განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგი: 1 კრედიტქულის გამო რომ მიენიჭა სტატუსი, ის მასწავლებელი კლასში ვერაფერს შეცვლის

17.01.2020 • 9517
პედაგოგი: 1 კრედიტქულის გამო რომ მიენიჭა სტატუსი, ის მასწავლებელი კლასში ვერაფერს შეცვლის

რა შეიცვალა სკოლებში მასწავლებლების სტატუსის ცვლილების შემდეგ? რატომ მიიჩნევს მასწავლებელი სისტემის მსხვერპლად თავს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ინგლისური ენის მასწავლებელს როლანდ შავაძეს, რომელიც პროგრამის – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ასწავლის.

  • ბატონო როლანდ, სტატუსის ცვლილებას ერთგვარი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე, პედაგოგები ულოცავენ ერთმანეთს და ბევრი ამაყობს კიდეც ამით. თქვენ, როგორც უფროსი მასწავლებელი, რას ფიქრობთ, რა შეიცვალა სკოლაში  რეალურად მასწავლებლის სტატუსის ამაღლებით?

ზოგადად, სერტიფიცირების მომხრე ვარ, ოღონდ არა ასეთი ფორმით. ჩაჭრილი მასწავლებელი არასდროს იქნება მისაღები არც მოსწავლისთვის და არც დანარჩენი საზოგადოებისთვის. ამიტომ მასწავლებლებიც „ჩაჭრილი აღარ ვარ“- ამის დემონსტრირებას ცდილობენ დღეს. ეს არ არის წარმატების სიხარული, უფრო ნიშნისმოგებაა.

სახელმწიფომაც გააცნობიერა, რომ ამდენი ჩაჭრილი მასწავლებელი არასწორი იყო ქვეყნისთვის და ბარიერი დაწია. შემოიღეს კრედიტქულები, რომ სხვადასხვა ფორმით როგორმე დაეგროვებინათ მასწავლებლებს ეს ქულები. 30 პროცენტი საკმარისი იყო, რომ პედაგოგს საგამოცდო ბარიერი დაეძლია.  ის, რომ 90-დან 81 ქულა ავიღე, ჩემთვის განსაკუთრებული არაფერია, რადგან ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩემი საგანია. ამიტომ არ მესმის, როცა თავიანთ საგანს ვერ აბარებენ პედაგოგები.

რამდენიმე პედაგოგის ნაშრომი ვნახე, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა (თვითონ გადმომიგზავნეს) და ისე ეწერათ, ვერ შეაფასებდი. მასწავლებლობა უნდა და თემის დაწერა არ იცის. ეს უკვე სისტემური პრობლემაა, რადგან წერას არც სკოლაში ასწავლიან და არც უნივერსიტეტში. გარდა ამისა, თუკი უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანს არ შეუძლია 30 ქულაზე ჩააბაროს თავისი საგანი, ეს უკვე უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაცაა. რა გამოდის, ყალბად ვასწავლით?

  • თქვენ ფეისბუქში წერდით, რომ სკოლა ისევ დარჩა მოსწავლის ჩაგვრის სივრცედ, ამას გულისხმობდით, რომ ბავშვისთვის არაფერი იცვლება რეალურად? 

ვფიქრობ, რომ დღეს ბავშვები არიან განათლების რეფორმის მსხვერპლები, ისევე როგორც მე ვიყავი თავის დროზე მსხვერპლი. მეც ვარ ჩაგრული თაობა, რადგან შემხვდა პერიოდი, როცა ახალგაზრდებს არ გვქონდა ორიენტირი, რა უნდა გვესწავლა და რატომ უნდა გვესწავლა. ჩემს დროს ათ წელიწადში ერთი ადამიანი თუ იღებდა ჩემი სოფლიდან განათლებას, რადგან უნივერსიტეტებში კორუფცია იყო, სკოლაში უცხო ენას ანბანის დონეზეც კი არ გასწავლიდნენ. ამისთვის დამჭირდა დამატებითი ფინანსები, ორი წელი დამჭირდა, რომ ენა მესწავლა და ჩამებარებინა. ეს ბავშვებიც, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, არიან განათლების სისტემის მსხვერპლი, რადგან გადის წლები და სკოლიდან ვერ მიაქვთ ის ცოდნა, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის ამ გამოწვევებით სავსე გარემოში.

  • რატომ ვერ აძლევს სკოლა ცოდნას?

იმიტომ, რომ მასწავლებელს ნიშნისმოგების პოზა აქვს, „ხომ ჩავაბარე, ხომ გავხდი უფროსი მასწავლებელი?“ – ყველაფერი ამაზეა ორიენტირებული და არა იმაზე, რომ სიახლე დაინერგოს კლასში. მასწავლებელი, რომელსაც 1 კრედიტქულის გამო მიენიჭა სტატუსი, არაფერს არ შეცვლის კლასში. რეალურად, ჩვენ ისევ ის მასწავლებელი გვყავს, რომელმაც თავისი საგანი არ იცის სათანადოდ.

გასულ წელს ერთ-ერთ სკოლაში შიდა შეფასების გაკვეთილისთვის ტრენინგები ტარდებოდა და აღმოჩნდა, რომ იმ პედაგოგებმა, რომლებსაც სხვა მასწავლებლის კვლევა უნდა შეეფასებინათ, არ იცოდნენ რას ნიშნავდა პლაგიატი, ციტირება, პერიფრაზი. მე დოქტორანტი ვარ, მიწევს კვლევის გაკეთება და გარკვეული წარმოდგენა მაქვს ამაზე, ამ მასწავლებლებს კი 4-საათიანი ტრენინგით უნდა ესწავლათ ის, რაც მე 4 წელი ვისწავლე. ასევე, ფასადურია ე.წ გარედაკვირვებაც, რადგან ეს არის სპექტაკლი და არა მასწავლებლის წარმატება, რადგან წარმატება იზომება შედეგით.

  • კვლევები, რომლებსაც აქვეყნებენ საერთაშორისო (PISA, TALIS, PIRLS და ა.შ) ორგანიზაციები, აჩვენებს ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დაბალ დონეს. ჩვენთან, როგორც ვხედავთ, წარმატება უფრო იზომება იმით, რამდენი ათოსანია სკოლაში ან რამდენი აბარებს უმაღლესში…

საერთაშორისო კვლევები უტყუარია და ვხედავთ კიდეც ხომ, როგორ უჭირთ მოსწავლეებს  კითხვა, წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და სხვა მეცნიერებები. იქ [განვითარებულ ქვეყნებში] მოსწავლის წარმატება სხვა უნარებით იზომება და სწორედ ეს საზომი უნდა გვქონდეს ჩვენც, როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ასეთ უნარებში ჩვენ ვერ ვავლენთ წარმატებას.

  • კიდევ რაში ჩანს სისტემის სიყალბე?

სიყალბის წყარო არის ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ სისტემაშია და დადის მასწავლებლის დონეზე. როცა მეუბნები, რომ წინსვლა გვაქვს განათლებაში, რომ მასწავლებლებმა წარმატებებს მიაღწიეს, ეს არის სიყალბე. კონტროლის მექანიზმი დაყვანილია მხოლოდ დოკუმენტებზე, რომლებიც იმ რაოდენობით გროვდება, რომ ეჭვი მაქვს, ხარისხიანად მოწმდებოდეს ისიც.

  • თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ მასწავლებელს, სკოლას და მივცეთ მეტი თავისუფლება, რომ სწორედ სკოლამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა თავის თავზე. ასე არ ფიქრობთ?

თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს გამოთქმა, „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. „უი, რა კარგი მასწავლებელი ხარ,“ ან „რა კარგი ქალი ან კაცი ხარ“, არ ნიშნავს თავისუფლებას. თავისუფლებას ახლავს პასუხისმგებლობები. რამდენად დაცულია ეს პასუხისმგებლობა, ეს უნდა გადაამოწმო. სკოლაში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, კადრების საკითხი, რესურსები, ამიტომ, სამინისტრომ ჯერ ეს საკითხები უნდა მოაგვაროს. ანუ „პრობლემა მოგიგვარე და გენდე“- უნდა თქვას სამინისტრომ და არა, „ჩაგტოვე პრობლემაში და გენდე“. ჯერ ჩვენს სკოლაში არც „ახალი სკოლის მოდელია“ დანერგილი, ამიტომ ვერ გეტყვით, იცვლება ამითაც რეალურად რამე თუ არა.

  • იმ სკოლაში, სადაც ასწავლით, რა გამოწვევები აქვთ როგორც ბავშვებს, ასევე პედაგოგებს?

ჩვენი სკოლა ძალიან ძველი იყო. ფეხი ხან ამოყრილ იატაკში გვივარდებოდა, ხან – კიბეზე, ფანჯრები ჩამსხვრეული და ა.შ.  ააშენეს ახალი, ერთსართულიანი სკოლა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ხულოს კლიმატური პირობები. წელს თოვლი არ არის დიდი, მაგრამ როცა მოდის 2-3 მეტრი თოვლი, სკოლა თოვლის ქვეშ ექცევა. სახურავს კი არ ვთოვლავთ, ქვემოდან ზემოთ ვყრით. თოვლი ვერ გადმოდის სახურავიდან და ასე, თოვლის გვირაბში დავდივართ. ფანჯრები ბნელდება ხოლმე.

სივრცეც პატარაა. მხოლოდ სამასწავლებლო და საკლასო ოთახებია. ბიბლიოთეკა წიგნების საცავი უფროა, რადგან სამკითხველო არ აქვს, ვერ დაჯდები. ამიტომ, რაიმე აქტივობა როცა გვინდა, გაკვეთილების დასრულებას ველოდებით. კლუბი მაქვს და თავისუფალი სივრცე გვჭირდება ხოლმე. მოსწავლეებს არ აქვთ ინგლისური, ადაპტირებული წიგნები,საფეხურების მიხედვით რომ წაიკითხონ უცხოური ლიტერატურა. ვეძებ ელექტრონულს და ისე ვაწვდი. ინტერნეტი არის, მაგრამ ძირითადად მასწავლებლები იყენებენ.

  • თქვენ ახსენეთ პრობლემის მიჩქმალვა, რა გქონდათ მხედველობაში?

მიჩქმალვა არის ფასადურობა, როცა თანამდებობის პირები ან პარტიული პირები ესწრებიან რაიმე ღონისძიებას სკოლებში და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, თითქოს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ამას აზოგადებენ ქალაქის ერთი სკოლის  ფონზე. გავიდნენ აბა სოფლებში, ნახონ, რა ხდება იქ. თუ ყველაფერი კარგად არის, ესე იგი, ჩემი მუშაობაც გაკმაყოფილებს და მაშინ რატომ უნდა გავაკეთო მეტი? საკმარისი ყოფილა რასაც ვაკეთებ. გვიჭირს პრობლემების აღიარება, რომ შემდეგ მისი მოგვარების გზები ერთად გამოვნახოთ. ეს არის მიჩქმალვა.

ასევე მიუღებელია ჩემთვის ის, რომ სკოლის დირექტორებს არ მოეთხოვებათ მეტი კომპეტენცია და სამწლიანი გამოცდილებაც საკმარისია დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. დირექტორის ერთ-ერთი ფუნქცია აკადემიური პროცესის მართვაა და როგორ შეიძლება მან არ იცოდეს სკოლა. ცალკე პრობლემაა ის, რომ დირექტორების უმრავლესობა მოვალეობის შემსრულებელია და ამ „მოვალეობის შემსრულებლებს“ ვადა აღარ გასდით, მუშაობენ წლობით ამ სტატუსით.

  • თქვენ როგორ შეხვედით სკოლაში, რა გამოცდილება გაქვთ?

სკოლა ჩემთვის უცხო არ არის, რადგან ჩემი ორივე მშობელი პედაგოგია და ბავშვობიდან მაქვს ამ სისტემასთან შეხება, სულ მესმოდა საუბრები განათლებაზე. ვსწავლობდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც დავამთავრე ინგლისური ენის ფილოლოგია და 2015 წელს პროგრამის – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ საშუალებით დავიწყე ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში მუშაობა. იმავე წელს სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, რუსთაველის უნივერსიტეტში.

ორი წლის შემდეგ, ერასმუს + პროგრამით წავედი ბულგარეთში, Angel Kanchev University-ში, რის გამოც ამ პროგრამას გამოვეთიშე. შემდეგ ბათუმის 27-ე სკოლაში ვიმუშავე ერთი წელი, მაგრამ როცა ვაკანსია გაჩნდა, მეკეიძეებში წამოვედი, რომელიც ჩემი მშობლიური სოფელია.

ერთხელ ვთქვი, საბჭოთა სისტემა უფრო გამართული იყო-მეთქი და გაკვირვებული შემომხედეს, არ დამაცადეს მეთქვა რას ვგულისხმობდი. საბჭოთა სკოლა ზრდიდა ისეთ ახალგაზრდობას, როგორიც სჭირდებოდა საბჭოთა მთავრობას, სისტემას. ჩვენ ვერ ვზრდით ისეთ ახალგაზრდებს, როგორიც სჭირდება დემოკრატიულ, თავისუფალ და ლიბერალურად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ა.შ.   გვაქვს ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმები, მაგრამ ვერ ვასრულებთ ამ მიზნებს.

კანონში გვიწერია, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი რელიგიური გავლენებისგან და ვერც ამას ვასრულებთ. გარკვეული წინსვლა გვაქვს ბულინგის, გენდერული სტერეოტიპების დაძლევის მიმართულებით და ეს პირადად ძალიან მახარებს, რადგან წელს ჩემი სოფლიდან რამდენიმე გოგო გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს არის სოფლისთვის საამაყო.

გამოწვევად რჩება ინტერნეტის ბოროტად გამოყენება ბავშვების მხრიდან, რადგან ონლაინსივრცეში ხშირია თანატოლების დაჩაგვრის ფაქტები. მე შეგნებულად ვადევნებ ხოლმე ჩემი მოსწავლეების სტატუსებს, აქტივობებს თვალს ონლაინსივრცეში, რომ არ დაარღვიონ მათი თანატოლების უფლებები.

  • რა არის საჭირო, რომ სოფელში დარჩენა და მუშაობა უღირდეს მასწავლებელს?

პირობების შექმნა. პერსპექტივას უნდა ხედავდეს ადამიანი. სოფელში სკოლის გარდა დღეს არაფერია, რომ დასაქმდე, გაერთო. დროებით მოსული მასწავლებელი სოფელში არ დარჩება. მხოლოდ ენთუზიაზმითაც ვერავინ იმუშავებს. ეს პროგრამა ძალიან კარგია, რადგან კვალიფიციური კადრების დეფიციტი მეტ-ნაკლებად შეავსო სკოლებში, თუმცა დროთა განმავლობაში ამაშიც საჭირო იქნება ცვლილებები. სოფელი უნდა განავითარო, რომ იქ ცხოვრება და სწავლება მოუნდეს ახალგაზრდას. ადგილობრივი უნდა იყოს პროფესიონალი პედაგოგი.

ამავე თემაზე:

მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: