სიახლეები

ტენდერები, რომლებითაც პრობლემები არ გვარდება

12.07.2015 • 2699
ტენდერები, რომლებითაც პრობლემები არ გვარდება

 

ჭა სოფელ ქვემო კვირიკეში
ჭა სოფელ ქვემო კვირიკეში

„ხომ გაიმარჯვეს ტენდერში და აქვთ ფული აღებული, დაამთავრონ საქმე“, – გვითხრეს სოფელ კვირიკეში, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი ბოლო ორ წელიწადში ორჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ ერთმა და იმავე კომპანიამ გაიმარჯვა.

 

სოფლის მოსახლეობის ნაწილი წყალმომარაგებითა და სასმელი წყლის ხარისხით უკმაყოფილოა, ნაწილი კი ამბობს, რომ რაც ადრე იყო, იმას სჯობს: „თან კეთდებაო, ტენდერებია და ალბათ, საბოლოოდ გამოსწორდება მდგომარეობა“.

მდგომარეობის „საბოლოოდ გამოსწორებას“, _ როგორც ააიპ „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორმა ჯემალ გოლიაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი სჭირდება, „რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ გააჩნია“.
„ქობულეთის სოფლის წყალი“, რომელიც 18 წყლის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა. წყალი ცენტრალიზებულად ამდენივე სოფელსა და ერთ დაბას – ოჩხამურს მიეწოდება. დირექტორის თქმით, ამ სისტემებიდან მხოლოდ სამი-ოთხი თუ იქნება მეტ-ნაკლებად გამართული, დანარჩენი სარეაბილიტაციოა.

ტენდერები და პრობლემები კვირიკეში

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერებს ქობულეთის გამგეობა აცხადებს.

მაგალითად, „ქვედა კვირიკეში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“ 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა. შესრულებულ სამუშაოებში კი ქობულეთის გამგეობამ 186 944 ლარი გადაიხადა.

როგორც კომპანიის დირექტორმა ედნარ ჩიტაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, კვირიკეში მოეწყო სათავე ნაგებობები და 9-კილომეტრიანი ქსელი, რითაც წყალი მთიდან [სათავედან] ცენტრალურ სალექარ რეზერვუარამდე მიიყვანეს.

ქობულეთის გამგეობამ ტენდერი წელსაც გამოაცხადა, თანაც ისევ „კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის, რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების“ შესყიდვაზე. ტენდერში კვლავ „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა და მასთან გამგეობას ამჯერად 167 820 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

„პირველად რომ გააკეთეს, წყალი ჩაუშვეს აუზში, მაგრამ არ გაატარა მილებმა და გადმოვიდა წყალი… ახლა ხელახლა გადათხარეს და რას აკეთებენ, ზუსტად არ ვიცით“, – გვითხრეს კვირიკეში.

 

წყალი სალექარისა და საფილტრის გარეშე

კვირიკეში ამბობენ, რომ ორი წლის წინ გაკეთებულ სათავე ნაგებობაზეც პრობლემაა, ხოლო წყალი ხარვეზებითა და ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე მიეწოდებათ: „თავის დროზე სალექარში ისე ჩაუშვეს წყალი, რომ სარეცხი მილი არ ჰქონდა, ანუ დანალექისგან მისი გაწმენდა შეუძლებელი იყო. შემდეგ სათავედან წამოსული მილი პირდაპირ იმ მილზე დააერთეს, რითაც წყალი სოფელს მიეწოდება“.

„2013 წელში სალექარის შეკეთება არ გვევალებოდა. მის გვერდით არის საფილტრი სადგურიც, ორთავე არის ძველი, ალბათ 30 წლის წინ აშენებული. როცა წყალი სალექარში შევუშვით, შემდეგ, წესით, გადადის საფილტრში, მაგრამ გაიჭედა, არ იმუშავა. იღვრებოდა საფილტრიდან, ამიტომ პირდაპირ დავაერთეთ და სალექარისა და საფილტრის გარეშე ჩადის ქვემოთა რეზერვუარში, საიდანაც მიეწოდება მოსახლეობას“.

სასმელი წყლის დაზიანებული მილი კვირიკეში

ედნარ ჩიტაძის თქმით, სალექარისა და საფილტრის, ასევე მათზე გამრეცხების მოწყობა გამგეობამ მიმდინარე პროექტში გაითვალისწინა: „ამჯერად ჩასვეს და ვაკეთებთ. გამოვტეხავთ და გამრეცხი და მიმღები გაკეთდება. წინა პროექტში მხოლოდ სალექარის გადახურვა გვევალებოდა. ჩემი ინიციატივით შევიტანეთ ცვლილება და შიგნითაც შევლესეთ… ცვლილებებს მიმდინარე პროექტიც საჭიროებს, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიასთან 2013 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მარტო სალექარის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 19 690 ლარი იყო გამოყოფილი [უნდა დამონტაჟებულიყო საფილტრი ბადეც], წყალსადენზე 3 920 ლარად უნდა მოწყობილიყო საქლორატოროც.

2013 წლის 25 სექტემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ კი [შეთანხმება #135] ამოღებულია საფილტრი ბადის დამონტაჟება. ამოიღეს საქლორატოროს მოწყობაც ისე, რომ სატენდერო თანხა არ შემცირებულა. თუმცა, ახალი შეთანხმებით, უნდა მომხდარიყო საფილტრი შენობის რეაბილიტაცია.

ფაქტობრივად, მხოლოდ შენობა გადახურეს და სალექარი შიგნიდან შელესეს. საფილტრი შენობის რეაბილიტაცია კი, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ახალი ტენდერის პირობებით მიმდინარეობს. გამგეობასთან დადებულ ხელშეკრულებაში კი [რომელიც 2015 წლის მარტით თარიღდება] არც საქლორატოროს მოწყობაა გათვალისწინებული და არც სალექარისა და საფილტრი ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უარი დაგეგმილი საქლორატოროს მოწყობაზე

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, თავის დროზე საქლორატოროს მოწყობა კვირიკეს წყალსადენზე გამგეობამ ისე დააპროექტა, რომ შესაბამისი შენობის აშენება და შემდგომში მისი მუდმივი მეთვალყურეობის აუცილებლობა არ გაითვალისწინა. ამასთან, პროექტი არ ითვალისწინებდა ელექტროენერგიის წყაროს ადგილზე მიყვანასაც.

სასმელი წყლის რეზერვუარი კვირიკეში

„აღნიშნულიდან გამომდინარე საფრთხეს წარმოადგენს საქლორატორო დანადგარის ღია ცის ქვეშ განთავსება, რომელიც ამასთანავე უფუნქციო იქნება, ამიტომ უმჯობესია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან ამოღებული იქნას საქლორატორო დანადგარის მოწყობის სამუშაოებზე გამოყოფილი ხარჯი“, – აღნიშნულია ტექნიკური ზედამხედველის მიერ გამგეობაში გადაგზავნილ დასკვნაში.
რაც შეეხება კვირიკეში მოსახლეობის უკმაყოფილებას გზების გადათხრასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორის თქმით, მათ გზა მაქსიმალურად გაასწორეს: „როცა ასეთი საქმე კეთდება, ცოტა დისკომფორტი იქნება. როცა დავასრულებთ, კიდევ გავასწორებთ გზას და მერე საგზაო სამსახურები მიხედავენ, ალბათ“.

„ხუცუბანში კატასტროფული მდგომარეობაა“

კვირიკეს მსგავსად ტენდერები წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე არაერთხელაა გამოცხადებული ქობულეთის სხვა სოფლებში. მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა, მოსახლეობას წყალი სტაბილურად არ მიეწოდება, მაგალითად ბუკნარში, ციხისძირში, თუმცა ქობულეთის გამგეობაში მიიჩნევენ, რომ პრობლემა ამ სოფლებში უკვე მოგვარებულია. პრობლემებია სამებაში, ხუცუბანში, ოჩხამურში და სხვაგანაც.

„ხუცუბანში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა,- აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჯემალ გოლიაძემ, თუმცა სამმილიონიანი პროექტი დაიწყო და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოებს ხუცუბანში შპს „წყალკანალრემმშენი“ ასრულებს. ხელშეკრულება ამ კომპანიასთან გამგეობას 1 მილიონ 160 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ხუცუბანთან მიმართებაშიც რამდენჯერმეა გამოცხადებული ტენდერი. მაგალითად, 2011 წელს 255 ათასი ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული „უნივერსალ ჯორჯია 2008“-ს [ნაკაიძეების დასახლებაში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია]. ამ კომპანიამ 2012 წელს ხუცუბანში სათავე ნაგებობები და სანიტარული დაცვის ზონა მოაწყო.

ასევე ხუცუბანში, წყალსადენის [ირემაძეების მიმართულებით] რეაბილიტაციის სამუშაოებზე, შპს „ლაზარე 2008“-ს 19 999 ლარი გადაუხადა ქობულეთის გამგეობამ, ხოლო 2014 წელს, „ხუცუბნის დასახლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ კვლავ „უნივერსალ ჯორჯიამ“ შეასრულა [ხუცუბანში, ზედა და ქვედა სამებასთან ერთად, ამ სამუშაოების ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით 971 400 ლარი იყო].

„უნივერსალ ჯორჯიას“ დირექტორის თქმით, „შარშან ხუცუბანში სათავე ნაგებობები მოეწყო და რეზერვუარიც გაკეთდა, წელს დაქსელვასა და ძველი მილების შეცვლაზე მუშაობენ, რასაც სხვა კომპანია აკეთებს“.

მილები სახელმწიფო პროგრამით


ხუცუბნისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბოლო დროს 12 900 ლარის წყლის მილები შეიძინეს. ჯემალ გოლიაძის განცხადებით, „70 კმ-ის მილებია ხუცუბანში და 10-12 კმ თუ იქნება შეცვლილი, დანარჩენი ამორტიზებული, ძველი მილებია, 50 წლის და ამიტომ დანაკარგიც ძალიან ბევრი გვაქვს წყალზე“.

წყალი იკარგება კვირიკეშიც, სადაც სალექარიდან რამდენიმე კილომეტრზე წყალსადენი მილები ზოგ ადგილას დაზიანებულია. წყალი იღვრება ერთ-ერთი რეზერვუარიდანაც.

„ჩემი მილები მიწაში ჩალაგებული მაქვს, მაგრამ არაა ჯერ სისტემაში ჩართული. დაზიანებულ მილებზე, რომლებიც ჩვენი მოწყობილი არ არის, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა „უნივერსალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ედნარ ჩიტაძემ.
კვირიკეს თემში, ბოლო 2-3 წელში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 ათასამდე ლარის ღირებულების სასმელი წყლის მილები შეიძინეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, „2012-2013 წლებში შეძენილი მილები სოფლის წინა გამგებლებმა ჩაიბარეს, მაგრამ არ იყო გამოყენებული და 2014 წელს ახლანდელმა გამგებლებმა გამოიტანეს და მოსახლეობასთან ერთად დაამონტაჟეს“.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის მილების შესყიდვაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2012 წლიდან დღემდე ოთხჯერ გამოაცხადა. ხელშეკრულებები კი სხვადასხვა კომპანიასთან 426 293 ლარზე გაფორმდა. პროგრამით შეძენილ მილებს „ქობულეთის სოფლის წყალი“ პატრონობს.

„ამ პროგრამით შეძენილი მილებით სოფლებში საქმე ვერ გაკეთდება, რადგან 1 მოსახლეზე 6,4 ლარია გამოყოფილი და თანხა არ არის საკმარისი“, – ამბობს „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელი ჯემალ გოლიაძე.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ ბევრ ადგილზე „ძველი“ მილები ხარისხიანია, თუმცა სწორედ მათ გასწვრივ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალი მილებს აწყობს.

გამრიცხველიანება სამებაში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 12 ათას ლარზე მეტი ღირებულების მილები სოფელ სამებისთვისაც შეისყიდეს. წყლის მილებით სოფელს ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც დაქსელვას. სამუშაოების შესყიდვაზე წელს გამოცხადებულ ტენდერშიც „უნივერსალ ჯორჯიაა“ გამარჯვებული, რომელმაც ქობულეთის გამგეობასთან ხელშეკრულება 438 750 ლარზე გააფორმა. „უნივერსალ ჯორჯია“ სამებაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2012 და 2014 წლებშიც ასრულებდა.

„შარშან სამებაში 160 კუბ/მეტრი მოცულობის რეზერვუარი გავაკეთეთ, ახალი წყალი ჩამოვიყვანეთ მთებიდან, სადაც გაკეთდა მიმღები კამერები, მოვაწყვეთ სადეზინფექციო თანამედროვე სადგური… ამჯერად ვქსელავთ და ვამრიცხველიანებთ. 300 კომლია ქვედა სამებაში და კვირიკეს ერთი უბანიც დაიქსელება. ამის შემდეგ იქნება ალბათ ზედა სამების დაქსელვა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

ჩაკიდული ქლორი

რაც შეეხება სოფლებში წყლის დაქლორვას, „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორის ჯემალ გოლიაძის თქმით, ძველი მეთოდით, ჩაკიდული ქლორით ხდება: „სამებაში ახალი საქლორატორო აპარატი კი დავდგით, მაგრამ არ გვაქვს ჩართული ჯერ, ვინაიდან შიდა გაყვანილობა არ არის შეცვლილი და მანამდე ჩართვას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ვარგისიანობას, ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან და ისინი ამოწმებენ. ხარისხიანია წყალი, ყველა რეზერვუარი იქლორება“.

„ქობულეთის სოფლის წყალი“ ქობულეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. დირექტორის ინფორმაციით, წელს დაფინანსება 375 ათასი ლარია, საიდანაც 238 ათასი არის მუშა-მოსამსახურეთა ხელფასი. „სოფლის წყალში“ 100 ადამიანია დასაქმებული [ქობულეთის ამ წლის ბიუჯეტში ხარჯებში 11 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, საიდანაც 2 მილიონზე მეტი საჯარო მოხელეების ხელფასებში დაიხარჯება].
„არის ისეთი სათავე ნაგებობები, რომელიც 5-7 კმ-ითაა დაშორებული დასახლებული პუნქტიდან. ვცდილობთ პრობლემა არ შეიქმნას. სათავე ნაგებობის გაუწმენდაობის მიზეზით იშვიათია წყლის წყვეტა“ – ამბობს ჯემალ გოლიაძე.

ზედამხედველობა

ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აცხადებენ, რომ მათ ტექნიკური ზედამხედველი აკონტროლებს, იბარებს სამუშაოებს და ხარისხთან მიმართებაში არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებიც.
გასულ წლებში ქობულეთის გამგეობას წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველი ხელშეკრულებით აჰყავდა, წელს კი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულია ინდმეწარმე ნუგზარ ზოიძე [ნუგზარ ზოიძე 2016 წლის 31 იანვრამდე სოფლის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის გარდა სხვა სამუშაოებსაც გაუწევს ზედამხედველობას, რისთვისაც ქობულეთის გამგეობა მას 32 ათას ლარს გადაუხდის]. სხვათა შორის, ნუგზარ ზოიძე ზედამხედველობდა 2013 წელს კვირიკეს წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესსაც.

გამგებლის გეგმები

სულხან ევგენიძე: „9 მილიონის პროექტი გვაქვს უკვე შეძენილი სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს სოფლების გამრიცხველიანება და 24-საათიანი მომარაგება. სამუშაოები ზოგან დაწყებულია, ზოგან კი, მაგალითად, მუხაესტატეში, წყავროკაში, აჭყვისთავში 2016 წელში დავიწყებთ რეზერვუარების რეაბილიტაციას და მილებიც შეიცვლება ბოლომდე. ხუცუბნის პროექტი დამთავრდება 2015-ში, კვირიკეც წელს დამთავრდება. ჩაისუბანში პროექტი მთლიანად 2016 წელში განხორციელდება. ასევე ლეღვა, ქაქუთი, საჩინო, აჭყვა – ყველა დანარჩენი სოფლის პროექტებს შევიძენთ და 2016 წლიდან ფართო მასშტაბით დავიწყებთ მათ განხორციელებას“.

გადაბეჭდვის წესი