მთავარი,სიახლეები

ქარტია: აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება

24.03.2020 • 853
ქარტია: აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისის არაარსებულ ბიუროში გადაყვანასა და გადაცემა „ჰეშთეგის“ გაჩერებას ეხმაურება.

ქარტიაში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დევნის ჟურნალისტებს და საკადრო გადაწყვეტილებებით ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას.

„23 მარტს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს შეუზღუდა ბათუმში საქმიანობა, დაუსაბუთებლად მიავლინა რეპორტიორად ქუთაისში, ოპერატორის გარეშე და დაავალა მხოლოდ რადიოსა და ვებგვერდისთვის მუშაობა. თეონა ხარაბაძის თქმით, ბათუმიდან ქუთაისში გადაყვანა მისი სამსახურიდან წასვლის იძულების ტოლფასია, რადგან იგი სრულფასოვნად ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას.

23 მარტსვე მაუწყებლის მენეჯმენტმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა არხის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თოქ-შოუ „ჰეშთეგი”, რომელიც მართავდა დისკუსიას აქტუალურ სოციალურ საკითხებზე. ეს გადაცემა ყველაზე მეტად გამოხატავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს და სარგებლობდა მაყურებელთა მაღალი ნდობით. ქარტია მიიჩნევს, რომ გადაცემის გაურკვეველი ვადით დახურვა გულისხმობს ამ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის დევნას.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთი საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქმნის გაუსაძლის სამუშაო პირობებს, ახალი ამბების სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. დღევანდელი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: