მთავარი,სიახლეები

სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ დამარხვის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია

18.01.2020 • 2436
სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ დამარხვის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია

ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 150 ნეშტის ბედი ისევ გაურკვეველია. უკვე მესამე წელია დახვრეტილთა ნეშტები (ძვლები) სპეციალურ ხის ყუთებშია ჩასვენებული და ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია განთავსებული.

სპეციალურ კომისიას, რომელიც საკითხის შესწავლის და გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ დროისთვის მოხერხდა, ნეშტებიდან დნმ-ის ნიმუშების აღებაა. აჭარის მთავრობამ ამ მიზნით სარეზერვო ფონდიდან 13 ათასი ლარი გამოყო.

„მხოლოდ 128-დან აიღეს დნმ-ის მასალა. დანარჩენი ისეთი დაზიანებული იყო, რომ მათგან ნიმუშების აღება ვერ მოხერხდა. ჩვენ ორჯერ ვთხოვეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, მათ საბოლოოდ წერილი გამოგვიგზავნეს, რომლის მიხედვითაც „უბრალოდ შეუძლებელია მათგან დნმ-ის ნიმუშების აღება“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. სწორედ ის ხელმძღვანელობს სპეციალურ სამთავრობო კომისიას.

მისივე თქმით, ნეშტებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ საცავშია შენახული. კომისია ჯერჯერობით ვერ წყვეტს დაკრძალვის საკითხს.

„იმ ადგილას, სადაც ეს ნეშტები აღმოჩნდა, არის მეორე სამარხიც, რომელიც უნდა გაიხსნას სპეციალისტების ჩართულობით. საკითხი გაჭიანურდა, რადგან ველოდებოდით თავდაცვის სამინისტროდან დასტურს, რომ იმ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იყო ჩატარებული. როდესაც მეორე სამარხი გაიხსნება, შემდეგ ვიმსჯელებთ დაკრძალვის საკითხზე,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მისივე თქმით, ახალი სამარხის  გახსნაში და შემდგომ ნეშტების ამოღებაში ბსუ-ს თანამშრომლები –  არქეოლოგები და ანთროპოლოგები უნდა ჩაერთონ. სამუშაოები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც „ამინდები დასტაბილურდება“.

„ამის შემდგომ თუ ყველა დაინტერესებული მხარე შეთანხმდება, ჩვენი სურვილია იქვე მოეწყოს საერთო სასაფლაო. ცალ-ცალკე დაიმარხება ყველა ნეშტი, ოღონდ ერთიან სივრცეში. ახლა 150 ნეშტია, შემდეგ სამარხში არ ვიცით რამდენი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ამდენი მიცვალებულის დამარხვას გარკვეული ტერიტორია სჭირდება. ახლა შეიძლება ვიღაცას ქალაქში აქვთ სურვილი, მაგრამ ასეთი ტერიტორია აქეთ არაა. ერთგვარი მემორიალის მოწყობასავით გამოვა.

არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც აჭარაში არაა ამ პერიოდის (1937-38 წლებში რეპრესირებულთა) მემორიალი. საბოლოოდ იმ ტერიტორიაზე შეიძლება მუზეუმიც კი მოეწყოს, თუკი მიიღწევა შეთანხმება ამ საკითხზე,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მოკლედ რეპრესირებულთა ნეშტების აღმოჩენის შესახებ

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმში 1937-1938 წლებში დახვრეტილი ადამიანების ნეშტები იპოვეს საზოგადოებისთვის  2019 წლის 5 აპრილს გახდა ცნობილი. მოგვიანებით გაირკვა რომ 2017 წელს ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავდაცვის სამინისტროს თანხმობით აწარმოა.

2019 წლის 5 აპრილს ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები და რეპრესირებულთა შთამომავლები ითხოვდნენ ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაეკრძალათ.

სწორედ ამის შემდეგ,  ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად 2019 წლის აპრილში სპეციალური სამთავრობო  კომისია შეიქმნა.

სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან აჭარის განათლების მინისტრი მაია  ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი.

ამავე თემაზე:

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: