მთავარი,სიახლეები

როცა ბათუმის ვიცე-მერიც სამშენებლო კომპანიის თანამესაკუთრეა

17.01.2020 • 3391
როცა ბათუმის ვიცე-მერიც სამშენებლო კომპანიის თანამესაკუთრეა

მას შემდეგ, რაც ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ჯაბა ტუღუშმა დაიკავა, მისი ჩაწერა  კონკრეტულ საკითხზე ბევრჯერ ვცადეთ, გვაინტერესებდა ვიცე-მერის ხედვა ბათუმში სამშენებლო რეგულაციების, უკანონო მშენებლობების, მიშენება-დაშენებებისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე. ამ საკითხზე ინტერვიუს ის არ დაგვთანხმდა – შემოგვითვალა, რომ მშენებლობა მისი საკურატორო სფერო არასდროს ყოფილა, კომპეტენტური არ არის და ამ თემაზე საუბარი ამიტომაც არ სურს.

თუმცა ვიცე-მერი სამშენებლო საკითხებში მეტ-ნაკლებად გარკვეული უნდა იყოს, რადგან ის თავადაც სამშენებლო კომპანიის მფლობელია. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია ადასტურებს, რომ ჯაბა ტუღუში შპს „ჯიი XXI“-ში წილის 10 პროცენტს ფლობს.

შპს “ჯიი XXI”-მ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 24-სართულიანი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა, რომელიც  საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებს, სავაჭრო ცენტრს, კაფე-რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს მოიცავს.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გასული წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს ჯაბა ტუღუშს ამ კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია. უფრო ადრე მიღებულ შემოსავლებზე კი, ინფორმაცია დეკლარაციაში ასახული არ არის [დეკლარაცია შევსების პერიოდში მხოლოდ წინა წლის მონაცემებს ასახავს].

ამავე კორპუსში გასულ წელს 93, 25 კვადრატული მეტრი ბინა შეუძენია ვიცე-მერის მეუღლეს, გვანცა საბაშვილს, რაშიც მას 279 750 ლარი გადაუხდია. უფრო ადრე, 2017 წელს, ამავე მისამართზე გვანცა საბაშვილს კიდევ სამი ბინა აქვს ნაყიდი – ჯამში 179, 85 კვადრატული მეტრი. 2017 წელს ბინებში გადახდილი თანხის ჯამი კი 68 343 აშშ დოლარია.

ამონარიდი ქონებრივი დეკლარაციიდან

ამავე წელს გვანცა საბაშვილმა შეიძინა ავტომანქანა 20 000 აშშ დოლარად, შესაბამისად, ვიცე-მერის მეუღლის ხარჯებმა 2017 წელს 88 343 აშშ დოლარი შეადგინა.

ჯაბა ტუღუშის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, გვანცა საბაშვილი ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექტორია და 2018 წელს მან უნივერსიტეტში შემოსავლის სახით 1 680 ლარი მიიღო. რაც შეეხება ჯაბა ტუღუშს – 2018 წელს მას, ხელფასის სახით, 20 980 ლარი მიუღია, რაც თვეში დაახლოებით 1 774 ლარია. ამ პერიოდში ჯაბა ტუღუში ბათუმის მერიაში საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი იყო.

ვიცე-მერს სესხიც აქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც მისი დანახარჯები შეადგენს. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს ჯაბა ტუღუშს აუღია იპოთეკური სესხი 45 000 დოლარის ოდენობით. ამ სესხის ფარგლებში მან 2018 წლის ხარჯებში 16 923, 48 USD მიუთითა, გასავლის სახით.

ვიცე-მერის განმარტებით, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინები კომპანიიდან იმ წლებში მიღებული შემოსავლებით შეიძინა, როცა მისი თანამდებობა ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ ითვალისწინებდა.  2018 წლიდან კი მის საკუთრებაში არსებული 10-პროცენტიანი წილი მართვაში მამას გადასცა. მან გვითხრა ისიც, რომ  შპს “ჯიი XXI“ იყო საოჯახო ბიზნესი და კომპანიის დარჩენილ წილებს მისი ახლობლები ფლობენ. მისივე ინფორმაციით, კომპანიას ამ ეტაპზე მიმდინარე სამშენებლო პროექტი არ აქვს.

ჯაბა ტუღუში გამორიცხავს მისი გავლენების გამოყენებას კომპანიისთვის სამშენებლო ნებართვის გაცემისას : „არ მქონდა ისეთი მაღალი თანამდებობა ამ დრომდე, შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობა ახლა მაქვს. გარდა ამისა, სულ სხვა მიმართულებით ვმუშაობდი და სამშენებლო საკითხების გადაწყვეტასთან კავშირი არ მქონდა“

ჯაბა ტუღუში

ვიცე-მერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა ამბობს ასევე, რომ მიესალმება ნებისმიერ მშენებლობას „რაზეც ნებართვები კანონის ფარგლებშია გაცემული.“ ამის პარალელურად ის მაინც ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებას კარგად არ იცნობს:

„იცით, რომ მე მერიაში კომუნალური მიმართულებით ვმუშაობდი, სამშენებლო კომპანიის წილის ფლობა არ ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის წარმოებაში ჩართული ხარ. კომპანიას ჰყავს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამუშაოს წარმოებაზე. რაც უკანონოდ შენდება, ამის წინააღმდეგი ვარ ერთმნიშვნელოვნად, სწორედ ამის კონტროლისთვის შეიქმნა ახალი აიპი მუნიციპალური ინსპექცია, რაც შეეხება ნებართვაგაცემულ პროექტებს, ამას სხვა სამსახური აკეთებს და ჩემი კომპეტენცია არ არის “.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯაბა ტუღუში  მიწის რამდენიმე ნაკვეთის მფლობელია, მას 1 ჰექტარი მიწა ოზურგეთში, სოფელ კონჭკათში მემკვიდრეობით მიუღია, 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი, სოფელ ნატანებში 2016 წელს 15 000 ლარად შეუძენია.

გარდა ამისა, 3200 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს თანასაკუთრებაში ფლობს საგარეჯოში, სოფელ მანავში ბათუმის ვიცე-მერის მეუღლე გვანცა საბაშვილი. ეს ნაკვეთი მასაც მემკვიდრეობით მიუღია.

ბათუმის ვიცე-მერმა, ჯაბა ტუღუშმა, ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 25 დეკემბერს შეავსო.

ჯაბა ტუღუში ბათუმის მერიაში 2011 წლიდან მუშაობს. ის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ  მრჩევლად დანიშნა ჯერ კიდევ წინა მერმა და, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს კურირებდა.

შპს “ჯიი XXI”- ის წილებს ფლობენ ასევე იოსებ შავიშვილი – 10% ,  ავთანდილი გულიკაშვილი – 15% და იაშა შერვაშიძე – 65%. ისინი ასევე ფლობენ  წილებს სხვა კომპანიებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: