მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ შარშან 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა – რა ხდება „ახალ სასაფლაოზე“

17.01.2020 • 2476
ბათუმის მერიამ შარშან 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა – რა ხდება „ახალ სასაფლაოზე“

2019 წელს ბათუმში 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალეს. მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებაზე ხელშეკრულება გასულ წელს შპს „ლამაზი სამყარო 2014“-თან ჰქონდა გაფორმებული 7 000 ლარზე.

ამავე თანხით გამოაცხადა ანალოგიური მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2020 წლისთვის. ამ თანხაში შედის 26 სხვადასხვა ზომის კუბოს შეძენა, მიცვალებულის ტრანსპორტირება და სპეციალური მაცივრით მომსახურება.

უპატრონო მიცვალებულებს ბათუმის მერია, ბიუჯეტის თანხით, ჩაქვში, იმ ადგილის მიმდებარედ კრძალავს, სადაც ახალი სასაფლაო ამ დრომდე ვერ გაიხსნა.

„ჩაქვში გვაქვს ცალკე გამოყოფილი ტერიტორია სადაც უპატრონო მიცვალებულებს ვკრძალავთ. გასულ წელს 22 მიცვალებული დავკრძალეთ, აქედან ერთის ვინაობაა მხოლოდ უცნობი. მიმდინარე წელს კი 2 მიცვალებული დაიკრძალა. რაც შეეხება ახალი სასაფლაოს საკითხს, საქმეს პროკურატურა იძიებს. პარალელურად, ჩვენ უნდა მოვიწვიოთ სამხარაულის ექსპერტიზა, რომელიც საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. უნდა გვქონდეს დასკვნა – რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე, რაა გასაკეთებელი, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს ახალი სასაფლაოს მოსაწყობად საჭირო სამუშაოების შესყიდვაზე“ – გვითხრა „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორმა ავთანდილ ბურკაძემ.

ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობა ჩაქვში, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა.

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილების დახრამვა და ხევების გაჩენა გამოიწვია.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/223393/

_______________

მთავარ ფოტოზე: ადმინისტრაციული შენობა ჩაქვში, ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია. ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: