მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23.03.2020
ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ვიცი, რომ აჭარაში დღეს გამოვლინდა 3 ახალი ინფიცირებული“ – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

დღეს აჭარაში 6 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდნენ. ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ ინფექციონისტის დავით მურვანიძის განცხადებით, ისინი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი პაციენტი ინფექციურში გადაიყვანეს არა კარანტინიდან, არამედ სასტუმრო „ჰილტონიდან“, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

ბათუმში ჯამში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან სამი – დღეს დადასტურდა.

დღესვე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე],  მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 61 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.