მთავარი,სიახლეები

მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა

23.03.2020 • 1297
მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია.

რა ხდება ამ დროისთვის მარნეულში და ემორჩილებიან თუ არა მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს? „ბათუმელები“ მარნეულში მცხოვრებ მამედ მირზაევს ესაუბრა. მისი თქმით, ქალაქში მოძრაობა ნაკლებად შეინიშნება, თუმცა სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა და შესაძლოა ამან პრობლემები გააჩინოს ვირუსის გავრცელების მხრივ:

„მარნეულში ბევრი დიდი სოფელია, ამიტომ ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. ადგილზე უნდა მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება და კონტროლი, რადგან სოფლებში მოსახლეობის ინფორმირება არ ხდება სათანადო დონეზე და ამის გამო ხალხს ნაკლებად სჯერა ვირუსის“.

მისი თქმით, პოლიცია ცდილობს გააფრთხილოს მოსახლეობა, რომ  თავი მოარიდონ თავშეყრის ადგილებს. „ეუბნებიან, რომ არ შეიკრიბონ ე.წ ბირჟებზე. პანაშვიდებსა და წლისთავებთან დაკავშირებითაც აძლევს პოლიცია მითითებებს, ადგილზე მიდიან და ატყობინებენ აკრძალვის შესახებ, თან აფრთხილებენ, რომ დაჯარიმდებიან თუ შეიკრიბება ხალხი. ამ დროისთვის მარნეულში დაკეტილია ბაზარი. თუმცა, გუშინწინ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების იყო საშინელი რიგები და ადამიანები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იდგნენ“ – გვეუბნება მირზაევი.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მამედ მირზაევის თქმით, არსებობს რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა სოფლების დონეზე მეტი ინფორმაციაა საჭირო.

სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტებში 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში – 106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: