მთავარი,სიახლეები

სააგენტო 3 თვეში საკათედრო ტაძრის რესტავრაციის პროექტზე ტენდერს გამოაცხადებს

25.10.2019 • 1655
სააგენტო 3 თვეში საკათედრო ტაძრის რესტავრაციის პროექტზე ტენდერს გამოაცხადებს

ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული სარესტავრაციო დოკუმენტაციის მომზადება-შეძენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტენდერს 2020 წლის თებერვლიდან გამოაცხადებს.

ბათუმის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

15 დღის წინ კი, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბათუმის საკათედრო ტაძარში დაგვიდასტურეს, დასრულდა ტაძრის დროებითი გადახურვა. ამ დრომდე დაზიანებული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩადიოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკების ნაწილი. მას შემდეგ, რაც წყლით გაჟღენთილი კედლები გაშრება, დაიწყება წყლის მიერ დაზიანებული ფრესკების აღდგენის პროცესი. ფონდ „ქართუს“ ფრესკების აღსადგენად 300 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

„ამ პროცესს [ფრესკების აღდგენას] 2020 წლის თებერვლამდე დავიწყებთ. ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის ელოდება ნებართვას ეროვნული სააგენტოსგან”, – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი.

როგორც იგი ამბობს, სააგენტო ტენდერს ეკლესიის სრული რესტავრაციის დოკუმენტაციის შეძენაზეც გამოაცხადებს, რაც მოიცავს დაზიანებული ბათქაშის, სახურავის, ვიტრაჟების, ფრესკების, ყველა დაზიანების აღწერასა და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრას.

2020 წლისთვის კმდს-ს, ზოგადად, ძეგლების პროექტებისთვის 170 000 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, აქედან 50 ათასი ლარი მოხმარდება ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული აღდგენის დოკუმენტაციის შეძენას.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც სარესტავრაციო დოკუმენტაცია მომზადდება და განისაზღვრება სამუშაოებისთვის საჭირო ზუსტი ფინანსური რესურსი.

„დოკუმენტაციის მომზადებას სულ მცირე 3-4 თვე დასჭირდება, მერე ვნახოთ როგორ მოხერხდება, აჭარის მთავრობა გამოყოფს თანხას სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თუ რომელიმე ფონდისთვის მოგვიწევს თხოვნა”, – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ამავე თემაზე:

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს

https://batumelebi.netgazeti.ge/news/202737/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: