კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რივიერაზე ნებართვის გაცემით ხელისუფლება ბათუმს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის – განცხადება

16.01.2020
რივიერაზე ნებართვის გაცემით ხელისუფლება ბათუმს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის – განცხადება

საზოგადოებრივი ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმი რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის ჩადგმის ნებართვა გასცა. დღეს, 16 იანვარს, ბათუმი რივიერასთან შემოღობილ ტერიტორიაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.

„რივიერასთან დაკავშირებული დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფით და სავალდებულო კვლევების გარეშე შეითანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა, უკვე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საზოგადოება „ბათომის“ თხოვნის მიუხედავად, ფარულად, დაინტერესებული მხარეების გამორიცხვით, საზოგადოების ზურგს უკან შეითანხმა პროექტი.

ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შესაძლო შედეგზე, რასაც გამოიწვევს აღნიშნული ნებართვა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“, საზოგადოება „ბათომი“ „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძოლა ბათუმი რივიერას გადასარჩენად გრძელდება და ორგანიზაციები აპირებენ მიმართონ სასამართლოს.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: