ბათუმის ინფექციურში გადაყვანილ 5 ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ხუთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა ინფორმაცია.

ოთხივე პაციენტი კარანტინიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით, თუმცა ყველას პასუხი უარყოფითია, მათ COVID-19 არ აქვთ.

24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა, მათგან ორი ბათუმის ინფექციურში რჩება, ერთი პაციენტი კი, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნიდან იყო და ბათუმში სასტუმრო “ჰილტონში” თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, 23 მარტს, გვიან ღამით, სპეცრეისით გადაიყვანეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა პაციენტი.

საქართველოში ამ დროისთვის [24 მარტის 12:0 სთ.] კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 67-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4 055სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252 ადამიანი.

ხმით ნატირლებსა და ფშაურ კაფიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს  – ფშაურ პოეტურ ტრადიციას – „ფშაურ კაფიასა“ და ფშაური „ხმით ნატირლებს“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში 2020 წლის 20 მარტს შევიდა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს კი მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან

თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა დასაჯოს ექიმი, რომელმაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მეშველიანმა გუშინ, 23 მარტს მიიღო.

საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, რომლისა დროსაც  თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო.

გადაწყვეტილება ამ საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის თებერვალში მიიღო. სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის პროფესიულმა საბჭომ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგს და ანესთეზიოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმა, ხოლო შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს სამი თვით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატი. ამ უკანასკნელი ექიმის მიმართ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სასამართლოში ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ, ის თემურ გაბაიძის მეუღლე იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლოს სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ და კონკრეტული ექიმის შესახებ გადაწყვეტილებაც ხელახლა მიიღოს.

„არაა გამორიცხული, იგივე გადაწყვეტილება მიიღოს საბჭომ, ან სულ არ დასაჯოს ექიმი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ისევ მივმართავთ სასამართლოს… ჩვენი მოთხოვნა იყო და არის ამ ექიმისთვის სერთიფიკატის გაუქმება. თემურ გაბაიძის საქმე და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი, როგორც საზოგადოების, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის იმ კუთხით, რომ სწორი სამართლებრივი დავის შემთხვევაში, შესაძლებელია სიმართლის დადგენა,“ – ამბობს ილონა დიასამიძე,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა.

სასამართლოს მიმართა  ამ საქმეზე სააგენტოს მიერ დასჯილმა ორმა ექიმმაც, ვისაც სერთიფიკატი გაუუქმეს. მათი სარჩელი მოსამართლე თამარ მეშველიანმა ცალკე განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ერთად გამოაცხადა – სასამართლომ ექიმების პოზიციები არ გაიზიარა.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით სულ სამ ექიმს გაუუქმეს სახელმწიფო სერტიფიკატი, მათგან ორს – „თემურ გაბაიძის საქმეზე“.

ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. საია-ს იურისტის, ილონა დიასამიძის თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ ელოდება ექსპერტიზის შედეგს, რომლითაც უნდა დადგინდეს ექიმების შესაძლო ბრალეულობა „თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში“.

მაქსიმუმ ორი მგზავრი – ტაქსით მგზავრობის ახალი რეგულაციები ბათუმში

ბათუმის მერიის განცხადებით, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციების შესახებ, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ტაქსით მგზავრების გადაყვანის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

  • ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში
  • მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს
  • მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

ახალი რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავდა.

„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი

„რომ შევადაროთ, Microsoft TEAMS-ი, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის, პირდაპირ დავსვათ ლამბორგინის საჭესთან“ – ამბობს მირანდა ლომიძე, საერთაშორისო ტრენერი უცხო ენების სწავლების დარგში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, Quizlet ambassador community-ისა და IFprof-ის [საფრანგეთი, Francophonia] წარმომადგენელი და ფასილიტატორი საქართველოში,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი.  „ბათუმელები“ სპეციალისტს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც დღეს სკოლა და მასწავლებლები დადგნენ.

  • ქალბატონო მირანდა, როგორც ბოლო პროცესებმა აჩვენა, ციფრული ტექნოლოგიები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სკოლებისთვის. რა იწვევს ყველაზე დიდ სირთულეს, როგორია თქვენი დაკვირვება?

მთავარი პრობლემა არის ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, ძველი კომპიუტერი, რომელიც ვერ ეწევა იმ პროგრამებს, რომლებიც აუცილებელია დისტანციური სწავლებისთვის.  თუმცა სანამ კონკრეტულ მიზეზებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ დისტანციური გაკვეთილი არ ნიშნავს ვიდეოს ჩაწერას ან მარტო მასწავლებლის ლაპარაკს.

დისტანციური სწავლება აბსოლუტურად სხვა ტერმინია. დისტანციური სწავლება არის სინქრონული, ასინქრონული კომპონენტების თანადროულობა და შეფასება.  ონლაინსივრცეში ძალიან ხშირად  მიმდინარეობს მასწავლებლების ბულინგი ონლაინგაკვეთილების გამო, რადგან ბევრი ხარვეზი აჩვენა გამოუცდელობამ. თუმცა მარტო ქართველი მასწავლებლები არ არიან ამ მდგომარეობაში, მთელი მსოფლიოს გამოწვევაა დღეს ეს. ხვალ იგეგმება საფრანგეთში კონფერენცია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ZOOM-ი და ჩავატაროთ ონლაინგაკვეთილი. ახლა მქონდა ჩართვა ნიცაში, საფრანგეთში საერთაშორისო მასწავლებლების ტრენინგცენტრში და ორშაბათს ერთ ტრენინგს მოხალისეობრივ საწყისებზე ვაკეთებთ არა მხოლოდ ფრანგი, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასწავლებლისთვის.

  • რა არის დისტანციური სწავლება და რითი განსხვავდება იმისგან, რისი მცდელობებიც დღეს აქვთ ქართველ მასწავლებლებს?

დისტანციური სწავლება ძირითადად ზრდასრულებისთვისაა და იმ ქვეყნებისთვის, სადაც  „ჰოუმსქულის“ [საშინაო სკოლა] პრაქტიკა არსებობს, სადაც ბავშვები არ დადიან სკოლაში და სახლში ეძლევათ დავალებები. მსგავსი სკოლები არსებობს აშშ-ისა და აზიის ცალკეულ ქვეყნებში.  ევროპაში – ნაკლებად, საფრანგეთის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო, აქ არ აქვთ „ჰოუმსქულინგი“.

დისტანციური სწავლების 3 კურსი მაქვს მე პირადად გავლილი საფრანგეთის სხვადასხვა დაწესებულებაში და ერთიც – უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს იმას, რომ კვირის განმავლობაში გეძლევა დავალებები, ამ დავალებებს აკეთებ, ფასდება შენი პროგრესი თუ რეგრესი და ა.შ. რასაც ახლა ამ ეტაპზე ყველა ვაკეთებთ, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმის, რომ ყველაფერი გადავაგოროთ, პირდაპირი გაგებით. ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს.

მცდელობები აქვს განათლების სამინისტროს Microsoft TEAMS-ის სკოლებში დანერგვის და  ჩემს უნივერსიტეტშიც იგივე პროგრამაა, ციფრულ ტექნოლოგიაში კარგად გარკვეული ადამიანისთვის TEAMS-ი არის ოქროს საბადო, მისი მეშვეობით შემიძლია ჩავატარო ინტერაქტიული გაკვეთილები, სინქრონულიც და ასინქრონულიც, მაგრამ პრობლემაა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. სტუდენტებს არ აქვთ ხოლმე ისეთი ინტერნეტი, რომ ჩართონ ვიდეოთვალიც და მონაწილეობა მიიღონ. მობილურებით შემოდიან, რაც ზღუდავს შესაძლებლობებს. ამიტომ, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, ჩვენ ახლა ყველა ვართ ომში და ომის პირობებში, ყველა წესი, რაც აქამდე მოქმედებდა, იცვლება.  ჩვენ ვმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე და იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რასაც ომის კანონები გვიწესებს. როცა სტუდენტი ან მოსწავლე მეუბნება, რომ არ აქვს საშუალება იმუშაოს word-ის დოკუმენტში, რა უფლება მაქვს, უარი ვუთხრა და არ მივიღო ფოტოს სახით მისი ხელნაწერი.

  • ამ ფორმატში ხომ ძალიან რთული იქნება მუშაობა და შეფასება.

დიახ, პრობლემა შეიქმნება, როცა შეფასების სისტემაზე გადავალთ. მაგრამ ჩვენ ახლა ვართ საგანგებო მდგომარეობაში და  ვცდილობთ, გავაკეთოთ მაქსიმუმი. ჩემი მაქსიმუმი ამ შემთხვევაში მარტო სტუდენტებს არ სწვდება, მასწავლებლებს შევთავაზე უფასო ტრენინგი ციფრულ ტექნოლოგიებში და როცა გავთვალე, რომ 30 ფრანგულის მასწავლებელი უნდა დამეტრენინგებინა, ჩაეწერა 120.

ძალიან არ მსიამოვნებს მასწავლებლების ბულინგი, მაგრამ ყველა ტრენინგზე ვამბობ, რომ სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს. მოსწავლეები არიან ციფრული თაობიდან და ასეთ თაობასთან  სხვანაირი მიდგომები გვჭირდება.  თანაც ციფრულ სამყაროში ბულინგი უფრო ადვილია, რადგან ყველაფერი ხელისგულზე გვიდევს. როცა სკოლაში ან უნივერსიტეტში ხდება ბულინგი, ეს უფრო სახიფათოა. მასწავლებელსა და მოსწავლესაც უნდა ვასწავლოთ, რა არის პირადი მონაცემები და რატომ არ შეიძლება სხვისი გვერდიდან უნებართვოდ აიღო ფოტო ან ვიდეო და გაავრცელო.

  • იმას გულისხმობთ, რომ ვიდეოგაკვეთილების დატესტვა მიდის სოციალურ ქსელებში, სადაც ამ ფორმატის ყველა ხარვეზი ჩანს?

დიახ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოების გავრცელებას და ამაზე სამინისტროსაც ჰქონდა რეაქცია. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ არასრულწლოვნების ვიდეოების ფრიალი სოციალურ ქსელებში ან სხვა მასწავლებლების ვიდეოების უნებართვოდ გამოყენება, არის კანონდარღვევა.

ამ პროცესებმა აჩვენა, რომ ყველა მოსწავლეს არ აქვს გამართული კომპიუტერი, ყველას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ბევრი სხვა ნიუანსი. ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე, მათ შორის მეც, მიუხედავად იმისა, რომ  ტექნოლოგიებში გარკვეული ვარ და კარგად ვგრძნობ თავს ციფრულ სფეროში.

  • ყველაზე მეტად რა ქმნის პრობლემას, გარდა ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარების ნაკლებობისა?

მნიშვნელოვანია, რა პროგრამაა ჩატვირთული კომპიუტერში, როგორი მონაცემები აქვს კომპიუტერს. მაგალითად, ჩემს შვილს მობილურში ჩავუტვირთეთ „ტიმსი“, რადგან ბუქები ვერ იტევს ამ პროგრამას. ვისაც რამდენიმე მოსწავლე ჰყავს ოჯახში, როგორ უნდა ისარგებლონ ერთი კომპიუტერით?

  • პიზას ბოლო და კიდევ სხვა კვლევაც ამბობს, რომ საქართველოში ბევრ ბავშვს სახლში წიგნებიც კი არ აქვს, ჩვენც ვესაუბრეთ დირექტორებს სოფლის სკოლებში და ისინიც აღიარებენ, რომ ზოგიერთ ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, არ აქვთ კომპიუტერი სახლში…

გეთანხმებით, რომ ამ გამოწვევამ კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა. ამიტომ, როცა კორონავირუსი გადავა, ჩვენ გავიღვიძებთ სხვა სახელმწიფოებში და სხვა რეალობებში. ყველა სახელმწიფო მიხვდა, რომ მთელი ფინანსები და რესურესი უნდა წავიდეს სამეცნიერო კვლევების და სწავლების სფეროში. ხელისგულზე დევს ყველა ის პრობლემა, რაც აქამდე პრობლემად არ გვეჩვენებოდა.  ამ შემთხვევაში ალბათ სამინისტრო იზრუნებს, რომ მაღალმთიან რეგიონებს ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. თბილისში ან ქუთაისში რომ მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს და ვთქვათ, სვანეთში ვერ ატარებს, ის თავს გრძნობს გარიყულად და მე მესმის მისი.

ჩემი სტუდენტებიდან 20 შემოდის ინტერნეტში და ორს, რომელიც სოფელშია, არ აქვს წვდომა ნეტთან. სადღაც მაღლობზე უნდა ავიდნენ, რომ დაიჭირონ სიხშირე და დავალება გამომიგზავნონ. რა თქმა უნდა, ეს აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.

ფაქტია, რომ სკოლა უნდა დაეწიოს დროის მოთხოვნებს. უნდა გადაიხედოს პრიორიტეტები და მასწავლებლებს საბოლოოდ უნდა განვუვითაროთ ციფრული კომპეტენციები.

„მაიკროსოფტ თიმსი“, რომ შევადაროთ, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება პირდაპირ დავსვათ ადამიანი ლამბორჯინის საჭესთან, თუ ტარება არ იცის. დაახლოებით ამას ვთავაზობთ დღეს პედაგოგებს.

_______________________________________________

ფოტოზე: მირანდა ლომიძე/ფოტო: FB

გადავარჩინოთ გიდები – საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ერთ-ერთი სფერო, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა COVID-19-ის გამო, ტურისტული სექტორი და  გიდები არიან.

“ტურიზმის სექტორისთვის შეთავაზებული მხარდაჭერის პაკეტიდან, თითქმის არც ერთი პირდაპირ არ შეხებია გიდებს, არც ქონების გადასახადზე დაწესებული შეღავათია მნიშვნელოვანი და არც საშემოსავლო თუ მოგების გადასახადების გადავადებაა შვება. საჭიროა სპეციალური მიდგომა გიდებისთვის, მათთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იყო ერთადერთი წყარო და წარმოადგენენ ისეთ მოწყვლად რისკჯგუფს, რომელთათვისაც ისედაც არასტაბილური სეზონური სამუშაო გაურკვეველი ვადით დაკარგეს. ოფიციალური სტრუქტურების მიერ დასახელებული პანდემიის პერიოდის ხანგრძლივობა არ იძლევა უახლოეს მომავალში დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას,” – წერია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია აცხადებს, რომ ესმით სახელმწიფოს რთული მდგომარეობის, ერთი მხრივ, ებრძოლოს პანდემიას და დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, დაეხმაროს ეკონომიკის სტაბილიზაციას, აქედან გამომდინარე, ვთავაზობთ შემდეგს:

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რეგიონალური ტურისტული ცენტრების მიერ გამოცხადებული ახალი გიდების გადამზადების კურსები გადავადდეს მინიმუმ ერთი წლით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რეგიონალური ტურისტული ცენტრების არსებული დამტკიცებული ბიუჯეტიდან (რომლებიც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის, რეკლამირებისთვის, სხვადასხვა სატრენინგო პროექტებისთვის, საინფორმაციო ტურებისთვის და სხვა აქტივობებისთვის ) იქნეს გამოყოფილი კონკრეტული ფინანსური დახმარების პაკეტი გიდებისთვის,” –  ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებაში.

 

9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას

ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

პროგრამის მიზანია აღნიშნულ პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით და, ასევე, ქვეყანაში ამ პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

დაფინანსებას მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში  ახორციელებს პროდუქტების იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდება შემდეგი პირობებით:

[checklist]

  • სუბსიდირება განხორციელდება თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც მოიცავს პროდუქციის შესყიდვისა და საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო შერეული საქონლის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ღირებულება გაითვალისწინება შესაბამისი პროპორციით;
  • სუბსიდიით მეწარმე ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს;
  • თუ მეწარმეს არ უფიქსირდება პროდუქციის რეალიზაცია 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, მას შეუძლია მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენს/მოახდინა პროდუქტის იმპორტს/იმპორტი  საქართველოში 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და  განახორციელებს/განახორციელა პროდუქტის რეალიზაციას/რეალიზაცია არა უმეტეს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებულ შესაბამისი პროდუქტის უმცირეს სარეალიზაციო ფასად;
  • სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს შემოსავლების სამსახური და აცნობებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს;
  • სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

[/checklist]

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილე მეწარმეს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო – მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და დაამტკიცებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

[toggle title=”პროგრამა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა)  მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე (შემდგომში – პროდუქტ(ებ)ი) არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება სავალუტო კურსის ცვალებადობის მიუხედავად.

2. პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს:

ა) პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით  გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით;

ბ) ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში  ახორციელებს პროდუქტების იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება;

გ) სუბსიდირების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

დ) სუბსიდია – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები;

ე) პროდუქტი – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

მუხლი 4. პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება განხორციელდება  თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც მოიცავს პროდუქციის შესყიდვისა და საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო შერეული საქონლის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ღირებულება გაითვალისწინება შესაბამისი პროპორციით (შემდგომში – თანხის ლიმიტი);

ბ) სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს  1 აშშ დოლარის  ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს;

გ) ბენეფიციარი მიიღებს სუბსიდიას ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის კონვერტაციისას;

დ) დაფინანსდება კონვერტაციის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსსა და ამავე მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კურსთა  შორის სხვაობა;

ე) თუ პოტენციურ ბენეფიციარს არ უფიქსირდება პროდუქციის რეალიზაცია 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, მას შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენს/მოახდინა პროდუქტის იმპორტს/იმპორტი  საქართველოში  2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და  განახორციელებს/განახორციელა პროდუქტის რეალიზაციას/რეალიზაცია არა უმეტეს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით სამსახურში დაფიქსირებულ შესაბამისი პროდუქტის უმცირეს სარეალიზაციო ფასად;

ვ) სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს სამსახური და აცნობებს სააგენტოს;

ზ) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

მუხლი 5. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ  პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოსა და საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) ცნობა სამსახურიდან, 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროდუქტ(ებ)ის რეალიზაციისას დაფიქსირებული უკანასკნელი ფას(ებ)ის შესახებ;

დ) ცნობა სამსახურიდან 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით  შესაბამის პროდუქტებზე დაფიქსირებული უმცირესი სარეალიზაციო ფასის შესახებ, თუ პოტენციურ ბენეფიციარს 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით პროდუქტ(ებ)ის რეალიზაცია არ განუხორციელებია;

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან თანხის ლიმიტის შესახებ, რომელიც ექვემდებარება პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდირებას;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში (შემდგომში – ბანკი)  უნდა წარადგინოს:

ა) სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბ) სხვა დოკუმენტაცია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 6. სუბსიდირება

1. სააგენტო ბენეფიციარის მომსახურე ბანკში საკუთარ სპეციალურ ანგარიშზე განათავსებს გასაცემი სუბსიდირების თანხას.

2. ბენეფიციარის მიერ სამსახურიდან მიღებული ცნობის საფუძველზე სააგენტო ბანკს აწოდებს ინფორმაციას თითოეული ბენეფიციარის თანხის ლიმიტის შესახებ.

3. ბანკი, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე, კონვერტაციის განხორციელების მიზნით, სააგენტოს სპეციალური ანგარიშიდან ახდენს სუბსიდიის თანხის გადატანას ბენეფიციარის ანგარიშზე თანხის ლიმიტის შესაბამისად.

4. ბენეფიციარისა და სუბსიდირების თანხის ბენეფიციარის  ანგარიშზე კონვერტირების მიზნით თანხების აკუმულირების შემდეგ ბანკი ახორციელებს კონვერტირების ოპერაციას შესაბამის ვალუტაში.

მუხლი 7. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები, სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ გაზარდოს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფასი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

მუხლი 8.  სუბსიდირების გაცემის პროცედურა

სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 9. მონიტორინგი

1. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამსახური.

2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის.

3. კომერციული ბანკების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის წესს შეიმუშავებს სააგენტო.

[/toggle]

 

აღნიშნული პროგრამა მთავრობამ 23 მარტს დაამტკიცა.

ამ თემაზე:

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

ისრაელის პრეზიდენტმა კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვა დაიწყო

ისრაელის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა, ზღაპრების კითხვა და ჩაწერა დაიწყო, რომ კარანტინში მყოფი ბავშვების მშობლებს ყოველდღიურობა გაუადვილოს.

Story time with President Rivlin - 'Dira Lehaskir / Room for Rent' by Lea Goldberg

„ვიცი, რომ ძალიან რთული დრო დგას, ყველა სახლშია და მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა, ეს გამოწვევაა. გთხოვთ, შემომიერთდით და ერთად გავატაროთ ეს დრო, ამჯერად ვკითხულობ ლეი გოლდბერგის შესანიშნავ წიგნს სიმამაცეზე  – „ქირავდება ბინა“. წაიკითხეთ ჩემთან ერთად მთელმა ოჯახმა, ბავშვებთან ერთად. არ იჩქაროთ, ისე მიირთვით ყავა და უპასუხეთ სატელეფონო ზარებს,” – ამბობს პრეზიდენტი.

74 წლის პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ უსმენენ ისრაელში მცხოვრები ბავშვები მის მონათხრობ ზღაპარს.

ისრაელში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ქვეყანაში Covid 19-ის ვირუსული ინფექციის 1656 შემთხვევაა დადასტურებული.

 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3.62 ლარი ღირს

ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი დღეს, 24 მარტს, 3.23 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში კი 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.62 ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ევროს, ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.45-ია, თუმცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 ევროს შეძენა 3,95 ლარადაა შესაძლებელი.

ვალუტის კურსი თიბისი ბანკში

 

ვალუტის კურსი საქართველოს ბანკში

24 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა 23 მარტს გამოაქვეყნა:

ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა – ლარი ცოტათი გამყარდა

ჯანმო: პანდემია აჩქარდა, ვირუსს უნდა შევუტიოთ

მსოფლიოში COVID-19-ის 300 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააფრთხილა მსოფლიო მოსახლეობა, რომ კორონავირუსის პანდემია „ჩქარდება”.

„67 დღე დასჭირდა პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 შემთხვევამდე ასვლას, 11 დღე დასჭირდა შემდეგ 100 000 შემთხვევას და მხოლოდ 4 დღე – მესამე 100 000 შემთხვევას. თქვენ ხედავთ, როგორ ჩქარდება ვირუსი,” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.

ჯანმოს დირექტორმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია შეცვალოთ პანდემიის ტრაექტორია, საამისოდ კი საჭიროა შეტევა:

„ფეხბურთის თამაშს ვერ მოიგებ მხოლოდ თავდაცვით, საჭიროა, რომ შეუტიო კიდევაც. ადამიანებისთვის სახლში დარჩენის თხოვნა და სხვა ფიზიკური დისტანცირების ზომები მნიშვნელოვანი გზაა ვირუსის გავრცელების შესანელებლად და ამით დროს ვიგებთ, მაგრამ ეს თავდაცვის ზომებია.

იმისთვის, რომ მოვიგოთ, გვჭირდება, რომ ვირუსს შევუტიოთ აგრესიული და მიზანმიმართული ტაქტიკით – ტესტირება ყოველი საეჭვო შემთხვევისა, იზოლაცია და მოვლა ყოველი დადასტურებული შემთხვევისა, ასევე, მათი ყველა ახლო კონტაქტის მოკვლევა და კარანტინში მოთავსება,” – თქვა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კვლავ ესმით საგანგაშო ცნობები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ ინფექცია ვრცელდება ჯანდაცვის მუშაკებს შორის:

„თუ ჩვენი პრიორიტეტი არ იქნება ჯანდაცვის მუშაკების დაცვა, ბევრი ადამიანი მოკვდება იმის გამო, რომ მედპერსონალი, რომელსაც მისი გადარჩენა შეეძლო, ავადაა,“ – განაცხადა მან.

„ვირუსის გავრცელების შესამცირებლად მიღებულ ზომებს შეიძლება მოჰყვეს უნებლიე შედეგები, მაგალითად, გამწვავდეს აუცილებელი დამცავი ხელსაწყოების და მათ შესაქმნელად საჭირო ნედლეულის დეფიციტი. ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება პოლიტიკური კოორდინაცია გლობალურ დონეზე. ამ კვირაში მე მივმართავ დიდი ოცეულის ქვეყნების მთავრობებს. სხვა საკითხებს შორის, ვთხოვ მათ, რომ იმუშაონ ერთად, რათა გაიზარდოს წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველვყოთ თანაბარი განაწილება რესურსების. გვჭირდება ერთიანობა დიდი ოცეულის ქვეყნების, რომელთაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ზე მეტი აქვთ,” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

„ესაა კალიის ადგილობრივი სახეობა, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ფეისბუქზე გავრცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის, იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას, მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა გაუმართლებელია.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან,“ – აცხადებს სააგენტო.

სოციალურ ქსელებში კალიების თემის გააქტიურების მიზეზი აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ჯიშის, ე.წ. უდაბნოს კალია საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საქართველოში საფუძველსმოკლებულია.

_______________

მთავარ ფოტოზე: კალიის ფოტო, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

„აგროჰაბი“ პროდუქტებით მოამარაგებს იაშვილის საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებს

მაშინ როდესაც პატარა პაციენტების მშობლებსაც კი არ უშვებენ გარეთ, საავადმყოფოში კარანტინის გამო, „აგროჰაბისთვის“ დიდი პატივია გვერდში დაუდგეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილების პატარებს.

მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, „აგროჰაბი“ ჯანსაღი პროდუქტებით ყოველდღიურად მოამარაგებს პატარებს, რომელთაც ეს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიხედვით, ეს აქცია გაგრძელდება.

იმედი გვაქვს, ამით ოდნავ მაინც შევამსუბუქებთ მათი, მშობლებისა და ექიმების ყოველდღიურ საზრუნავს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ქარტია: აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისის არაარსებულ ბიუროში გადაყვანასა და გადაცემა „ჰეშთეგის“ გაჩერებას ეხმაურება.

ქარტიაში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დევნის ჟურნალისტებს და საკადრო გადაწყვეტილებებით ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას.

„23 მარტს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს შეუზღუდა ბათუმში საქმიანობა, დაუსაბუთებლად მიავლინა რეპორტიორად ქუთაისში, ოპერატორის გარეშე და დაავალა მხოლოდ რადიოსა და ვებგვერდისთვის მუშაობა. თეონა ხარაბაძის თქმით, ბათუმიდან ქუთაისში გადაყვანა მისი სამსახურიდან წასვლის იძულების ტოლფასია, რადგან იგი სრულფასოვნად ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას.

23 მარტსვე მაუწყებლის მენეჯმენტმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა არხის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თოქ-შოუ „ჰეშთეგი”, რომელიც მართავდა დისკუსიას აქტუალურ სოციალურ საკითხებზე. ეს გადაცემა ყველაზე მეტად გამოხატავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს და სარგებლობდა მაყურებელთა მაღალი ნდობით. ქარტია მიიჩნევს, რომ გადაცემის გაურკვეველი ვადით დახურვა გულისხმობს ამ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის დევნას.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთი საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქმნის გაუსაძლის სამუშაო პირობებს, ახალი ამბების სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. დღევანდელი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

იცვლება მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები – ბათუმის მერიის განცხადება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დროებით გაუქმდა N17 სამარშრუტო ხაზი და აღნიშნული სამარშრუტო ხაზის ავტობუსები გადანაწილდება N12 და N16 მარშრუტებზე.

მერიის განცხადებით, ეს მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა, რადგან აღნიშნულ მარშრუტებზე მგზავრთა მეტი ნაკადია.

მერიის ინფორმაციით, N12 მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს მაიაკოვსკის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით, ხელვაჩაურის მიმართულებით, 7-წუთიანი ინტერვალით.

N16 მუნიციპალური ავტობუსი კი იმოძრავებს მაიაკოვსკის ქუჩიდან სარფის მიმართულებით, 18-წუთიანი ინტერვალით.

N2 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა ქვედა სამებამდე, ამჟამად კი იმოძრავებს ახალშენის ცენტრამდე.

ახალი სამარშრუტო ხაზი, დროებით, დაინიშნა თბილისის მოედნიდან ორთაბათუმის მიმართულებით.

ამჟამად ბათუმში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან საქართველოში მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა.

ამავე თემაზე:

რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?

მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდები შეჩერდა 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების [გასაუბრება/ტესტირების] პროცესი.

21 აპრილამდე შეჩერდა, ასევე, კომპეტენციის სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების განაცხადის მიღების პროცესი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მეზღვაურებზე, რომელთა გემზე ასვლა დაგეგმილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში.

კვალიფიკაციის სერტიფიკატების განაცხადები 2020 წლის 21 აპრილამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გაიცემა საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

“საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი, შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 რეგ. ტონაზე ნაკლები მცურავი საშუალებების რეგისტრაციის განახლებისათვის რეგისტრაციის მოწმობის,  რადიოსადგურის მოწმობის, ასევე, 100 რეგ. ტონაზე მეტი მცურავი საშუალებების რეგისტრაციის განახლებისათვის გემის რეგისტრაციის მოწმობის დამოწმების, რადიოსადგურის მოწმობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, აღნიშნულ მოწმობებს ავტომატურად უგრძელდება ვადა არაუმეტეს 2 თვით, მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან,” –  წერია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 23 მარტს გამოცემულ ბრძანებაში.

შეჩერდა აგრეთვე შიდა ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია და სხვა მომსახურებები, გარდა, სანავსადგურე და ტექნიკური მომსახურების ფლოტისა, სახელმწიფო მომსახურების და ნავსადგურების დამხმარე ფლოტისა.

„ბრძანების მიზანია მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გემის რეგისტრაციის განახლების, მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების (გასაუბრება/ტესტირების) პროცესის შეჩერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გამონაკლისის დაშვება,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

“სოკარი” გაზს შეუწყვეტს აბონენტებს, რომლებიც დავალიანებას ვერ იხდიან

24 მარტის მდგომარეობით, „სოკარი“ არ აპირებს მოქალაქეებს, რომლებიც გაზის დავალიანებას ვერ იხდიან, თანხის გადახდა გადაუვადოს. „სოკარის“ წარმომადგენლები თითოეულ ასეთ აბონენტთან მიდიან და ეუბნებიან, რომ გაზს ჩაუჭრიან, თუკი მიმდინარე დავალიანებას ვერ გადაიხდიან.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. ერთ-ერთის თქმით, მათმა ოჯახმა შემოსავალი დაკარგა და ამ ეტაპზე გადახდას ვერ ახერხებს.

„ჩემი ქმარი სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავით დამოკიდებული. გაზის დავალიანება ნაწილი გადახდილი გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ თებერვალი ცივი იყო და გათბობა გაზზე გვაქვს, მაინც ბევრი დაგვრჩა გადასახდელი. გუშინ მოვიდნენ „სოკარიდან“ და გვითხრეს, თუ 24 მარტის 2 საათამდე არ გადავიხდით დავალიანებას, გაზს ჩაგვიჭრიან. არ ვიცით, როგორ უნდა გადავიხადოთ ეს თანხა,“ – გვითხრა მოქალაქემ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალურ ოფისს დაუკავშირდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი ამბობს, რომ „მოქალაქეებს, სამწუხაროდ, დავალიანებებს ვერ გადაუვადებენ“.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში. ყველა იმ პროცედურების დაცვით, რაც საგანგებო მდგომარეობამდე გვქონდა. ეს პროცედურები: დარიცხვა, გადახდა, ვცდილობთ, რომ გაკონტროლებული იყოს. ამ რეჟიმიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანციურად, ტელეფონით, სხვადასხვა საშუალებით შევახსენოთ აბონენტებს, რომ გადასახდელი აქვთ  მიმდინარე თანხები. მთელი ერთი კვირა ამაზე ვიმუშავეთ. ვინც ვერ გადაიხადა, იძულებული ვართ, რომ მათთან გავთიშოთ გაზის მიწოდება, რომ დავალიანება კიდევ უფრო არ გაიზარდოს,“ –  ამბობს ვახტანგ ბერიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს კომპანია გადავადებაზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბერიშვილი პასუხობს:

„მესმის ეს მდგომარეობა, მაგრამ ინდივიდუალურად, ერთეულების გადასაწყვეტი თემა არაა. სახელმწიფოსთანაც ალბათ რაიმე მოლაპარაკება შეიძლება მიმდინარეობდეს. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ კომუნალურ გადასახადებზე ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არაა ან გადავადებაზე, ან განულებაზე, ან სხვადასხვა ღონისძიებებზე. ისიც მოვისმინეთ, რომ რაღაც კომუნალურ ვაუჩერზე იყო საუბარი. სხვა რამე დამატებითი დავალება ან შეთანხმება ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს.  თუ თანხას ვერ გადაიხდიან, გაზის მიწოდება შეუწყდებათ, მიმდინარე ვალებზეა საუბარი“.

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თვითდასაქმებული ათასობით ადამიანი დროებით უმუშევრადაა დარჩენილი.

ამავე თემაზე: 

ჯერჯერობით კომუნალურების გადავადება/არგადახდაზე საუბარი არაა – თურნავა

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

ბათუმში 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან, ხუთს კი კორონავირუსზე მკურნალობენ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით. ოთხივე მათგანს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხი, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხუთიდან მხოლოდ ერთ მათგანს აღენიშნება ცხელება – 37,6 და სხვა ჩივილები არ აქვთ.

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა, მათგან ორი ბათუმის ინფექციურში რჩება, ერთი პაციენტი კი, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნიდან იყო და ბათუმში სასტუმრო “ჰილტონში” თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, 23 მარტს, გვიან ღამით, სპეცრეისით გადაიყვანეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა პაციენტი.

საქართველოში ამ დროისთვის [24 მარტის 12:0 სთ.] კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 66-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 8, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235 ადამიანი.

ამავე თემაზე: 

საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ

 

ნატოს გემებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები არ ეხება

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა 2020 წლის 22 აპრილამდე.

ეს შეზღუდვა არ ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [ნატოს] დაქვემდებარებაში არსებულ, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში სასწავლო ფრენებს.

შეზღუდვა ასევე არ ეხება ნატოს დროშის ქვეშ მცურავი საშუალებების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურებში შემოსვლას.

მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებიდან

მთავრობის დადგენილებით შეჩერდა პირდაპირი რეგულარული ავიარეისები, თუმცა შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით.

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში არ ზღუდავს სატვირთო ოპერაციებს, თუმცა „საქართველოს პორტებში 2 მარტიდან გამკაცრებული წესები მოქმედებს, რაც ნავსადგურებში შემომსვლელი გემების სკრინინგის გაძლიერებას ემსახურება“.

_______________

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის თებერვალში ნატოს გემების საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის სპეციალური წესი დაამტკიცა:

მთავრობამ ნატო-ს გემების საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის წესი უნდა დაამტკიცოს

 

 

 

ბათუმში ღრუბლიანი დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 24 მარტის 21 საათიდან 25 მარტის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

ხვალ, 25 მარტს, დღის ბოლოს აჭარაში ზოგან იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 2-7 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 26 მარტს ღამით დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი – თოვა. მომდევნო 2 დღეს, 27-28 მარტს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

24 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შემქნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოში ამ დროისთვის [24 მარტის 10:10 სთ.] კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 66, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 8, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235 ადამიანი.

იტალიაში გარდაიცვალა მღვდელი, რომელმაც თავისი რესპირატორი ახალგაზრდას დაუთმო

72 წლის მღვდელი ჯუზეპე ბერარდელი, რომელიც ბერგამოს პროვინციაში პატარა ქალაქ კასნიგოს ეკლესიაში მსახურობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 30 მღვდელთაგან, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა.

ბერგამოს ყველა  საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულებითაა სავსე. ექიმებს არ ჰყოფნით რესპირატორები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები. როგორც იტალიური გამოცემა TGCOM24-ი წერს, ჯუზეპე ბერარდელმა თავისი რესპირატორი მასზე ახალგაზრდა უცნობ პაციენტს დაუთმო.

მას შემდეგ, რაც მღვდელს კორონავირუსი დაუდგინეს და საავადმყოფოში მოათავსეს, მრევლმა ჯუზეპე ბერარდელისათვის ფული შეაგროვა და რესპირატორი თავისი სახსრებით იყიდა. თუმცა მღვდელმა უარი თქვა რესპირატორის გამოყენებაზე და ის სხვას დაუთმო.

„ის იყო უშუალო ადამიანი. ეხმარებოდა ყველას, მორწმუნეებსაც და არამორწმუნეებსაც. შეხვედრისას ის ასე ესალმებოდა ხალხს  – „მშვიდობა და სიკეთე“. ის ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ყველასადმი და უამრავი საქველმოქმედო აქცია აქვს ჩატარებული. მას უყვარდა ყველა. მისი მრევლის ყოფილი წევრები, წლების მანძილზე ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქალაქიდან, რომ პადრე ენახათ. მას წარმოუდგენელი უნარები ჰქონდა მრევლის წევრების ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. დონ ჯუზეპე მოკვდა როგორც მღვდელი,“ – წერს მღვდლის შესახებ ქალაქ კასნიგოს მერი ჯუზეპე  იმბერტი.

დონ ჯუზეპე ბერარდელი ლოვერეს საავადმყოფოში 23 მარტს გარდაიცვალა. COVID-19-ის ეპიდაფეთქების შემდეგ იტალიაში ვირუსით სულ 30 მღვდელი გარდაიცვალა, მათგან 16 ბერგამოს პროვინციიდან იყო.

„შეგვაჩერეს განუსაზღვრელი ვადით“ – აჭარა ტვ-ის გადაცემა ჰეშთეგი

ახლახანს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემამ – „ჰეშთეგმა“ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, გადაცემის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების თაობაზე.

„დღეს, ოფიციალურად განგვემარტა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან იმის თაობაზე, რომ გადაცემა #ჰეშთეგი, ქვეყანაში/მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება. სატელევიზიო ბადე/ეთერი სრულად დაეთმობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სამედიცინო გადაცემა დარჩება [ასევე, სოციალური გადაცემა „ათვლის კუთხე“, რომლის მომზადებაშიც #ჰეშთეგის გუნდის დიდი ნაწილია ჩართული, თუმცა, ის კვირაში ერთხელ ჩანაწერის სახით გადის ეთერში]. მაქსიმალურად შეიზღუდა სატელევიზიო რესურსებთან წვდომაც და ტელევიზიის/რადიოს შენობაში შემსვლელ პირთა დავიწროებული შემადგენლობაც განისაზღვრა.

ბუნებრივია, სრულად ვიაზრებთ არსებული ვითარების სიმძაფრეს და იმასაც, რომ ასეთ დროს თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა მაუწყებლის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს; თუმცა, ჩვენი მხრივ, მზად ვიყავით ფორმატის დროებითი ცვლილების თაობაზე გვქონოდა კომუნიკაცია და #ჰეშთეგი სატელევიზიო ეთერში საგანგებო/სახეცვლილი ფორმით დარჩენილიყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დისტანციური მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება გუნდს უკვე აქვს და გადაცემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს სტუმრებთან დისტანციური კომუნიკაცია(ც) წარმოადგენს.

აქვე, გვინდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის/პრეზიდენტის მხრიდან არ გაჟღერებულა ინფორმაცია/მოწოდება მედიასაქმიანობის შეზღუდვის თაობაზე.

იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტთან შესაბამისი შეთანხმება შედგებოდა ფორმატის ცვლილების თაობაზე, ვითარებიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შევეცდებოდით თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას. ყოველდღიური ახალი ამბების პარალელურად, აუცილებლად მიგვაჩნია ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებიც ვირუსის მასშტაბურობით გამოწვეულ ეკონომიკურ, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო პროცესებს ეხება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა წარმოჩინდეს და ამ პასუხიმგებლობასაც სრულად ვიაზრებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვეძლევა შესაბამისი შესაძლებლობა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ კრიტიკული გადაცემის გაჩერების საბაბად არსებული ვითარება იქნა გამოყენებული.

აქვე, გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრებს უკვე კანონის ძალით წარმოგვეშვა გაფიცვის უფლება, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, უარი გვეთქვა პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე. ახლა როგორც არასდროს, ისე სჭირდება საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვნად ფუნქციონირება. სამწუხაროდ, მენეჯმენტის პოლიტიკა სრულიად საპირისპიროა.

დღეს, ახალი ამბების სამსახურის კიდევ ერთი კრიტიკული რეპორტიორი – თეონა ხარაბაძე,  ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს და მორიგი ნაბიჯი გადადგეს საინფორმაციო სამსახურის კრიტიკული ბირთვის დასუსტებისკენ“.

დღეს, 23 მარტს, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე, დირექტორის ბრძანებით, ქუთაისის ბიუროში გადაიყვანეს, ოპერატორის გარეშე.

მანამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დირექტორის მრჩევლად გადაიყვანეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე კი – რადიოში.

სამსახურიდან საერთოდ გაუშვეს ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძე.

მანამდე დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ განაცხადა, რომ შანტაჟისა და ზეწოლის პირობებში ტოვებდა თანამდებობას.

აჭარის მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნას წინ უძღოდა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა დირექტორად დანიშნეს გიორგი კოხრეიძე, რომელიც, როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, „ნაჯახით ჩეხავს“ აჭარის ტელევიზიის მიუკერძოებელ შინაარსს.

აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია აფასებს, როგორც პოლიტიკურ ზეწოლას.

___

ამავე თემაზე:

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

ვინ არის პაციენტი #31 – ვირუსის აფეთქებას სამხრეთ კორეაში ერთ ადამიანს უკავშირებენ

ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ კორეა კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევიდან ათასობით შემთხვევაზე გადავიდა. დღეს ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 9000-ს მიუახლოვდა.

ვირუსის მასიურ გავრცელებას არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს და „პაციენტ #31“-ს უკავშირებენ. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მასიური ზრდა უკავშირდება ერთ-ერთ „სუპერგამავრცელებელს“, 61 წლის ქალს, ცნობილს, როგორც „პაციენტი #31“, რომელიც ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის, სინჩეონჯის წევრია. შედეგად, ქალაქ სეულის ხელმძღვანელობა ამ ჯგუფის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით ოფიციალურად ჩივის.

ვინ არის პაციენტი #31

Reuters-ის ინფორმაციით, ზუსტად არ არის ცნობილი სად დაინფიცირდა თავად პაციენტი #31, მაგრამ დიაგნოზის დადგენამდე რამდენიმე დღით ადრე იგი იმყოფებოდა დედაქალაქ სეულისა და ქალაქ დეგუს ხალხმრავალ ადგილებში.

6 თებერვალს ქალი მსუბუქ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა ქალაქ დეგუში, რის გამოც აღმოსავლური მედიცინის ჰოსპიტალში მივიდა. ჰოსპიტალში ყოფნისას იგი ქალაქ დეგუში, სინჩეონჯის ეკლესიაში ფილიალის მსახურებას დაესწრო ჯერ 9 თებერვალს, შემდეგ კი – 16 თებერვალს. 

ჰოსპიტალის ექიმები ამბობენ, რომ მას კორონავირუსზე ტესტირება პირველად ამ ვიზიტების შუალედში, 15 თებერვალს შესთავაზეს, რადგანაც ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. თუმცა ქალი, ნაცვლად ტესტირებისა, ლანჩზე მეგობართან ერთად  სასტუმროს სასადილოში წავიდა.

Reuters-ის წერს, რომ ადგილობრივ გაზეთთან, JoongAng Ilbo-თან ინტერვიუში ქალმა უარყო, რომ მას ვირუსზე გამოკვლევა შესთავაზეს. როცა მისი სიმპტომები გაუარესდა, ექიმებმა მას კიდევ ერთხელ შესთავაზეს ტესტირება.

17 თებერვალს ქალმა სხვა კლინიკას მიმართა გამოსაკვლევად.

მომდევნო დღეს სამხრეთ კორეაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ეს იყო ქვეყანაში კორონავირუსის 31-ე დადასტურებული შემთხვევა. სულ რამდენიმე დღეში ეს რიცხვები გაიზარდა, სინჩეონჯის ეკლესიასა და მიმდებარე ადგილებში კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი ასობით ადამიანს უჩვენა.

სამხრეთ კორეაში დაიხურა ეკლესიები და ბევრი მათგანი ონლაინმსახურებაზე გადავიდა.

„თებერვლის შუა რიცხვებამდე სიტუაცია არც ისე მძიმე იყო აქ. ვითარების გართულება იწყება პაციენტი #31-დან“ – თქვა ALJAZEERA-სთან საუბრისას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ჰუანგ სუნგ-სიკმა, „პაციენტ #31-ის გამოჩენამდე, ვირუსის შეჩერების ჩვენი სტრატეგიები მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ პაციენტმა უამრავი ადამიანი დააინფიცირა, კონტროლი ძალიან გართულდა”.

ლი მან-ჰი, სინჩეონჯის ეკლესიის დამფუძნებელი მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს ბოდიშს კორონავირუსის გამო. პაციენტი 31 იყო ეკლესიის წევრი და ორგანიზაცია ბრალდებულია იმაში, რომ არ ითანამშრომლა მთავრობასთან კორონავირუსის აფეთქების დროს.

როგორც CNN-ი წერს, თავად რელიგიური ჯგუფის ლიდერმა კორეელ ხალხს გამოწვეული მღელვარების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაავადების მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა დაწესებულება დახურეს, მათი წევრები კი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა იგი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ შესაბამის უწყებებთან არ თანამშრომლობენ. 

„როიტერსი“ წერს, რომ მეორე, უფრო მცირე კლასტერი გაჩნდა ჰოსპიტალთან ახლოს ჩეონდგოში (ოლქი ქალაქ დეგუსთან). მთავრობა იძიებს კავშირებს დეგუში მდებარე ეკლესიასა და ჰოსპიტლის დამკრძალავ ბიუროს შორის, რომელშიც ეკლესიის წევრები 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე იმყოფებოდნენ. თუ ეს დადასტურდება, გამოდის, რომ პაციენტი N31 ორივე კლასტერთან არის დაკავშირებული.

18 მარტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა სრული რაოდენობის 60%, სინჩეონჯის ეკლესიის კლასტერს უკავშირდება.

სამხრეთ კორეაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 8,961 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დღეს 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 3 166, გარდაიცვალა – 111 ადამიანი.

„არ ვიცი, დარჩება თუ არა ბილეთი, რომ დავბრუნდე“ – საქართველოს მოქალაქე ვენაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება სპეცრეისები  ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან.  ფრენა თბილისი-ვენა-თბილისი 26 მარტსაა დაგეგმილი, თუმცა, როგორც ვენაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, 26 მარტის რეისით საქართველოში ვენიდან ისინი გამოემგზავრებიან, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბილეთი 22 მარტის რეისზე და ჯავშანი გაუქმდა, დარჩენილ ადგილებს კი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებზე გაყიდიან.

ქეთი მიკროპულო ვენაში ტურისტად წავიდა ერთი კვირით და უკვე 20 დღეზე მეტია დაბრუნებას ვერ ახერხებს. ორჯერ იყიდა „ვიზეარის“ ბილეთი და ფრენა ორჯერვე გაუქმდა.

„22 მარტს აირზენა მოფრინავდა და მინდოდა მეყიდა ბილეთი, მაგრამ 2500 ლარი ღირდა, ვერანაირად ვერ ვიყიდდი. თუმცა ახლა, 26 მარტის სპეცრეისზე პირველად მათ დააკმაყოფილებენ, ვისაც 22 მარტის  ბილეთი ჰქონდა. ჯერ ვერ მეუბნებიან, დარჩება თუ არა ადგილები, რომ ბილეთი ვიყიდო. თუ არ დარჩება, გამოდის, ვენაში უნდა დავრჩე. აქ სასტუმროში 28 მარტამდე მაქვს გადახდილი, მერე რა უნდა ვქნა, წარმოდგენა არ მაქვს. საკონსულოში ჩაიწერეს ჩემი მონაცემები, მირეკავენ, სიახლეებს მეუბნებიან, მაგრამ ზუსტ პასუხს მაინც ვერავინ მეუბნება, დარჩება თუ არა ადგილი ჩემთვისაც 26 მარტის ავიარეისზე.

ამ ფონზე ყველას გვგონია, რომ რაღაც გვჭირს. საქართველოში შედარებით სტაბილური სიტუაციაა და იმედი მაქვს, რომ თუ რამე შემეყარა მომხედავენ, საავადმყოფოები გადავსებული არ არის,“ – ამბობს ქეთი.

მოცემულ სიტუაციაში ქეთისთან შედარებით გაუმართლა სალომე ჩანქსელიანს. „აირზენას“ ბილეთი ვერც მან შეიძინა, რადგან ბარგიანი ბილეთი ძვირი ღირდა, მაგრამ საელჩოდან დაუკავშირდნენ, რომ ჰოლანდიაში მცხოვრებ თიკა სვანიძეს ჰქონდა სურვილი დახმარებოდა ქართველ სტუდენტებს და მათ ბილეთების ყიდვას სთავაზობდა.

„არ ვიცი ზუსტად რა ღირდა ეს  ბილეთი, სავარაუდოდ ძალიან ძვირი, რადგან ბარგიანი ბილეთია და როცა მე ვნახე უბარგო, ეკონომკლასის ბილეთიც კი 850 ლარი ღირდა დაახლოებით. თიკამ რამდენიმეს დაუფინანსა მგზავრობა, გუშინდელი ფრენაც გამიუქმდა და ახლა ვენა-თბილისის სპეცრეისით წამოვალ 26 მარტს,“ – ამბობს სალომე.

მისი თქმით ეპიდაფეთქების შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს იმ სტუდენტებმაც, ვინც ჯერ წამოსვლას არ გეგმავდა, რადგან მათი უმრავლესობა სწავლის პარალელურად სერვისის სფეროშია დასაქმებული, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად კი ყველა ასეთი წერტილი დაიკეტა და სტუდენტები უსამსახუროდ, შესაბამისად უშემოსავლოდ დარჩნენ და ბინის გადასახადის გადახდაც გაუჭირდათ.

„ამ ფონზე ბილეთების გაძვირებამ ყველას თავზარი დაგვცა. მაგალითად, ჩემი მეგობარი დღეს მოფრინავს საქართველოში ბერლინიდან და 1500 ლარი გადაიხადა ბილეთში, წარმოუდგენელი ამბავია. მე გამიმართლა და ბინის ქირა მარტის ბოლომდე მქონდა გადახდილი, თუმცა ვიცი ხალხი, ვინც ქუჩაში დარჩა, თუმცა ძალიან სოლიდარულები არიან აქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და დროებით შეფარებას სთავაზობენ ასეთებს“ – ამბობს სალომე ჩანქსელიანი.

„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე

„ეს არის კრიტიკული ადამიანის მოშორება ძირითადი ტერიტორიული ერთეულიდან. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს ბიუროზე, რადგან ბიუროს გახსნას ბევრი წინმსწრები პროცედურა აქვს“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ტელევიზიის ჟურნალისტს დირექტორი ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს.

გია ქარცივაძის ინფორმაციით, ქუთაისში ტელევიზიის ბიუროს გახსნის საკითხი მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებული არ არის:

„რა ბიურო, ინფორმაციის მოწოდების დონეზეც კი არ ყოფილა ამაზე საუბარი. შეიძლება ამას საკანონმდებლო დონეზე შიდა რეგულაციები არ სჭირდება, მაგრამ ინფორმაციაც არ მოუწოდებია.“

საბჭოს წევრის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყველა ბიუროს შესაბამის დოკუმენტებში წერია, რომ ძირითადი სამუშაო ადგილი ბათუმია:

„რისთვის სჭირდება ქუთაისში ჟურნალისტი? იქ ოპერატორი არ გვყავს, რომც გვყავდეს უფრო მეტი საჭიროება ბათუმშია. მან შეიძლება არგუმენტად მოიყვანოს ყველაფერი, მაგრამ ეს რამდენად ადეკვატური იქნება? – აქამდეც გამოსცა დირექტორმა ბრძანებები, სადაც კანონის ნორმა არ აქვს მითითებული. უბრალოდ იტყვის და მის უკან დგას ძალა, მრჩევლები, არგუმენტი აღარ სჭირდება. მრჩევლების გარდა მას სხვა ვერავინ მოსთხოვს პასუხს, ისინი კი პასუხს არ სთხოვენ.

არაერთი შემთხვევაა კანონდარღვევის, მაქსიმალური თავაშვებულობაა, მაგრამ პასუხს არ აგებს. ის ორიენტირებულია სამსახურიდან გაყაროს ადამიანები, სხვა მიზანი არ აქვს. ჟურნალისტი რომ წავიდეს ქუთაისში, სად უნდა მივიდეს, სად აქვს ოფის მაუწყებელს, იქირავა რამე და არ ვიცით ჩვენ? სამსახურში გამოცხადებას როგორ გააკონტროლებს? – ძირითადი მიზანია ჟურნალისტი ტელევიზიიდან განაშოროს. იხდის თანხას ბიუჯეტიდან, მაგის პრობლემა არ აქვს, 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ასე აქრობს, ოღონდ ჟურნალისტი თვალში არ გაეჩხიროს“, – აცხადებს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

___

ამავე თემაზე:

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

იტალიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 602 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა კი 6078-ია. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან 408 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა  7 423-ს მიაღწია. ასეთია 23 მარტის მონაცემები.

დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 4 781 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით 23 მარტის მდგომარეობით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ 63 919 ადამიანია.

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს სამუშაოდ ქუთაისში უშვებს. შესაბამისი ბრძანება ჟურნალისტს დღეს ჩაჰბარდა – ეს იმ ამბის გაგრძელებაა, როცა აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციოს უფროსი, რედაქტორები და ტელეწამყვანი ან დაითხოვეს ან საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორეს.

თეონა ხარაბაძე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი იყო და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობდა. მის მიერ დასმული კითხვები კი ხელისუფლებას ხშირად აღიზიანებდა.

23 მარტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დირექტორმა გადაწვეტილება ხარაბაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალკეული მუხლის თანახმად მიიღო. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დირექტორი ჟურნალისტს ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს.

„გთხოვთ, ვიდეო-ოპერატორის არყოფნის განმავლობაში, რეპორტიორის მოვალეობა შეასრულოთ მხოლოდ რადიოსა და ვებმაუწყებლობისთვის, ხოლო ვიდეო ოპერატორის აყვანის შემდეგ აგრეთვე ტელემაუწყებლობისთვისაც“, – ნათქვამია დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

თეონა ხარაბაძე თავდაპირველად საპარლამენტო რეპორტიორი იყო, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში მუშაობდა. პარლამენტის თბილისში სრულად გადასვლამდე ჟურნალისტს ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, რომ იმუშავებდა როგორც ქუთაისიდან, ისე ბათუმიდან. ჟურნალისტი ამბობს, რომ ასე მაუწყებელმა სამივლინებო თანხები დაზოგა.

„პარლამენტის გადასვლამდე ვაშუქებდი როგორც მიმდინარე, ასევე საპარლამენტო ამბებს, ამიტომაც დამიტოვეს ეს ჩანაწერი, რაც ახლა ამოჩხრიკეს როგორც ჩანს და მიშვებენ ქუთაისში“, – აცხადებს თეონა ხარბაძე.

ასეთ შემთხვევაშიც გაუგებარი და პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ უშვებს დირექტორი საპარლამენტო ჟურნალისტს ქუთაისში, სადაც პარლამენტი აღარ ფუნქციონირებს და არა თბილიში, სადაც პარლამენტი მუშაობს.

თეონა მიიჩნევს, რომ მას იშორებენ: „მე ამის მოლოდინი მქონდა, იმ კრიტიკული კითხვებიდან და რეპორტაჟებიდან გამომდინარე, როგორც მე ვმუშაობ. დირექტორს ეს არ მოსწონდა. ქუთაისში ახლა არც პარლამენტია და არც ისეთი აქტივობა…“

ბრძანების ჩაბარებამდე დირექტორს ჟურნალისტთან ამ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, არც მისი აზრით დაინტერესებულა.

თეონა ხარაბაძე აპირებს დაეთანხმოს დირექტორის გადაწყვეტილებას და აქვს კითხვები: აინტერესებს როდის გაიხსნება ბიურო ქუთაისში და რა ტექნიკური ბაზა ექნება მას. ჟურნალისტს აინტერესებს, ასევე, რამდენად პრიორიტეტული იყო ახლა ქუთაისის ბიუროს გახსნა, ისეთ რთულ ვითარებაში, როცა სამუშაო სხვაგან უფრო მეტია.

ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია შეათანხმა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოს. საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი ტელეფონს არ პასუხობს.

თეონა ხარაბაძე მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე თვეებია საჯაროდ ამბობენ, რომ დირექტორი აჭარის მაუწყებლის მიუკერძოებელ საინფორმაციო პოლიტიკას „ნაჯახით ჩეხავს“.

მაუწყებლის ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი კოხრეიძე გაუშვებს ყველას, ვისაც ვერ დაიმორჩილებს. ტელეწამყვან თეონა ბაკურიძის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 6 მარტს, მათ ერთობლივი ფოტოც გადაიღეს და თქვეს: „მოდი, დაგვინახონ, ჯერ კიდევ რამდენი ვართ გასაშვები!“

2020 წელი, 6 მარტი. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე: „მოდი, დაგვინახონ, ჯერ კიდევ რამდენი ვართ გასაშვები!“ მათ შორის არის თეონა ხარაბაძეც.

საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ

დღეს ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე],  მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას თავის ქვეყანაში, გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა კვლევა, ოღონდ ჩვენ არ ვიცით როგორი მეთოდით და დღეს დილით შეგვატყობინა საეჭვო დადასტურებასთან დაკავშირებით და გადაყვანილი იყო ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი. აქვე ვიტყვი, რომ იმ ქვეყანამ, საიდანაც არის ეს მოქალაქე, გამოთქვა სურვილი, აგზავნის სპეცრეისს და გვიან ღამით ის დაბრუნდება თავის სამშობლოში,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მოქალაქე საქართველოში დაახლოებით 6 დღის წინ ჩამოვიდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩაკეტილი საზღვრები და იცავდა თვითიზოლაციის წესს. კითხვაზე, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია იმ ფონზე, როცა არაერთი მოქალაქე არღვევს თვითიზოლაციის წესს და რატომ დაიკეტა სასტუმრო „ჰილტონი“, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ეს პირი იცავდა თვითიზოლაციას, ხოლო რაც შეეხება სასტუმროს, სამინისტროსგან დაკეტვის მითითება არ ყოფილა. „ალბათ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება“ – განაცხადა მინისტრმა.

თვითიზოლაციიდან იქნა გადაყვანილი მეორე პირიც, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მინისტრის განცხადებით, მას საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს:

„მას აქვს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და მკაცრად იცავდა.  ტემპერატურის პირველივე მომატების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში და მასაც დაუდასტურდა COVID-19“.

რაც შეეხება მესამე შემთხვევას, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა:

„მესამე მოქალაქე სულ რამდენიმე საათის შემოსულია ქვეყნის ტერიტორიაზე, მასაც დაუდასტურდა ინფექცია, ახლა მისი მოგზაურობის ისტორიას სწავლობენ ეპიდემიოლოგები და დამატებით მოგახსენებთ ამის შესახებ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ექვსი პაციენტია მოთავსებული კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მინისტრის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მინიმალური კლინიკური ნიშნებით.

აჭარაში ათასზე მეტი მოქალაქეა კარანტინში, ასამდე პირი კი – თვითიზოლაციაში.

ბათუმის ბულვარი: იზღუდება ატრაქციონებისა და სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბულვარის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება შეზღუდვები. აკრძალულია:

  • სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
  • ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
  • სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა

ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.

შეზღუდვები შეეხო საბავშვო ატრაქციონებსაც.

„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები,“-ნათქვამია „ბათუმის ბულვარის“ განცხადებაში.

„ბათუმის ბულვარის“ განცხადებით, სპორტული მოედნები და გასართობი ცენტერბი, ამკრძალავი ლენტით შემოიღობება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ბულვარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეორე დღეს/ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ვიცი, რომ აჭარაში დღეს გამოვლინდა 3 ახალი ინფიცირებული“ – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

დღეს აჭარაში 6 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდნენ. ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ ინფექციონისტის დავით მურვანიძის განცხადებით, ისინი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი პაციენტი ინფექციურში გადაიყვანეს არა კარანტინიდან, არამედ სასტუმრო „ჰილტონიდან“, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

ბათუმში ჯამში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან სამი – დღეს დადასტურდა.

დღესვე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე],  მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 61 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235. 

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შემქნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დღეს, 23 მარტს, დილით, ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში 54 დადასტურებული შემთხვევაა, ახლა კი ეს რიცხვი 61-ა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235. 

ამავე თემაზე: 

ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

ადამიანები არ იცავენ დისტანციას, არ უკეთიათ პირბადეები – ნილუფარ კურბანოვა მარნეულიდან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენელი მარნეულიდან, ნილუფარ კურბანოვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ფეისბუქგვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბრობს, თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის მარნეულის ქალაქებსა და სოფლებში.

ნილუფარ კურბანოვა ვიდეოჩანაწერში ამბობს, რომ მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აქტიურადაა ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით.

ნილუფარის თქმით, მარნეულში მოსახლეობაში პანიკა არ არის, თუმცა ადამიანები ქუჩებში ისევ სეირნობენ და ეს პრობლემაა.

„ზოგს შესაძლოა ინფორმაციაც არ ჰქონდეს. გარეთ გასვლისას არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, არც ხელთათმანები, არც ნიღბები არ უკეთიათ ადამიანებს. დღეს გავედი აფთიაქში, მაღაზიაში და შევწუხდი ისეთი ვითარება იყო. აფთიაქები ყველგან სავსე იყო ხალხით, წამლებს იმარაგებენ, არ ჰქონდათ დაცული დისტანცია, არც პირბადეები ეკეთათ“, – ამბობს ნილუფარ კურბანოვა. 

მისი თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე სოფლებშია, რადგან იქ მოსახლეობის ხანდაზმულმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა და ვერ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით.

„ფეისბუქზე ვნახე აქტივისტების პოსტები, სადაც წერდნენ, რომ სოფლებში მეჩეთების წინ იკრიბება ბევრი ადამიანი, ამიტომ მიკროფონით გამოვაცხადოთ, თუ რა ხდება ქვეყანაში და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არ გავიდნენ  გარეთ და დაიცვან უსაფრთხოების ნორმებიო. დღეს შევამჩნიე, რომ მარნეულში დაიწყო სიარული მანქანებმა, საიდანაც მეგაფონით მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში.

სათემო ცენტრების ლიდერებიც აქტიურად არიან ჩართული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში და ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით“, – ამბობს ნილუფარი.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული და მოძრაობა მკაცრად კონტროლდება. აღნიშნული რეგიონი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა

როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა კორონავირუსისგან? – ჯანმოს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორსულებისთვის აქვეყნებს კითხვებსა და პასუხებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პირობებში ორსულობის პერიოდს, მშობიარობასა და ძუძუთი კვებას ეხება.

  • ორსული ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან COVID-19-ის დროს?

ამჟამად მიმდინარეობს კვლევები ორსულ ქალებზე COVID-19-ის გავლენის გასაგებად. მონაცემები მწირია, მაგრამ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა.

თუმცა, სხეულსა და იმუნურ სისტემაში მომხდარი ცვლილებების გამო, ორსულ ქალებზე შეიძლება ცუდად აისახოს ზოგიერთი რესპირატორული ინფექცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ ზომები, დაიცვან თავი COVID-19– ისგან და აცნობონ შესაძლო ვირუსის სიმპტომები (მათ შორის ცხელება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება) სამედიცინო პროვაიდერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განაახლებს ამ ინფორმაციას და რჩევებს, როგორც კი დამატებითი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.

  • ორსულად ვარ, როგორ შემიძლია დავიცვა თავი COVID-19– ისგან?

COVID-19-ისგან თავიდან ასაცილებლად, ორსულმა ქალებმა უნდა მიიღონ იგივე ზომები, რაც სხვა ადამიანებმა:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით;
  • შეინარჩუნეთ სივრცე თქვენსა და სხვებს შორის;
  • მოერიდეთ თვალების, ცხვირისა და პირის ხელით შეხებას;
  • რესპირატორული ჰიგიენა – ეს ნიშნავს პირისა და ცხვირის დაფარვას მოხრილი იდაყვით ან ხელსახოცით. გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ;
  • თუ გაქვთ სიცხე, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ ექიმს დროულად. დარეკეთ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე და მიჰყევით მათ მითითებებს.

ორსულმა ქალებმა და ქალებმა, რომლებმაც ახლახან გააჩინეს შვილი – მათ შორის COVID-19–ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, არ უნდა გამოტოვონ გეგმიური კონსულტაციები ექიმთან.

  • უტარდებათ ორსულ ქალებს ტესტირება COVID-19-ზე?

ტესტირების პროტოკოლი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ. თუმცა, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ ორსულ ქალებს, რომლებსაც COVID-19- ის სიმპტომები აქვთ, ტესტირებისთვის უპირატესობა მიენიჭონ, რადგან თუ მათ აქვთ COVID-19, შესაძლოა სპეციალიზებული მკურნალობა დასჭირდეთ.

  • შესაძლებელია თუ არა COVID-19 გადაეცეს ორსული ქალიდან ნაყოფს ან დედიდან ახალშობილს?

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, შეიძლება თუ არა COVID-19 გადაედოს ორსული ქალისგან ნაყოფს ან მშობიარობის დროს ახალშობილს. დღემდე ვირუსი არ არის ნაპოვნი ამნისტიური სითხის ან დედის რძის ნიმუშებში.

  • ორსულმა ქალებმა, COVID-19-ის დადასტურებული ან საეჭვო სტატუსით, ბავშვი საკეისრო კვეთით უნდა გააჩინონ?

არა. ჯანმოს რჩევაა, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს მხოლოდ შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში.

ბავშვის გაჩენის მეთოდი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და უნდა ეფუძნებოდეს ქალის სურვილსა და შესაბამის სამეანო ჩვენებებს.

  • შეუძლია თუ არა COVID-19-ით ინფიცირებულ ქალს ბავშვის ძუძუთი გამოკვება?

დიახ. COVID-19-ით ინფიცირებულ ქალს შეუძლია ძუძუთი გამოკვება თუ ასე ისურვებს. საამისოდ: კვების დროს დაცული უნდა იყოს რესპირატორული ჰიგიენა, ქალმა უნდა ატაროს პირბადე ყველგან, სადაც შესაძლებელია; დაიბანოს ხელები ბავშვთან შეხებამდე და შეხების შემდეგ; ინტენსიურად ჩაუტარონ დეზინფექცია იმ ზედაპირებს, რომელთაც შეეხებიან.

  • შემიძლია შევეხო და ხელში ავიყვანო ჩემი ახალშობილი, თუ COVID-19 მაქვს?

დიახ. ახლო კონტაქტი და ადრეული, ექსკლუზიური ძუძუთი კვება ხელს უწყობს პატარას განვითარებაში. თქვენ უნდა დაგეხმარონ: რესპირატორული ჰიგიენის დაცვით კვებოთ ბავშვი; გქონდეთ თქვენ ბავშვთან კანით-კანზე კონტაქტი და შეგეძლოთ თქვენს პატარასთან ერთად, ოთახის გაზიარება; უნდა დაიბანოთ ხელები ბავშვთან შეხებამდე და შეხების შემდეგ და სისტემატიურად დაასუფთაოთ ყველა ზედაპირი ოთახში.

  • მაქვს COVID-19, თავს ცუდად ვგრძნობ და არ შემიძლია ბავშვის ძუძუთი გამოკვება. რა შემიძლია გავაკეთო?

თუ თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვის ძუძუთი გამოკვება COVID-19– ის ან სხვა გართულებების გამო, თქვენ უნდა დაგეხმარონ, რომ თქვენს შვილს უსაფრთხოდ მიაწოდონ რძე, ეს მოიცავს:
რძის გამოწველას, რე-ლაქტაციას; ადამიანის რძის დონორის პოვნას.

ლარი დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა

ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან 3 თეთრით, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გაუფასურდა.

24 მარტს, ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, ერთი ევრო 3,4578 ლარი, ხოლო 1 აშშ დოლარი 3,2389 ლარი ეღირება.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დღეს, 23 მარტს, 1 აშშ დოლარის შეძენა 3,25 ლარად, ზოგან კი 3,37 ლარადაა შესაძლებელი.

ბათუმი, 23.03.2020

19 მარტს, გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რითაც ლარი ცოტათი გამყარდა თუმცა მომდევნო დღეებში ისევ გაუფასურდა:

ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა – ლარი ცოტათი გამყარდა

იკრძალება ყველა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიება ღია და დახურულ სივრცეში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

იკრძალება კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნული დადგენილებით ასევე  აკრძალულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება.

მათ შორის: შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

აკრძალვები და შეზღუდვები გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირებასთან.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 54 ადამიანია ინფიცირებული, 8 მათგანი გამოჯანმრთელდა.

_______________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

დიალიზის საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ პაციენტებს ჯგუფები მოემსახურებიან

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სატრანსპორტო შეზღუდვების გამო მუნიციპალიტეტებში დიალიზის საჭიროების მქონე  სოციალურად დაუცველ პაციენტებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.

მსგავსი საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ბათუმის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ პროგრამა დიალიზის საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პაციენტების ტრანსპორტირების მომსახურებას ამ დრომდეც ითვალისწინებდა.

ხელვაჩაურში დიალიზის საჭიროებების მქონე მოქალაქეებმა, რომლებსაც ტრანსპორტირების მომსახურება სჭირდებათ, უნდა დარეკონ ნომერზე: 593 408 702 . მერიის ინფორმაციით, ხელვაჩაურში ასეთი 35 პაციენტია და მათ შორის ხუთმა ამ მომსახურებით უკვე ისარგებლა.

გარდა ამისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს კიდევ ერთი ცხელი ხაზი –  577 603 141, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ სხვა, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

მერიის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შესული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის სამსახურებს რეაგირებისათვის.

„ასევე, განხორციელდება ზარებისა და მასზე რეაგირების აღრიცხვა. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დარეკოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცხელი ხაზი დღეს ამოქმედდა და ამ დრომდე უკვე ათმა მოქალაქემ დარეკა.

ქედაში ცხელი ხაზის ნომერია: 595 08 43 31

სპეცჯგუფი ემსახურება ასევე დიალიზის საჭიროების მქონე პირებს ქობულეთში, მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ასეთი მომსახურება 60-მდე პაციენტს სჭირდება.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხელი ხაზის ნომრებია: 558 5745 45; 599 27 27 44.

ცხელი ხაზი ამოქმედდა ასევე შუახევის მუნიციპალიტეტშიც. მერია მოუწოდებს მოქალაქეებს ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში  დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 08 000 000 08.

ხულოს მერიის ინფორმაციით ნებისმიერი დოკუმენტაცია, წერილი, განცხადება ან მიმართვა მერიაში მოქალაქეებს შეუძლიათ გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: khulocityhall@gmail.com, მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან დარეკონ ნომერზე 551 00 52 72.

Exit mobile version