მთავარი,სიახლეები

„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმის რივიერას გადასარჩენად აქცია თბილისში გაიმართება

17.01.2020 • 3181
„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმის რივიერას გადასარჩენად აქცია თბილისში გაიმართება

20 იანვარს, ორშაბათს, 11:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სახლთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო მდებარებს, „ახალგაზრდა მწვანეების“ ინიცატივით სოლოდარობის აქცია იგეგმება. სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის რივიერას მცველებს და სოლიდარობის აქციას ვმართავთ! არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ – აღნიშნულია ფეისბუქზე შექმნილი ღონისძეიბის გვერდზე.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.

16 იანვარს ბათუმში განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა თქმითაც, ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

____________

ფოტოზე: „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: