდა გვქონდეს დასკვნა – რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე, რაა გასაკეთებელი, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს ახალი სასაფლაოს მოსაწყობად საჭირო სამუშაოების შესყიდვაზე“ – გვითხრა „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორმა ავთანდილ ბურკაძემ.

ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობა ჩაქვში, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა.

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილების დახრამვა და ხევების გაჩენა გამოიწვია.

ამ თემაზე:

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

_______________

მთავარ ფოტოზე: ადმინისტრაციული შენობა ჩაქვში, ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია. ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელების“ არქივიდან

„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმის რივიერას გადასარჩენად აქცია თბილისში გაიმართება

20 იანვარს, ორშაბათს, 11:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სახლთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო მდებარებს, „ახალგაზრდა მწვანეების“ ინიცატივით სოლოდარობის აქცია იგეგმება. სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის რივიერას მცველებს და სოლიდარობის აქციას ვმართავთ! არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ – აღნიშნულია ფეისბუქზე შექმნილი ღონისძეიბის გვერდზე.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.

16 იანვარს ბათუმში განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა თქმითაც, ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

____________

ფოტოზე: „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

როცა ბათუმის ვიცე-მერიც სამშენებლო კომპანიის თანამესაკუთრეა

მას შემდეგ, რაც ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ჯაბა ტუღუშმა დაიკავა, მისი ჩაწერა  კონკრეტულ საკითხზე ბევრჯერ ვცადეთ, გვაინტერესებდა ვიცე-მერის ხედვა ბათუმში სამშენებლო რეგულაციების, უკანონო მშენებლობების, მიშენება-დაშენებებისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე. ამ საკითხზე ინტერვიუს ის არ დაგვთანხმდა – შემოგვითვალა, რომ მშენებლობა მისი საკურატორო სფერო არასდროს ყოფილა, კომპეტენტური არ არის და ამ თემაზე საუბარი ამიტომაც არ სურს.

თუმცა ვიცე-მერი სამშენებლო საკითხებში მეტ-ნაკლებად გარკვეული უნდა იყოს, რადგან ის თავადაც სამშენებლო კომპანიის მფლობელია. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია ადასტურებს, რომ ჯაბა ტუღუში შპს „ჯიი XXI“-ში წილის 10 პროცენტს ფლობს.

შპს “ჯიი XXI”-მ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 24-სართულიანი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა, რომელიც  საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებს, სავაჭრო ცენტრს, კაფე-რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს მოიცავს.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გასული წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს ჯაბა ტუღუშს ამ კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია. უფრო ადრე მიღებულ შემოსავლებზე კი, ინფორმაცია დეკლარაციაში ასახული არ არის [დეკლარაცია შევსების პერიოდში მხოლოდ წინა წლის მონაცემებს ასახავს].

ამავე კორპუსში გასულ წელს 93, 25 კვადრატული მეტრი ბინა შეუძენია ვიცე-მერის მეუღლეს, გვანცა საბაშვილს, რაშიც მას 279 750 ლარი გადაუხდია. უფრო ადრე, 2017 წელს, ამავე მისამართზე გვანცა საბაშვილს კიდევ სამი ბინა აქვს ნაყიდი – ჯამში 179, 85 კვადრატული მეტრი. 2017 წელს ბინებში გადახდილი თანხის ჯამი კი 68 343 აშშ დოლარია.

ამონარიდი ქონებრივი დეკლარაციიდან

ამავე წელს გვანცა საბაშვილმა შეიძინა ავტომანქანა 20 000 აშშ დოლარად, შესაბამისად, ვიცე-მერის მეუღლის ხარჯებმა 2017 წელს 88 343 აშშ დოლარი შეადგინა.

ჯაბა ტუღუშის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, გვანცა საბაშვილი ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექტორია და 2018 წელს მან უნივერსიტეტში შემოსავლის სახით 1 680 ლარი მიიღო. რაც შეეხება ჯაბა ტუღუშს – 2018 წელს მას, ხელფასის სახით, 20 980 ლარი მიუღია, რაც თვეში დაახლოებით 1 774 ლარია. ამ პერიოდში ჯაბა ტუღუში ბათუმის მერიაში საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი იყო.

ვიცე-მერს სესხიც აქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც მისი დანახარჯები შეადგენს. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს ჯაბა ტუღუშს აუღია იპოთეკური სესხი 45 000 დოლარის ოდენობით. ამ სესხის ფარგლებში მან 2018 წლის ხარჯებში 16 923, 48 USD მიუთითა, გასავლის სახით.

ვიცე-მერის განმარტებით, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინები კომპანიიდან იმ წლებში მიღებული შემოსავლებით შეიძინა, როცა მისი თანამდებობა ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ ითვალისწინებდა.  2018 წლიდან კი მის საკუთრებაში არსებული 10-პროცენტიანი წილი მართვაში მამას გადასცა. მან გვითხრა ისიც, რომ  შპს “ჯიი XXI“ იყო საოჯახო ბიზნესი და კომპანიის დარჩენილ წილებს მისი ახლობლები ფლობენ. მისივე ინფორმაციით, კომპანიას ამ ეტაპზე მიმდინარე სამშენებლო პროექტი არ აქვს.

ჯაბა ტუღუში გამორიცხავს მისი გავლენების გამოყენებას კომპანიისთვის სამშენებლო ნებართვის გაცემისას : „არ მქონდა ისეთი მაღალი თანამდებობა ამ დრომდე, შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობა ახლა მაქვს. გარდა ამისა, სულ სხვა მიმართულებით ვმუშაობდი და სამშენებლო საკითხების გადაწყვეტასთან კავშირი არ მქონდა“

ჯაბა ტუღუში

ვიცე-მერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა ამბობს ასევე, რომ მიესალმება ნებისმიერ მშენებლობას „რაზეც ნებართვები კანონის ფარგლებშია გაცემული.“ ამის პარალელურად ის მაინც ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებას კარგად არ იცნობს:

„იცით, რომ მე მერიაში კომუნალური მიმართულებით ვმუშაობდი, სამშენებლო კომპანიის წილის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის წარმოებაში ჩართული ხარ. კომპანიას ჰყავს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამუშაოს წარმოებაზე. რაც უკანონოდ შენდება, ამის წინააღმდეგი ვარ ერთმნიშვნელოვნად, სწორედ ამის კონტროლისთვის შეიქმნა ახალი აიპი მუნიციპალური ინსპექცია, რაც შეეხება ნებართვაგაცემულ პროექტებს, ამას სხვა სამსახური აკეთებს და ჩემი კომპეტენცია არ არის “.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯაბა ტუღუში  მიწის რამდენიმე ნაკვეთის მფლობელია, მას 1 ჰექტარი მიწა ოზურგეთში, სოფელ კონჭკათში მემკვიდრეობით მიუღია, 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი, სოფელ ნატანებში 2016 წელს 15 000 ლარად შეუძენია.

გარდა ამისა, 3200 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს თანასაკუთრებაში ფლობს საგარეჯოში, სოფელ მანავში ბათუმის ვიცე-მერის მეუღლე გვანცა საბაშვილი. ეს ნაკვეთი მასაც მემკვიდრეობით მიუღია.

ბათუმის ვიცე-მერმა, ჯაბა ტუღუშმა, ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 25 დეკემბერს შეავსო.

ჯაბა ტუღუში ბათუმის მერიაში 2011 წლიდან მუშაობს. ის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ  მრჩევლად დანიშნა ჯერ კიდევ წინა მერმა და, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს კურირებდა.

შპს “ჯიი XXI”- ის წილებს ფლობენ ასევე იოსებ შავიშვილი – 10% ,  ავთანდილი გულიკაშვილი – 15% და იაშა შერვაშიძე – 65%. ისინი ასევე ფლობენ  წილებს სხვა კომპანიებში.

20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლეს

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა.

გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშალუს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში.

20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Exit mobile version